„პრორუსულმა ძალებმა დასავლეთის ყურადღების მოდუნების ფონზე იგრძნეს, რომ მათი დრო მოდის“

„პრორუსულმა ძალებმა დასავლეთის ყურადღების მოდუნების ფონზე იგრძნეს, რომ მათი დრო მოდის“

„რუსეთი ჩვენი ერთგული მეგობარი, კეთილი მეზობელი და სულიერი ძმაა“, - ამ შინაარსის ტრანსპარანტები გამოჩნდა პრეზიდენტის რეზიდენციასთან, სადაც სამხედრო ნეიტრალიტეტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.

სამხედრო ნეიტრალიტეტის მსურველები მოითხოვენ, ქვეყანამ სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს. მათი თქმით, ამ ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე მთავარი პასუხისმგებელი საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც მოვალეა, ჩავიდეს რუსეთში და შეხვედრა გამართოს პრეზიდენტ პუტინთან. „ერეკლე მეორის საზოგადოების“ წევრის არჩილ ჭყოიძის თქმით, გაერო და ნატო ქვეყნისთვის რაიმე სარგებლის მომტანი არ არის, ერთადერთ გამოსავლად ნეიტრალიტეტი რჩება, „ევროპამ და ამერიკამ ჩვენს ქვეყანას მხოლოდ პამპერსები მოუტანა“. ჭყოიძის პათოსს იზიარებს ავთანდილ მარგიანიც, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

სამხედრო ნეიტრალიტეტის მოთხოვნის აქცია გააპროტესტეს „თავისუფალი ზონის“ წევრებმა და ეს აქციები რუსეთიდან მართულად მიიჩნიეს.

ედუარდ შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, დასავლეთი საქართველოში მთავარ საყრდენად საკუთარ ინსტიტუციებს განიხილავდა და ამისთვის სოლიდურ თანხებს ხარჯავდა. დღეს კი, დასავლეთისგან განსხვავებით, რუსული ძალები უფრო ქმედუნარიანად გამოიყურებიან. როგორც ჩანს, დასავლეთს საკუთარი თავი გასჭირვებია და საქართველოსთვის არ სცალია.

რატომ გააქტიურდნენ სამხედრო ნეიტრალიტეტის მომხრეები მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ ისინი ვერ ბედავდნენ ქუჩის აქციების მოწყობას? რას აკეთებს ამის საპირწონედ დასავლეთი? რატომ არ უპირისპირებს რუსულ პროპაგანდას საკუთარს?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მოულოდნელად, როგორც ილუზიონისტის ბაჭია, ისე გამოხტა საქართველოს ნეიტრალიტეტის მიძინებული იდეა. ისევ გამოჩნდნენ ჭყოიძე, მარგიანი და, ალბათ, ამ ხალხმა, არცთუ უსაფუძვლოდ, იგრძნო, რომ საამისო პოლიტიკური ამინდი მოდის. ეს არის რეაგირება, რეაქცია დასავლეთის მხრიდან ყურადღების მოდუნებაზე.

„უჩვეულოდ არ გეჩვენებათ ამ დღეებში ჩვენი თავდაცვის მინისტრის განცხადებების ტონი? ამ აქციებს სწორედ ამ ტონს ვუკავშირებ. „ბი-ბი-სი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში თინა ხიდაშელი ლაპარაკობს გულგატეხილობაზე, იმედგაცრუებაზე, დასავლეთის მიმართ საყვედურს არ იშურებს. ეს რაღაც სიახლეა. ნატო ტყუილებით გვკვებავს, მინიმუმ, 15 წელია, მაგრამ ძალიან დიდ იმედგაცრუებაზე როცა საუბრობს თავდაცვის მინისტრი, „დიდი იმედგაცრუება“ ჩვეულებრივ ენაზე, უბრალოდ, მოტყუებას ნიშნავს. უკანასკნელად, ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით ჯაბა იოსელიანმა დამირეკა და მითხრა, ვიკრიბებით სასტუმრო „საქართველოშიო“, მერე ჩაკვდა ეს იდეა.

ნეიტრალიტეტი უფრო ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს. არ დავწვრილმანდეთ, ნეიტრალიტეტი კარგია თუ ცუდი, მაგრამ საქართველოსთვის ეს ობიექტურად შეუძლებელია. ქვეყანამ ნეიტრალიტეტი რომ გამოაცხადოს, პირველ რიგში, ეს უნდა აღიაროს შენმა მეზობელმა. ახლა პოსტსაბჭოურ სივრცეში რომელი ქვეყანაა აღიარებული ნეიტრალურად? ერთადერთი, თურქმენეთია, რომელიც ათი წლის წინ ჯერ კიდევ თურქმენბაშის დროს გაერომ ნეიტრალურ სახელმწიფოდ აღიარა.

მეორე მხრივ, 21-ე საუკუნეში ნეიტრალიტეტის ერა კვდება. ხომ ხედავთ, ნატოში შესვლაზე ალაპარაკდნენ ფინეთი, შვეიცარია. ეს უკანასკნელი საერთაშორისო გოლფკლუბში და წითელ ჯვარშიც არ წევრიანდებოდა, ახლა კი შვეიცარია თავის კლასიკურ ნეიტრალიტეტს აფერმკრთალებს. საქართველო, როგორც ასეთი, სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქვეყანა, რომელიც ფეთქებადი რეგიონის ცენტრშია, როგორ გახდება ნეიტრალური?!“ - აცხადებს სოსო ცინცაძე.

განაპირობებს თუ არა სამხედრო ნეიტრალიტეტის იდეის წინ წამოწევას რუსული ფინანსები? ამის შესახებ სოსო ცინცაძე ეჭვს გამოთქვამს. იგი ფიქრობს, რომ 50 და 100 კაცის აქციაზე გამოსვლას დიდი თანხები არ სჭირდება. უფრო მეტიც, საბჭოთა კავშირის გაუქმების შემდეგ მოდაში იყო ტერმინი „პარტიის ფული“, თითქოს კომუნისტებმა სადღაც ფული გადამალეს, სინამდვილეში, ვერავინ ნახა ეს ფული. მართალია, სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ქართულ მედიაში ხშირად ვაწყდებით პრორუსულ განწყობებს, მაგრამ ეს არეული კოქტეილია და ვერ გავარკვევთ, ზუსტად სად გადის ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებიც ითხოვენ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას და იმ ძალებს შორის, რომლებიც მართლაც ემხრობიან ნეიტრალიტეტს.

„რატომ არ აქტიურობს დასავლეთი საქართველოში რუსული პროპაგანდის საპირწონედ? ელემენტარულად, საამისო ამინდი არ არის, თვითონ დასავლეთსაც უჭირს. განა დასავლეთი ყოვლის შემძლეა? ტეტჩერის შემდეგ ძლიერი პოლიტიკოსი დასავლეთს არ ჰყავს, რეიგანი და ტეტჩერი იყვნენ უკანასკნელი მოჰიკანები. ახლა ოლანდის დრო მოდის თუ ცირკის კლოუნის ბერლუსკონის, რომელიც ბერიკაცების თავშესაფარში ღამის ვაზებს ასუფთავებს მისჯილი სასამართლოსთვის? მერე გამოდის და კიდევ პოლიტიკაზე იწყებს სისულელეების საუბარს? ევროპა, რომლის ლიდერიც დღეს მერკელია, აღარ არის ის ევროპა, რომელიც მზად იქნება რკინის მუშტით ტეტჩერის გადაწყვეტილება მიიღოს. აღარაფერს ვამბობ ისეთ გრანდებზე, როგორებიც იყვნენ დე გოლი, ჩერჩილი, ადენაუერი, რუზველტი. ისინი ისტორიის საკუთრებაში წავიდნენ.

თვითონ კაცობრიობაც წვრილმანდება. დავიწყოთ ალექსანდრე მაკედონელით, უკანასკნელი გენიოსი იყო ნაპოლეონი და ნაპოლეონის მერე ქვევით მიდის ეს ტეხილი. საბოლოო ჯამში, მერკელი მივიღეთ ყველაზე ძლიერ პოლიტიკოსად. არადა, მერკელი პირველად შეეჩეხა თუ არა ლტოლვილთა პრობლემას, კატასტროფული შეცდომა დაუშვა, რაც ბუმერანგივით დაუბრუნდება მთელ ევროპას. ახლა სანთლები უნდა დავანთოთ, რომ ტოტალური ისლამიზაცია შეჩერდეს ევროპაში და ჩვენს შვილიშვილებს არ დაუბრუნდეს, არ წამოვიდეს აქეთკენ. როგორ ფიქრობთ, შტატების პრეზიდენტი რეიგანი რომ იყოს, პუტინი გაბედავდა და შევარდებოდა უკრაინაში? იმდენი უარყოფითი პრიორიტეტი დაუგროვდა ევროპას, რომ საქართველო არ არის დღეს მათი პრიორიტეტი - საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, ინგლისი, თავისი მომავალი რეფერენდუმით, როცა 50%-ზე მეტი ევროკავშირიდან გასვლას ითხოვს. დღეს საქართველოს აღარ აქვს ისეთი პოლიტიკური წონა ევროპაში, როგორც ადრე ჰქონდა.

სამხედრო ნეიტრალიტეტი ტყუპის ცალია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, მაგრამ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი როგორ უნდა გათიშონ ეკონომიკური ნეიტრალიტეტისგან? ასეთი საკითხები არ შეიძლება ქუჩაში წყდებოდეს, არ არსებობს ჩვენთან პოლიტიკური ელიტა, ამას უნდა დისკუსიები, პრესკონფერენციები“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტის მომხრეები დღეს გრძნობენ, რომ შეუძლიათ გამოთქვან საკუთარი აზრი, დღეს ბევრად მეტი თავისუფლებაა და მოქმედებენ კიდეც კანონის ფარგლებში. რა შეიძლება ამას დავუპირისპიროთ და დასავლეთის აქტიურობა რა ფორმით უნდა განხორციელდეს, ამის შესახებ გია ხუხაშვილს საუბარი უჭირს. ის თვლის, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავგმოთ, გამოვთქვათ ჩვენი აზრი, მათ პროპაგანდას კონტრპროპაგანდა დავუპირისპიროთ, მაგრამ რაც ხდება, ეს ჩვეულებრივი პროცესია და ამის ეგზალტაცია სწორი არ არის.

„უბრალოდ, სხვა კითხვა მიჩნდება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან რატომ შეიკრიბნენ? ეჭვი მაქვს, რომ ეს ადამიანები პარალელურად აპროტესტებენ იმასაც, რომ პრეზიდენტი არაფერს წარმოადგენს. მაშინ ვეკითხები მათ, თუ პრეზიდენტი არაფერს წარმოადგენს, რატომ მიდიან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და არა იმასთან, ვისზეც თვლიან, რომ ის უნდა წყვეტდეს ქვეყანაში ყველაფერს - ანუ მთავრობის კანცელარიასთან? ან პარლამენტთან რატომ არ მიდიან? რაღაცნაირად გაორებული ამოცანა აქვთ. გარკვეული წინააღმდეგობრიობა და თეთრი ძაფით კერვა მათ საქციელში ჩანს, მაგრამ მათი უფლებაა, მთავარია, კანონის ფარგლებში იქცეოდნენ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და ევროპის პასიურობას თავისებურ ახსნას უძებნის.

მისი თქმით, ევროპაში არის ტალღა, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსულ პროპაგანდას უნდა დაუპირისპირონ კონტრპროპაგანდა. ამ სქემის ამუშავებას ევროპა ინსტიტუციურად თითქოს აპირებდა არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ მთლიანობაშიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ევროპას დღეს დიდი პრობლემები აქვს სულ სხვა მიმართულებით და მაინცდამაინც არ სცალია ამ საკითხებისთვის.

გარდა ამისა, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდა ბიზნესჭრილშიც უნდა განვიხილოთ. მართალია, ექსპერტი კონკრეტულ არასამთავრობოებს არ ეხება, მაგრამ აცხადებს, რომ ადამიანები მაინცდამაინც ფუნდამენტური მსოფლმხედველობრივი რწმენით კი არ გამოდიან რაიმე იდეის დასაცავად, არამედ- კონკრეტული დაფინანსების მოპოვების კუთხით და ამ დაპირისპირებისას ერთი მათგანი ერთი მხრიდან შოულობს ფულს, მეორე - მეორე მხრიდან.

„არჩილ ჭყოიძე და ავთანდილ მარგიანი არიან თუ არა იდეურად რუსეთის მომხრეები, არ ვიცი. არ ვიცნობ ამ ხალხს და არც მაინტერესებს. არ მიმაჩნია, რომ ისინი ამ ქვეყანაში სერიოზული პროცესის ინიცირებას შეძლებენ. ეს მათი უფლებაა. ქართულ პოლიტიკაში გაჩნდა კიდევ ერთი პატარა „ბუტკა“ და იფაფხურებენ. მეგონა, კიოსკებისა და „ბუტკების“ დრო დამთავრდა, მაგრამ ეტყობა, არ დამთავრებულა. ნებისმიერი პოლიტიკური ინტერესისთვის საქართველოში ფული ყოველთვის შემოვა. ჯობია, არავინ გვაფინანსებდეს გარედან და შიგნითვე ვწყვეტდეთ ჩვენი ქვეყნის ბედს საკუთარი ფინანსებით, რესურსებით, მორალური თუ ზნეობრივი პრინციპებით, მაგრამ ასე არ ხდება. საქართველოს ბედი, როგორც ყოველთვის, ამ ქვეყანაში არ წყდება. თუმცა მე ვთვლი, რომ დღეს არ დამდგარა იმის დრო, რეალური არჩევანი გავაკეთოთ. მაინცდამაინც რწმენის საკითხი გახადეს ევროპული უსაფრთხოების სისტემა. კი ბატონო, თუ ვინმეს აქვს ასეთი მოსაზრება, ეს უნდა გახდეს აკადემიური განხილვის საგანი და ვილაპარაკოთ პლუსებსა და მინუსებზე. ამ დროს ჩვენ გველაპარაკებიან რაღაც უსაფრთხოების სისტემაზე და ნატოს აპოლოგეტები რაციონალური არგუმენტებით ნაკლებად საუბრობენ. ნატო უფრო რწმენის თემად იქცა და ეზარებათ კიდეც კონკრეტული არგუმენტების მოყვანა.

მეორე მხრივ, ვისაც სჯერა, რომ ნატოში გაწევრიანება ჩვენი უსაფრთხოების დონეს აამაღლებს, ისინიც უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ხომ არ შეიძლება, კარი მუდმივად ღია იყოს და კარებთან იდგე და ვერ შედიოდე? ეს ადამიანებს აღიზიანებთ. შესაბამისად, სკეპტიკოსების რიცხვი იზრდება. იგივე თავდაცვის მინისტრი ცოტა ხნის წინ ლაპარაკობდა, მაპი თუ არ იქნება, დრამატულ სურათს მივიღებთო. ახლა, ეტყობა, შიგნით დაილაპარაკა და დაინახა, რომ სამიტზე მაპი არ იქნება, ამიტომ დღეს ლაპარაკობს, რომ მაპი თურმე საერთოდ არაფერს ნიშნავს. წინა ხელისუფლებამ ზუსტად იგივე გზა გაიარა, რასაც დღეს თინა ხიდაშელი თავის რიტორიკაში გადის. რომ ამოვწიოთ მასალები, ჩანს მაპის მოლოდინი, მერე ლაპარაკი იმაზე, მაპი კი არა, მაპზე უკეთესი გვაქვსო. ხიდაშელმაც ფაქტობრივად გუშინ გამოაცხადა, მაპზე უკეთესი გვაქვს, რად გვინდა მაპიო?! თუ ჰგონიათ, რომ საზოგადოება ამ ურთიერთგამომრიცხავი რიტორიკით ბოლდება, შემცდარან. საერთოდ, პოლიტიკოსებს ჩვენზე დაბალი წარმოდგენა აქვთ და თავიანთი თავი რატომღაც ჩვენზე ჭკვიანები ჰგონიათ. ასე არ არის. დავსხდეთ და ვისაუბროთ და გამოჩნდება თეთრი და შავი“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.