ბარაკ ობამა: „რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ და ე.წ. საერთო ოპოზიციას ერთმანეთისგან ვერ არჩევს“

ბარაკ ობამა: „რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ და ე.წ. საერთო ოპოზიციას ერთმანეთისგან ვერ არჩევს“

ბარაკ ობამა აცხადებს, რომ რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ და ე.წ. საერთო ოპოზიციას ერთმანეთისგან ვერ არჩევს. აშშ–ის პირველი პირი თვლის, რომ სირიის პრეზიდენტის ოპონენტების ლიკვიდაციით, რუსეთი „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებას უწყობს ხელს. ამერიკელები კი, სირიაში ისლამისტებს ებრძვიან.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ–ის ლიდერმა მზადყოფნა გამოთქვა, რუსეთთან, ირანთან და სხვა ქვეყნებთან გააგრძელოს თანამშრომლობა, რომ სირიაში ხელისუფლება შეცვალოს. ობამა დარწმუნებულია, რომ სირიაში კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება.

დასავლელ ლიდერებთან ერთად, რუსეთს ავიაიერიშების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა საუდის არაბეთმა, რადგან რუსული მხარის მიერ განხორციელებულმა ავიაიერიშებმა ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გაერო–ში საუდის არაბეთის მუდმივი წარმომადგენელი, აბდალა ალ-მუალლიმი აცხადებს, რომ იმ რაიონში, სადაც რუსულმა ავიაციამ იერიში განახორციელა, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები არ იმყოფებოდნენ.

როგორც ცნობილია, რუსულმა ავიაციმა სირიის ტერიტორიის დაბომბვა 29 სექტებერს დაიწყო. კრემლში ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილება ბაშარ ასადის შესაბამისი თხოვნის შემდეგ მიიღეს. საჰაერო ოპერაციის მთავრი სამიზნე კი, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოა“, თუმცა, დასავლეთი დარწმუნებულია, რომ რუსული ავიაციის სამიზნე ასადის ოპონენტების პოზიცებია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ავიაციის იერიშის შედეგად, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ შტაბი და სამხედრო მარაგის საწყობია განადგურებული. ასევე განადგურებულია, სირიაში, იდლიბის რაიონში ტერორისტების შტაბი და სამხედრო საწყობი, ჰამას დასახლებული პუნქტის რაიონში ბოევიკების 3 დონიანი სამეთაურო პუნქტი. მათ შორის მთლიან განადგურებულია მთიან ადგილში განთავსებული „ისლამური სახელმწიფოს“ მართვის პუნქტები.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთის ავიადარტყმები მიმართულია არა „ისლამური სახლემწიფოს“, არამედ ასადის ოპოზიციის წინააღმდეგ და ამით რუსეთი ცდილობს გააძლიეროს ანტიდასავლური ძალები.

„ბუნებრივია, რომ რუსეთის მიზანია ასადის რეჟიმის გაძლიერება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ავიაიერიშის შედეგად გაანადურეს „ისლამური ხალიფატის“ ბაზები, მაგრამ ამას თვად ხალიფატი ამ დრომდე არ ადასტურებს.

მაშინ, როდესაც ამერიკელებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს ანტიხალიფატური ტერიტორიის მიმართულებით, მათ ოფიციალურად დაადასტურეს ეს ინფორმაცია. ამ შემთხვევაში კი „ისლამური ხალიფატის“ მხრიდან ასეთი განცხადება არ გაკეთებულა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა საჰაერო დარტყმა განახორციელა ასადის ოპოზიციის წინააღმდეგ, რადგან რუსეთის მიზანია, ბაშარ ასადის რეჟიმის გამაგრება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე for.ge–სთან სუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის პოლიტიკური პოტენციალი საკმაოდ შეზღუდულია, ამიტომ კრემლი საკუთარი პოლიტიკის გატარებას ხისტი მეთოდებით ცდილობს, რომელიც პროპაგანდის და საინფორმაციო ომის საშუალებით ხდება.

„რუსეთი გამწვავების პოლიტიკის საშუალებით ცდილობს მიიპყროს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება, რომ დასავლეთის ლიდერებთან ერთად დაჯდეს ერთ მაგიდასთან და მოხდეს რუსეთის წარმოჩენა როგორც ერთ–ერთი მთავარი მოთამაშე საერთაშორისო ასპარეზზე.

აქედან გამომდინარე, ქმნის პრობლემებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხოლო შემდეგ ცდილობს, რომ მისი დახმარებით მოგვარდეს ეს პრობლემები, ეს არის რუსეთი პოლიტიკა. თუმცა, ვნახეთ, რომ რუსეთის ამ ანკესზე დასავლეთი აღარ წამოეგო“, – ამბობს გიორგი მუჩაიძე.