"ხელისუფლებას არ გააჩნია ის კომფორტი, რომ ეს ადამიანები გაანაწყენოს, ის გარკვეულწილად მათი მძევალია"

საკანონმდებლო ორგანოში 150 პროპორციული სიით თუ მაჟორიტრული წესით არჩეული დეპუტატია და საზოგადოება ბევრ მათგანს არ იცნობს, მაჟორიტარ დეპუტატებს ხშირად იმ რაიონის ან ოლქის წარმომადგენლებიც არ იცნობენ, საიდანაც ეს დეპუტატები არიან არჩეულნი. საკანონმდებლო ორგანოს სიებში ხშირად გვხდებიან სპორტსმენები, მსახიობები და კულტურის სხვა სფეროს წარმომადგენლები. ეს როგორც ახლანდელი, ისე წინა ხელისუფლებებისთვისაც გახლდათ დამახასიათებელი. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა ლიდერმა დავით საგანელიძემ (რომელიც ახლახნას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა), განაცხადა, ბევრი პარლამენტარის ადგილი საკანონმდებლო ორგანოში არ არის, უადგილო ადგილას ყოფნა კი ცოდვაა. საგანელიძემ ისიც აღნიშნა, რომ ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს და ამჟამად მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად ზვიადაურს მასთან საუბარში უთქვამს, რომ ჩემი ადგილი პარლამენტში არ არის, მე ახლა ძიუდოში ახალ თაობას უნდა ვზრდიდეო.

„ყველას ვურჩევ, სწორი გზით იარონ და თავიანთი ადგილი მოძებნონ. უადგილო ადგილას ყოფნა არ შეიძლება, ამისთვის თანამდებობაც ცოდვაა“, - განაცხადა საგანელიძემ.

საგანელძის განცხადებას პარლამენტის თავმსჯდომარე დავით უსუფაშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა ის, ვინ რას აკეთებდა პარლამენტში მოსვლამდე, არამედ მნიშვნელოვანია, პარლამენტში მოსვლის შემდეგ ვინ რას აკეთებს. დავით საგანელძეს კი ამ თემაზე ჯობდა მაშინ ესაუბრა, როდესაც უმრავლესობის ლიდერი იყო.

ექსპერტ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ დავით საგანელძეს ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ ხელისუფლებას გააჩნია უზარმაზარი ვალდებულება ხალხის წინაშე, რომლებიც თვლიან, რომ ხელისუფლებას ემსახურნენ. ამიტომ, ხელისუფლებას არ გააჩნია ის კომფორტი, რომ ეს ადამიანები გაანაწყენოს, ის გარკვეულწილად მათი მძევალია და მიუხედავად სურვილებისა, რომ სამჭკუაშვილები მოიყვანოს, მაინც ქიბროწაშვილების ტყვეობაში აღმოჩნდება.

„ეს არის ჭეშმარიტება და ახალი ამბავი არ უთქვამს საგანელიძეს. სამწუხაროა ის, თვითონ რომ წამოვიდა, ამას მერე აცხადებს. ბევრი პარლამენტარის ადგილი რომ არ არის პარლამენტში, ამაზე ქართული საზოგადოება ჩამოყალიბებულია. ეს ადამიანები ახალ პარლამენტამდე იქ უნდა იჯდნენ და კიდევ ბევრი რამის გაფუჭება შეუძლიათ. ხელისუფლებას ეს კომფორტი, რომ ეს ადამიანები დროზე ადრე გაანაწყენოს არ აქვს, შესაბამისად, ხელისუფლება მიუხედავად სურვილებისა, რომ ახლა სამჭკუაშვილები მოიყვანოს ბევრი, გარკვეულ ჯამში, მაინც ქიბროწაშვილების ტყვეობაში აღმოჩნდება“,-აცხადებს ექსპერტი For.ge-სთან საუბარში.

საპარლმენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე თვლის, რომ შესაძლებელია ზვიად ზვიადაური არ არის კარგი კანონშემოქმედი, მაგრამ ზვიდური მსოფლიო ჩემპიონია და მას ბევრი რამე აქვს გაკეთებული საქართველოსთვის.

„მას ბევრად მეტი აქვს გაკეთებეული ჩემზე, დავით საგანელიძეზე და ბევრზე მეტი. აქედან გამომდინარე, ასე ვერ შეაფასებ, ვისი ადგილია პარლამენტში და ვისი არა. ზვიადაური არის ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი და იგი ახმეტის მოსახლეობამ აირჩია დეპუტატად და მე პატივს ვცემ მათ არჩევანს. არის თუ არა პარლამენტში ვინმეს ადგილი, ვფქირობ, ასეთი მკვეთრი განცხადებები არ უნდა გაკეთდეს არა კონკრეტულად ზვიადაურის, არამედ ზოგადად პარლმენტარების მიმართ. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები პარლამენტარების მუშაობაში და უკეთესი იქნებოდა ბევრი კარგი კანონშემოქმედი იყოს საკანონმდებლო ორგანოში. ბევრმა მათგანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეპოვებინა ეს გამარჯვება. დავით საგანელიძეს ეს არასოდეს უთქვამს, როცა უმრავლესობის წევრი იყო და ძალიან სამწუხაროა, თუ მან ეს განცხადება ახლა გააკეთა“, - აღნიშნავს ანი მიროტაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აზრით, შესაძლოა, კონკრეტული ადამიანი ტრიბუნასთან არ დგას, მაგრამ ისინი აქტიურად საქმიანობენ მაჟორიტარულ ოლქებში.

„თუ ანი მიროტაძე აქტიურია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვები არაფერს აკეთებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც ძალიან იშვიათად მოდიან პარლამენტში, მუდმივად - ოჯახური მდგომარეობის გამო და არ საქმიანობენ თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე გამოვდგე და კონკრეტული ადამიანების შესახებ ვისაუბრო. როდესაც გვექნება პროპორციული სია და ახალი კანდიდატების წარდგენა გვექნება მაჟორიტარულ ოლქებში, სიაში უნდა იყვნენ არა ისინი, ვინც ფულის რა რაოდენობით მოიგებს არჩევნებს და ვინ რამდენ ამომრჩეველს მოისყიდის, არამედ ვინ როგორ იმუშავებს საკანონმდებლო ორგანოში იმ ადამიანების უფლებების დასაცავად და იმ ადამიანების კეთილდღეობისთვის, საიდანაც ირჩევენ ამ დეპუტატს. მე იმედი მაქვს, რომ ახალი სიის შედგენისას, პროფესიონალიზმი იქნება მთავარი პრიორიტეტი“, - აღნიშნავს მიროტაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა მალაშხია For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ საგანელძე ამ განცხადების გაკეთებისას, სავარაუდოდ, თავის თავის გულისხმობდა და რახან ყველა თავისი გუნდით მსჯელობს, მან იცის, რომ როგორც მისი, ისე სხვა წევრების ადგილი არ იყო პარლამერნტში.

„ის იყო უმრავლესობის ლიდერი და თვითონ უკეთესად იცის ვინ ვარგოდა და ვინ არ ვარგოდა მის გუნდში. რაც შეეხება იმას, უნდა იყვნენ თუ არა სიაში შეყვანილი სპორტსმენები, მსახიობები, მომღერლები - ჩემი პოზიცია ასეთია - სიებში უნდა იყვნენ საქმის პროფესიონალები, სპორტსმენებს კი თავისი ადგილი აქვთ. მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ, ამდენი მოჭიდავე მსოფლიოს არცერთ პარლამენტში არ არის. ზოგადად ყველა პროფესიას პატივს ვცემ, მაგრამ ყველა პროფესიას აქვს თავისი ადგილი. საპარლამენტო სიებში უნდა ხვდებოდნენ ექსპერტები, იურისტები, ეკონომისტების, ფინანისტები, რეგიონალური პოლიტიკის და საერთაშორისო სამართლის მცოდნენი, ანუ ბევრი იმ საკითხის, რაც პარლამენტში წყდება“, -აღნიშნვს საკანონმდებლო უმცირესობის წევრი.