ადამიანი, რომელიც 17 დღე შიმშილობდა, აღმოჩნდა, რომ არ იცოდა რისთვის შიმშილობდა. იმის მიუხედავად, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, 12 ოპოზიციური პარტია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. სურათი 2008 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით, რომ ახლა ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნებაა“, ნაციონალები კი ხელმომწერების მოთხოვნებს შეუერთდნენ.
დღევანდელი ხელისუფლების სათავეში მყოფნი 2008 წელს პარლამენტის შენობის წინ შიმშილობდნენ, დღეს კი უარს აცხადებენ მაჟორიტარული სისტემის შეცვლაზე და მის გადატანას 2020 წლისთვის გეგემავენ. მოშიმშილე ოპოზიციამ 2008 წლის 29 იანვარს მემორანდუმიც მიიღო, სადაც მე-13 პუნქტად ვკითხულობთ: არჩევნების პროცესის კანონიერად წარმართვის მიზნით: 13. რეფორმირებულ იქნეს დღეს მოქმედი ე.წ. მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა (winner takes all), იმგვარად, რომ მანდატები განაწილდეს მიღებული ხმების პროპორციულად; მემორანდუმს ხელს აწერენ გაერთიანებული ოპოზიცია, „ახალი მემარჯვენეები“, „კონსერვატიული პარტია“, „მომავლის პარტია“. „ეროვნული ფორუმი“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფლება“, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, „ჩვენ თვითონ“, „ხალხის პარტია“, „ქართული დასი“.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ახალ საარჩევნო სისტემაზე 2016 წლის არჩევნებისთვის გადასვლით, კოალიციის ერთიანობას სერიოზული საფრთხე შეექმნება, წინა ხელისუფლების დროს კი მაშინდელი ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ ითხოვდა.
„თუ აპელირებას წარსულზე გავაკეთებთ, შეგიძლიათ ოპოზიციური „რვიანის“ ხელისუფლებასთან შეთავაზება ნახოთ – ერთი სიტყვით არ წერია იქ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების გაუქმების შესახებ. კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ მაშინ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ვითხოვდით. ეს ასე არ იყო. ჩვენ მაჟორიტარული არჩევნების სხვაგვარად გადათამაშებას ვითხოვდით. 2008 წელს ოპოზიცია იმის გამო შიმშილობდა, რომ 100 მანდატი პარტიული სიით, ხოლო 50 მანდატი მაჟორიტარული სისტემით უნდა გადანაწილებულიყო, რაც სააკაშვილმა არჩევნების წინ შეცვალა“, - განაცხადა ძიძიგურმა.
„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი მამუკა კაციტაძე ზვიად ძიძიგურის ამ განცხადებას ტყუილს უწოდებს და ამონარიდს კითხულობს ოპოზიციის იმ მოთხოვნიდან, სადაც დასახელებულ პარტიებს შორის ზვიად ძიძიგური და მისი „კონსერვატიული პარტიაც“ აწერს ხელს.
„2008 წელს საქართველოს პარლამენტის წინ და პარალემენტის შენობაში ოპოზიცია შიმშილობდა იმისათვის, რომ ყოფილიყო 100 ერთიანი პროპორციული და 50 რეგიონულ- პროპორციული სისტემა ერთიან საარჩევნო სისტემაში. ოპოზიციის ეს შიმშილობა 17 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელიც 17 დღე შიმშილობდა, აღმოჩნდა, რომ არ იცოდა რისთვის შიმშილობდა. ამ მასალის ამოღება არქივიდან შესაძლებელია. მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, სადაც პარტიები აწერენ ხელს და სადაც მოხსენიებულია რას ითხოვდა ოპოზცია: - პარლამენტი აირჩევა პროპორციული წესით ორმანდატიან საარჩევნო ოლქებში, საარჩევნო ოლქებში მანდატების რაოდენობა განისაზღვრება ამომრჩეველთა რაოდენობის პროპორციულად, ეს არის პუნქტი, სხვა პუნქტებთან ერთად, რომელსაც ხელს აწერენ „ახალი მემარჯვენეები“, „ხალხის პარტია“, „კონსერვატიული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“,თავისუფალი დემოკრატები“, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“. ამ დოკუმენტის დედანი მე ახლა ხელში მიჭირავს. „რვიანის“ ყველა წინადადება დოკუმენტის სახით, ინახება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში, რომელიც მაშინ იყო მოდერატორი და ყველა დოკუმენტი იქ იყრიდა თავს. დოკუმენტი „აი-ეფ-ის“-დან გამოვითხოვე, იქ კი წერია: 8 პარტიის წინადადებები: პირველი- პარლამენტი შედგება საყოველთაო თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით. პროპორციული სისტემით არჩეული 75 და რეგიონულ-პროპორციული სისტემით არჩეული 75 წევრისგან. ეს დოკუმენტი დღესაც ინახება, შეგიძლიათ გადაამოწმოთ და თქვენ გაარკვიეთ რასთან გვაქვს საქმე - ბ-ნ ძიძიგურის გულმავიწყობასთან თუ ტყუილთან?“,-აცხადებს კაციტაძე For.ge-სთან საუბრისას.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის განცხადებით, ძიძიგურის ეს განცხადება უკავშირდება იმას, რომ ცუდ დღეშია დღეს ხელისუფლებაში მყოფი ნებისმიერი პირი, რომელიც ადრე საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის იბრძოდა, ძიძიგურს კი ალბათ, იმედი აქვს, რომ ეს დოკუმენტი აღარ არსებობს ან ვინმეს დაავიწყდა.
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ 2008 წელს იყო გაერთიანებული ოპოზიცია და მის ფორმატში გაერთიანებული ყველა პარტია ერთად ითხოვდა მაჟორიტარული სისტემის პროპორციული სისტემით შეცვლას, მათ შორის ზვიად ძიძიგურიც, რომელიც პარლამენტის წინ შიშმილობდა.
„ამის შემდეგ შეიქმნა „რვიანი“ 2010 წელს და ისევ ვითხოვდით იგივეს , მათ შორის ზვიად ძიძიგურიც - პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. დღევანდელი მისი განცხადება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ახლა ისინი ხელისუფლებაში არიან და აღარ აწყობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. ყველა ითხოვს ამ სისტემის გაუქმებას, სანამ ხელისუფლებაში მოვა, იმიტომ, რომ ეს სისტემა იძლევა უკანონოდ ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას“, - ამბობს ჯონდი ბაღათურია.
როგორც „ქართული დასის“ ლიდერი For.ge-სთან აცხადებს, დღევანდელი ხელისუფლებას იმდენად ცუდად აქვს საქმე, რომ ხათუნა გოგორიშვილის შექმნილი სისტემის შენარჩუნებას ცდილობს.
„თავიდან, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, თქვეს, რომ ჯერ საპრეზიდნეტო არჩევნებია და მერე შევცვალოთ საარჩევნო სისტემაო, მერე - თვითმართველობის არჩევნებია და მერე შევცვალოთო. ახლა 2020 წლისთვის გადაიტანეს. როგორც ჩანს, თავიდანვე იცოდნენ, რომ მათი საქმიანობა თავიდანვე ჯიპების შეძენა და კაბინეტების და საკუთრი კომფორტის მოწყობა იქნებოდა და იმიტომ“, - აღნიშნავს ბაღათურია.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის არჩევნების შემდეგ აპირებდა მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლებას და ამაზე დათქმაც არსებობდა.
„მაშინაც ბევრი ეთანხმებოდა, თუმცა უმრავლესობის მოპოვება ვერ მოხერხდა თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაში“. გადაწყდა და დათქმაც იყო, რომ 2012 წლის შემდგომი არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა“, - განუცხადა დარჩიაშვილმა For.ge-ს.
რაც შეეხება საკითხს, რატომ არ შეაქვს ცვლილებები უმრავლესობას საარჩევნო სისტემაში 2016 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აზრით, უმრავლეობა რეგიონებში მაფიოზურ-კლანური მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.
„თუ ვლაპარაკობთ, რომ ადამიანი პროგრამის და იდეის მომხრედ უნდა მონაწილეობდეს არჩევნებში და ამის განმახორციელებლები პარტიები არიან, მაშინ ნამდვილად ჯობია პროპორციული ან რეგიონალურ-პროპორციული არჩევნები. დღევანდელი უმრავლესობის რეიტინგი დაბალია და რეგიონებში კლანურ-მაფოზური მეთოდებით უნდათ მოიპოვონ უმრავლესობა“, - აცხადებს დარჩიაშვილი.