ნატომ რუსეთი მოწინააღმდეგედ აღიარა

ნატომ რუსეთი მოწინააღმდეგედ აღიარა

ნატო, ევროპის სამხრეთ-დასავლეთში ბოლო ათი წლის ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებას იწყებს. სამხედრო მანევრები იტალიის, ესპანეთისა და პორტუგალიის ტერიტორიაზე გაიმართება და მასში 30-ზე მეტი ქვეყნის 36 ათასი ჯარისკაცი, 200 თვითმფრინავი და 50 სამხედრო ხომალდი ჩაერთვება. საერთაშორისო სამხედრო სწავლება „Trident Juncture -2015“ 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.

სწავლებაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და მისი მოკავშირე ქვეყნების სახმელეთო და სამხედრო-საჰაერო ძალები, ასევე სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას. სწავლების ფარგლებში, ატლანტის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო-საზღვაო მანევრები გაიმართება.

სწავლების ზოგადი კოორდინაცია ნეაპოლში მდებარე ნატო-ს ბაზიდან განხორციელდება, სიცილიის ქალაქ ტრაპანიში საჰაერო ოპერაციების სამეთაურო ცენტრი განლაგდება, ესპანეთიდან სახმელეთო ოპერაციის, პორტუგალიიდან კი საზღვაო მანევრების კოორდინირება მოხდება. სწავლების პირველი ფაზა 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება და კონფლიქტური სიტუაციების კომპიუტერულ მოდელირებას ითვალისწინებს.

მეორე ეტაპი კი, რომელშიც სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები ჩაერთვებიან, 21 ოქტომბერს დაიწყება. სწავლების სცენარი ითვალისწინებს თანამედროვე ომის ყველა კომპონენტის ჩართულობას, მათ შორის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, კიბერთავდასხმების განეიტრალებას, „ჰიბრიდული ომის“ პირობებში სამხედრო ქმედებების განხორციელებასა და სხვა ამოცანების შესრულებას. ალიანსის ოფიციალური ინფორმაციით, „Trident Juncture -2015“- ში მონაწილეობას ასევე მიიღებს 12-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირიც.

პარალელურად რუსეთმა საბატალიონო სწავლების აქტიური ფაზა დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში. მანევრებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის მოტომსროლელი და სატანკო ქვედანაყოფები მონაწილეობენ. სწავლება ნაგვალოუს პოლიგონზე მიმდინარეობს და მასში რუსეთის 600-მდე სამხედრო მოსამსახურე და თანამედროვე სამხედრო ტექნიკის 100-ზე მეტი ერთეული მონაწილეობს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული ძალების მორიგი უკანონო წვრთნები, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართალს.

„ეს არის ძალის დემონსტრირება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დასავლეთის მიმართ - რუსეთი აჩვენებს, რომ არ აპირებს, გადახედოს თავის პოლიტიკას კავკასიაში. ამ უკანონო ქმედების შესახებ ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის ვატყობინებთ და დასავლეთისთვის ეს ყოვლად მიუღებელია“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

ევროპის სამხრეთ-დასავლეთში ნატოს ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებასა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საბატალიონო სწავლებას შორის კავშირზე საუბრობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, კატალიზატორი ნატოს მასშტაბური სამხედრო სწავლებისა არის რუსეთი, რადგან პროცესები მიგვანიშნებს, რომ არ შეიძლება მხოლოდ ლიტერატურული ინსტუმენტებით საუბარი რუსეთთან.

„იმ ვითარებაში როდესაც რუსეთი ვეღარ აფიქსირებს საკუთარი უზარმაზარი ქვეყნის საზღვრებს, საითკენაც ქარი დაუბერავს, იქეთ მიერეკება საკუთრ ჯარს, ამ ვითარებაში ნატოს აქტიური ქმედებები მნიშვნელოვანია. რუსეთი საკუთარ პოლიტიკურ ლაბირინთში დაიბნა და ცდილობს ერთი სიავე, მეორე სიავით ჩაანაცვლოს, რომ თემები მისი კრიტიკისა იყოს მუდმივად ვცლადი და ბოლომდე არმისული.

თითქოსდა ამჟამად რუსეთმა დაკარგა ინტერესი უკრაინისკენ და ყურადღების გადატანა ხდება სირიის მიმართულებით. ნატოს ეს გადაწყვეტილება და რუსეთის სამხედრო წვრთნები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე პირდაპირ კავშირშია სირიის კონფლიქტთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გენერალური დირექტორის, გიორგი მუჩაიძის განცხადებით, ნატომ რუსეთი აღიარა როგორც მოწინააღმდეგე და შესაბამისად, შეცვალა თავისი სამხედრო გეგმები. მისივე თქმით, ამ სამხედრო გეგმის ფარგლებში ხდება ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნები, რათა ამაღლდეს ურთიერთქმედების ხარისხი და ეფექტურობა.

„რაც შეეხება აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს, ფართომასშტაბიანი აგრესიის ალბათობა ამჟამად ნაკლებია. იარაღის ჟღარუნი, სეპარატისტების დახმარება, აგრესიული ქმედებები მათ შორის კავკასიის რეგონში და ოკუპირებული აფახზეთის ტერიტორიაზე არახალია, ეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლინებაა. რუსეთი ხისტ ძალასთან ერთად კარგად ხმარობს რბილ ძალასაც, ანუ საინფორმაციო ომს, რომლის მესიჯები საკმაოდ დახვეწილია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.