„როდესაც ადამიანები არ ენდობიან ტელევიზიას, ვის რაში სჭირდება მისი დახურვა?!“

„როდესაც ადამიანები არ ენდობიან ტელევიზიას, ვის რაში სჭირდება მისი დახურვა?!“

„ნაციონალების სტრატეგიაა, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა, მათ მხოლოდ ეს იციან. პროცესები 2003 წლის მოვლენებამდე მიჰყავთ არა იმიტომ, რომ მოსახლეობა მათ აირჩევთ, - არა. ამ შემთხვევაში ნაციონალების სამიზნე არის არა მოსახლეობა, არამედ დასავლეთი, რომელსაც შეუძლია უსაყვედუროს ხელისუფლებას“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს „ქართული ოცნება“, ის ვერ იქნება იმაზე უფრო მიუღებელი, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ არის.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ნაციონალური მოძრაობისწევრი, კაკო ბობოხიძე ნაციონალების მომხრეებს მოუწოდებს, რომ პასუხი აგებინონ საკუთარ მეზობლებს, ნათესავებს, ნაცნობებს, მეგობრებს, „ქართული ოცნებისკოორდინატორებს და აქტივისტებს. დეპუტატის ეს განცხადება არის თუ არა საზოგადოების დაპირისპირებისკენ მოწოდება?

რამაზ საყვარელიძე: რა თქმა უნდა, ამ განცხადების მიზანი არის საზოგადოების დაპირისპირებისკენ მოწოდება. ბობოხიძის განცხადებას ვასიკო ოდიშვილის ანეგდოტით ვუპასუხებდი – „ბობოხიძეს მეზობლები უბაკუნებდნენ და რომ იკითხა რატომ მცემთო, უპასუხეს – შენ არ გვითხარი ვინც ოცნებისთვის ხმის მიცემა გაიძულათ, იმას პასუხი აგებინეთო? ხოდა ამიტომაც გიბაკუნებთო“ - ეს უფრო სიმართლეა, ვიდრე ანეგდოტი.

„ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის პასუხსიმგებლობა უპირველეს ყოვლისა „ნაციონალური მოძრაობას“ ეკისრება. დიახ, ნაციონალები ასეთი რომ არ ყოფილიყვნენ, როგორიც იყვნენ და მათ შორის კაკო ბობოხიძეც, არ მოხდებოდა ასეთი გამძაფრებული ბრძოლა იმისთვის, რომ პოლიტიკური არენიდან გაეშვათ „ნაციონალური მოძრაობა“. ასე რომ, სხვებისკენ თითისკენ გაშვერამდე კარგი იქნება თუ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრები საკუთარ პასუხისმგებლობასაც იგრძნობენ.

თუნდაც იმის გამო, რომქართული ოცნებავიღაცისთვის მუღებელია?

– დიახ. „ქართული ოცნება“ როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს, ის ვერ იქნება იმაზე უფრო მიუღებელი, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ არის. ამიტომ, ასეთ საპროტესტო აქციებში „ნაციონალური მოძრაობის“ ჩადგომა, ფაქტობრივად ბევრს არაფერს ნიშნავს.

ბატონო რამაზ, ნაციონალები აცხადებენ, რომ თუკი ისინი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და დარწმუნებული არიან, რომ დაბრუნდებიან, არ დაუშვებენ პოლიტიკური ოპონეტების დევნას, მაგრამ ბობოხიძის განცხადება არ ადასტურებს, რომ რეალურად, ნაციონალებს უარი არ უთქვმათ ოპონენტების დევნაზე, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ?

– გასაგებია ამბობენ, რომ არ იქნება პოლიტიკური დევნა, რადგან ამბობენ, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ სადმე გვინახავს ის ჩამონათვალი რასაც საკუთარ შეცდომად თვლიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები? ჩვენ გვესმის მხოლოდ განცხადებები, მაგრამ არაფერ კონკრეტულზე ისინი ბოდიშს არ იხდიან. ზოგადად ამბობენ, რომ ჩვენ შევიცვალეთ, რაღაცა შეცდომები გვქონდა, მაგრამ კონკრეტულად რაში მდგომარეობდა ეს შეცდომები და რის გამეორებას არ აპირებენ, ამაზე ეს ბატონები არ საუბრობენ. ამიტომ, ლაპარაკი იმაზე, რომ მათ რაღაცა შეცვალეს, ეს არის მხოლოდ სიტყვები. ვხედავთ, რომ მათ რიგებში ის ადამიანებიც არ შეცვლილან, რომლებიც მიუღებელი იყო და არის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის.

თუ ადამიანები არ შეიცვალნენ, ისე რის შეცვლაზეა ლაპარაკი? ელემენტარულად, ერთი ადამიანი, რომ ციხეში მეორე ადამიანს აწამებდა, ახლა რატომ იტყვის ამაზე უარს, პოლიტიკური მოსაზრების გამო? - იმიტომ აწამებდა პატიმარს, რომ მისთვის სასიამოვნო იყო.

ნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერთა რიცხვი საკმაოდ დაბალია, შესაბამისად, საინტერესოა, რატომ ცდილობენ ვითარების პოლიტიკურ დაპირისპირებამდე მიყვანას? ფაქტია, რომ დღესაც სწორედ ისე მოქმედებენ, როგორც 2003 წელს ანუ, ახალი სტრატეგია მათი მოქედებაში არ ჩანს.

– გეთანხმებით, რომ იმ იარაღს იყენებ, რომლის გამოყენების გამოცდილებაც აქვთ, მაგრამ ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში და, დავუშვათ მოხდა შეჯახება ორ ნაწილს შორის, რომელი იტყვის პირველ რიგში იმას, რომ ეს პოლიტიკური დაჯახება იყოო, რა თქმა უნდა, ნაციონალები. მათ ასეთი ძახილი სჭირდებათ არა იმიტომ, რომ ხმები მოიპოვონ, არამედ იმისთვის სჭირდებათ, რომ დასავლეთმა ხელი შეუშალოს სამართლებრივ პროცესებს, რასაც ვხედავ კიდევაც „სახალხო პარტიის“ მხრიდან.

ნაციონალების აქტივობა გათვლილია დასავლეთზე, მაგრამ რამდენად შეძლებენ ამის პარალელურად ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას?

– ხალხის მხადაჭერის მოპოვების შანსი რომ ჰქონდეთ, ბუნებრივია, მაშინ სხვანაირად იმოქმედებდნენ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პროცესები 2003 წლის მოვლენებამდე მიჰყავთ. ნაციონალების სტრატეგიაა, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა, მათ მხოლოდ ეს იციან. პროცესები 2003 წლის მოვლენებამდე მიჰყავთ არა იმიტომ, რომ მოსახლეობა მათ აირჩევთ - არა. ამ შემთხვევაში, ნაციონალების სამიზნე არის არა მოსახლეობა, არამედ დასავლეთი, რომელსაც შეუძლია უსაყვედუროს ხელისუფლებას, შერჩევითი სამართალზე, პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებაზე, როგორც ეს ახლახან „სახალხო პარტიამ“ გააკეთა. ეს ნაციონალებისთვის უკვე გადარჩენის ტოლფასია და უჩნდებათ შანსი, რომ მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ განხორციელდეს.

ამ შემთხვევაში რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ?

– იცით, ამ შემთხვევაში მოვიწვევდი უცხოელ სოციოლოგებს და მათთან ერთად გავარკვევდი ენდობა თუ არა ხალხი „რუსთავი 2“–ს. წლების წინ ჩატარდა ასეთი კვლევები, სადაც ყურების რეიტინგი მაღალი ჰქოდა „რუსთავი 2“–ს, მაგრამ ნდობის რეიტინგი ჰქონდა ძალიან დაბალი. როდესაც ადამიანები არ ენდობიან ტელევიზიას, ვის რაში სჭირდება მისი დახურვა?! მითუმეტეს, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ტელევიზია, მაგრამ მასზე თვითონ თქვა უარი. თუ ვინმეს აწყობს ახლა ეს ვითარება, ეს თვითონ „ნაციონალური მოძრაობაა“.