პენტაგონი და აშშ-ის მოკავშირე ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ თეთრი სახლი ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა „Wall Street Journal“-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის თანახმად, აშშ-ის არმიის გენერალმა ჯონ კემბერლმა პენტაგონსა და ნატოს პოტენციური რისკების შესახებ ხუთი რეკომენდაცია გაუგზავნა. ამერიკელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ ავღანეთში ამერიკული კონტინგენტის შემცირება „თალიბანსა“ და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს გააძლიერებს.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან ამერიკული სამხედრო კონტინგენტი უნდა შემცირებულიყო, რადგან არ შეიძლება ერთმა ქვეყანამ მეორე ქვეყანა უსაფრთხოების მუდმივ კმაყოფაზე აიყვანოს და ათი, ოცი, ასი წლით უცხოეთის ჯარი ჩააყენოს სხვისი საზღვრების დასაცავად.
For.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ თუნდაც იმავე ისრაელში, ამ 3-მილიონიან ქვეყანაში, რომელსაც ასმილიონიანი მტრული გარემოცვა ჰყავს, ერთ ამერიკელ ჯარისკაცსაც არ უბრძოლია, თუმცა ამერიკა მათ ეხმარებოდა ფულით, იარაღით. ასევე, ამერიკა ყველაფრით ეხმარება ავღანეთს, მაგრამ თვითონ ავღანეთის ხელისუფლება ჩაფლულია ნარკობიზნესში, ნაჯიბულადან დაწყებული, კარზაით და მისი მემკვიდრით დამთავრებული, კარზაის ძმა გერათის პროვინციის გუბერნატორობისას პირველი ნარკობარონი იყო და ჩაეფლო კორუფციაში.
„თუ ავღანელ ხალხს უნდათ თალიბები, მაშინ უნდა წამოვიდნენ ამერიკელები და ავღანელებს ჰყავდეთ თალიბები. როგორც ჩანს, იქაურ ხალს უნდათ თალიბები. ისლამური სამყარო ასეა, არ შეიძლება, ისლამისტებს ხვდებოდე ყვავილებით ბერლინში და ამბობდე, ჩვენ მივიღებთ ასი ათას, 800 ათას ისლამისტს, ვინ შეამოწმა, ვინ არიან ისინი?! უკვე 1200 ევროპელი ახალგაზრდა, აქედან 45% გოგონა, ისლამურ სახელმწიფოში საბრძოლველად წავიდა. ამიტომ „აისაფის“ მისია დროებითი იყო. დღეს მიმდინარეობს ცივილიზაციათა ომი და ამ ომის აღიარება დასავლეთს არ უნდა, რადგან პოლიტკორექტულად არ არის გამართლებული, რომ ჩვენ ისლამს ვეომებით. თვით პუტინმაც კი მოსკოვში ააშენა ევროპაში ყველაზე დიდი მეჩეთი და თავად მივიდა მის გახსნაზე. მე არ მახსოვს, პუტინი მისულიყო ქრისტიანული ტაძრის აშენებისას. ეს პოლიტიკაა, შედეგი ნულია, რადგან ცივილიზებულმა დასავლეთმა ვერ მოძებნა „მოდუს ვივენდი“ ისლამთან ურთიერთობისას. ის, რომ არსებობს რადიკალური და ნორმალური ისლამი, მითი აღმოჩნდა, რადგან ნორმალური ისლამიდან გამოდიან რადიკალები. პანკისის ხეობაში მუსლიმანები საუკუნეებია ცხოვრობენ, მაგრამ როდის იყო, რომ გადამთიელებთან, 5 ათას კილომეტრზე მიდიოდნენ ისლამისთვის საბრძოლველად?!“ - აცხადებს სოსო ცინცაძე და პარალელს ავლებს ამერიკელებთან. კერძოდ, ამერიკის პოლიცია ისეა დაკომპლექსებული, რომ შავკანიან მკვლელს ხელსაც ვერ ახლებს, რადგან ნახევარი ამერიკა გამოვა მის წინააღმდეგ.
ასე რომ, პოლიტოლოგი თვლის, ამერიკა წაგებული იყო იმ დღიდანვე, როდესაც ავღანეთის მორიგ ავანტურაში ჩაერთო. ქართველები ავღანეთში იღუპებიან, არადა, რიგია იქ წასვლაზე, რადგან 700 დოლარი აქვთ ავღანეთში ხელფასი.
„გლეხის ბიჭს 700 დოლარს ვინ მისცემს, ამდენი თანხა პროფესორს არ აქვს. ამიტომ ავღანეთში კონტინგენტის შემცირებით, ალბათ, ისინი შეწუხდებიან, რადგან უმუშევრები დარჩებიან“.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ პენტაგონი რეალისტურად აფასებს რისკებს. კერძოდ, თუ ამერიკელები ავღანეთიდან გამოვლენ, ადგილობრივი პროდასავლური ხელისუფლება მაშინვე დაემხობა და თალიბები ისევ დაიბრუნებენ პოზიციებს. მით უმეტეს, ამ ეტაპზე თალიბები საკმაოდ ძლიერ ძალას წარმოადგენენ და ისინი ავღანეთის 70%-ს აკონტროლებენ.
ვახტანგ მაიასიას თქმით, ავღანეთში მოხდება ის, რაც მოხდა სამხრეთ ვიეტნამში 1973 წელს, როცა პარიზის ხელშეკრულების შედეგად, ამერიკელებმა დატოვეს სამხრეთ ვიეტნამი, ცოტა ხანში ვიეტნამი დაეცა. ასევე, მოხდა ავღანეთშიც, 1989 წელს საბჭოთა ჯარებმა დატოვეს ავღანეთი, შედეგად, მესამე წელსვე დაამხეს ნაჯიბულას მთავრობა და თალიბებმა ნაჯიბულაც ჩამოახრჩვეს. ამის შემდეგ ავღანეთში დაიწყო არეულობა, რასაც მოჰყვა თალიბების გაძლიერება. ასე რომ, ექსპერტის აზრით, თალიბები არსად გამქრალან, პირიქით, მათ პოზიციები გაიმყარეს. ამას ემატება ისიც, რომ თალიბებს დიდი თანხები აქვთ, ავღანეთის ტერიტორია თალიბების თხევადი ჰეროინით არის გადაჭედილი, რაც ნახევარ მილიონ დოლარს უდრის.
„ის, რომ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აქტიურ თავდასხმას ახორციელებენ, ესეც ადასტურებს, რომ ამერიკელების ავღანეთიდან გაყვანა იმ ხელისუფლების გაწირვას ნიშნავს, რომელიც დღეს ავღანეთს მართავს. რატომ არ გათვალეს ეს რისკები ამერიკელებმა? ვფიქრობ, რომ, თეორიულად, ამერიკელებმა თავიანთი მისია შეასრულეს. „აისაფის“ მისია მას შემდეგ დასრულდა, რაც „ალ-ქაიდას“ ლიდერი განადგურდა, თავად „ალ-ქაიდას“ დაჯგუფებამ დატოვა ავღანეთი და მისი წევრები გადავიდნენ მათთვის მნიშვნელოვან არეალებში. „ალ-ქაიდამ“ დაკარგა რეალური ოპერატიული დამრტყმელი ძალა, ეს ჩანს კიდეც, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია პასიურ რეჟიმში გადავიდა. საბედნიეროდ, ბოლო დროს მომხდარი არცერთი ტერაქტის უკან „ალ-ქაიდა“ არ ყოფილა. ასე რომ, ამერიკის ეს ორი ძირითადი ამოცანა შესრულებულია. უფრო მეტიც, კატარსა და დუბაიში შედგა რამდენიმე მოლაპარაკება ამერიკელებსა და თალიბებს შორის. ზოგიერთ ადგილებში კი ამერიკული კონტინგენტი, ამერიკელი მეთაურები და თალიბები თანამშრომლობდნენ კიდეც გარკვეულ დონეზე. ამერიკელებმა გლობალურ-სტრატეგიული მისია შეასრულეს, ამიტომ მათი დარჩენა ავღანეთში ამ ეტაპზე ბევრ კითხვას გამოიწვევს“, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია და განმარტავს, რომ ამერიკას აღარ შეუძლია, ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით აწარმოოს ოპერაციები. მით უფრო, რომ ავღანეთის ოპერაცია ძვირადღირებულია და ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი ამას ვერ გაწვდება. ასე რომ, რუსეთი, სირია თუ ავღანეთი - ამ სამ ლოკალურ ომში ჩართვა ამერიკისთვის დიდი ფუფუნებაა.