„თუკი დიპლომატია შედეგს ვერ გამოიღებს, აშშ-ს გააჩნია ძალები იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვას“, - ეს განცხადება აშშ პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ამერიკის პირველი პირი ამბობს, რომ აშშ დაუყოვნებლივ გამოიყენებს თავის შეიარაღებულ ძალებს ცალმხრივ რეჟიმში, თუკი დადგება ქვეყნის ან მოკავშირეთა დაცვის საკითხი.
„ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძის თქმით, დასავლეთში იზრდება აღქმა იმისა, რომ რუსეთის აგრესული ქმედებები მის სამეზობლოში, იქნება ეს უკრაინა თუ საქართველო, მხოლოდ ამ ქვეყნების უსაფრთხოების პრობლემები არ არის. როგორც მუჩაიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რუსეთიდან განხორციელებული აგრესია ურტყამს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის იმ ძირითად ბოძებს, რაზეც დგას რეგიონალური და მსოფლიო უსაფრთხოება.
for.ge გიორგი მუჩაიძეს ესაუბრა.
ბარაკ ობამას განცხადება, რომ როდესაც ამის საჭიროება დადგება არ დავაყოვნებთ ჩვენი მოკავშირეების, მეგობრების დაცვას ცალმხრივ რეჟიმში ძალის გამოყენების გზით, საქართველოსთვის, როგორც აშშ მოკავშირე ქვეყნისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომელშიც ქვეყანა იმყოფება?
გიორგი მუჩაიძე: დასავლეთში იზრდება აღქმა იმისა, რომ რუსეთის აგრესული ქმედებები მის სამეზობლოში, იქნება ეს უკრაინა თუ საქართველო, მხოლოდ ამ ქვეყნების უსაფრთხოების პრობლემები არ არის. ეს არის მთლიანად ევროპისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების პრობლემა და ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მტკიცე ნაბიჯების გადადმა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამხედრო დახმარების განხორციელება.
რამდენიმე კვირის წინ საქართველოში გამართულ კონფერენციაზე ამერიკელმა გენერალმა გააკეთა განცხადება, რომ ამერიკა დახმარებას გაუწევს თავის მოკავშირეებს და პარტნიორებს. დღეს, უკვე, ეს განცხადება გაკეთდა ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან, რაც ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას. რუსეთიდან განხორციელებული აგრესია ურტყამს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის იმ ძირითად ბოძებს, რაზეც დგას რეგიონალური და მსოფლიო უსაფრთხოება. თუკი ეს პრინციპები მოირღვა, მაშინ ჩვენ გადავვარდებით მე-19 საუკუნის დამპყრობლური ომების ქაოსში. ეს ძალიან კარგად ესმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, აშშ-ს და აქედან გამომდინარე, ადეკვატური იქნება განცხადებები და ქმედებები, რაც დადასტურდა ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით.
საქართველოს და უკრაინის მაგალითი არ აჩვენებს, რომ დიპლომატიამ არ გაამართლა? როდესაც პრეზიდენტი ობამა ამბობს, რომ თუკი დიპლომატია შედეგს ვერ გამოიღებს, ასეთ შემთხვევაში აშშ-ს გააჩნია ძალები დაიცვას მისი მოკავშირე ქვეყნები, ეს საჭიროება არ არსებობს საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში?
- ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ დიპლომატიამ ვერ გაამართლა. გადავხედოთ 2008 წლის ომის შემდგომ მოვლენებს, სწორედ დასვლეთის სერიოზული ჩარევის შედეგად მოხდა რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლება. გახსოვთ, რომ ფოთში იყვნენ შემოსული, აღებული ჰქონდათ გორი, იგივე პერევთან დაკავშირებული მოვლენები და ა.შ. დასავლელი პარტნიორების დახმარებით ძალიან სერიოზული საფრთხეები იქნა თავიდან აცილებული.
თუმცა ფაქტია, რომ გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია...
- საერთაშორისო მხადრაჭერის და დიპლომატიის დამსახურებაა ის, რომ ცივილიზებული სამყარო გაემიჯნა რუსეთს და მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ასევეა უკრაინასთან მიმართებაში. სერიოზული ზეწოლის შედეგად მოხდა სამშვიდობო შეთანხმების დადება აღმოსავლეთ უკრაინაში. მართალია, ამ შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი არ სრულდება, მაგრამ სახეზეა ის ფაქტი, რომ მარიუპოლის ხაზს იქით რუსეთის შეიარაღებული ძალები და მათ მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ვერ მიდიან, რადგან იციან, რომ ამას ძალიან სერიოზული შედეგი მოჰყვება. ამიტომაც ვერ ვიტყოდი, რომ დიპლომატიამ არ გაამართლა.
საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც გაეროს სამშვიდობო ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოსთვის, რომელსაც აქვს კონფლიქტური რეგიონები და საომარ მოქმედებაში იმყოფება რუსეთის ფედერაციასთან, პოლიტიკურად რას აძლევს ქვეყანას გაეროს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა?
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველო საერთაშორისო არენაზე დაფიქსირდეს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი ქვეყანა. საქართველომ ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორის იმიჯი დაადასტურა. აქედან გამომდინარე ღრმავდება ურთიერთობები, იკვეთება საერთო ინტერესები და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, იზრდება ჩვენი პარტნიორების სურვილი პრობლემების მოგვარების მიმართულებით.
გასაგებია, რომ გაეროს სამშვიდობო მისიაში საქართველოს ჩართულობა საერთაშორისო უსაფრთხოებას ემსახურება, მაგრამ პირველ რიგში, ეს ემსახურება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებას. ამას დავარქმევდი - საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯს. სწორედ, რომ მსგავსი სახის ქმედებები უნდა წარმოადგენდეს ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს.
თუმცა, ოპონენტების მხრიდან ხშირად ისმის კითხვა, მერე რა, რომ საქართველო მონაწილეობას ღებულობს სამშვიდობო მისიებში, რას იღებს ამისგან ქვეყანა? საფრანგეთის შემდეგ საქართველო იყო ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მისიაში, საქართველო მონაწილეობს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში, მაგრამ უსაფრთხოების კუთხით რა შედეგი გვაქვს, გარდა ზეპირი განცხადებებისა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა?
- როდესაც შენ საერთაშორისო თანამეგობრობისგან ითხოვ რუსეთის მიერ განხორციელებული მცოცავი ანექსიის და აგრესიის ნეიტრალიზაციას, მაგრამ შენ არ გინდა, რომ შესაბამისი წვილი შეიტანო საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში, ასეთ დროს შენს თხოვნას ნაკლები შედეგი მოქვს. აქედან გამომდინარე, რაც მეტად წარმოჩინდები როგორც დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილი და ეხმარები მას უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში, ეს ნიშნავს, რომ შენ ხარ ძალიან სერიოზული პარტნიორი და იზრდება იმის სურვილი, რომ ასეთ მნიშვნელოვან პარტნიორს, რომელიც ეხმარება საერთაშორისო თანამეგობრობას უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებაში, გაუწიოს ხელი და დაეხმაროს საკუთარი პრობლემების მოგვარებაში. ეს არის ორმხრივი მოძრაობის გზა.
შენს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯი, შესაბამის უკურეაქციასაც იწვევს. ჩვენ ამის დივიდენდები მიღებული გვაქვს - საქართველოში გაიხსნა ნატოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრი, ნატოს ერთ-ერთ პრიორიტეტიულ პარტნიორად ვართ დაფიქსირებული, ევროკავშირის მიმართულებითაც წინ მივიწევთ, ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შედეგად, ჩვენს მიმართ ინტერესი იზრდება. ასეთი პარტნიორობა და ასეთ სერიოზულ ოპერაციებში ჩვენი ჩართულობა, კიდევ უფრო აძლიერებს აღქმას, რომ ჩვენ სერიოზული პარტნიორები ვართ.