„როდესაც გაგვიღეს ნატოს კარები, მას შემდეგ ჩვენ ვეღარ ვაკაკუნებთ, იმიტომ, რომ კარი ღიაა...“

„როდესაც გაგვიღეს ნატოს კარები, მას შემდეგ ჩვენ ვეღარ ვაკაკუნებთ, იმიტომ, რომ კარი ღიაა...“

„აუცილებელია საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანობა, გონივრული ნაბიჯების გადადმა ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც მხოლოდ იმას ცდილობენ როგორმე ავნონ დღევანდელ ხელისუფლებას, ზღვარს გადადიან და ვნებენ საქართველოს პერსპექტივას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

2008 წელს ალიანსში გაწევრიანების შესახებ გაცემული დაპირების მიუხედავად, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები აღნიშნავენ, საქართველო ალიანსის სტანდარტებს აკმაყოფილებს, მაგრამ უახლოეს მომავალში საქართველოს გაწევრიანება არ მოხდება. რა არის მთავარი პრობლემა, რატომაც ნატო უარს ამბობს მკაფიო პასუხის გაცემაზე?

სოსო ცისკარიშვილი: ეს თემა შეიძლება გამოდგეს არაერთი სადოქტორო დისერტაციის დაცვისთვის. რასაკვირველია, 2008 წელს, როდესაც გაგვიღეს ნატოს კარები, მას შემდეგ ჩვენ ვეღარ ვაკაკუნებთ, იმიტომ, რომ კარი ღიაა და ჰაერში რამდენიც უნდა ვიქნიოთ მუშტი, ადრესატამდე არასოდეს არ მიაღწევს.

ჩვენ მოწმენი ვიყავით იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მძლავრი სახელმწიფოს აშშ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის მომხდარიყო ურთიერობების გადატვირთვა, მაგრამ გავიდა ხანი და იწვნია რა საკუთარ თავზე რუსული თავხედობა, ის რბილი დამოკიდებულება, რომლის სურვილი გააჩნდა ამერიკის პრეზიდენტს, ნელ-ნელა გაცივდა. საბოლოოდ მივედით იმ რეალობასთან, როდესაც რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, არამედ მთლიანად დედამიწისთვის. ასეთ რეალობაში კი ზედმეტი გამაღიზიანებელი ნაბიჯები, ცხადია, რომ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს დასავლეთს.

ანუ, დასავლეთის თავშეკავებულობა რუსეთიდან მომავალი კონფრონტაციის საფრთხის გაზრდას უკავშირდება?

- რასაკვირევლია, ნატო იქნება, თუ ევროკავშირი თავშეკავებულნი არიან საკუთარ ქმედებებში, რადგან ერთი კვირა არ გავა ისე, რომ რუსეთმა ახალი ოინი არ მოიაზროს საქართველოს წინააღმდეგ. ამავე დროს, საქართველოს ნატოში მიღების აუცილებლობას შეიძლება აფერხებს ის, რომ ქვეყანა, რომელიც არც თუ ლეგიტიმური სუბიექტების მიერ იმართება, შეიძლება, ნატოშიც ასევე, ინდივიდუალური დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, მოიაზრებოდეს საკუთარ პარტნიორად და აუცილებლობად არ თვლიდნენ ლეგიტიმური თანამშრომლობის პირობებში გაგრძელდეს საქართველოსთან პარტნიორობა.

საქართველო, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყანა, ყველაზე მრვალრიცხოვანი სამხედრო ძალებით არის წარმოდგენილი ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. ვისმენთ კომპლიმენტებს ნატო-ს გენერალური მდივნებისგან, მაგრამ სამწუხაროდ, ფორმულა არ იცვლება - დიდი მადლობა, პატივს გცემთ, მაგრამ ჯერჯერობით ამ პატივისცემის იურიდიულ გაფორმებას ნაადრევად მივიჩნევთ.

არსებული კონფლიქტები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ნატოს წევრი ქვეყნების თავს იკავებენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის, მაგრამ რამდენად ლეგიტიმურია ეს მიზეზები, როდესაც წინ გვაქვს კვიპროსის და გერმანიის მაგალითი?

- როგორც ჩანს, გარკვეული მეხსიერების ხინჯიც შეიძლება ამოვიცნოთ, სხვა შემთხვევაში ნამდვილად მივიღებდით პასუხს იმავე პირებისგან, რატომ არის გაყინული კონფლიქტები საქართველოს ნატოში და ევროკავშირი გაწევრიანების შემაბრკოლებელი ფაქტორი. დიახ კვიპროსს, რომლის ფორმატის დამყარებითაც გვემურქებოდა პუტინი და რომლის მხოლოდ სამხერთ ნაწილი კონტორლდება ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ, თურმე, შეუძლია, ევროკავშირში შესვლა. კი ბატონო, თავს ნუ შევადარებთ ისეთ უზარმაზარ სახელმწიფოს, როგორიც გერმანიაა, მაგრამ ფაქტია, რომ ნაწილებად დაშლილი გერმანია ისე გახდა ნატოს წევრი, რომ ცხადია კითხვა არავის დაუსვამს.

თუკი გაყინული კონფლიქტები არის მთავარი მიზეზი, მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ არ იკავებს თავს ალიანსი მე-5 მუხლის ამოღებისგან? რაც ნიშნავს, რომ ამ რეგიონებზე ნატო-ს თავდაცვითი ვალდებულებები არ გავრცელდება იქამდე, ვიდრე ეს რეგიონები საქართველოს მშვიდობიანი გზით არ მიუერთდებიან...

- ალიანსი თავს იკავებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ხედვა და ქმედება არ გახდეს მთავარი ინიციატორი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ხელახალი აგრესიის. რადგან, ამ შემთხვევაში ისინი ვალდებული იქნებიან გამოიყენონ ნატოს დებულება. ქვეყანა, რომელიც აღიქმება მის პარტნიორად და არ იქნა დაცული, ეს ნდობას შეამცირებს ნატოს მიმართ, რადგან ერთია რა წერია წესდებაში და მეორეა, როგორ მოქმედებს ნატო კრიზისულ ვითარებაში.

გარდა იმისა, რომ თავდაცვითი მიმართულებით ქვეყანა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რა პოლიტიკური ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ იმისათვის, რომ გახდეს ალიანსის წევრი ქვეყანა?

- აუცილებელია, რომ თავად ალიანსმა საკუთარი მყარი პოზიცია უფრო თვალსაჩინო გახადოს როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე, მათი მეგობრებისთვის და პარტნიორებისთვის საზღვარგარეთ, შეძლებენ თუ არა ამას, ეს უკვე სხვა თემაა. მაგრამ მერწმუნეთ, რომ ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება და ნატოში გაწევრიანება, არც ერთი ცალკე აღებული ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, თუ მას არ ექნა სერიოზული და მკაფიო მხარდაჭერა საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან.

ამიტომ, ნუ ჩავთვლით, რომ ბატონმა ივანიშვილმა ლარნაკით უნდა შეიყვანოს საქართველო ნატოში, შეიძლება ეს მისი სურვილი არის, მაგრამ ნათქვამია ერთი კაცი ჭამაშიც ბრალიაო. აუცილებელია ეროვნული ერთიანობა, ვისაც საწინააღმეგო მოსაზრებები აქვთ, მათთან აუცილებელია მუდმივი კომუნიკაცია, მუდმივი მცდლობა იმისა, რომ ჩამოგვიყალიბდეს ერთიანი აზრი. აუცილებელია საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანობა, გონივრული ნაბიჯების გადადმა ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც მხოლოდ იმას ცდილობენ, როგორმე ავნონ დღევანდელ ხელისუფლებას, ზღვარს გადადიან და ვნებენ საქართველოს პერსპექტივას.

ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ გახლავთ, ჩვენ ზუსტად ასეთი შენიშვნა მოვისმინეთ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების გულშემატკივარია, მაგრამ ინფორმაცია რაც ქართული წყაროებიდან ვრცელდება საზღვარგარეთ, ვნებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივებს. პოლიტიკური სპექტრი თუ მხოლოდ საკუთარი სავარძლების ძიებით იქნება დაკავებული და ვერ გაანალიზებს იმას, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა დაკარგავს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას, მაშინ ასეთ პოლიტიკოსებს არაფერი ესაქმებათ ქართულ სახელისუფლებო სივრცეში.