„ხელისუფლების ეს სიჯიუტე გვაძლევს პოლიტიკურ კრიზისს და ეს ჩვენ გავლილი გვაქვს წინა ხელისუფლების დროს“

„ხელისუფლების ეს სიჯიუტე გვაძლევს პოლიტიკურ კრიზისს და ეს ჩვენ გავლილი გვაქვს წინა ხელისუფლების დროს“

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო სისტემის იმდაგვარ შეცვლას ითხოვს, რომლის მიხედვით 75 საპარლამენტო მანდატი ერთიანი პროპორციული სიით გადანაწილდება, ხოლო დანარჩენი 75 მანდატი სამხარეო პროპორციული წესით. ოპოზიციამ კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პარალელურად ოპოზიციური პარტიები მმართველი გუნდისგან ინტერპარტიული ჯგუფის შექმნას ითხოვენ, სადაც სწორედ საარჩევნო სისტემაზე მოხდება პოზიციების შეჯერება და გადაწყვეტილებების მიღება.

იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით კონულტაციებს არ დაიწყებს არასაპარლამეტო ოპოზიასთან, პოლიტიკური ორგანიზაცია „სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია დარბაზებიდან ქუჩაში გადაინაცვლებს და პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავს.

for.ge ზურაბ ხარატიშვილს ესაუბრა.

ბატონო ზურაბ, რა არგუმენტები გააჩნია არასაპარლემენტო ოპოზიციას, როდესაც ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას ხელოვნურად მიჰყავს სიტუაცია პოლიტიკური კრიზისისკენ?

ზურაბ ხარატიშვილი: პასუხი საკმაოდ მარტივია. ერთი წელია არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერფრაქციული ჯგუფი კონსტრუქციულ ფორმატში ცდილობს იმ საარჩევნო რეფორმის ინიცირებას, რომელიც საზოგადოებასა და ქვეყანაში დიდი ხანია მომწიფდა. სამწუხაროდ, ხელისუფლება თავისი დამოკიდებულებით, უფრო სწორედ ამ პროცესისადმი სრული იგნორირებით ძალიან ამწვავებს სიტუაციას და პოლიტიკური კრიზისისკენ მიჰყავს. ოპოზიცია ძალიან ახლოს არის იმ ზღვართან, რომ დარბაზებიდან ქუჩაში გადაინაცვლოს და პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართოს. 

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ამ ხელისუფლებისგან ვითხოვთ მისივე წინასაარჩევნო დაპირების - საარჩევნო რეფორმის განხორციელებას, რასაც დღეს იგნორირებას უკეთებს ხელისუფლება და ამ იგნორირების რეჟიმს კრიზისში შეჰყავს პროცესი. ჩვენ ვცდილობთ, რომ კონსტუქციული დიალოგის ფორმატით მივაღწიოთ საარჩევნო სისტემის რეფორმის განხორციელებას.

საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე დისკუსია გაიმართა „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის ღია სხდომაზე, მაგრამ არც ამ სხდომაზე მოვიდა უმრავლესობა, რაც ნიშნავს, რომ პროცესები შედის ჩიხში და ამით დაინტერესებულია ხელისუფლება.

შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ უნდა იყოს ხელისუფლება დაინტერესებული იმით, რომ პროცესი შეიყვანოს ჩიხში? მით უმეტეს, რომ ახლოვდება 2016 წელი და ხელისუფლება საარჩევნო რეჟიმზეა გადასული...

- მიზანი არის ხელისუფლების შენარჩუნება, იმ უსამართლო სისტემით რასაც ჰქვია მაჟორიტარული კომპონენტი საარჩევნო სისტემაში. დიახ, ამ სისტემის შენარჩუნებით უნდა 2016 წლის არჩევნების შედეგად დარჩნენ ხელისუფლებაში და მიიღონ ის დაუმსახურებელი უპირატესობა, რომლის საშუალებას კანონდმებლობა აძლევს ნებისმიერ სახელისუფლებო ძალას.

ჩვენი ინიციატივით „თავისუფალმა დემოკრატებმა“ შეიტანეს განცხადება, რომ შეიქმნას საპარლამენტო ინტერფრაქციული კომისია, რომელიც ამ თემაზე იმსჯელებს. მითუმეტეს, რომ მათაც გააჟღერეს საკონსტიტუციო ინიციატივა, მაგრამ ამ თემის განხილვის მცდელობაც არ აქვთ. მათი მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი ადასტურებს, რომ არ აპირებენ ამ ცვლილების განხორციელებას, რადგან 3/4 მათ არ აქვთ და არც კი ცდილობენ დაელაპარაკონ სხვა დეპუტატებს, რომ აუხსნან თავისი პოზიცია.

ხელისუფლება უარს არ ამბობს საარჩევნო ცვლილებზე, თუმცა ეს მოხდება 2016 წლის არჩევნების შემდეგ. რატომ არის ხელისუფლების ეს პოზიცია მიუღებელი?

- ხელისუფლების ეს წინადადება მიუღებელია ნებისმიერი ოპოზიციისთვის და სამოქალაქო სექტორისთვის. ეს სიჯიუტე და დიალოგის სურვილის არარსებობა, ზუსტად გვაძლევს პოლიტიკურ კრიზისს და ეს ჩვენ გავლილი გვაქვს წინა ხელისუფლების დროს.

ხელისუფლების სურვილია შეინარჩუნის ის უპირატესობა, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობა აძლევს. ხელისუფლების რეიტინგი მკვეთრად დაეცა და აქედან გამომდინარე, რამდენად გაიმარჯვებს მომავალ არჩევნებში, ეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველა მიმართულებით აქვთ პრობლემები, რაც მათ რეიტინგზე აისახა, ამიტომ ცდილობენ იმ უპარატესობის შენარჩუნებას რომელიც აქვთ და ეს არის დააახლოებით 20-25%-იანი უპირატესობა.

თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიცია ძალიან ახლოს არის იმ ზღვართან, რომ დარბაზებიდან ქუჩაში გადაინაცვლოს და პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართოს. რადიკალურ ფორმაში რას გულისხმობთ?

- მოცემულ მომენტში ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ამოვწუროთ კონსტრუქციული ურთიერთობის ყველანაირი ფორმა, თუ ეს ყველა შესაძლო ინსტრუმენტი ამოიწურა და ხელისუფლება მაინც ჩაებღაუჭა ძალაუფლების შენარჩუნების ჩვენთვის მიუღებელ მეთოდებს, ეს პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციას გამოიწვევს. ეს კი რაში გადაიზრდება ამაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს - ეს იქნება კარვები, საკნები თუ ამდაგვარი აქციები, გადაწყვეტილება კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

ანუ, არასაპარლამენტო ოპოზიციის შემდეგი მოქმედების გეგმა არის კარვების აქციის გამართვა?

- ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, რომ დიალოგზე წამოვიდეს ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება მსჯელობა კონკრეტიკაზე. ხელისუფლება თუ არ უსმენს ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს, მაშინ უნდა მოუსმინოს ამომრჩეველს. თუკი ამომრჩეველსაც არ მოუსმენს, ეს პოლიტიკური კრიზისისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.