კონსტიტუციური „დუელი“, ანუ პაპუაშვილი უსუფაშვილს აფრთხილებს

კონსტიტუციური „დუელი“, ანუ პაპუაშვილი უსუფაშვილს აფრთხილებს

გიორგი პაპუაშვილს და სასამართლოს მოსამართლეებს უნდობლობას უცხადებენ ა-ო „მუნიციპალიტეტების განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლები, რომელთა განცხდებით, აუცილებელია სასამართლო ხელისუფლება იმ მოსამართლეებისგან გათავისუფლდეს, რომლებიც დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებენ.

ა-ო მოთხოვნაა შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ გადაწყვეტილება, პაპუაშვილსა და კიდევ რამდენიმე მოსამართლეს შეუჩერდეს უფლებამოსილება და გათავისუფლდენენ დაკისრებული მოვალეობისგან. მათივე განცხდებით, ვიდრე არ მიაღწევენ სასურველ შედეგს და გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლო, მანამდე არ აპირებენ აქციების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოსთან.

თავად საკონსტიტუციო სასამართლო მიმდინარე აქციებს მოსამართლეებზე ზეწოლად აფასებს, რასაც არ ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რომელიც მოსამართლეებს მიმართავს, პატივი სცენ ადამიანის უფლებას საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესახებ და თუ ადამიანებს აქვთ რაიმე სათქმელი, მათ შეუძლიათ, ეს ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ.

„მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი სცენ სასამართლოს დამოუკიდებლობას და ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას. აქ რაიმე სერიოზულ პრობლემას ვერ ვხედავ. სასამართლოს თავმჯდომარე ვალდებულია, სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირება უზრუნველყოს, მაგრამ მოქალაქეებს ვერავინ წაართმევს უფლებას, მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში თავისი მოსაზრება გამოხატონ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებას კი საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამართლებად და მისი წახალისებად აღიქვამს. მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას, ხოლო მოსამართლის მიმართ მუქარა ასევე წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

„გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და სხვა მოსამართლეების სახლებთან რამდენიმე ჯგუფის მიერ განხორციელდა არაერთი აქცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ატარებდა აგრესიულ ხასიათს, რომელზეც ისმოდა მოსამართლეთა მიმართ შეურაცხყოფის, მუქარისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემცველი განცხადებები. ქალაქ ბათუმში ასევე ადგილი ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლის შესასვლელის ბლოკირებასა და ფანჯრების მიმართულებით სხვადასხვა ნივთების სროლას. ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებს.

ასეთ ვითარებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, შესაძლოა აღქმული იქნეს მოსამართლეებსა და მათ ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამართლებად და მის წახალისებად. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოსამართლის სახლთან შეკრებილი პირების მხრიდან მუქარის, ძალადობისკენ მოწოდებისა და სახლის ფანჯრებში სხვადასხვა საგნების სროლის გამოხატვის თავისუფლებად შეფასება გარკვეულ კითხვებს აჩენს“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლო კატეგორიულად მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან, სათანადო რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტებზე და მოუწოდებენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელთაც შესაძლოა წაახალისონ ძალადობა, ხელი შეუშალონ სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას.

პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებას, ზეწოლად არ აღიქვამენ იურისტები. ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან სახეზეა არაკონსტიტუციური ქმედება. შესაბამისად ჭკადუას მიაჩნია, რომ დროული იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდება, რომელიც არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ზეწოლა.

„ბატონი პაპუაშვილი ალაპარაკდა მოსამართლეებზე ზეწოლაზე, რომელიც თავად ამხილა ბატონმა მერაბ ტურავამ როგორც ზეწოლის განმახორციელებელი პირი. საავადმყოფოში თავზე დაადგა, აიძულებდა ხელი მოეწერა წაუკითხავ და გაუაზრებელ გადაწყვეტილებაზე. აი, ეს არის ნამდვილად ზეწოლა. გიორგი პაპუაშვილის მხრიდან სახეზეა არაკონსტიტუციური ქმედება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხო მხოლოგ უგულავას და ის არ გავრცელებულა სხვა პატიმრებზე.

მოსამრთლეს უნდა ჰქონდეს უფლება ძალიან მშვიდ და ჯანმრთელ ვითარებაში მიიღოს გადაწყვტილება, რაც ტურავას შემთხვევაში დაარღვა გირგი პაპუაშვილმა. დროული იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც მოუწოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს დაბრუნებულყო იმ ჩარჩოში, რომელშიც წესით უნდა იყოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.

ადვოკატი სოსო ბართაშვილი განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტებით დადგენილია, რომ მოსამართლეს და სასამართლო ხელისუფებას განსაკუთრებით ფაქიზ მიდგომას საჭიროებს. მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლების მისამართით მარტო უკმაყოფილების გამოხატვა საკმარისი არ არის, აუცილებელია დასაბუთდეს უკმაყოფილების საფუძველიც.

„როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალარღვევათა კოდექსში გაწერილია თუ რა არის კონკრეტულად დარღვევა. თუ მოქალაქეები გამოხატავენ თავისუფალ ნებას ამა თუ იმ პირის მიმართ, საჯარო მოხელეს თმენის მეტი ვალდებულება აქვს, ვიდრე რიგით მოქალაქეს, კეთილი უნდა ინებონ და კრიტიკა უნდა მოითმინონ.

მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტებით დადგენილია, რომ მოსამართლე და სასამართლო ხელისუფლება არის განსაკუთრებით ფაქიზი, რომელსაც უნდა განსაკუთრებით ფაქიზი მიდგომა. მარტო უკმაყოფილების გამოხატვა არ არის საკმარისი, ვინც გამოხატავს ამ უკმაყოფილებას, მან კიდევაც უნდა დაასაბუთოს უკმაყოფილების საფუძველი“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

„უსუფაშვილი განცხადება არის პირდაპირი ხაზგასმა იმისა, რომ ადამიანებს აქვთ უფლება კანონის ფარგლებში გამოხატონ თავისი პოზიცია“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი, რომლის განცხადებით, კანონი პირდაპირ ამბობს, რომ მოსამართლეების სახლებთან და მით უფრო სასამართლოს ეზოში აქციების გამართვა დაუშვებელია.

„კანონდარღვევა იყო, როდესაც გიგი უგულავას მხარდამჭერებმა აქცია გამართეს სასამართლოს ეზოში. რაც შეეხება დავით უსუფაშვილის განცხადებას, თუ მის განცხადებაში ხაზგასმული არ იქნებოდა სიტყვა - კანონის ფარგლებში, ასეთ შემთხვევაში მისი ეს განცხადება აღქმული იქნებოდა როგორც ზეწოლა, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს - კანონის ფარგლებში, რაც უკვე გამორიცხავს ზეწოლას. მისი განცხადება ნიშნავს, რომ პროტესტი მოსამართლეების სახლებთან არ უნდა გამოხატონ. მათ შეუძლიათ პროტესტი გამოხატონ ქუჩაში, პრესაში და ტელევიზიაში, რისი უფლება მოქალაქეებს აქვთ“, - აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.