ღარიბი ქვეყნის „მდიდარი მმართველები“ და ქუცნაშვილის განაჩენი

ღარიბი ქვეყნის „მდიდარი მმართველები“ და ქუცნაშვილის განაჩენი

მთავრობამ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა დაანონსა და ზაქარია ქუცნაშვილმა 750 თანამდებობის პირისთვის პრემიის გაცემის შეზღუდვის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა, ცვლილებების ბედი კი, კენჭისყრაზე გადაწყდება.

პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში მომზადებულ ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელებს, რომლის გათვალისწინებითაც, მიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე, 750 თანამდებობის პირი პრემიას ვერ მიიღებს, ბიუჯეტში კი, დაახლოებით 4,5 მილიონი ლარი დაიზოგება.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ იდეა პოპულისტურია და ის რეალურ შედეგზე გათვლილი არ არის, უმრავლესობის ნაწილი ინიციატივას მიესალმება, მეორე ნაწილი ცვლილებებს აკრიტიკებს, კანონპროექტის ავტორმა, ქუცნაშვილმა კი, for.ge-ს 143 თანამდებობის პირის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს თაობაზე მიაწოდა ცნობები.

დოკუმენტით ირკვევა, რომ საქართველოში ყველაზე მაღალი სარგო აქვთ არა ქვეყნის პირველ პირსა და მოსამართლეებს, არამედ კომისიების ხელმძღვანელებს.

კერძოდ, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 16, 537 ლარია, კომისიის წევრის - 14, 886-16 338 ლარი,

სემეკი-ს თავმჯდომარის - 12 633,

სემეკი-ს წევრის - 11 900 ლარი,

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის - 12, 500,

საქართველოს პრეზიდენტის - 6900 ლარი,

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - 6000 ლარი, გენერალური აუდიტორის - 5950 ლარი,

მთავარი პროკურორის - 3910 ლარი,

მინისტრების - 3540 ლარი,

მინისტრების მოადგილეების - 2950 ლარი,

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - 3070 ლარი, გუბერნატორების - 2950 ლარი,

მერების - 2750 ლარი,

გამგებელების - 2650 ლარი,

ხოლო დეპუტატების - 2000 ლარი.

ვინაიდან, ზემოთ აღნიშნული პირების ხელფასი სამი კომპონენტისგან - სარგო-დანამატი-პრემიისგან შედგება, ზემოთ მოყვანილ ციფრებს ყოველთვიურად კიდევ რამდენიმე ნული ემატება და თუკი ოპოზიციონერ დეპუტატს, ხათუნა გოგორიშვილს დავუჯერებთ, „საპარტნირო ფონდის“ მომავალი ხელმძღვანელი დავით საგანელიძე დეპუტატის ხელფასისგან განსხვავებით, დაახლოებით ოთხმაგ ოდენობას მიიღებს.

როგორც for.ge-ს გოგორიშვილმა განუცხადა, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის ხელფასი თანამდებობის პირთა ნუსხაში არ არის შეყვანილი, თუმცა, მისი ხელფასი - 27 000 ლარია.

„როგორც ჩანს, ბიძინასთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს უფრო მაღალი ხელფასი ჰქონდეს. საგანელიძე ისეთ თანამდებობას არ დათანხმდებოდა, სადაც მისი ანაზღაურება ქვეყანაში პირველი არ იქნებოდა. თუკი ბოლო ორი დღის მანძილზე რაიმე არ შეიცვალა, მისი ხელფასი 27 000 ლარი იქნება“, - აცხადებს გოგორიშვილი.

კანონმდებელის თქმით, ის ქუცნაშვილის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს, რადგან ის არანაირ ეკონომიას არ გააკეთებს.

„ჩამონათვალში ყველა ის თანამდებობა არ არის, რომლის ხელმძღვანელი პირებიც ძალიან მაღალ ხელფასებს იღებენ. მათ შორისაა - „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი და ასევე სამეთვალყურეო საბჭოები. მინისტრები და მათი მოადგილეები პრემიას დიდი ხანია არ იღებენ, რადგან დანამატებზე არიან გადასულები. მინისტრებს სახელფასო გრაფაში 0 პრემია უწერიათ, მაგრამ ისინი 5 ათასიან დანამატს იღებენ. მაგალითად, როდესაც არჩილ თალაკვაძე სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობდა, პრემიას არა, მაგრამ სოლიდურ დანამატებს იღებდა. ფარსია, რომ თითქოს, მინისტრები პრემიებს არ იღებენ“, - დასძენს გოგორიშვილი, რომლისგან განსხავავებით, ნაციონალი ირმა ნადირაშვილი არ გამორიცხავს, რომ ქუცნაშვილის ცვლილებას მხარი დაუჭიროს.

for.ge-სთან საუბარში ნადირაშვილი ამბობს, რომ მას დიდი იმედი არ აქვს, რომ ეს კანონპროექტი რაიმეს შეცვლის, რადგან ქუცნაშვილის სურვილი, რომ პრემიები შეზღუდოს და ამით ბიუჯეტში თანხა დაზოგოს, ვერ გამოვა, ვინაიდან მინისტრებსა და მათ მოადგილეებს პრემიის გრაფაში ნული უწერიათ.

„მათ პრემიის შემცვლელად - დანამატი, ჯილდო მოიგონეს და დამატებით თანხებს ამ ფორმით იღებენ. ეს არის მორიგი პოპულისტური მცდელობა. ამ კანონპროექტით არაფერი შეიცვლება. ეს არის პოლიტიკური ფარსი, რომელშიც მონაწილეობას არ მივიღებთ“, - დასძენს ნადირაშვილი.

ოპოზიციის მსგავსად, ცვლილებების თაობაზე აზრი ორად უმრავლესობაშიც იყოფა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ნუკრი ქანთარია და გიორგი კახიანი ცვლილებებისთვის ხმის მიცემას არ აპირებენ, საფინანსო-საბიუჯეტო და თვითმართველობების კომიტეტის წევრები კი, პროექტს მხარს უჭერენ.

ქანთარია for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ის პროექტის მხარდაჭერისგან თავს შეიკავებს, რადგან ცვლილებები „ზედმეტად“ ეჩვენება.

„სახელფასო პოლიტიკა უნდა რეგულირდებოდეს, მაგრამ პრემიები ისედაც შეჩერებულია და 2016 წლამდე რატომ ვაჩერებთ? თანამდებობის პირებს ოთხი თვე არ ვენდობით? - ეს ცვლილებები ზედმეტი მგონია“, - ამბობს ქანთარია.

for.ge-სთან საუბარში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, რომ ხელფასი მოიცავს - თანამდებობრივ სარგოს, დანამატს და პრემიას.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ქუცნაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს. კახიანი თვლის, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს კანონპროექტი გაუმართავია.

„მოსალოდნელი იყო, რომ უმცირესობის მხრიდან ეს საკითხი პოლიტიკური მანიპულაციის საგანი გახდებოდა. ეს ცვლილებები რომც მივიღოთ, ის შედეგი არ დადგება, რაც ინიციატორს სურს. ნათქვამია, რომ პროექტით 4,5 მილიონი ლარი დაიზოგება, მაგრამ იცით ეს რა ციფრია? - საბიუჯეტო ოფისმა 750 თანამდებობის პირზე პირობითად, ჰიპოტეტურად 100 პროცენტიანი ხელფასი განსაზღვრა და თანხა ასე მიიღო“, - აცხადებს კახიანი.

ზაქარია ქუცნაშვილი კი ირწმუნება, რომ ცვლილება 4,5 მილიონ ლარს დაზოგავს. როგორც for.ge-ს ქუცნაშვილმა განუცხადა, უმრავლესობაში ბევრი დეპუტატია, რომელიც მას ნდობას გამოუცხადებს. მისი მოსაზრებით, ყველა საკითხი ბრძოლას მოითხოვს. მათ შორის, ეს კანონპროექტი.

„ნაციონალები ცდილობენ, რომ თავისივე გაფუჭებული საქმე სხვას დააბრალონ, მაგრამ თუკი მახინჯ მემკვიდრეობას არ გამოვასწორებთ, პასუხისმგებლობას ვერ ავირიდებთ. პრემიერმა ამ სისტემის შეცვლა სცადა, მაგრამ ორი აქტის გამოცემა საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩემი კოლეგების მოსაზრებაა, რომ ცვლილება კონტექსტიდან ამოვარდნილია, მაგრამ პირიქით, კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნება ის, რომ ხალხის ნება კანონებში არ იქნას ასახული. მაღალი თანამდებობის პირებს მაღალი სარგო აქვთ და მათ მეტის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ქვეყანაში ლხინის დრო არ არის. გამართლებული არ არის, რომ 750 თანამდებობის პირი დანამატს და პრემიას იღებდეს“, - დასძენს ქუცნაშვილი.

ვინაიდან, ქუცნაშვილის იდეას მომხრეები და მოწინააღმდეგეები ორივე პოლიტიკურ ბანაკში ჰყავს, ცვლილებების ბედის პროგნოზირება რთულია, თუმცა, კენჭისყრის დროს, ტაბლოზე სავარაუდოდ ის შედეგი დადგება, რაც მთავრობას აწყობს. როცა საქმე ციფრებს ეხება, პარლამენტში ამა თუ იმ კანონპროექტზე გადაწყვეტილება ისეთია, როგორიც აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციაა.