პარლამენტიდან „საპარტნიორო ფონდში“ წასული დავით საგანელიძე აცხადებს, რომ ის პოლიტიკიდან არ მიდის და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრად რჩება. ყოფილი დეპუტატი ახალ სფეროში საკუთარი თავის გამოცდას აპირებს და პროგნოზირებს, რომ რამდენიმე თვეში, ქვეყანაში, ძალიან მსხვილ საფინანსო ინსტიტუტს შექმნის, რომელიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას კვალს დაატყობს.
ფონდის პერსპექტივებსა და გეგმებზე, for.ge დავით საგანელიძეს ესაუბრა:
პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეგიწყდათ და საქმიანობას „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე უკვე შეუდექით. რა გეგმები გაქვთ?
- დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ საქართველოში ძლიერი საფინანსო ინსტიტუტი უნდა შეიქმნას. ეს იქნება საქართველოს განვითარების ბანკი, თუ ამ ტიპის რაიმე სხვა დაწესებულება. პირველ რიგში, ეს ორგანიზაცია საქართველოში პრიორიტეტული დარგების შესწავლას მოახდენს, რომლის განვითარების საჭიროებაც არსებობს. ასევე უწყება იმ პროგრამებზე იმუშავებს, რომელიც რეგიონალურ ჭრილში უნდა განვითარდეს და რაც ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფს. ქვეყანაში იმ დარგების განვითარება უნდა მოხდეს, რომელიც იმპორტს ჩაანაცვლებს და ექსპორტს გაზრდის. განსაკუთრებით პრიორიტეტული ის პროექტები იქნება, რომელიც მოქალაქეთა დასაქმებას უზრუნველყოფს. მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ასეთი ინსტიტუტი შევქმნათ და მისი ბაზა „საპარტნიორო ფონდი“ უნდა იყოს. ჩემი ამოცანაა, რომ გარდაქმნის პროცესი დავიწყო, რომელიც საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო იქნება. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში, რამდენიმე თვეში ძალიან მსხვილ საფინანსო ინსტიტუტს შევქმნით, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას კვალს დაატყობს.
„საპარტნიორო ფონდში“ საკადრო ცვლილებების განხორციელებას გეგმავთ?
- უწყებაში საკმაოდ გამოცდილი და მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ფონდი პატარა კოლექტივისგან შედგება, სადაც დაახლოებით 30 თანამშრომელი მუშაობს. არ ვფიქრობ, რომ მივალ და კადრების ცვლილებას დავიწყებ. რეორგანიზაციის პერიოდში ახალი სტრუქტურა დაგვჭირდება, რომლის ფუნქციებიც გაზრდილი იქნება. შესაბამისად, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოწვევა დაგვჭირდება.
როგორი პროგნოზი გაქვთ, საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია რომელი ქვეყნიდან შემოვა - ჩინეთიდან?
- ბოლო ორი წლის მანძილზე, ბევრი რამე გაკეთდა. ჩინეთის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი და ეს პოსტი მაქსიმალურად გამოვიყენე იმისათვის, რომ ჩინეთის მხრიდან საქართველოს ინტერესი გაჩენილიყო. ამის დასტურია თუნდაც ის დიდი ვიზიტი, რომელიც ბოლო პერიოდში, მთავრობის ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით გაიმართა. უნდა ვივარაუდოთ, რომ დიდი პერსპექტივები გვაქვს. ჩინეთისთვის საქართველო საინტერესო საინვესტიციო ქვეყნად არის აღიარებული. შესაბამისად, თეორიებიდან პრაქტიკაზე უნდა გადავიდეთ და ვნახოთ, რისი საშუალება გვაქვს, რათა საქართველო რეგიონში ეკონომიკური განვითარების მაგალითად ვაქციოთ.
როდესაც ხელისუფლება ჩინური ინვესტიციების მოზიდვაზე აპელირებს, ნაციონალები გახსენებენ, რომ წლების განმავლობაში, ოპოზიცია მათ სწორედ ჩინური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოში ჩინელების ჩამოყვანის გამო აქილიკებდა. ოპოზიციონერები აცხადებდით, რომ საქართველოში ჩინელებს ასახლებდნენ, ახლა იგივე არ მოხდება?
- ნაციონალების დროს რომელი დიდი ინვესტიცია განხორციელდა, ვერ ვიხსენებ.
ალბათ, დიდი ინვესტიციად ვარკეთილში, „თბილისი 2015“-სთვის აშენებული კორპუსები მიიჩნევა...
- იქ რა და როგორ კეთდებოდა, გაურკვეველი იყო. საუბარი იყო, რომ არიქა, ჩინელებმა მიკრო რაიონი ააშენეს და იქ ჩინელები უნდა ჩამოსახლებულიყო, მაგრამ პირველი მე ვიყავი იმის მომხრე, რომ ეს პროექტი გაფართოებულიყო. სწორი აღმოვჩნდი, რადგან ახალგაზრდული თამაშების შემდეგ, ეს ბინები დევნილებს გადაეცა. ნაციონალების განცხადებებზე კი, კომენტარების გაკეთებისთვის ნუ მომაცდენთ, რადგან წლების განმავლობაში, მათ ტყუილებს ვისმენთ.
რუსული ინვესტიციების მოზიდვას გეგმავთ?
- რუსულ ინვესტიციებზე მუშაობა რთული იქნება, მაგრამ თუკი სწორი პროექტი იქნება, ვნახოთ. ეს შედარებით საფრთხილო თემა იქნება. ინვესტიცია კარგია, მაგრამ ქვეყნის სტრატეგიული მიზნები არსებობს, რომელიც ყოველთვის დაცული უნდა იყოს და სტრატეგიულ ობიექტებზე გარკვეული შეზღუდვები უნდა გვქონდეს. ქვეყანაში რაც მეტი ინვესტიცია შემოვა, ეს ეკონომიკის განვითარებას, დასაქმებას და ხალხის კეთილდღეობას ნიშნავს. ძალიან ძნელია ამ გეოგრაფიულ ადგილას ცხოვრობდე, რუსეთის სრული იგნორი გააკეთო და თქვა, რომ ვითომ, ჩრდილოეთით ქვეყანა არ არსებობს. ასე ვისაც მიაჩნია, მათ სადამდე მიგვიყვანეს, დავინახეთ და მათი გაფუჭებული საქმე უნდა გამოვასწოროთ.
თქვენი ხელისუფლების მთავარი გამოწვევა ეკონომიკაა. როგორ ფიქრობთ, 2016 წლამდე, ეკონომიკურ ზრდას და ლარის კურსის გამყარებას შეძლებთ?
- ნებისმიერი ქვეყნის მთავარი გამოწვევა ეკონომიკაა. მაჩვენებლებს რომ გადახედოთ, ალბათ, ბევრი გამოვა და ხელისუფლებას ტაშს დაუკრავს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხი-ფეხზე გადავიდოთ და ვთქვათ, რა კარგი ბიჭები ვართ-თქო. წინ სწრაფი ნაბიჯებით უნდა წავიდეთ.
შეიძლება ითქვას, რომ დავით საგანელიძე პოლიტიკიდან მიდის?
- რა თქმა უნდა, არ ნიშნავს. პოლიტიკიდან რომ მივდიოდე, მაშინ პარტიაც უნდა დავტოვო. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და ვიქნები კიდეც. დავით საგანელიძე პოლიტიკაში გარკვეულ მიმართულებას იცვლის, რადგან ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და წინსვლა მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნების“ დაპირებები ძირითადად ეკონომიკურ გარდაქმნებს ითვალისწინებდა, რაც პოლიტიკის ნაწილია. საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი სექტორი ჩავიბარე. გამოწვევას სიამოვნებით ვიღებ და იმედია, საზოგადოებას ერთი წლის შემდეგ ანგარიშს ჩავაბარებ. არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკა მხოლოდ პარლამენტის დარბაზში ყოფნა და განცხადებების კეთებაა.
„საპარტნიორო ფონდში“ თქვენი გადასვლა, უმრავლესობის წევრების განაწყენებით დასრულდა. თქვენმა თანაგუნდელებმა თქვენი განცხადება გააპროტესტეს, სადაც თქვით, რომ პარლამენტში ყველას ადგილი არ არის...
- ეს განცხადება ძალიან გულწრფელად და კეთილი გულით გავაკეთე, მაგრამ გამგებმა სხვანაირად გაიგო, ჟურნალისტებმა კი, ინფორმაციები ისე გაავრცელეს, რომ განცხადებამ გულისწყრომა დაიმსახურა. ჩვენს პარლამენტში ბევრი პროფესიონალია და ისინი საკუთარ საქმეში შეუცვლელები არიან. მათ საკუთარი თავის წარმოჩენა საკუთარ პროფესიაში უფრო შეუძლიათ, ვიდრე პარლამენტში. ჩამოყალიბებული და პროფესიონალი პოლიტიკოსი ბევრი გვყავს. პოლიტიკოსად არც არავინ ვიბადებით და დიპლომსაც არავინ გვაძლევს, მაგრამ როცა წლების მანძილზე პოლიტიკაში ხარ და პოლიტიკას თავს უძღვნი, პოლიტიკოსი ხარ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ უმჯობესი იყო, საგანელიძეს ამ საკითხებზე მაშინ ესაუბრა, როცა უმრავლესობის ლიდერი იყოო. ეთანხმებით?
- ამ საკითხზე მე და დათომ ვისაუბრეთ და ვიხუმრეთ კიდეც. ვინც ამ განცხადებით გაცხარდება, ე.ი. ის გრძნობს, რომ მისი ადგილი პარლამენტში არ არის.
უმრავლესობის ლიდერის პოსტზე თქვენი თანაგუნდელები არაერთხელ დაგიპირისპირდნენ. როგორ ფიქრობთ, მათ თქვენი პარლამენტიდან წასვლა გაუხარდათ, თუ ეწყინათ?
- არ ვცდილობდი, რომ ყველას ლიდერი ვყოფილიყავი. მე უმრავლესობის ლიდერი ვიყავი, რაც უმრავლესობის წევრების ლიდერობას არ ნიშნავს. უმრავლესობა სტრუქტურაა. პარლამენტის თავმჯდომარე ნიშნავს, რომ საგანელიძის თავმჯდომარეა? - ფრაქციების გაერთიანების ლიდერი ვიყავი და ჩემს ფუნქციას ვასრულებდი. თუკი ვინმეს რაიმე არ მოსწონდა, ძალიან კარგი. ვინმესთვის მუშტი არ მიბრახუნებია და არაფერი ამიკრძალავს. ყველას გამოხატვის თავისუფალი ნება ჰქონდა. ზოგიერთი ჟურნალისტებთან ჩუმად გარბოდა და ეს სამწუხარო ფაქტი იყო. იმედია, ისინიც ჭკუას ისწავლიან.
რაც შეეხება თქვენს ხელფასს, ხათუნა გოგორიშვილმა for.ge-სთან საუბარში თქვა, რომ „საგანელიძე ისეთ ადგილას არ წავიდოდა, სადაც მისი ხელფასი ქვეყანაში ნომერ პირველი არ იქნებოდაო“. ნაციონალების ცნობით, თქვენი ხელფასი 27 000 ლარი იქნება. ეს ინფორმაცია, მართალია?
- აკაკი ბობოხიძესა და ხათუნა გოგორიშვილს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რომ მათ საგანელიძე იმ რანგის პოლიტიკოსად ჩათვალეს, რომ კანონპროექტი მიუძღვნეს. ვგრძნობ, რომ ეს ჩემი დაფასებაა. რაც შეეხება „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის ანაზღაურებას, ეზუგბაიასა და გილაურის დროს ხელფასი 50 ათასი ლარი იყო, რაც იმდროინდელი კურსით რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 35 ათასი დოლარია. ეს სახელფასო განაკვეთი ნაციონალებმა დაამტკიცეს და ისინი ამ სტრუქტურაში საკუთარ ახლობლებსა და ნათესავებს ტენიდნენ, რომ მაღალი ხელფასი ჰქონოდათ. როცა ირაკლი კოვზანაძე მოვიდა, მან ეს ხელფასი თითქმის გაამესამედა და მისი ხელფასი 21 ათასი ლარი გახდა. ეს თანხა იქვითება. დეპარტამენტების ხელმძღვანელების ხელფასი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკში აქვთ. თუკი პოლიტიკაში ხარ და დეპუტატი ხარ, არ უნდა მოიტყუო და უნდა აღიარო, რომ ქურქი შეიცვალე. ამასთანავე, მორალი და ზნეობა უნდა გაგაჩნდეს. არ მიკადრებია, რომ ხელფასის რაოდენობა გამერკვია. როგორც ჩანს, ეს ხათუნა გოგორიშვილის მორალია და მისი ცხოვრების წესია. ალბათ, გოგორიშვილს ჰგონია, რომ ყველა ამ უზნეობით ცხოვრობს. თუკი შევხედავ, რომ ხელფასის ეს რაოდენობა რეალობასთან აცდენილია, ეს საკითხი მე მომანდონ. ოპოზიციამ კარგად იცის, რომ მე ხელფასს არ გავეკიდებოდი. სჯობს, ნაციონალებმა კეკლუცს თავი დაანებონ. თანამშრომლების ხელფასს არ გადავხედავ, რადგან მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები მუშაობენ და მათ ხელფასებს არ შევეხები. ნაციონალებმა საკუთარ ბიოგრაფებში ჩაიხედონ, რადგან საგანელიძეს სასწავლი არავისგან არაფერი აქვს.
ვინაიდან, საქართველოში ხელფასის თემა სენსიტიურია, ოპოზოცია თქვენს ხელფასს თქვენს წინააღმდეგ იყენებს?
- სხვა რა უნდა გამოიყენონ? ვინც მებრძვის, ჩემს წინააღმდეგ რის გამოყენებას არ ცდილობენ? - ვერ ნახეს, რომ ქრთამი ამეღოს, მერე, ვითომ, აგენტი ვიყავი... პროკურატურამ დასკვნა დადო და თავი სამართლებელი არ მაქვს. იმის გასაჭირი არ მაქვს, რომ ხელფასს გავეკიდო. პოლიტიკაში იმ ბიზნესიდან მოვედი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი იყო. ჩემი ხელფასი ჩემი დივიდენდებია, რომელიც 90-იანი წლებიდან შევქმენი. ჩემი თავის გამოცდას ვაპირებ, რასაც ქვეყანაში საფინანსო ინსტიტუტის შექმნა ჰქვია.