პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი ამერიკაში საქართველოს ელჩს, არჩილ გეგეშიძეს დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევაში ადანაშაულებს და რეაგირებას საგარეო უწყებას სთხოვს, საქართველოს პარლამენტში კი, ელჩისგან განმარტებებს ელოდებიან.
ქვეყნის პირველი პირის განაწყენების მიზეზი ვაშინგტონში პრეზიდენტის სტუმრობა გახდა. ამერიკაში ჩასულ მარგველაშვილს საქართველოს საელჩო გაუმასპინძლდა, თავად ელჩი კი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ნიუ-იორკში გაჰყვა.
უმრავლესობის ნაწილისთვის გეგეშიძის გადაწყვეტილება გაუგებარი და მიუღებელია, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ელჩი „განსაცდელში“ იყო და „ორად ვერ გაიჭრებოდა“, თავად პრეზიდენტი კი, უკმაყოფილებას არ მალავს და აცხადებს, რომ მას ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, გეგეშიძესთან კონტაქტი საერთოდ არ ჰქონია.
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სამსახურში წესი, რიტუალი და ღირსებაა ჩადებული, რომლის დეგრადირებაც პრინციპულად მიუღებელია.
„ეს მორღვევაა ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ღირებულებების. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა, რომ სწორი მორალი და დიპლომატიური ეტიკეტი აღზარდოს დიპლომატიური კორპუსის იმ წარმომადგენლებში, ვინც ელემენტარულად, კანონმდებლობის მთელ რიგს არღვევს, როდესაც ქვეყანაში პრეზიდენტს არ ხვდება“, - დასძენს მარგველაშვილი.
გეგეშიძე კი ფიქრობს, რომ მას პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით ხსენებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ევალდებოდა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის პერიოდში, აშშ-ში აკრედიტებული დიპკორპუსი ნიუ-იორკში, თავიანთი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ხელმძღვანელების გვერდითაა.
„ასე იყო ყველა ჩემი წინამორბედის შემთხვევაშიც. ეს მიღებული პრაქტიკაა, ვინაიდან საქმე ასე ითხოვს“, - ირწმუნება გეგეშიძე, რომლის გადაწყვეტილებასაც მკვეთრი შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.
ნაციონალი გიგი წერეთელი, რომელიც ამერიკაში პრეზიდენტის დელეგაციაში იყო, for.ge-ს იმ კურიოზების შესახებ უყვება, რომელიც მაღალი დონის შეხვედრების დროს, ადგილზე ელჩის არყოფნის გამო იქმნებოდა. დეპუტატის ცნობით, რამდენიმე შეხვედრაზე, ელჩი იკითხეს და იმის გამო, რომ ის ადგილზე არ იმყოფებოდა, უხერხული სიტუაცია შეიქმნა.
კანონმდებელის მოსაზრებით, ვინაიდან, საქართველოს გაერო-სა და ამერიკაში ორი ელჩი ჰყავს, შესაძლებელი იყო, რომ გეგეშიძე მარგველაშვილს ვაშინგტონში დახვედროდა, ხოლო ნიუ-იორკში, პრემიერისთვის მასპინძლობა კახა იმნაძეს გაეწია.
„შეიძლება, ხელისუფლების თვალში პროკურატურის რომელიმე კურატორი უფრო გავლენიანია, ვიდრე პრეზიდენტი და ფორმალურად, კანონის დარღვევაზე საუბარი არ არის, მაგრამ ყურადღება იმაზე უნდა გამახვილდეს, დიპლომატია როგორ უნდა მუშაობდეს! პრეზიდენტს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს - მას საგარეო მიმართულება აბარია და მთავარსარდალია. მაღალი დონის შეხვედრებზე ყოველთვის კითხულობენ, ელჩი არის თუ არა. ახლაც კითხულობდნენ და კურიოზიებიც იყო, რადგან ელჩი სხვა ეგონათ. ეტიკეტის ნაწილია - სადაც ქვეყნის მეთაურია, იქ ელჩიც უნდა იყოს“, - აცხადებს დეპუტატი.
წერეთელი ვარაუდობს, რომ გეგეშიძემ ის გააკეთა, რაც მას საგარეო უწყებამ დაავალა.
„ელჩს უთხრეს, არ წახვიდეო, არ წავიდა და ეს იყო დემარში. ამ ყველაფერით იმის ჩვენება მოხდა, რომ ვითომ, პრემიერი მაგარი ბიჭია. ფაქტია, რომ მმართველ გუნდს მარგველაშვილი როგორც პრეზიდენტი მოძულებული ჰყავს. აღმასრულებელი ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება დააკნინოს. ბოლო წლებს თუ ნახავთ, ის ჩვენი ოპოზიციონერი იყო და მისადმი განსაკუთრებული სენტიმენტები არ გვაქვს, მაგრამ ის საქართველოს პრეზიდენტია, რომელსაც კონსტიტუციით თავისი ვალდებულებები აქვს. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება ინსტიტუტების ნგრევითა და დასუსტებით არის დაკავებული“, - აღნიშნავს წერეთელი.
ვინაიდან, ელჩებს პოსტებზე მთავრობის წარდგინებით, პრეზიდენტი ნიშნავს, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი დიპლომატების საქმიანობას ლუპით არ აკვირდება, მაგრამ კანონმდებელი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის პრეზიდენტის განაწყენების მიზეზი გასაგებია, თუმცა, მას გეგეშიძის „განსაცდელის“ არსიც ესმის.
ბერძენიშვილის განცხადებით, ელჩებს პარლამენტი რომ ნიშნავდეს, გეგეშიძე დაბარებული იქნებოდა და მას კონსტიტუციის სწორად წაკითხვის გამო, ან მადლობას ეტყოდნენ, ან საყვედურს.
„ჩემთვის მარგველაშვილიც საყვარელი და ძვირფასი ადამიანია და გეგეშიძეც. პრეზიდენტს პატივს ვცემ, მიყვარს და გეგეშიძეც კარგი კაცია. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ელჩი განსაცდელში ჩავარდა. სხვა ვითარებაში, ის პრეზიდენტს აუცილებლად დახვდებოდა, მაგრამ ის ამ სიტუაციაში ნაკლები ბოროტების პრინციპით მოქმედებდა - „ერთს არ ვაწყენინოთ და მეორეს რომ ეწყინოს, რა მოხდაო“. ეს სწორი არ არის. თუკი მოხერხდებოდა, რომ პრეზიდენტს ელჩის მიმართ სასაყვედურო არ ჰქონოდა, ეს კარგი იქნებოდა, რადგან პრეზიდენტი ვინმე არ არის. უცხოეთში რომ ჩავდივარ, ელჩები მე მხვდებიან და პირველ პირს მეტი ეკუთვნის. საკითხზე ღრმად ვერ ვისაუბრებ, რადგან არ ვიცი, ვინ ვის რა მოსთხოვა, მაგრამ ვინ ვისი უფროსია, ვიცი. თუკი ელჩს უშუალო უფროსმა უთხრა, რომ ასე მოქცეულიყო, ის უფროსს დაემორჩილა“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ გეგეშიძესთვის ეთქვათ, ვის დახვედროდა.
ბერძენიშვილის მსგავსად, გეგეშიძესგან განმარტებებს ფრაქცია - „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაიაც ელოდება, რომელიც ამერიკაში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდა.
როგორც for.ge-ს კორძაიამ განუცხადა, განმატებები თავად ელჩმა უნდა გააკეთოს. მისი ცნობით, გიორგი ხელაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პრეზიდენტს სათანადო დონეზე დახვედროდნენ.
„მთლიანობაში, ამერიკაში საქართველოს საელჩოს საქმიანობას არასათანადოდ ვერ ჩავთვლით. საელჩომ პრეზიდენტს ყველა სახის მომსახურება გაუწია, მაგრამ ეს ყველაფერი ელჩის უშუალო მეთაურობით რატომ არ განხორციელდა, ამ საკითხზე ელჩის კომენტარი უნდა მოვისმინოთ“, - დასძენს კორძაია, რომლის მსგავსად, საკითხზე კითხვები აქვს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ანი მიროტაძეს.
for.ge-სთან საუბარში მიროტაძე აცხადებს, რომ მისთვის ელჩის გადაწყვეტილება არათუ მიუღებელია, არამედ გაუგებარიცაა.
დეპუტატის შეფასებით, შეიძლება, ვინმეს პრეზიდენტი ძალიან არ მოსწონს და არ უყვარს, მაგრამ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ყველამ პირადი დამოკიდებულებები გვერდით უნდა გადადოს.
„ამერიკა საქართველოს ძირითადი პარტნიორია და იქ ჩასულ პრეზიდენტს ელჩი არ დახვდა. მარგველაშვილი პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტია და ელჩიც და ყველა სხვაც ვალდებული ვართ, რომ შესაბამისად ვიმოქმედოთ. ელჩი ვინ აიძულა, რომ პრეზიდენტს არ დახვედროდა? - თუ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებ, არავინ არაფერს გაიძულებს. თუ ადამიანებს თვითშეზღუდვები სჭირთ, ეს ჩემთვის გაუგებარია. არჩილ გეგეშიძეს დიდ პატივს ვცემ, რადგან ოპერატიულად მუშაობს, მაგრამ მისი გადაწყვეტილებით გაოცებული ვარ“, - განაცხადა მიროტაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე კი, for.ge-სთან საუბარში საგარეო უწყების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
კვაჭანტირაძე ამბობს, რომ სიტუაცია საკმაოდ უხერხულად გამოიყურება. კანონმდებელის განმარტებით, ვინაიდან, ამერიკაში დელეგაციების ჩასვლა ერთდროულად მოხდა, სიტუაცია საელჩოს ისე უნდა დაელაგებინა, რომ შეკითხვები არავის გასჩენოდა.
„ერთი შეხედვით პროტოკოლური დეტალებისთვის მეტი ყურადღება უნდა დაგვეთმო, რათა ასეთი კითხვები პრეზიდენტს არ გასჩენოდა. სიტუაცია საპირისპირიო რომ ყოფილიყო, კითხვები პრემიერს ექნებოდა. დიპლომატიური პროფესიონალიზმი ისაა, რომ საგარეო უწყებას ვითარება ისე დაელაგებინა, რომ კითხვები გამორიცხულიყო“, - აცხადებს კვაჭანტირაძე, რომლისგან განსხვავებით, ელჩის ბრალეულობას ვერ ხედავენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ჭკუასელი.
for.ge-სთან ბესელია აცხადებს, რომ ელჩი ერთსა და იმავე დროს, ორ სხვადასხვა ადგილას ვერ იქნებოდა.
„ელჩს რა უნდა ექნა, რომელიც ერთ ქვეყანაში, ორ სხვადასხვა ადგილას უნდა ყოფილიყო? - როცა ამერიკაში ორი დელეგაციის ჩასვლა დაანონსდა, ეს ვითარება რომ შეიქმნებოდა, უკვე ცხადი გახდა. ელჩი პრეზიდენტთან იმ ვითარებაში იქნებოდა, თუკი გაერო-ში პრემიერის დელეგაცია წარმოდგენილი არ იქნებოდა“, - ამბობს ბესელია, რომლის პათოსს იზიარებს ჭკუასელი.
როგორც for.ge-ს ჭკუასელმა განუცხადა, ელჩი ორად ვერ გაიჭრებოდა.
დეპუტატის შეფასებით, როდესაც ქვეყანაში ორი დელეგაციის ჩასვლა ერთდროულად ხდება, გადაწყვეტილება ელჩმა უნდა მიიღოს.
„სიტყვა - პრეზიდენტი ისე ჟღერს, თითქოს უნდა იფიქრო, რომ ელჩი პრეზიდენტს უნდა დახვდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო მოდელით, ქვეყნის პირველ პირად პრემიერ-მინისტრი ითვლება და ელჩი ორად ვერ გაიჭრებოდა. თუ დელეგაციების ჩასვლის დრო არ დაემთხვეოდა, ელჩი პრეზიდენტს უნდა დახვედროდა“, - დასძინა ჭკუასელმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ამერიკას გასულ კვირას სტუმრობდა, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართა.