ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის განხორციელებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუჩის აქციებით იმუქრება. მმართველი გუნდი კი, ახალი „საარჩევნო კოდექსის“ მიღებას დეკემბრის ბოლომდე გეგმავს.
იმ შემთხვევაში თუკი, ოპოზიციის რეკომენდაციები საარჩევნო კანონმდებლობაში ასახული არ იქნება, საპარლამენტო ოპოზიცია მის მხარდაჭერას არ აპირებს.
როგორც for.ge-ს ფრაქცია - „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, ოპოზიცია რეგიონალურ-პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ან მაჟორიტარი სისტემის გაუქმებას ითხოვს.
მისი თქმით, ხელისუფლებამ კარგად უნდა დაინახოს, რომ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური ძალა მოტივირებულია იმისათვის, რომ საარჩევნო სისტემა და საარჩევნო გარემო ძალიან მალე შეიცვალოს.
ჩიქოვანის მოსაზრებით, 2016 წლამდე რეფორმის გატარება ძალიან მარტივად მოსასწრებია.
„ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებებზე წამოვიდეს, მაგრამ მმართველი გუნდი უარის თქმას ჯიუტად აგრძელებს. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას შევძლებთ და ხელისუფლებას ვაიძულებთ, რომ კონსულტაციებზე წამოვიდეს. სიტუაცია გვაჩვენებს, რომ უმრავლესობა რეფორმის გატარებას მხოლოდ საკუთარი ნების შესაბამისად აპირებს“, - აცხადებს ჩიქოვანი.
კანონმდებელის ცნობით, ოპოზიცია საკუთარი რეკომენდაციების გაცნობას დიპლომატებისთვის აპირებს.
„დიპლომატები და არასამთავრობო ორგანიზაციები ნათლად მიუთითებენ იმას, რომ სისტემა საერთო კონსესუსის ნაწილია. უახლოეს მომავალში, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას გავმართავთ, რომელთაც არსებულ ვითარებას ავუხსნით“, - აცხადებს ჩიქოვანი.
კახა კუკავა კი, ქუჩის აქციებით იმუქრება. for.ge-სთან საუბარში კუკავა აცხადებს, რომ ოპოზიცია ქუჩის აქციებზე აუცილებლად გადავა, რადგან საარჩევნო სისტემა ამ ჟანრის კანონია - „თუკი ხელისუფლება გამომწვევად იქცევა, მას პასუხი უნდა გაეცეს.
„უტიფარი სახეები ჯერ შევარდნაძის დრო იყო, შემდეგ კი, 2007 წლის ცინიკური კომენტარებიც გვახსოვს. ხელისუფლების მთავარი სახეები მეჭიაური და ვოლსკი გახდნენ, რომლებიც დაგვცინიან და ძველბიჭურ ჟანრში გველაპარაკებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან სადღაც 2007 წელია ისევ. რამდენიმე თვეში ეს ყველაფერი მასობრივ პროტესტში გადაიზრდება, შემდეგ რა მოხდება, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. სანამ დერეფანია, სანამ ღარიბაშვილის ჩამოხრჩობისა და ივანიშვილის ციხეში გამოკეტვის მოთხოვნას არ ვაყენებთ და მოთხოვნები ზომიერია, სჯობს, დიალოგი გაიმართოს“, - აცხადებს კუკავა.
მისი მოსაზრებით, როცა ქუჩაში აქციები იწყება, მოლაპარაკება რთულია.
„ხალხი შემდეგ მთავრობის პირველი პირების თავებს და მთავრობის გადაყენებას ითხოვს. ხელისუფლებაში უსუფაშვილი და რამდენიმე ისეთი ადამიანია, რომელთაც უნდა ესმოდეთ, რა შეიძლება მოხდეს. როგორც ჩანს, იმ ადამიანების მიზანი მაღალი ხელფასები იყო, ვინც 2007 წელს შიმშილობდა“, - დასძინა კუკავამ, რომლისგან განსხვავებით, აქციების გამართვას სიფრთხილით უყურებს გიორგი ახვლედიანი.
როგორც for.ge-ს ახვლედიანმა განუცხადა, ხელისუფლება სირაქლემის პოზიდან არ გამოდის და ბუჩქებში იმალება.
მისი თქმით, აქციების გამართვა საზოგადოების დაკვეთა უნდა იყოს.
„აქციების გამართვა იოლი საქმე არ არის. სათქმელად იოლია, განსახორციელებლად - რთული. აქციისთვისაც მზად ვარ და შიმშილობისთვისაც, რადგან ხელსიუფლებას სერიოზული ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება არ აქვს, მაგრამ საზოგადოების დაკვეთას ვერ ვხედავ“, - დასძენს ახვლედიანი, ნაციონალი ლევან თარხნიშვილი კი, for.ge-სთან საუბარში ყურადღებას ხელისუფლების პოზიციებზე ამახვილებს.
თარხნიშვილის შეფასებით, ერთ მხარეს მთლიანი პოლიტიკური სპექტრი დგას, მეორე მხარეს - ხელისუფლება.
მისი თქმით, მმართველი გუნდი პრობლემას ჯიუტად არ იმჩნევს.
„ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ხელისუფლებამ სისტემა შეცვალოს. ქუჩის აქციებს თუ დემონსტრაციებს არავინ გამორიცხავს. თავისი ნებით არცერთ ხელისუფლებას არაფერი შეუცვლია. ამას მთავრობას ოპოზიცია და ამომრჩეველი აიძულებს. სწორედ ამას ვაპირებთ. არგუმენტი, რომ თითქოს, ცვლილებების მიღება ახლა არ ესწრება, აბსურდია. მათ სამი წელი ჰქონდათ იმისათვის, რომ რაიმე შეეცვალათ. ოლქების გაერთიანება და საზღვრების შეცვლა ბევრად უფრო მტკივნეულია და რთულად განსახორციელებელია, ვიდრე ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ“, - დასძინა თარხნიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2016 წელს ითხოვს. ასევე ისინი საარჩევნო რეფორმის გატარების მიზნით, დღის წესრიგში ინტერპარტიული კომისიის შექმნას აყენებენ.