„ქვეყანაში რუსული პროპაგანდის ზრდა აშკარად შეინიშნება. მართალია, ეს მიანიშნებს, რომ ჩვენი მთავრობა ლოიალური და დემოკრატიულია, მაგრამ პირადად მე, როგორც ეროვნული მოძრაობის წევრი და ადამიანი, რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებასა და პროგრესს მივუძღვენი, ამ პროცესებს სიფრთხილით ვაკვირდები“, - აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, გელა დუმბაძე, რომელმაც დღეს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გააკეთა.
როგორც მინისტრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახო მამალაძემ for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მინისტრმა ამ საკითხზე უკვე ისაუბრა, ხელახლა კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. აღმასრულებელ ხელისუფლებაში დუმბაძე პირველია, რომელიც პრორუსული პროპაგანდის არსებობაზე საუბრობს.
დუმბაძის განცხადებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ მინისტრთა კაბინეტის წევრებს, თუმცა, საინფორმაციო ველზე რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე საუბრობს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი, რომლის განცხადებით, ჯერჯერობით ყველაფერი კანონიერების ფარგლებში ხდება.
„მე ვიცი ჩვენ რომელი პროპაგანდა მოგვწონს და რომელი არა, მაგრამ ჯერჯერობით პრორუსული კანონს არ არღვევს. ამ წუთას იმის თქმა, რომ ტელეკომპანია „ობიექტივში“ ან სადმე რუსების სასრგებლოდ ლაპარაკობენ, ამით კანონი არ ირღვევა. ძალიან ცუდია, გულის ამრევია პრორუსული პროპაგანდა, მაგრამ უკანონო არ არის. თუკი სადმე დარღვევა არის, ეს დარღვევა უნდა გამოვლინდეს და კარგია, რომ მთავრობა შეუწუხებულია და იქვეა პროკურატურაც.
იცით, რომ ფინანსებთან დაკავშირებით ყოველთვის იყო კითხვები, საიდან აქვთ ამ პროპაგანდისტებს ფული, თუკი გამოიძიებენ და იპოვიან, რა თქმა უნდა, კარგს იზამენ. იმის თქმა, რომ ამ ხალხს აუვკრძალოთ ლაპარაკი, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს, ამის უფლება აქვთ ყველას და მათ შორის იმათ, ვინც ჩვენ არ მოგვწონს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია დიდი ხანია ცდილობს ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის გამოყენებას, თუმცა, მისივე თქმით, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კლასიკური გაგებით ეს არ არის რბილი ძალა, ეს საკმაოდ ხისტი ძალაა, რომელიც პირდაპირ პროპაგანდისტულად მოქმედებს.
„ამ პროპაგანდის ნაწილში შესამჩნევია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში საკმაოდ მომრავლდნენ ისეთი მედიასაშუალებები, რომლეთა დაფინანსების წყარო არის რუსეთი. რა თქმა უნდა, არავის არ ვუზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ გარკვეული თავშეკავებულობა გვმართებს, იმიტომ, რომ შემდგომში ეს შეიძლება ითარგმნოს როგორც ინტერესის გამტარებელ საშუალებად.
გარდა ამისა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ე.წ. რბილი ძალა მხოლოდ მედიასაშუალებებზე არ არის ორიენტირებული, რადგან არის გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაცები, რომლებიც რუსული პროპაგანდით არიან დაკავებულები. ქართულ სახელმწიფოში და საზოგადოებაში ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ჩვენი დასავლური კურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის რალურ სახელმწიფოებრივ განვითარებას უზრუნველყოფს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ჩიქოვანი.
ა-ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, შეიმჩნევა პრორუსული მედიასაშუალებების გამოჩენის ტენდენცია. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება კვლევას იმის თაობაზე, თუ ვინ დგას სხვადასხვა პრორუსული ხაზის მქონე მედიასაშუალებების უკან.
„განსაკუთრებით ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტში გამოჩნდნენ საინფორმაციო სააგენტოები, რომლებსაც აქვთ პრორუსული ხაზი, ეს არის ძალიან საგანგაშო ტენდენცია. ბუნებრივია, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალიან რთულია ასეთი ტიპის მედიასაშუალებებთან ბრძოლა, რადგან ასეთ მედიასაშუალებებს ვერ დახურავ.
შესაბამისად, სხვა საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული მათ წინააღმდეგ. არ არის კარგი, რომ ზოგიერთი პრორუსული მედიასაშუალება დაფინანსებას სახელმწიფოსგან იღებს და ჩვენ ამის დამადასტურებელი რამდენიმე ინფორმაცია გაგვაჩნია. თუმცა, ახლა კონკრეტიკაზე ვერ ვილაპარაკებ. ზოგადად ის, რომ ასეთი ტენდენცია არის ქვეყანაში, ეს არის ფაქტი“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, აშკარაა რუსული პროპაგანდის ზრდა, თუმცა, მისივე თქმით, ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც არც პროპაგანდის და არც კონტრპროპაგანდის უნარი აქვს. ასეთი სახელმწიფო კი ცისკარიშვილის გნაცხადებით დიდხანს ვერ იდგება საკუთარ ფეხზე.
„წარმოდგენა არ გვაქვს რას წარმოადგენს დღევანდელი მოსკოვი. ამიტომ, ვიდრე ხელისუფლება იტყვის, რომ ქვეყანაში არანაირი პრორუსული პროპაგანდა არ არსებობს, დალოცვილისშვილებმა გაზეთები მაინც წაიკითხონ, რომელიც რასაკვირველია, მომართული არიან რუბლით და არა დოლარით ან ლარით. გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ დაგვანახონ ერთი სტრიქონი, რომელიც ოდნავ კრიტიკული იყოს რუსეთის მიმართ, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები არ კითხულობენ გაზეთებს, რასაკვირველია არ იქნებიან ინფორმირებული რას ეყრდნობა ჩვენი მოსახლეობა, რადგან ტელეეთერი არ გახლავთ ყველაზე სანდო და ყოვლისმომცველი წყარო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.