საგანელიძე „საპარტნიორო ფონდში“ წასვლის წინაპირობებს აყენებს

საგანელიძე „საპარტნიორო ფონდში“ წასვლის წინაპირობებს აყენებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პოლიტიკიდან წასვლას გამორიცხავს, მაგრამ საკუთარ თავს „საპარტნიორო ფონდის“ ბაზაზე შექმნილი კოორპორაციის, ან სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელად მოიაზრებს.

გასულ კვირას, საპარლამენტო კულუარებში for.ge-ს განუცხადეს, რომ დავით საგანელიძე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნება, თუმცა, უმრავლესობის ლიდერი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. for.ge-სთან საუბარში საგანელიძე ამბობს, რომ საკითხზე მსჯელობა ჩინეთში, მასსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის გაიმართა, თუმცა, ყველაფერი იდეის დონეზეა.

კანონმდებელი გვარწმუნებს, რომ ფონდის ხელმძღვანელად გადასვლა მისი ამოცანა ან სურვილი არ არის, მაგრამ თუკი ამ ფონდისგან მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი გაკეთდება, მაშინ შეთავაზებაზე დათანხმდება.

„ფონდის აღმასულებელი დირექტორის დანიშვნა მთავრობის ხელმძღვანელის გადასაწყვეტია, მაგრამ ამავე დროს, ჩემი გადასაწყვეტიცაა. არ ვფიქრობ, რომ თუკი ამ გაერთიანების ხელმძღვანელად გადავედი, ეს პოლიტიკიდან წასვლას ნიშნავს. პოლიტიკა მხოლოდ პარლამენტი და პოლიტიკური განცხადებების კეთება არ არის. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარება ისევ პოლიტიკაა. თუკი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკას შეეჭიდები, ეს პოლიტიკიდან გასვლას არ გულისხმობს“, - აცხადებს კანონმდებელი.

საგანელიძე ფიქრობს, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ბაზაზე ან კოორპორაცია, ან მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი უნდა შეიქმნას, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი საქმე იქნება.

„ფონდს ის ბერკეტები არ აქვს, რომელიც ქვეყანაში იმ მასშტაბის ინვესტიციებს მოიზიდავს, რომლითაც საფინანსო ინსტიტუტებს გაესაუბრები. გადაწყვეტილება მთავრობის მეთაურმა უნდა მიიღოს და მეც უმუშევარი არ ვარ, რომ სამსახურს ვეძებდე, მაგრამ თუკი საუბარია იმაზე, რომ მე „საპარტნიორო ფონდში“ გადავიდე, მიმაჩნია, რომ ეს სწორი არ იქნება და ეს არ არის ამოცანა, თუმცა, სამი წელია ვსაუბრობ, რომ სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი, ან კოორპორაცია უნდა შეიქმნას. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი საქმე იქნება. იქნებ, დათო საგანელიძე ქვეყანასა და სახელმწიფოს განვითარებას აქ უფრო გამოადგეს“, - აცხადებს საგანელიძე.

დეპუტატი საკითხზე საუბრისას ყურადღებას გერმანიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში ჩატარებულ კვლევაზეც ამახვილებს, რომელიც ქვეყანაში მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის შექმნის მიზანშეწონილობას სწავლობდა.

„KWF სთხოვეს, რომ კვლევა ჩაეტარებინა, დასკვნა კი, ორი-სამი თვის წინ დაიდო, რომელიც სერიოზული ნაშრომია. დოკუმენტი საკმაოდ სქელკანიანია და საქართველოს ეკონომიკის განვითარების ეტაპებს ასახავს. იქ პირდაპირ წერია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ბაზაზე ფინანსური ინსტიტუტი უნდა შეიქმნას. „საპარტნიორო ფონდს“ ის ინსტრუმენტები არ ჰქონდა, რომ მსხვილ საფინანსო ინტიტუტებთან ეთანამშრომლა, ამიტომ თუკი ამ მიმართულებით წავალთ, ამას მივესალმები. ფონდიდან საფინანსო ინსტიტუტი როგორ შევქმნათ, შეიძლება, ამ საკითხზე მეორე კვლევა ჩატარდეს. რამდენიმე ვარიანტია. მათ შორის, ფონდის ბაზაზე მოხდეს განვითარების ბანკის შექმნა, ან კოორპორაციის დაფუძნება. დიდი სხვაობა არ არის, მაგრამ პრინციპული ნიუანსები არსებობს, რომელსაც დაფიქრება სჭირდება“, - აცხადებს კანონმდებელი.

საგანელიძის მოსაზრებით, „საპარტნიორო ფონდი“ პროექტებში აქტიურად არის ჩართული და ამ უწყების გარდაქმნის შემთხვევაში, ამ სტრუქტურის რეორგანიზაცია ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

„ქვეყანას ბევრად უფრო მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი უნდა ჰქონდეს. საკითხზე საუბარი პრემიერს ჩემთან ჰქონდა, როცა ჩინეთში ვიყავით. ჩვენ ის პერსპექტივები დავინახეთ, რაც საქართველოს შესაძლოა, ინვესტიციების მოზიდვის მხრივ ჰქონდეს. მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვაზე არ არის საუბარი. სახელმწიფომ უნდა იცოდეს, ქვეყნის განვითარებას როგორ ახერხებს“, - ამბობს საგანელიძე.

უმრავლესობის ლიდერი აქცენტს პარლამენტში ინიცირებულ „საქართველოს განვითარების ბანკის შესახებ“ კანონპროექტზეც აკეთებს, რომლის განხილვაც არ დაწყებულა და დოკუმენტი თაროზეა შემოდებული.

დეპუტატის ცნობით, თუკი საუბარი „საპარტნიორო ფონდის“ კოორპორაციად გარდაქმნაზე დაიწყება, მაშინ შესაძლოა, პარლამენტიდან ცვლილებების უკან გაწვევა მოხდეს.

„თუკი კოორპორაცია იქნება, შეიძლება, ბანკთან დაკავშირებული კანონპროექტი უკან გამოვიწვიოთ. როცა ამ საკითხის განხილვა ხდებოდა, ზოგი „საქართველოს განვითარების ბანკის“ შექმნის მომხრე იყო, ზოგი - წინააღმდეგი. მსოფლიო ბანკი ამას იწონებდა, სავალუტო ფონდს გარკვეული შიშები და შენიშვნები ჰქონდა, რომ ამას ბიუჯეტზე არ ემოქმედა“, - დასძენს საგანელიძე.

რაც შეეხება უმრავლესობის ლიდერის პოსტს, საგანელიძე ამბობს, რომ თუკი ის საქმიანობას ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გააგრძელებს, არ იცის, მას თანამდებობაზე ვინ ჩაანაცვლებს. თუმცა, პოლიტიკურ კულუარებში მის „მემკვიდრედ“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ზვიად კვაჭანტირაძეს მოიაზრებენ.