„ხომ შეიძლება, რომ გეი მაფიოზებმა ქალისა და მამაკაცის სიყვარული ანომალიად გამოაცხადონ და გვიმკურნალონ?!“

„ხომ შეიძლება, რომ გეი მაფიოზებმა ქალისა და მამაკაცის სიყვარული ანომალიად გამოაცხადონ და გვიმკურნალონ?!“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი სოსო ჯაჭვლიანი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით საქართველოში მამათმავლობა დააკანონა. დეპუტატი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონიდან „სექსუალური იდენტობისა“ და „გენდერული თანასწორობის“ ჩანაწერის ამოღებას ითხოვს. კანონმდებელი ირწმუნება, რომ მას უმცირესობების მიმართ არც აგრესი აქვს და არც ზიზღი, მაგრამ თვლის, რომ „უკანონობა არ უნდა დაკანონდეს“.

კანონში შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადებულია, რომლის ინიცირებაც უახლოეს მომავალში მოხდება. პროექტზე for.ge სოსო ჯაჭვლიანს ესაუბრა:

პოლიტიკურ დღის წესრიგში ანტიდისკრიმინაციული კანონის გადახედვა დააყენეთ. რატომ?

- ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღებამ აჟიოტაჟი გამოიწვია. რატომ? - ეკლესიას ყველაზე დიდი ნდობა აქვს. ჩვენმა პატრიარქმა დეპუტატებს წერილი გამოგვიგზავნა და მოგვიწოდა, რომ ყველაფერი გაგვეაზრებინა და გადაწყვეტილება ისე მიგვეღო. ქართულ ტოლერანტობაზე რომ გესაუბროთ, ამის დამტკიცებისთვის მილიონი მაგალითის მოყვანა შემიძლია. ვიღაც-ვიღაცეები ჩამოდიან და დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ლექციებს გვიკითხავენ. მსოფლიოს განვითარების ტემპორითმი აქვს აღებული და ამას ფეხი საქართველომაც უნდა აუწყოს, მაგრამ ყველაზე მთავარი არ უნდა დავივიწყოთ - ჩვენ ჩვენი კულტურა, ადათ-წესები და რელიგია გვაქვს. ვსაუბრობთ, რომ ესა თუ ის ადამიანი იჩაგრება, მაგრამ ჩაგვრის წინაღმდეგ ეკლესიაც გამოდის. იმას რატომ ვაკანონებთ, რაც უკანონობაა? - კანონში „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ეწერა. ამ სიტყვებმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან ეს რელიგიურად მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევა. შეიძლება, ადამიანი მრუში იყოს, მაგრამ იმ რანგში არ გადის, რაც სოდომ-გომორია.

ამ ცვლილებებს მხარი დაუჭირეთ და ერთი წლის შემდეგ გაგახსენდათ, რომ თურმე, „უკანონობა“ დააკანონეთ?

- „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. თუკი ვინმე ამაზე ხმას ათი წლის მერე მაინც ამოიღებს, ესეც კარგი იქნება. სინანულის უფლება არ მაქვს? - კანონებში იურისტები ვერ ერკვევიან და უგულავასთან დაკავშირებით ერთი ერთს ამბობდა, მეორე - მეორეს. მათ თავები პროფესიონალები და აკადემიკოსები ჰგონიათ, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავ რაღაცეებს ლაპარაკობენ. ეკლესიას თავისი კანონიკე აქვს, სახელმწიფოს - კონსტიტუცია. მართმადიდებლობა სიყვარულს ქადაგებს და მის წინააღმდეგ არ უნდა წავიდეთ. საკითხის თაობაზე შიგნით ერთი რია-რია იყო და თემის განხილვა ყველა ეტაპზე უნდა მომხდარიყო. ცვლილებების წინააღდეგ მე და გედი ფოფხაძე გამოვდიოდით. საჭიროდ ჩავთვალე, რომ დარბაზში ვყოფილიყავი, ფოფხაძე კი, არ შემოვიდა. ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილი მქონდა, რომ კანონპროექტისთვის ხმა წინააღმდეგ მიმეცა.

პოზიცია რატომ შეცვალეთ?

- დავინახე, რომ საეკლესიო პირები კარგ ხასიათზე მიდიოდნენ და თქვეს, რომ კანონში ყველაფერი „გამოშიგნული“ იყო. შეცდომაში შევედი. თამაზ მეჭიაური მოწმეა, რომ ცვლილებებს არ ვეთანხმებოდი. მაშინ ვინმეს ჩემთვის კარგად რომ აეხსნა, რომ კანონში „გენდერული იდენტობა“ და „სექსუალური ორიენტაცია“ რჩებოდა, მას ხმას არ მივცემდი. გარეთ გავედი და გეგონებოდათ, პარლამენტის შენობასთან ატომური ბომბი ისროლეს - აქციაზე არავინ აღარ იყო. ამან შინაგანი რწმენა მომცა, რომ ყველაფერი კარგად იყო. კენჭისყრის დროს ვთქვი, რომ პულტს ხელს არ მივაჭერდი და არც მივაჭირე. ცვლილებებმა 114 ხმა მიიღო, უკვე მნიშვნელობა არაფერს აღარ ჰქონდა და გუნდურობიდან გამომდინარე ვთქვი, რომ შედეგისთვის ჩემი ხმაც მიეთვალათ. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, გადაწყვეტილებას ვნანობ. ამით თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ერთი წლის მანძილზე, თუკი სადმე ეკლესიასთან გავიარე, ვერსად ვერ შევდიოდი.

თავის დროზე, ცვლილებებს მხარი იმის გამო ხომ არ დაუჭირეთ, რომ მსგავსი მითითება ბიძინა იანიშვილისგან მიიღეთ? ცნობილია, რომ ყოფილი პრემიერის მოწოდების გარეშე, ამ კანონპროექტს ხმას არ აძლევდით...

- ისეთ შეხვედრას არასოდეს დავსწრებივარ, სადაც ივანიშვილმა რაღაცა დაგვაძალა. როცა გუნდი იკრიბება და გადაწყვეტილების მიღება ხდება, იქ შეთანხმება მიიღწევა, დეტალებს კი არ მოგიყვებით. შეიძლება, ბევრ რაღაცას არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ეს გუნდს სჭირდებოდეს. ეკლესიაში რომ დავდივარ, საყვედურს არავინ მეუბნება, მაგრამ შინაგანი განცდა მქონდა, რომ ამ კანონზე ჩემი სიტყვა მეთქვა.

თქვენ თქვით, რომ პარლამენტმა მამათმავლობა დააკანონა, თუმცა, შეგიძლიათ, მითხრათ, ამ ცვლილებებმა რა პრობლემები შექმნა? განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები რაიმე პრობლემებს გიქმნიან? თუკი არ გაწუხებენ, მათ წინააღმდეგ რატომ იბრძვით?

- მათ წინააღმდეგ არ ვიბრძვი. ცხოვრებაში შეჩვენებული ვიყო, თუკი ერთი გრამით მათდამი აგრესია მქონდეს და ისინი მეზიზღებოდნენ. კარიერას რომ ვიწყებდი, მე და ლიკა ქავჟარაძე მოკლემეტრაჟიან ფილმში მთავარ როლებს ვთამაშობდით, სადაც გადასაღებ მოედანზე, ჯგუფში ასეთი შვიდი ადამიანი იყო, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე მათგანს ბუზი ავუფრინე. ყველას თავის ცხოვრება აქვს, მაგრამ უკანონობა არ უნდა დაკანონდეს. იტალიაში ერთ-ერთი უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჰომოფობია ფსიქოლოგიური დაავადება ყოფილა. თუკი მამათმავლობა არ „მევასება“, ეს შიშია, ან ჰომოფობიაა? საუკუნეების მანძილზე ამბობდნენ, რომ ეს დაავადება იყო, ხოლო ახლა დაადგინეს, რომ თურმე, დაავადება ჰომოფობია ყოფილა. ჰომოფობი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მკვლევარებს რომ ვენდოთ, თუკი გეი აღლუმები და ერთსქესიანთა ქორწილი არ მოგწონს, მაშინ ბნელი, ჩამოსახრჩობი და სამკურნალო ხარ. ერთ მშვენიერ დღეს ხომ შეიძლება, რომ გეი მაფიოზებმა ქალისა და მამაკაცის სიყვარული ანომალიად გამოაცხადონ და გვიმკურნალონ? - მამათმავლობის პროპაგანდა ბავშობიდან ხდება. სკოლებში სექსოლოგიის საგნის შეტანა იგეგმება და მინდა, რომ ამ საკითხს კარგად გავეცნო. თუკი გადახრა აქვთ, ამას სხვას თავზე რატომ ახვევენ? თანაგუნდელების მხარდაჭერაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ცვლილებებისთვის ნდობის გამოცხადება ბარამიძეს ვთხოვე, რომლის მიმართაც ჩემი დამოკიდებულება მთელმა საქართველო იცის. თუკი ბარამიძე ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, ის ჩემი მეგობარი იქნება.

გულწრფელი ხართ? - ამას იმიტომ გეკითხებით, გვახსოვს, ბარამიძეს წიხლი როგორ ჩაარტყით...

- რა თქმა უნდა. მეგობრობა იმ ადამიანს შევთავაზე, რომელიც ეჭვმიტანილია მკვლელობაში, სოფლის აოხრებასა და აფრასიძეების ოჯახის ამოხოცვაში. მთავრობასა და პროკურატურას ვეკითხები, ეს ადამიანი დღემდე დაკითხული რატომ არ არის? აყალმაყალი რომ ავტეხე, ეს საკმარისი არ იყო, რომ ის დაეკითხათ? ბარამიძე ადამიანების სისხლითაა ეჭვმიტანილი და ისინი არანაირ ნაბიჯს არ დგამენ, მაგრამ თუკი ის ცვლილებებს მხარს დაუჭერს, მას ხელს ჩამოვართმევ. მე რომ წიხლებს მაქნევინებენ, საქმეს რატომ არ აკეთებენ? ვიკივლო და შარვლიდან ამოვხტე, ბარამიძე რომ დაკითხონ?

ეკა ბესელიამ თქვა, რომ მამათმავლობა არ დაგიკანონებიათ. შესაბამისად, როგორ ფიქრობთ, თქვენს მიერ მომზადებულ კანონპროექტს გუნდის მხარდაჭერა ექნება?

- ამაზე მაშინ ვიკამათოთ, როცა პროცესი დაიწყება. ბესელიას განცხადებით გამოაშკარავდა, რომ შეთანხმებული არავისთან ვიყავი და ჩემი პოზიცია გავაჟღერე. შანსი გვეძლევა, რომ შეცდომა გამოვასწოროთ და არჩევანი გავაკეთოთ. კანონპროექტი მომზადებულია და ვნახოთ, ვინ რა პოზიციაზე იქნება. იქნებ, მეც ვცდები და ამიტომ განხილვების დროს ის ადამიანები უნდა მოვიწვიოთ, რომლებიც ამ საკითხებში კარგად გათვიცნობიერებულნი არიან.

თქვენ ამბობთ, რომ ცვლილებები თქვენი მორალიდან გამომდინარე მოამზადეთ, მაგრამ ვინაიდან, ამ კანონის მიღება ცხარე კამათის ფონზე მოხდა, თქვენი სულიერი სიმშივიდის გამო, ახალი ქაოსი უნდა წარმოიშვას?

- ჩემი განცხადებით ტვირთი ჩემს ოჯახს მოვხსენი. ერთი წელია თავს დამნაშავედ და უხერხულად ვგრძნობ. უფლება ხომ მაქვს, რომ ჩემი აზრი გამოვხატო?