პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ 2016 წლის პოლიტიკურ გეგმებს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს, თუმცა, სპიკერი კოალიციის დაშლის შესაძლო მიზეზებსაც ასახელებს.
საკანონმდებლო და პოლიტიკურ საქმიანობაზე საუბრის მიზნით, დავით უსუფაშვილი დღეს, მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. დაახლოებით 70 წუთში, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით საგანელიძის მიმართ საყვედურიც გამოთქვა, for.ge-ს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან დარეკვის პირობაც მისცა და ყურადღება რუსულ პროპაგანდაზეც გაამახვილა.
პირველი კითხვა ტელეკომპანია „იმედმა“ დასვა და ის საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა. კერძოდ, ვინ დაიკავებს უმრავლესობის ლიდერის პოსტს - გია ვოლსკი, ზვიად კვაჭანტირაძე, თუ ირაკლი ტრიპოლსკი.
უსუფაშვილმა კანდიდატების გვარ-სახელების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ უმრავლესობის ლიდერი მიმდინარე კვირის ბოლოს, ან მომავალი კვირის დასაწყისში იქნება არჩეული.
სპიკერის ცნობით, ამ დროისთვის, პარლამენტის შესაბამისს სამსახურში უმრავლესობის ლიდერის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე დავით საგანელიძის განაცხადი შესული არ არის.
მართალია, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგანელიძის შემცვლელი არ დაასახელა, მაგრამ საგანელიძეს იმ განცხადების გამო უსაყვედურა, რომელიც უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტში დარჩენილი დეპუტატების თაობაზე გააკეთა.
„პარლამენტში ყველა ვერ იქნება, რადგან ამაზე არითმეტიკა საუბრობს. თუმცა, პარლამენტში დარჩენა ვის სურს, ვინ იმსახურებს და ვის აღარ უნდა, ამაზე ჯობდა, ბატონ დავითს მაშინ ესაუბრა, როცა უმრავლესობის ლიდერი იყო. არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი არ იძლევა დიპლომს, სადაც სპეციალობით პარლამენტარი წერია. მნიშვნელოვანი ის კი არ არის, პარლამენტში შემოსვლამდე ვინ რას აკეთებდა, არამედ ის, პარლამენტში მოსვლის შემდეგ, ვინ რას ვაკეთებთ?!“, - დასძინა უსუფაშვილმა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში იურისპუდენციისა და ეკონომიკის დარგების მეტი პროფესიონალის არსებობა ისურვა.
შეხვედრაზე, დავით საგანელიძისგან განსხვავებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უსუფაშვილის კრიტიკა დაიმსახურა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ რჩევა. კერძოდ, უსუფაშვილი ყოფილი მაღალჩინოსნების მოსალოდნელ შეწყალებასთან დაკავშირებით, სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სჯობს, სააკაშვილმა პოროშენკოს მომავალსა და პოლიტიკაზე ისაუბროს, რადგან ის უკრაინის სამსახურშია.
„ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს იმას, მეგობრული საქართველოს მიმართ მისი მაღალჩინოსნები რა პოზიციებს აფიქსირებენ. ქართული მხარის მიზანი უკრაინასთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელებაა, მაგრამ ასეთი გამოხტომები ამ ყველაფერს ხელს არ უწყობს, თუმცა, ვერც იმხელა საფრთხეს უქმნის, რომ ეს ანგარიშგასაწევი იყოს“, - აცხადებს უსუფაშვილი, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კონსტიტუციურ უფლებაზე - შეწყალების აქტზე აპელირებს.
სპიკერი დარწმუნებულია, რომ მარგველაშვილი პროცედურებში საქართველოს კონსტიტუციას დაიცავს, ხოლო პოლიტიკურ თვალსაზრისით, გადაწყვეტილებას ქვეყნის სასიკეთოდ იმ პრინციპებიდან გამომდინარე მიიღებს, რასაც შეწყალების აქტი უნდა ეფუძნებოდეს.
„შეწყალების უფლება პრეზიდენტს აქვს და პასუხისმგბელობა პრეზიდენტს ეკისრება. ყველას შეგვიძლია, რომ მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ რაიმე მოსაზრების გამოთქმისგან მანამდე თავს შევიკავებდი, სანამ პრეზიდენტი თავის კომპეტენციას არ გამოიყენებს, ან განცახადებას არ გააკეთებს. ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა და ის პასუხს თავად აგებს - იმაზე, რასაც გააკეთებს და არ გააკეთებს! შეწყალება გულჩვილობის აქტი არ არის, ყველაფერს თავისი დასაბუთება სჭირდება“, - ამბობს სპიკერი, რომელიც გიორგი ქადაგიძისთვის დარეკვას აპირებს, თუმცა, არა გასაკრიტიკებლად, არამედ პარლამენტში მისაწვევად.
ვინაიდან, ხშირად, დავით უსუფაშვილი „პროცედურულ დემოკრატიაზე“ აპელირებს, დღეს, for.ge დაინტერესდა, ამ დრომდე, პარლამენტში ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში რატომ არ არის განხილული, რომლის თაობაზეც უმრავლესობის წევრებს კითხვები აქვთ და რომელიც პარლამენტს მაისში წარედგინა.
პარლამენტის თავმჯდომარე დაგვპირდა, რომ დღესვე, ის ქადაგიძეს დაურეკავდა და ჩვენს მიერ დასმული საკითხის თაობაზე ინფორმაციას მიაწვდიდა.
„როცა პროცედურულ დემოკრატიაზე ვსაუბრობ, ვცდილობ, პროცედურული დემოკრატიის შესაბამისად ვიმოქმედო. ეროვნული ბანკის ანგარიშთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, რომ ანგარიშის განხილვა გადაიდო. თავდაპირველად, ეს მომხსენებლის არყოფნის გამო მოხდა, შემდეგ, პარლამენტში სხვა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საქმეების გამო. გპირდებით, პრესკონფერენციას დავასრულებ თუ არა, პირველი რასაც გავაკეთებ, ქადაგიძეს დავურეკავ და ჩვენს საერთო ინტერესს გადავცემ იმის თაობაზე, რომ ეს ანგარიში რაც შეიძლება მალე იქნეს მოსმენილი პარლამენტში“, - უპასუხა for.ge-ს უსუფაშვილმა, რომელსაც პასუხი მოვთხოვეთ ასევე იმაზეც - ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას წვიმის ჩასვლისგან რატომ არ იცავს ეკონომიკის სამინისტრო.
სპიკერი გვარწმუნებს, რომ შენობის მოვლისთვის თანხები იხარჯება, თუმცა, შენობის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პარლამენტი არ არის.
„თქვენ ბრძანეთ, როგორც იქნა, ჭერი გაკეთდაო, მაგრამ ეს ასე არ არის. თქვენ გგონიათ, მარტო ის იყო შესაკეთებელი? - სხვა რაღაც იყო შესაკეთებელი და ისიც შეკეთდა. საინტერესოა, რომ იმ შენობის თაობაზე კითხვები დღევანდელი მთავრობის მიმართ არის და არა - სხვაგან. როცა იმ შენობაში ვიქნებით, ასეთი შეხვედრები იქაც დავგეგმოთ და ხუფის ქვეშ როგორც მე ვიტანჯები, თქვენც ისე დაინტაჯეთ“, - მიმართა for.ge-ს სპიკერმა, რომელსაც ზაფხულის პერიოდში, მეექვსე სართულის აივანზე ყოფნა 50 გრადუსის ფარგლებში უწევს.
აღსანიშნავია, რომ უსუფაშვილს შეხვედრისას საუბარი საარჩევნო სისტემის რეფორმაზეც მოუწია. მას „ინტერპრესნიუსის“ საპარლამენტო კორესპოდენტმა კითხვით მიმართა - „რატომ არ იცვლება საარჩევნო სისტემა 2016 წელს, მაშინ, როდესაც ეს 2020 წელს არის დაგეგმილი?“.
უსუფაშვილის შეფასებით, საარჩევნო სისტემის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეცვლა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, კოალიციას დაშლის.
„საკუთარ ცხოვრებას დავუფიქრდეთ - გინდ საზოგადოებრივს, გინდ კერძოს. აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც სწორედ ხვალ არის შესაძლებელი და არა დღეს, ხოლო თუ დღეს იმის გაკეთებას შეეცდები, ვერც იმას მიიღებ და შეიძლება სხვა რაღაცაც გააფუჭო. თუკი არ იქნება კოალიციაში შიდა თანხმობა, ამ კონკრეტული თემის გამო, კოალიციის დაშლა სწორი გამოსავალი იქნებოდა?! თუ სწორი გამოსავლი იქნებოდა, მაშინ რისთვის და ვისთვის იქნებოდა სწორი გამოსავალი?! დღევანდელ ქვეყანას კოალიციის დაშლა გამოადგებოდა?! არჩევნების სხვაგვარად ჩატარებისთვის კოალიციის დაშლაა გამოსავალი?! თუ კოალიცია დაიშლება, რიგგარეშე არჩევნები იმავე სისტემით ჩატარდება, რაც დღეს გვაქვს, ხოლო ის, რისი გაკეთებაც ზეგისთვის გვინდა, მაზეგ გადაიდება. თუ მეუბნებით, რომ არჩევნები ამ სისტემით ახლა ჩატარდეს და კოალიცია დავშალოთ, ამ საკითხის გამო კოალიციის დაშლაზე არ წავალ, რადგან ქვეყნისთვის და არჩევნებისთვისაც ეს უფრო დიდი უბედურება იქნება“, - აცხადებს სპიკერი, რომელიც ფიქრობს, რომ ფუნდამენტურია ცვლილებები, რომლითაც ხელისუფლება 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გამოდის.
2016 წლის პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას უსუფაშვილი აქცენტს კოალიციაში „რესპუბლიკური პარტიის“ არსებობაზე აკეთებს.
„კოალიცია ეს პარტიათა თანხმობის შედეგია. პარტიათა თანხმობა და შეთანხმება საჭირო იქნება მომავალი არჩევნების წინაც - როგორც შინაარსზე, კოალიციის მიზნებზე, პრიორიტეტბსა და ამოცანებზე, ასევე სხვა დეტალებზე, რომელიც კოალიციის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. დღევანდელი მდგომარეობით, რაიმე წინაპირობას ვერ ვხედავ იმისას, რომ „რესპუბლიკური პარტია“ სხვა რამეს გადაწყვეტს. ვერც იმის წინაპირობას ვხედავ, რომ ჩვენმა კოლეგებმა „რესპუბლიკურ პარტიასთან“ მიმართებაში სხვა გადაწყვეტილება მიიღონ“, - განაცხადა უსუფაშვილმა, რომელიც საქართველოში რუსული პროპაგანდის ზრდას ეხმაურება.
პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ რუსული პროპაგანდის ზრდის მიზეზი ისაა, რომ რუსეთი საქართველოს მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილოა.
მისი მოსაზრებით, რუსეთი ცდილობს, რომ ქვეყანაში სხვა რაღაცას მიაღწიოს. კერძოდ, განსხვავებულს იმისგან, რაც დღეს ხდება და რასაც დღევანდელი მთავრობა და პარლამენტი აკეთებენ.
„ეს მცდელობები ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც დღემდე იყო. იმის საშიშროებას ვერ ვხედავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ქართველმა ხალხმა პროპაგანდის თუ სხვა რაიმე გავლენით რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტოს. პოლიტიკური ძალები არიან, რომელთაც შეიძლება საზოგადოების რაღაცა ნაწილის დარწმუნება საპირისპიროდ შეძლონ, თუმცა, ტრაგედია არც ამისგან უნდა შევქმნათ, რადგან მოსახლეობის ასი პროცენტი ერთ აზრზე ვერ იქნება“, - დასძინა უსუფაშვილმა, რომელმაც პირობა დადო, რომ მედიის წარმომადგენლებს უფრო მეტად შეხვდება, ვიდრე აქამდე ხვდებოდა.