არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობაში ძირეული ცვლილებების გატარებას ითხოვს და ამ მიზნით, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელების თხოვნით მიმართავს.
12 პოლიტიკური პარტია მმართველ გუნდს ოპოზიციაში ყოფნის დროს გაჟღერებულ დაპირებებს ახსენებს და სამხარეო-პროპორციულ სისტემაზე გადასვლას სთხოვს, უმრავლესობა კი, „რვიანისა“ და „ექვსიანის“ ფორმატების დაშლის პერიპეტიებზე აპელირებს.
„თავისუფალი დემოკრატების“ ეგიდით, საქართველოს პარლამენტში, საარჩევნო სისტემაზე ღია სხდომა გაიმართა, რომელსაც „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ წარმომადგენლების გარდა, ყველა პოლიტიკური პარტია და დიპკორპუსი დაესწრო. ოპოზიციონერებმა საარჩევნო საკითხებზე დიპლომატებს საკუთარი რეკომენდაციები გააცნეს, გიორგი ცაგარეიშვილმა კი, ზვიად ძიძიგურისა და გიგა ბუკიას განცხადებების სტენოგრამა წარმოადგინა.
for.ge-სთან საუბარში ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის მარტში, ძიძიგური მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე საუბრობდა, დღეს კი, მას 16 დღიანი შიმშილის მიზეზები არ ახსოვს. დეპუტატის თქმით, როდესაც ის საარჩევნო საკითხებზე საუბრობს, მას დე-ჟავუ აქვს.
„იმედი არ მაქვს, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებებზე წამოვა, მაგრამ საოცრება ისაა, რომ „ქართულ ოცნებაზე“ ვსაუბრობ. ხელისუფლება ზუსტად იმ შეცდომებს იმეორებს, რასაც ნაციონალები უშვებდნენ. ისინიც გვპირდებოდნენ და არ ასრულებდნენ, ან პირდაპირ ხელს გვკრავდნენ. ბოლოს ეს ყველაფერი ქუჩის აქციებსა და დარბევებში გადაიზარდა. იმის დაშვება არ მინდა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გზაზე დადგება, მაგრამ ამის ყველა წინაპირობა ჩანს“, - აცხადებს დეპუტატი.
ცაგარეიშვილი პარლამენტის წითელი ხალიჩის „ძალაზეც“ აპელირებს და ამბობს, რომ როგორც ჩანს, ადამიანებს ხელისუფლებაში ყოფნა უტკბებათ.
„როგორც ჩანს, პარლამენტის წითელი ხალიჩას თავბრუსდამხვევი მეთოდი აქვს. ბუკია და ძიძიგურის სტენოგრამა მოვიპოვე, სადაც ბუკია-ძიძიგური 2008 წლის მარტში საუბრობდნენ, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმებულიყო. ძიძიგური ცრუობს როცა ამბობს, რომ არ ვიცი, რატომ ვშიმშილობდიო. ძიძიგურს შეძახილი არ შველის. როგორც ჩანს, ადამიანები წარსულს ივიწყებენ და აწმყოზე ფიქრობენ“, - ამბობს ცაგარეიშვილი.
კანონმდებელის პროგნოზით, თუკი 2016 წლის არჩევნები რეგიონალურ-პროპორციული სტილით ჩატარდება, „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს.
„ხელისუფლება ფიქრობს, რომ თუკი არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება, არჩევნებს მოიგებს და საარჩევნო ხმებს იყიდის. არჩევნებს ძველი ბერძნები უფრო უკეთესად ატარებდნენ, ვიდრე 21-ე საუკუნის ქართველები“, - დასძენს ცაგარეიშვილი, რომლის პოზიციას იზიარებს მისი თანაგუნდელი ზურაბ აბაშიძე.
როგორც for.ge-ს აბაშიძემ განუცხადა, მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ჯდება და საკუთარ დაპირებებს გაურბის, რადგან ხელისუფლებაში დარჩენა სურს.
მისი ცნობით, ოპოზიციამ დიპლომატიურ კორპუსს ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება იმ საკითხებს არ ეთანხმება, რაზეც თავად ოპოზიციაში საუბრობდა.
„საარჩევნო საკითხებზე ნაციონალები საუბრობენ, ხელისუფლება დუმს, რაც პარადოქსულია. მმართველი გუნდისგან არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ. ფაქტიურად, უმრავლესობა საკუთარ წარსულზე ამბობს უარს, რაც საზოგადოების შეურაცხყოფაა. ხელისუფლებას არ მოვასვენებთ. წარსულში, ოპოზიცია ნაციონალებთან არ ჯდებოდა, რადგან მიგვაჩნდა, რომ ის სისხლიანი რეჟიმი იყო, ამჟამად კი, ხელისუფლება ოპოზიციას არ ესაუბრება და გაურბის“, - აღნიშნავს აბაშიძე.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა კი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ჩატარებულ არჩევნებს შორის პარალელებს ავლებს. კუკავა ამბობს, რომ დელეგატს, რომელსაც გადაწმყვეტი სიტყვის უფლება ჰქონდა, ნარკოტიკი ჩაუდეს.
„წარმოიდგინეთ, ჯიბეში რამდენ ადამიანს ჩაუდებენ იარაღს და ნარკოტიკს, როცა სასწორზე დადებული პარლამენტის მანდატები იქნება. ხელისუფლება რისი მკადრებელია, კარგად ვხედავთ. დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვთ, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს, რათა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და ნაბიჯები გადმოდგას“, - აცხადებს კუკავა, რომლისგან განსხვავებით, ნაციონალი ხათუნა გოგორიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება დიპლომატიური კორპუსის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს.
for.ge-სთან საუბარში გოგორიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება აცნობიერებს, რომ 2016 წლის არჩევნებს აგებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მარცხი არ დაუშვას.
„სასწორის ერთ მხარს ყველა პარტნიორი ქვეყანა, ორგანიზაცია და პოლიტიკოსი რომ იდგეს და მეორე მხარეს - ივანიშვილის აზრი და კაპრიზი, ყველაფერს მეორე მხარე გადაწონის. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ივანიშვილი თავის კაპრიზებს როგორ შეიცვლის. ეს ყველაფერი ნათლად ბოლო დღეებში გამოჩნდა, როცა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები ჩატარდა. ხელისუფლებამ წაგების დაფიქსირება ფეხბურთის ფედერაციაშიც კი არ დაუშვა, რაც გზავნილია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება არჩევნების მოგებას ყველაფერის ფასად აპირებს“, - აღნიშნავს გოგორიშვილი, რომლის მსგავსად, for.ge-სთან საუბარში მმართველ გუნდს აკრიტიკებს გიორგი ახვლედიანი.
ახვლედიანი იმედოვნებს, რომ დიპლომატიური კორპუსი ხელისუფლებაზე ზეგავლენას მოახდენს. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების რეკომენდაციაა, რომ საარჩევნო სისტემაზე მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ იმუშაოს.
„არათუ, კონსენსუსზეა საუბარი, არამედ ხელისუფლება დიალოგზეც კი ვერ გამოვიყვანეთ. ისინი ჩირგვებში სხედან, რასაც წინა ხელისუფლებაც კი არ აკეთებდა. ისინი მოლაპარაკებების მაგიდიდან გარბოდნენ, მაგრამ პროცესს უფრო ადეკვატურად უდგებოდნენ. დიპკორპუსს ვთხოვთ, რომ ხელისუფლებაზე მაქსიმალური ზემოქმედება მოახდინოს და ჩვენს დილეტანტ მთავრობას აუხსნან, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ დარტყმას ხელისუფლებას მიაყენებს. ეს ის ბუმერანგია, რომელიც მათ შუბლს აუცილებლად გაუხვრიტავს. ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2016 წელს, ქვეყანაში დემონსტრაციები იყოს“, - დასძენს ახვლედიანი.
ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ძირეული ცვლილებები უკვე გატარდა, თუმცა, ხელისუფლება ქების ნაცვლად, ოპოზიციის ლანძღვა-გინებას იმსახურებს.
for.ge-ს ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური არწმუნებს, რომ საარჩევნო საკითხებზე დიალოგის გამართვა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ოპოზიციამ არჩევნების ჩატარების ფორმატზე მზა რეცეპტი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად მოამზადა. ძიძიგურის განმარტებით, ახალი ხელისუფლების პირობებში, 50 პროცენტიანი ბარიერი დაწესდა და მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა ხდება, ასევე მედია მიმართულებით დროის თანაბარი გადანაწილება მოხდა და პარტიათა დაფინანსებაც გადანაწილდა.
„დიალოგის რა პრობლემაა? რატომღაც, ოპოზიციამ დიალოგის ფორმად ის აირჩია, რომ მარგველაშვილთან ერთად დასხდნენ და მზა რეცეპტი მოამზადეს, როგორი არჩევნები უნდა ჩატარდეს. არ მგონია, რომ ეს დიალოგის ფორმა იყოს. ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გავწიეთ იმისათვის, რომ ყველა ოპოზიციური ძალის ინტერესი ყოფილიყო გათვალისწინებული. პარტიულ არჩევნებზე 2020 წლიდან გადავდივართ, რადგან უმრავლესობაში რამდენიმე ათეული ადამიანია, ვინც ოპოზიციისგან განსხვავებით, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას მხარს არ უჭერს. შედეგი კონსესუსის გზით წარმოვადგინეთ. რაც არ უნდა კარგი ნაბიჯი გადავდგათ, ოპოზიციისგან მაინც ლანძღვა-გინებას ვღებულობთ. ამის მაგალითად ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობას მოვიყვან, რომელიც თვითმართველობის კოდექსზე მუშაობდა და რომელმაც საარჩევნო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოამზადა“, - აცხადებს ძიძიგური.
ძიძიგური ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ნუ ახსენებენ 2008 წელს რის გამო შიმშილობდა.
„100+50 ფორმულას ვითხოვდით, სადაც 100 პარტიული იყო, 50 მანდატი - მაჟორიტარული. არჩევნების წინ, სააკაშვილმა ეს ფორუმულა 75-75 მანდატით შეცვალა. ამაზე ვშიმშილობდი და ახლა ნუ მასწავლიან, რაზე ვშიმშილობდი. როცა ამის გამო ვშიმშილობდით და თავს ვიკლავდით, იქ ზოგიერთები კვანტის დადებით იყვნენ დაკავებულები, რომ როგორმე ხელისუფლებასთან გაქცეულიყვნენ და თავიანთ სქემებზე მორიგებულიყვნენ. ამით დაკავებული ვინ იყო, შეგიძლიათ, ნახოთ, „რვიანის“, შემდეგ „ექვსიანის“ დაშლა რატომ მოხდა?! ეს ყველას ძალიან კარგად ახსოვს და მათ შორის, მეც“, - აცხადებს ძიძიგური.