„ნატო-ს ვარშავის სამიტამდე აშშ-მა, როგორც საქართველოს მოკავშირემ, მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას MAP -ის გარეშე“, - აცხადებს ვაშინგტონის ჰერითიჯის ფონდის ექსპერტი, ლუკ კოფი, რომლის განცხადებით, ამერიკამ ამის შესახებ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რათა ცრუ მოლოდინები გაიფანტოს და MAP-ის არქონის პირობებში თბილისის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესია განეიტრალდეს.
ექსპერტი აცხადებს, რომ საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა MAP-ის მიღება აუცილებელი არ არის, რადგან MAP-იხელოვნური წინაღობაა, რის შესახებაც კარგად იციან ოფიციალურ და საექსპერტო წრეებში. ექსპეტრი ამბობს, MAP-ის ბოლო პერიოდში შემოიღეს, მაგრამ ყველასთვის სავალდებულო ეტაპი არ არის, რადგან მის გარეშე არა ერთი ქვეყანა გაწევრიანდა.
„საჭიროა, საქართველოს მოსახლეობამ კარგად გაიგოს, რომ MAP არ არის გადამწყვეტი. აშშ-ის პრეზიდენტმა, ან სხვა მაღალი რანგის პირებმა, ეს მკაფიოდ უნდა თქვან. ის, რომ საქართველოს არ აქვს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რუსეთი ამას პროპაგანდის ნაწილად, ისევ სათავისოდ იყენებს. ნატო-სკენ გრძელი გზაა, მაგრამ სამოქმედო გეგმა, შესაძლებელია, ამ გზის ნაწილი სულაც არ იყოს“, - განაცხადა ლუკ კოფმა.
აღსანიშნავია, რომ ალიანსის პრაქტიკაში არსებობს პრეცედენტი, როდესაც MAP-ის გარეშე მოხდა ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება, მაგრამ მაშინ არ არსებობდა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, როგორიც არის MAP-ი. ვაშინგტონის 1999 წლის სამიტის შემდეგ არც ერთი ქვეყანა MAP-ის გარეშე ალიანსში არ გაწევრიანებულა.
ნატო-ს მომავალი სამიტი ვარშავაში 2016 წლის 8-9 ივლისს ჩატარდება. სამიტამდე ერთი წლით ადრე ოფიციალური თბილისის მოლოდინები საკმაოდ დიდია. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ამ სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ითხოვს. მიიღებს თუ არა ქვეყანა MAP-ს ეს მხოლოდ საქართველოს სურვილზე არ არის დამოკიდებული, რადგან გადაწყვეყილებას ერთობლივად იღებენ ალინსის წევრი ქვეყნები.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, საგარეო ურთიერთობის კუთხით საჭიროა მეტი აქტიურობა სკეპტიკურ ქვეყნებთან. მათ შორის ევროპის ლიდრეთან - გერმანიასთან. ასევე, ურთიერთობა ჩვენს მომხრე მხარდამჭერ ქვეყნებთან, მეტი აქტიურობა და მობილიზაცია, რომ ხელი შევუწყოთ მათ მიერ ჩვენს ადვოკატირებას. გერმანიის მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში კი, საქართველოსთვის MAP-ის მიღების შანსები საგრძნობლად გაიზრდება.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, შორენა ლორთქიფანიძის განცხადებით, მთავარია ამ გადაწყვეტილების შესახებ ალიანსის წევრების კონსოლიდაცია და ამ გადაწყვეტილებებზე ბეჭედის დარტყმა. მისივე შეფასებით, თუ ალიანსი იტყვის, რომ MAP-ის გარეშეც შესაძლებელია საქართველოს ალიანსში გაწევრიანება, ასეთ შემთხვევაში ძალიან ადვილად იქნება გადაწყვეტილება მიღებული საქართველოს გაწვერიანებასთან დაკავშირებით.
„მე მგონია, რომ ნატოს მინისტერიალზე საქართველოს პროგრესი ექნება. საქართველოსთან მიმართებაში რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუნდაც ის, რომ გაჩნდება ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაში რაღაც სხვა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ძალზე მნიშვნელოვანია.
საქართველოს მთავრობას ღიად აქვს გაცხადებული, რომ ითხოვს MAP-ს. სწორედ, აქედან გამომდინარე, ვფქრობ, რომ საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება იქნება მიღებული. იმედი მაქვს, ჩვენი დიპლომატია ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს“, - აღნიშნა შორენა ლორთქიფანიძემ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არსებობს საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით.
„ვარშავის სამიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან მას ჩვენს ქვეყანაში 2010 წელს დაგეგმილი არჩევნები ემთხვევა. თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით. ეს მოლოდინი ნამდვილად არსებობს და ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვებიც ამაზე მიანიშნებენ. ეს არის დემოკრატია, თუმცა წინამორბედებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვკრძალავთ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში და არ ვიჭერთ პოლიტიკურ ოპონენტებს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით საქართველო დასავლეთისგან უფრო აგრესიულად და ენერგიულად ითხოვს სწორ პოლიტიკის გატარებას, ვიდრე ადრე ხდებოდა. მისივე თქმით, დასავლეთში უნდა ესმოდეთ, რა გვინდა ჩვენ, მათგან მხოლოდ შეშფოთების დონე არ უნდა იყოს.
„თუ კარგად არ მოითხოვ, შეიძლება იფიქრონ, რომ არ გინდა. სწორედ ამიტომ შეარჩია საქართველომ ასეთი ტონი და ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. ჩვენ აგრესიულად და უფრო ენერგიულად ვითხოვთ სწორ პოლიტიკას, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. თუკი დასავლეთის მიმართულებით პროცესებზე ჩვენ შეფერხება გვექნება, პრორუსული ძალები ამით ისარგებლებენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმეს დავნებდებით, მათ შორის პრორუსულ ძალებს. ასე რომ, სერიოზული ბრძოლა იქნება საპარლამენტო არჩევნებში“, -აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
თავდაცვის მინისტრს დღესვე უპასუხა „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ, რომლის განცხადებით პარტია პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას გეგმავს. მისივე თქმით, საერთოდ, ძალიან უცნაურად იყენებენ ამ თავსართს - პრო-ს, რადგან მათი ორგანიზაცია დაფუძნებულია ეროვნულ ინტერესებზე, რომელიც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ყველა სახელმწიფოსთან ითანამშრომლებს.
„რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებს, კაცი ოცნებას არ მოუკლავს, 21 წელია ჩვენ ველით ნატო-ში შესვლას, გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, მაგრამ შიგნით ვერ შევედით. ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ვკარგავთ ტერიტორიებს, ამიტომ ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული და არა რაღაც ლოზუნგებზე დაფუძნებული. საჭიროა მოლაპარაკებების დაწყება რუსეთის ფედერაციასთან, ამას გვეუბნება ამერიკაც და ევროპაც, დავუჯეროთ მათ“, განაცხადა გიგლა ბარამიძემ.