„საჭიროების შემთხვევაში შევაგროვებ 400 000 ხმას, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემა იყოს“

„საჭიროების შემთხვევაში შევაგროვებ 400 000 ხმას, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემა იყოს“

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოთხოვნით, საქართველოს მაშტაბით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყო. ისინი დღევანდელი უმრავლესობის ზოგიერთ ლიდერს პოზიციის შეცვლაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება და 2020 წლისთვის გადატანა, მხოლოდ ხელისუფლების განმტკიცებისთვის სჭირდებათ. საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერი აცხადებს რომ, კონსესუსის შეთანხმება იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ მაჟორიტარი დეპუტატებს არ სურთ ამ სისტემის შეცვლა.

რატომ არ ეთანხმებიან პროპორციულ ან შერეულ სისტემას მაჟორიტარები, რას ფიქრობენ პულტზე „ხელისმიმჭერ“ დეპუტატებზე, არიან თუ არა ხელისუფლების დამხმარე ძალა საკანონმდებლო ორგანოში და რისთვის აპირებენ ისინი ბრძოლას?

For.ge დმანისის მაჟორიტარ დეპუტატს კახა ოქრიაშვილს ესაუბრა.

როგორ თვლით, უნდა იყვნენ თუ არა საკანონმდებლო ორგანოში სპორტსმენები, ხელოვანები, მსახიობები წრმოდგენილნი და ხელს უწყობენ არა ისინი პარლამენტის კვალიფიციურ მუშაობას?

- ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი, რომ ხელოვანების, მსახიობების და სპორტსმენების პარლამენტში ყოფნის. რა თქმა უნდა, საჭიროა ეკონომისტი, იურისტი, მაგრამ სპორტსმენიც და ხელოვანიც საჭიროა. ჩვენ გვაქვს სპორტის და კულტურის კომიტეტები, დარგობრივი კომიტეტები და იქ ერთი-ორი ყოფილი სპორტსმენი და ხელოვანი, რომელმაც კარიერა გაიკეთა სპორტის მართვაში, ხელოვანმა ხელოვნების მართვაში, ვფიქრობ, რომ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი. თუმცა, არა ისეთი შეწონილობით, როგორიც დღეს არის. ვთვლი, რომ დღეს არც ისეთი კვალიფიციური პარლამენტი გვყავს და აქდან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ 2016 წლის პარლამენტი უფრო კვალიფიციური იქნება.

ყოველთვის საუბრობენ, რომ როგორც ამჟამინდელ, ისე წინა მოწვევების პრლამენტებში დიდი რაოდენობით იყვნენ დეპუტატები, რომლებიც რეალურად არაფერს აკეთებდნენ და ძირითადად, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მუშაობდა. როგორც რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- მე სამი მოწვევის პარლამენტარი ვარ და ნაყოფიერად ვმუშაობდი დარგობრივ ეკონომიკაში. არც ერთი მსხვილი რეფორმა თუ პროექტი ჩემი ჩართულობის გარეშე არ ყოფილა განხორციელებული, არც ახლა და არც ადრე. ამიტომ ვთვლი, რომ მე საკმაოდ კარგი სარგებელი მომაქვს ჩემი ქვეყნისთვის.

სხვა მაჟორიტარ თუ პროპორციული სიით წარდგენილ დეპუტატებზე რას იტყვით, რომელთა სახელი და გვარი ამომრჩევლებმა არ იციან?

- პარლამენტში ბევრი შემთხვევითი ადამიანი იყო ადრეც და არის ახლაც. ეს არის თანმხლები პროცესი, სადაც არსებობს მყიფე და დაულაგებელი დემოკრატია. დემოკრატიის სიმწიფესთან ერთად, ასეთი ხალხი უფრო ნაკლები იქნება პარლამენტში.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით, უმრავლესობა კი აცხადებს, რომ ცვლილებები მხოლოდ 2020 წლის არჩევნებისთვის მოხდება. ამბობენ იმასაც, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს არ სურდათ ამ სისტემის გაუქმება და კონსესუსი იმიტომ ვერ შედგა. არის ეს რეალურად ასე?

- იმედია, რომ არც 2020 წლისთვის არ იქნება პროპორციული არჩევნები საქართველოში. მთელ მსოფლიოში არის მაჟორიტარული სისტემის ტრენდი. მხოლოდ მცირე პარტიებს აწყობთ, რომ იყოს პროპორციული სისტემა იმიტომ, რომ ეშინიათ მაჟორიტარების კონკურენციის. არც ერთი სისტემა ცალკე - არც მაჟორიტარული, არც პროპორციული არ არის იდეალური, მაგრამ შერეული ძალიან ბევრ მინუსს აბათილებს. ჩვენ რომ გადავხედოთ სტატისტიკას მთელს მსოფლიოში, სადაც არჩევნები ტარდება, აღმოვაჩენთ, რომ 91 ქვეყანაში არის მაჟორიტარული სისტემა, 74 ქვეყანაში არის პროპორციული და 30 ქვეყანაში არის შერეული სისტემა, რომელიც საუკეთესოა დღევანდელი დღისთვის. ტენდენცია მთელ მსოფლიოში მიდის შერეული სისტემისკენ. რომ გადავხედოთ რომელ ქვეყნებშია პროპორციული, რომელში მაჟორიტარული და რომელში შერეული პროპორციული სისტემა, ვნახავთ, რომ კარგად განვითარებულ და მძლავრ ეკონომიკურ ქვეყნებში ტარდება მაჟორიტარული ტიპის არჩევნები, მაგ. აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი. შერეული არის გერმანიაში, იაპონიაში და სამხრეთ კორეაში. თუ მთელს მსოფლიოში არის ტენდენცია, რომ განვითარებულ ქვეყნებში იყოს მაჟორიტარული ან შერეული სისტემა, ძალიან მიკვირს, რატომ არ უნდათ საქართველოში? - იმიტომ, რომ თავიანთ ვიწროპარტიულ ინტერსებს ემსახურებიან ამ ხელმოწერების შეგროვებისას.

თქვენ რატომ ეწინააღმდეგებით პროპორციული არჩევნების სისტემას?

- საჭიროების შემთხვევაში შევაგროვებ 400 000 ხმას, რომ იყოს სრულად მაჟორიტარული სისტემა. ჩვენ პარლამენტში ვაჭრობის წინააღმდეგი ვართ. სწორედ, პროპორციული არჩევნებზე გადასვლა ქმნის ამის წინაპირობას - პარლამენტის გავაჭრებას. იქნება 10-15 წვრილ-წვრილი პარტია, რომელიც მოიპოვეს 5-5 პროცენტს და დაიწყება გაუთავებელი ვაჭრობა და ქვეყანა დეზერტირების ბაზარს დაემსგავსება. ამიტომ ვართ ამის წინააღმდეგი.

2020 წლისთვის იბრძოლებთ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებისთვის?

- ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საერთოდ ეს საკითხი არ იყოს განხილული 2020 წელს. ჩვენ გვსურს მაჟორიტარების წილი გაიზარდოს და იყოს არა 73, არამედ იყოს 90, 130, როგორც იაპონიაშია - იქაც შეეული სისტემაა, მაგრამ მაჟორიტარების წილი უფრო დიდია. ამ პატარ-პატარა პარტიებს ურჩევნიათ, ღირსეული ხალხი შეიყვანონ პარტიებში, განახლებები მოხდინონ თავისი პარტიული სტრუქტურების და თავიანთი მაჟორიტარი წარადგინონ ოლქებში. ეს არ უნდათ. ერთი კაცი ზის 50 წელია პარტიის ხელმძღვანელად და არაფრის შეცვლა არ უნდა. კრუხებივით აზიან ამ პარტიას.

მაგრამ არიან მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებსაც საზოაგდოება კი არა, თავიანთი ოლქის ამომრჩეველი არცნობს. ისინი პულტზე თითის დასაჭერად მიდიან პარლამენტში.

- პროპორციული სიით ბევრს იცნობთ პარლამენტში და მიკროფონთან რამდენი მიდის? ალბათ 5-6-ს იცნობთ, დანარჩენები არაკვალიფიციურები არიან. ეს არის არამომწიფებული დემოკრატიის პრობლემა. ეს მაჟორიტარულსაც ეხება დ პროპორციულსაც. ვფიქრობ, რომ მაჟორიტარულ სპექტრში კიდევ უფრო მეტი კვლიფიკაციის მქონე ადამიანები არიან, ვიდრე პროპორციულში. მიუხედავად იმისა, დგანან ტრიბუნებთან თუ არა, ისინი კომიტეტებში მუშაობენ.

თქვენი ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ მაჟორიტარი დეპუტატები ყოველთვის იყვნენ ხელისუფლების დასაყრდენი ძალა და როგორც კი ხმები აკლდებოდა სახელისუფლებო გუნდს საკანონმდებლო ორგანოში, ყოველთვის თქვენ ხმას იყენებდა. ანუ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, „გავაჭრებას“ გაბრალებენ?

- ასე მარტივად არ არის სიტუაცია, მათ კი ღრმა ანალიზის უნარი არ გააჩნიათ. პირველი, რაც მთავარია, ძალიან სახიფათოა პარლამენტში ერთი პოლიტიკური ძალის კონცენტრაცია. როდესაც ერთ პოლიტიკურ პარტიას აქვს 130 ხმა და რასაც უნდა იმას აკეთებს, ძალიან ბევრი შეცდომების დაშვების შესაძლებლობა გააჩნია, როგორც ეს დაემართა „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ კონკურენტი არ ჰყავდათ, აკონტროლებდნენ 120 თუ მეტ ხმას და შენიშვნის მთქმელიც არ ჰყადათ პარლამენტში და ამან უფრო მეტი შეცდომა დააშვებინა მათ. მეორე - როდესაც ძალა არის ძალიან მყიფე და კონცენტრაცია არ არის, ან არის ძალიან დაბალი, პირველ ადგილზე გასული პარტია იღებს 25%-ს და მერე მიდის გაუთავებელი ვაჭრობა. საბერძნეთში არის პროპორციული არჩევნები. პირველ ადგილზე გასული ძალა, პლუს ბონუსი - 50 სადეპუტატო მანდატს იღებს, რომ კონცენტრაცია შედგეს და არ იყოს დაბალი ლეგიტიმაციის. ბოლო მომენტში, როდესაც ჩემი ფრაქცია შევიდა უმრავლესობაში, ეს საერთოდ არ გვაწყობდა და არ გვინდოდა, მაგრამ მყიფე უმრავლესობა იყო. დაახლოებით, 75-77 ადამიანისგან შემდგარი, მყიფე უმრავლესობა კი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია, არის ეკონომიკის შეჩერება, სანამ ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება და ა.შ . ეს დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ეს კონცენტრაცია გავაკეთეთ. არავითარი ვაჭრობა არ ყოფილა და არანაირი სარგებელი არ მიგვიღია, არც თანამდებობები. უბრალოდ, ჩვენ ქვეყანას ჩვენი გადაწყვეტილებით გავუმართეთ ხელი.

2012 წელს ოპოზიციურმა ძალამ უფრო მეტი მანდატი მოიპოვა, ვიდრე სახელისუფლო ძალამ, განსაკუთრებით დედაქალაქში - ათივე მაჟორიტარული ადგილი „ოცნებას“ აქვს მოგებული. ისე რომ, ეს არგუმენტი ჩვენთვის მიუღებელია.