პოროშენკო: „მზად არის თუ არა უკრაინა გახდეს ნატო-ს წევრი? პასუხი მარტივია - არა“

პოროშენკო: „მზად არის თუ არა უკრაინა გახდეს ნატო-ს წევრი? პასუხი მარტივია - არა“

უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს განცხადებას სამხედრო ალიანსთან დაკავშირებით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც პოროშენკომ განცხადა, უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანება ჯერ ადრეა და ამისთვის არც ნატო-ა მზად, პერსპექტივა კი ევროკავშირის წევრობაა.

„მზად არის თუ არა უკრაინა გახდეს ნატო-ს წევრი? პასუხი მარტივია - არა. ჩვენ ამისთვის მომზადება გვჭიდება. არის თუ არა მზად ნატო გახდეს უკრაინა მისი წევრი? - არა. როდესაც ჩვენ ჩავატარებთ რეფორმებს და დავაკმაყოფილებთ ყველა კრიტერიუმს, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია შევეკითხოთ ადამიანებს უკრაინაში, უნდათ თუ არა ნატო-ში გაწევრიანება. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი, რათა შევცვალოთ უკრაინა, რომ ის გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

სტოლტენბერგის განცხადებით, კიევს შეუძლია განაცხადი გააკეთოს ნატო-ს წევრობაზე მაშინ, როდესაც ქვეყანა რეფორმების დასრულებას და ჯარის მოდერნიზაციას შეძლებს. რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება, ურჩიეს თუ არა ევროპელმა პარტნიორებმა პოროშენკოს ამ განცხადების გაკეთება და რამდენად არის ეს პოზიცია საქართველოს ნატო-სთან მიმართებაში დაკავშირებული?

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, პოროშენკოს განცხადება რეალისტურია არსებულ ვითარებაში. იმის გამო, რომ უკრინა სადმე გაწევრიანდეს, სამყარო მსოფლიო ომს ამის გამო არ დაიწყებს და დასავლეთმა ეს პოროშენკოს გარკვევით აუხსნა.

„პრინციპში ის ამბობს იმას, რაც თეორიულად შესაძლებელია, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც ერთი მხრივ დასავლელი პარტნიორები ხელს იშვერენ, რომ რუსული ჯარია უკარაინაში და მეორე მხრივ, ნატოში გაწევრიანება მსოფლიო ომს ნიშნავს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ომი მალე არ დამთავრდება. აქედან გამომდინარე, პოროშენკოს დასავლეთი აუხსნიდა და ფაქტიურად, ამას ახსნაც არ სჭირდება, რომ როდესაც შენ რუსეთთან ხარ ომში ჩართული და შენ ნატო-ში გაწევრიანდი, ეს უკვე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს. ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემიდან გამომდინარე, ამის ვალდებულება გააჩნია, რომ თავისი ყველა წევრის უსაფრთხოება უზრუნველყოს. იმიტომ, რომ უკრაინა სადმე გაწევრიანდეს, სამყარო ამაზე არ წავა“, - აცხადებს ხუხუაშვილი For.ge-სთან საუბარში.

ექსპერტის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში მისწრაფებაც ლოგიკურია, თუმცა, აქაც ძალიან დიდი კითხვის ნიშანი ისმევა და ძალიან არარეალისტურია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც უკრაინას დღეს გააჩინია. რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებას, ექსპერტის აზრით, ისევ ღია კარის პოლიტიკა გაგრძელდება.

„საქართველოსთან მიმართებაშიც მე ისევ ველოდები ღია კარის პოლიტიკის გაგრძელებას, მით უმეტეს დღევანდელი გამოწვევების ფონზე. თუ შეამჩნიეთ ჩვენი თავდაცვის მინისტრი თავიდან ოპტიმისტურიდ იყო განწყობილი, ლაპარაკობდა მაპ-ზე, მას შემდეგ, რაც ნატო-ში შესაბამისი შეხვედრები ჰქონდა, მაპ-ი მოხსნა დღის წესრიგიდან. ისევე როგორც ჩვენი წინა ხელისუფლება მაპ-ზე უკეთესზე ლაპარაკობდა, იგივე გააკეთა ხიდაშელმ და მისი რიტორიკაც მაპზე უკეთესზე გაკეთდა. ეს ყველაფერი რუსეთს და რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობას უკავშირდება, რაც არ არის მარტივი საქმე და დასავლეთი საკმაოდ ფრთხილია ამ კუთხით. რუსეთის პოზიციის გათვალისწინება თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, რეალობიდან გამომდინარე, დასავლეთს მოუწევს, ეს კი ჩვენს პერსპექტივას უფრო ბუნდოვანს გახდის“, - აცხადებს ხუხუაშვილი.

პოლიტოლოგი გია ნოდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პოროშენკოს, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ევროპელმა პარტნიორებმა ურჩის ასეთი პოზიციის დაკავება, თუმცა ახალი არაფერი მომხდარა და ნატოს ისევ არ უნდა ღიად რუსეთთან დაპირისპირება.

„ვიცოდით, რომ უკრაინას პრობლემები აქვს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით კონსესუსი არ არის. ამას გარდა, ევროპელმა პარტნიორებმაც ამ ეტაპზე ურჩიეს, რომ ასეთი პოზიცია დაეკავებინა და პოროშენკომაც დაუჯერა.ზოგადად, ეს განცხადება ნეგატიურია, მაგრამ თავისთავად ახალი არაფერი მომხდარა და არაფერი შეცვლილა“, - აცხადებს ნოდია.

პოლიტოლოგის აზრით, ნატო-ს ღიად არ უნდა რუსეთთან დაპირისპირება, ხოლო ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის ერთად გაწევრიანება კი მრავალი წელია აღარ განიხლება, ჩვენ მტკიცე პოზიცია გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით.

„მთელი რიგი ქვეყნები ცდილობენ, რომ ერთი მხრივ გადაწყვიტონ უკრინის საკითხი ისე, რომ მინიმალურად დაუპირისპირდნენ რუსეთს. რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, შეიძლება ეროკავშირი ამას არ აპირებდეს, მაგრამ ხდება აზრის ფორმირება, თუ ჩვენ არ მივდივართ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაზე, უკრაინას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თავი დაიცვას. ეს საკითხი დღის წესრიგში დგას. ჯერჯერობით ევროპელები თავს იკავებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. ნატო-ში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება ბევრი წელია ერთად აღარ განიხილება. ჩვენ მტკიცე პოზიცია გვაქვს ნატოსთან დაკავშირებით, უკრაინას - არა. უკრაინის პრეზიდენტის ეს პოზიცია, საქართველოზე პირდაპირ ასახვას არ ჰპოვებს“,-აცხადებს ნოდია.