ნატო-ს გადაწყვეტილებით, საქართველო სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდა და მასში ქართული ასეული მიიღებს მონაწილეობას. საქართველო იქნება მეოთხე, ნატო-ს არაწევრი ქვეყანა სწრაფი რეაგირების ძალებში, რაც მიუთითებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ქართული შეიარაღებული ძალების შეთანხმებული მოქმედების მაღალ დონეზე. დღეს სწრაფი რეაგირების ძალების რეზერვში 130 ქართველი მებრძოლია. გარდა ამისა, საქართველო ჩაერთო კრიზისის მართვის ოპერაციებში ევროკავშირის ხელმძღვანელობით.
2014 წელს ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. საფრანგეთის შემდეგ საქართველო იყო ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მისიაში, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონული და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერას ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენისა და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად. საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის მიმდინარე მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალისა და უკრაინაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერი ძალა.
„ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ დღევანდელ დღის წესრიგს და მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს მრავალწლიან ტრადიციას - წვლილს შევიტანთ სახელმწიფოთაშორის სამშვიდობო ძალებში. ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ვალდებულების შესრულებას. ქართველი მებრძოლები ყოველთვის იდგებიან მოკავშირეების გვერდით ყველაგან, სადაც ჩვენი ყოფნა საჭიროა. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა და ჩვენ რეგულარულად შეგვაქვს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამშვიდობო ძალებში - ჩვენ ვიყავით საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყანა ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის. ქართველი სამხედრო ძალები მსახურობდნენ ნატოს ჯარების გვერდი-გვერდ ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში. საქართველო მსოფლიო თანამეგობრების საიმედო პარტნიორია“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოს მიერ არჩეული გზა ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით არის სწორი და ეფექტური გზა ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დავით უსუფაშვილს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ საქართველოს მიერ არჩეული გზა ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით, არის სწორი.
„ჩვენ არა თუ ერთი ასეულით, არამედ სრულიად საქართველოს არმიით ვართ მზად, გავწევრიანდეთ ნატო-ს ეგიდით შექმნილ უსაფრთხოების სისტემაში, ეს არის ყველაზე სწორი, ყველაზე ეფექტური გზა ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვიდრე ეს არ მომხდარა, ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში. ეს ამაღლებს საქართველოსადმი პოლიტიკურ მხარდაჭერას, ამაღლებს ჩვენი პარტნიორების ვალდებულებას, რომ ჩვენი ინტერესებიც გაითვალისწინონ საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არის სწორი პოლიტიკა. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული და ოკუპაციის დასრულება უკავშირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას, ეს მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელია“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში შორენა ლორთქიფანიძე თვლის, როდესაც ვარშავის სამიტის წინ ასეთ ნდობას გიცხადებს ალიანსი, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზსს იმას, რომ ქვეყანა ნატოში გაწევრიანების კუთხით შესაბამის ნაბიჯებს დგამს.
„არ არის გამორიცხული, რომ ალიანსის ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რაღაცა რისკებთან იყოს დაკავშირებული, იგივე რუსეთის მხრიდან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. როდესაც საქართველოს პრობლემებზეა ლაპარაკი, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ყოველთვის გვესმის, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უნდა გააქტიურდეს. სწორედ ეს არის ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის კარგად გამოყენება მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველომ საერთაშორისო ურთიერთობაში პოზიცია გაიმაგროს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძე.
თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი თვლის, რომ საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში და განსაკუთრებით ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში, ხაზსს უსვამს იმას, თუ რამედენად სანდო პარტნიორია საქართველო და რამდენად შესწევს უნარი იმისა, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში.
„თვითონ ვაშინგტონის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნატოს წევრობა შეუძლია ყველა იმ ქვეყნას, ვისაც ძალუძს საერთაშორისო უსაფრთხებისა და სტაბილურობის საქმეში წვლილის შეტანა. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მოდით და პირდაპირ ნუ დავუკავშირებთ ამას, რომ ჩვენ იმიტომ ვმონაწილეობთ ამ ოპერეციებში, რომ ნატოს წევრობა გვინდა. ნატოს წევრობა ჩვენთვის არის ღირებულებებზე დაფუძნებული სწრაფვა იმისკენ, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახს.
სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება გვეხმარება, რადგან ვიღებთ ძალიან დიდ გამოცდილებას და ამავდრულოდ, ვამტკიცებთ საქართველოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ამდენად, ერთი ასეულით ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილება, ეს არის გასაკუთრებული მისია და ხაზსს უსვამს იმას, რომ დღეს ჩვენი სამხედროები თავსებადობის მხრივ ძალიან მაღალ დონეზე არიან ნატოს ძალებთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მიხეილ დარჩიაშვილი.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს გაეროს სამშვიდობო მისიებში. 40 ათასი მშვიდობისმყოფელი და პოლიციელი მსოფლიოს 50 ქვეყნიდან საერთაშორისო ორგანიზაციის ოპერაციებში ჩაერთვება, მათ შორის იქნება საქართველო რომელიც გაერო-ს სამშვიდობო მისიაში მიიღებს მონაწილეობას.
„ვაპირებთ, გაერო-ს სამშვიდობო მისიაში მივიღოთ მონაწილეობა. ეს არის ჩვენი ჯარისკაცების დამსახურება. ის აღიარება, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ამ წლების განმავლობაში, ის იმიჯი, ის სტატუსი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდრა, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გმირი, ჩვენი ვაჟკაცი ჯარისკაცების დამსახურება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისიებში მონაწილეობის მისაღებად 8 ათას პოლიციელს გაგზავნის ჩინეთი, 5 000 მშვიდობისმყოფელს გამოჰყოფს კოლუმბია. მშვიდობისმყოფელთა მომზადებაში გაეროს დახმარება კი ნატო-მ შესთავაზა. ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის თქმით, მშვიდობისმყოფელთა უშუალო მომზადების გარდა, ნატო მზად არის, ასწავლოს მათ როგორ უნდა დაიცვან თავი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან.
გაეროს მშვიდობისმყოფელები მსოფლიო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია შეიარაღებულ კონფლიქტებში. ექსპეტრები თანხმდებიან, რომ გაეროს მშვიდობისმყოფელების გარეშე კრიზისული სიტუაციების მართვა შეუძლებელი იქნებოდა. გაეროს მონაცემებით, ამჟამად სამშვიდობო ძალებში მსოფლიოს 120 ქვეყნიდან 125 ათაზე მეტი სამხედრო, პოლიციელი და სამოქალაქო პირი მსახურობს. სამშვიდობო კონტინტენგის ბიუჯეტის დაახლოებით 30%-ს აშშ აფინანსებს.
მიხეილ დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს, როგორც საერთაშორისო სტაბილურობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი სერიოზული კონტრიბუტორის მონაწილება თანმიმდევრული და საკამოდ მასშტაბურია როგორც ავღანეთში, ასევე აფრიკაში და თუკი მოხდება გაეროს მისიაში ჩართვა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით, ასევე ქართველი სამხედროები შესაბამის გამოცდილებას მიიღებენ გაეროს ოპერაციებში მონაწილების კუთხით.
„როდესაც მშვიდობას ვიცავთ ქვეყნის გარეთ, ჩვენ ამით ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას. თუ ჩვენ გვინდა, რომ საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ვიყოთ, ჩვენ წვლილი უნდა შევიტანოთ ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში.
საქართველო იმ 5 ქვეყანას შორის დაასახელეს, რომლებიც ნატოს ოპერაციებში გამორჩეული კონტრიბუტორები არიან. ამდენად, გაეროს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღება იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ნატოს თუ ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში, ჩვენ ძალიან პასუხისმგებლიანი და სანდო პარტნიორები ვართ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მიხეილ დარჩიაშვილმა.