რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში არ შემოუშვებენ

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში არ შემოუშვებენ

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე სესია თბილისში 2016 წლის ზაფხულში გაიმართება. რუსეთის დუმის სპიკერი, სერგეი ნარიშკინი ადასტურებს, რომ რუსეთის დელეგაცია 2016 წელს თბილისში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრებას გეგმავს. რუსეთის დელეგაცია აქტიურად აპირებს მონაწილეობას საპარლამენტო ასამბლეის სესიაში, ჯერ ვენაში და შემდეგ ზაფხულში, თბილისში.

შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრება სერგეი ნარიშკინმა და რუსულმა დელეგაციამ ივლისში ვერ შეძლო, რადგან ფინეთმა, რომელიც ეუთო-ს სესიას მასპინძლობდა სავიზო შეზღუდვა გამოიყენა. ფინეთის მსგავსად, ნარიშკინი ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე სესიაზე, რომელიც თბილისში გაიმართება, რადგან რუსეთის დუმის სპიკერს, სერგეი ნარიშკინს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნარიშკინის თუ სხვა პირის შემოშვების საკითხის გადაწყვეტისას შესაბამისი უწყებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებენ.

„საქართველოს კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით მიღებული იქნას მიზანშეწონილი გადაწყვეტილება“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გია ვოლსკი კი ამბობს, რომ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით საგანგებო მსჯელობა იქნება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, გაზაფხულამდე დიდი დროა და გადაწყვეტილებაც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, როგორც ეს საქართველოს ინტერესებს შეესაბამება. დელეგაციასთან დაკავშირებით საგანგებო მსჯელობა იქნება, მაგრამ კანონის დარღვევასთან დაკავშირებით ვერანაირი მსჯელობა ვერ იქნება, ეს სამწუხარო მაგალითი უკვე მოხდა, როდესაც ევროპის საბჭოს დელეგაციის რამდენიმე წევრი არ შემოვუშვით ქვეყანაში, რამაც განაპირობა გარკვეული სანქციები საქართველოსთან მიმართებაში.

მართალია სანქციები სერიოზული არ არის, ევროსაბჭო კომისიის სხდომას არ ჩაატარებს საქართველოში, მაგრამ მაინც უსიამოვნო მდგომარეობა შეიქმნა. ამიტომ, გაზაფხულამდე მკაფიოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ - რა აწყობს ქვეყანას, რაც შეეხება კანონს, ცალსახაა, რომ კანონის დარღვევას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გია ვოლსკი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას წევრის, დეპუტატის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში შემოსვლის უფლება არ აქვს.

„ბატონი ნარიშკინი იმყოფებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორაზე, აქედან გამომდინარე, ჩვენი კანონის მიხედვით მას ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ აქვს. ეჭვი მეპარება, რომ ბატონმა ნარიშკინმა მოახერხოს შემოსვლა. როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს უკვე მეორე თემაა, მაგრამ ბუნებრივია, რომ პატივი უნდა ვცეთ ჩვენივე კანონს“, - აცხადებს დოლიძე.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის განცხადებით, ნარიშკინისგან განსხვავებით, შეზღუდვები არ უნდა გავრცელდეს დელეგაციის სხვა წევრების მიმართ. როგორც დეპუტატი აცხადებს, რუსეთი როგორც ეუთო-ს წევრი ქვეყანა მონაწილეობს საპარლამენტი ასამბლეაზე და ეს არის ერთ-ერთი ტრიბუნა, სადაც შეიძლება ღიად გავაკრიტიკოთ რუსეთი.

„ჩემი აზრით დელეგაციის მონაწილეობა არ უნდა შეიზღუდოს. ძალიან რთული დამოკიდებულება გაგვაჩნია ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერთდ არ ველაპარაკოთ, ან ვინმეს ავუკრძელოთ საქართველოში ჩამოსვლა და საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მონაწილეობის მიღება, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც აკრძალული აქვთ საქართველოს ტერიტორაზე შემოსვლა, რადგან მათ დაარღვიეს კანონის ოკუპაციის შესახებ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძემ.

რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვის გამოყენებას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით დარჩიაშვილი.

„საკუთარი თავის, კანონის, საერთაშორისო ნორმების და სანქციების პატივისცემელი ხელისუფლება სავიზო შეზღუდვებს გამოიყენებს დელეგაციის მიმართ. ნარიშკინი საინტერესო გვარია, ჟღერადია, მაგრამ გვარში არ არის პრობლემა. სანქცია უნდა გაგრძელდეს დელეგაციის ნებისმიერ წევრზე.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც გააკეთა ფინეთმა, რომელმაც როგორც მასპინძელმა ქვეყანამ გამოიყენა სავიზო შეზღუდვა. როდესაც ბატონი ნარიშკინი თბილისის უკითხავად ჩადის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს ცალსახა მიზეზი უნდა იყოს იმისა, რომ არ შემოუშვან საქართველოში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით დარჩიაშვილი.

ექსპერტის საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ეს საკმაოდ საფრთხილო თემაა და იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ხელისუფლება შეეცდება კანონის გვერდის ავლას, ეს იქნება უპატივცემულობა საკუთარი სახელმწიფოს წინაშე.

„საქართველოში მოქმედებს კანონი ოკუპაციის შესახებ და თუ ბატონი ნარიშკინი იმყოფებოდა აფხაზეთში, ეს ნიშნავს, რომ დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ. შესაბამისად, ეკრძალება საქართველოში ჩამოსვლა. თუ ხელისუფლება დაუშვებს გამონაკლისს, ან მის ჩამოსვლამდე შეეცდება კანონის შეცვლას, რაც არაერთხელ ყოფილა გაჟღერებული ბატონი ზაქარეიშვილის მხრიდან, ასეთ შემთხვევაში დაფიქსირდება ის დამოკიდებულება, რომელიც დღევანელ ხელისუფლებას აქვს ამ კანონთან და ზოგადად ოკუპაციასთან მიმართებაში.

საკმაოდ საფრთხილო თემაა, თუ მთავრობის წარმომადგენლები შეეცდებიან კანონის გვერდის ავლას, ეს იქნება უპატივცემულობა საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს თემები უნდა გაირკვეს. თუ რამე მისიით ჩამოდის, შესაძლებელია, ეს შეხვედრა შედგეს სხვაგან და არა თბილისში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანმა.