„ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა“

„ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა“

„დემოკრატიული სასამართლო სისტემა ამ ხელისუფლების გამარჯვებაა, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი იყო არა იმდენად ქვეყნის დემოკრატიულობის და სასამართლოს სამართლიანობის დადასტურება, არამედ გიგი უგულავას ერთი დღით გამოშვება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას პოლიტილოგი ხათუნა ლაგაზიძე, რაც მისივე თქმით, ცალსახად გაიგივებული იქნა ხელისუფლების მარცხთან და ნაციონალების რეინკარნაციასთან.

For.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

ქალბატონო ხათუნა ხელისუფლებას, რომელიც წინასაარჩევნო რეჟიმშია გადასული, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წამგებიან სიტუაციაში ხომ არ აყენებს?

- არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ხელისუფლებას ძალიან მძიმე სასტარტო პოზიცია აქვს. მხოლოდ, ბოლო ერთი თვის მოვლენებს გადავხედოთ – გაჩნდა კითხვები მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ხელისუფლბის ჩარევის თაობაზე, ვხედავთ რა მდგომარეობაშია ლარი, მოიმატა დენის ტარიფმა, კახეთში სუბსიდიებთან დაკავშირებით ლამის ჯანყი მოეწყო და ბოლოს, ეს ყველაფერი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაგვირგვინდა. ეს ყველაფერი ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე დარტყმა და გამოწვევაა. რა თქმა უნდა, რთულია ასეთი მძიმე სასტარტო მდგომარეობით წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება.

განსაკუთრებული რა მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით?

– უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ქართული რეალობისთვის ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომელიც ერთი მხრივ, ხაზს უსვამს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მეორე მხრივ ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს, მაგრამ ამასთანავე გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია - რეალურად ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა. „ქართული ოცნება“ აკონტროლებს აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს, ნაკლებად, ან ვერ აკონტროლებს სასამართლო ხელისუფლებას და ასეც უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, სასამართლოს სრულ დამოუკიდებლობაზე საუბარი ნაკლებად გამართლებულია, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენა სასამართლო ხელისუფლების ვერტიკალზე თავლსაჩინოა.

ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც შეიძლება გამოვიტანოთ, გახლავთ ის, რომ 2016 წლის არჩევნებზე, უშუალოდ ხმების დათვლის და შეჯამების პროცესი რთული გამოცდა იქნება ხელისუფლებისთვის - ამ დღეებში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, არც თუ რთული გამოსაცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სასამართლოები. ოპოციზია საფუძვლიან თუ უსაფუძვლო საჩივრებს არ მოაკლებს ხელიუფლებას და არ გამოვრიცხავ 2003 წლის სცენარის განვითარებას გარკევული კორექტივებით.

ანუ, 2003 წლის მსგავსად, შესაძლებელია, რომ სასამართლოებში შესული საჩივრების საფუძველზე ბევრ ოლქში სასამართლომ მოითხოვოს განმეორებითი არჩევნები?

– დიახ, ამ სცენარს არ გამოვრიცხავ, რათა შედეგები გააუქმონ და მოითხოვონ განმეორებითი არჩევნების ჩატარება, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად ცნონ და არჩევნები ჩატარებულად გამოაცხადონ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს, ამაზე საუბარი დღევანდელ ცუდ პირობებშიც წარმოუდგენელია, მაგრამ ხელისუფლებას მოუწევს სერიოზულ დათმობებზე წასვლა იმისათვის, რომ მოიპოვოს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა.

ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მომავალი არჩევნების ბედს გადაწყვეტს არა მარტო ამომრჩეველი, არამედ სასამართლოები?

– რა თქმა უნდა, და სწორედ ამის იმედითაც გავა ოპოზიცია არჩევნებზე. ეს არის ამ ბოლო დღეების ყველაზე მთავარი შედეგი. ყველაფერი დანარჩენი  შეიძლება ამ მთავარ შედეგთან მიმართებაში ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს. ამ დღეების კიდევ ერთი შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში გაჩნდა შიში. ეს შიში მზარდი იქნება იმის კვალობაზე რამდენად გააქტიურდება „ნაციონალური მოძრაობა“.

რატომ გაჩნდა საზოგადოებაში ნაციონალური რევანშის შიში, რა არის ამის მიზეზი?

– ეს შიში გააჩინა იმ მარცხმა, რაც გულისხმობს უგულავას განთავისუფლებას. გასაგებია, რომ დემოკრატიული სასამართლოს სისტემა ამ ხელისუფლების გამარჯვებაა, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი იყო არა იმდენად ქვეყნის დემოკრატიულობის და სასამართლოს სამართლიანობის დადასტურება, არამედ გიგი უგულავას ერთი დღით გამოშვება, რაც ცალსახად გაიგივებული იქნა ხელისუფლების მარცხთან, სისუსტესთან ნაციონალების რეინკარნაციასთან.

იმ შემთხვევაში, თუ გაღრმავდა საზოგადებაში ნაციონალების რეინკარნაციის განწყობა, ეს სულ უფრო მეტ მხარდამჭერს ჩამოაშორებს ხელისუფლებას?

– რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ნაციონალების რევანშის განწყობასთან ერთად, საზოგადოებაში ამავდროულად გაჩნდა განწყობა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აღარ შეუძლია ნაციონალებისგან საზოგადოების დამცავი ფარი იყოს. ეს ყველაზე ცუდია ხელისუფლებისთვის. თუკი საზოგადოება ნაციონალების რევანშისგან დაცვის ფუნქციას დღევანდელ ხელისუფლებას არ მიანიჭებს, ის აუცილებლად წავა სხვა პოლიტიკური ძალასთან, რომელიც მას ამ დაცვას შესთავაზებს. იმიტომ, რომ საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მძიმე სოციალურ ფონზე უფრო მტკივნეული თემა შეიძლება იყოს ნაციონალური რევანში.

თავისთავად საინტერესოა, საზოგადოების ეს მნიშვნელოვანი ნაწილი რომელი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს?

– არავინ იცის. ამ ნაწილს სჭიდრება ძალა, ისეთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც მასში გააჩენს შესაბამის ძალას, რომ საზოგადოება დაიცვას ნაციონალური რევანშისგან. ეს კი, საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური სუბიექტი უნდა იყოს. სიმართლე გითხრათ, დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ასეთი ძალა არ მეგულება. თუმცა, ფაქტია თუკი ასეთ პოლიტიკურ ძალას ვერ იპოვის საზოგადოება 2016 წლის არჩევნებზე, ხალხის დიდი ნაწილი სახლში დარჩება.

საზოგადოება დღევანდელ ხელისუფლებას ნაციონალებთან ბრძოლაში თანამებრძოლად უკვე ვეღარ აღიქვამს და ეს ძალიან ცუდია დღევანდელი ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ სოციალურ პრობლემებს ვერ წყვეტს, ნაციონალებთან ბრძოლაში მოკავშირედ ვეღარ აღიქვმს და რისთვის უნდა გამოვიდეს საზოგადეობა, რისთვის უნდა დაგიჭიროს მხარი?! ამიტომ, ძალიან რთული სასტარტო პირობებით იწყებს დღევანდელი ხელისუფლება წინასაარჩევნო წელს.

ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის დაიბრუნოს ის სასტარტო პირობები, რომლის მას 2012 წელს ჰქონდა?

– გამორიცხულია ხელისუფლებამ 2012 წლის სასტარტო პირობები დაიბრუნოს, საზოგადეობის მხრიდან ასეთ მხარდაჭერას გამოვრიცხავ. რაც შეეხება კითხვას, რა უნდა გააკეთოს? - ხელისუფლებას ბევრი მიმართულებით აქვს გარღვევა და მე ვფიქრობ, რომ უპირველესი რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ეს არის სრული საკადრო განახლება და საზოგადოებისთვის გამაერთიანებელი იდეის შეთავაზება.

განვითარებაზე ორიენტირებული იდეა შეუძლებელია რომელიმე პარტიის დამარცხება იყოს. ანუ, მაგალითად, ნაციონალების წინააღმდეგ გაერთიანება ვერაფრით ვერ იქნება ამ ხელისუფლების გადამრჩენი. ხელისუფლებამ გარშემო ახალი სახეები უნდა შემოიკრიბოს (თუ, რა თქმა უნდა, რაიმე რესურსია საზოგადოებაში დარჩენილი) და საკუთარი ნებით უნდა წავიდეს ცვლილებებზე, სანამ მას ერთი წლის შემდეგ გაცილებით მძიმე შედეგებზე აიძულებენ წასვლას.

ცვლილებები არის სწორედ მთლიანი საკადრო ბაზის განახლება, რის საშუალებასაც იძლევა მოახლოებული არჩევნები. საარჩევნო სია უნდა იყოს ისეთი, რომ ხელისუფლებამ მოახერხოს ხალხში იმედის გაღვივება. ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდების გვერდში დაყენება, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა ხელისუფლებისთვის.

რატომ?

– იმიტომ, რომ თავად იმედის მომცემ და პრესპექტიულ ძალად აღარ აღიქმება, რადგან „ქართულ ოცნებას“ უწევს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა. ამიტომაც ვამბობ, რომ ამ პროცესში ახალგაზრდების მიბმა მისთვისთვის საკმაოდ რთული ამოცანა იქნება. პროცესში ახალგაზრდების ჩართვა მისთვის იქნებოდა განახლების და გადარჩენის ერთ–ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზა. მაგრამ ახალგაზრდები ყოველთვის მიდიან პერსპექტიულ ძალასთან. ეს ბოლო დღეები ძალიან თვალსაჩინო იყო იმითაც, რომ ხელისუფლებამ თვითონ დაანგრია ავტორიტეტი და უბრალოდ არ აღმოჩნდა ადამიანი, ვინც ხელისუფლების სახის გადარჩენას შეძლებდა.

ხელისუფლების მხარდამჭერს ძნელად იპოვი საზოგადოებისთვის პოპულარულ ადამიანებში. თუმცა, რაც მთავარია, თუ არ იქნება ჩამოყალიბებული იდეა, რისთვის და როგორ სახელმწიფოს აშენებ, რა სახეებიც არ უნდა მიიყვანოს, საზოგადოების მობილიზიება ძალიან გაუჭირდება.

სამი წელია საით მივდივართ არ ვიცით. როგორ შეიძლება ხელისუფლებას არ ჰქონდეს საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიო და კონკრეტული ხედვა, როგორ სახელმწიფოს აშენებს, რა არის ამ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური და საგარეო ეკონომიკური ფუნქცია, რა არის სახელმწიფოს უსაფრთხოების საყრდენი, რაზე დაფუძნებულ ეკონომიკას აშენებ.

საგარეო ეკონომიკური კუთხით საინტერესო გარღვევებია იგივე ჩინეთის თუ ირანის მიმართულებით, მაგრამ ამას ყველაფერს კონცეფციად და ხედვად უნდა ჩამოყალიბება, თორემ სხვაგვარად ფრაგმენტებად რჩება. მოკლედ, რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს საზოგადოებისთვის იმედის გაჩენა, ამისთვის საჭიროა შესაბამისი კონცეფციის დადება და საკადრო ბაზის სრულიად განახლება იმ ადამიანებით, ვისაც მეტ–ნაკლებად საზოგადოების ნდობა შემორჩენილი აქვს და ბუნებრივია, განთავისუფლება კოლექტიური მეჭიაურისგან. ამ ხელისუფლებას რომ მეჭაური ახმოვანებს, ძალიან ტრაგიკულ დასკვნამდე მივდივარ, ესენი ჭკუას საერთოდ ვერ სწავლობენ.

არჩევნებამდე რამდენად არსებობს მასშტაბური სოციალური აფეთქების რისკები?

– ისეთი ხარაკირის რეჟიმშია გადასული ხელისუფლება, რომ ძალიან გამიჭირდება გავთვალო როგორი იქნება მისი შემდგომი მცდარი ნაბიჯები, ან რამდენად ხშირი იქნება მისგან შეცდომების დაშვება არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელიწადში. ოპოზიციურმა ძალებმა ძალიან რომ მოინდომონ, იმიჯს ისე ვერ გაუფუჭებს ხელისუფლებას, როგორც თავად ხელისუფლება იფუჭებს იმიჯს და კარგავს საზოგადოების მხარადაჭერას. იმდენად აცდენილია ლოგიკას ხელისუფლების შეცდომები, რომ გამიჭირდება ვთქვა ხვალ და ზეგ რა შეცდომას შეიძლება ველოდოთ. აქედან გამომდინარე, ვერ ვსაუბრობ იმაზე, არჩევნებამდე შესაძლებელია თუ არა მასშტაბური სოციალური აფეთქებები. თუმცა, არჩევნების შემდგომი დღეები ხელისუფლებისთვის უმძიმესი იქნება.

„ქართული ოცნება“ დარჩება თუ არ დარჩება ხელისუფლებაში, ეს არაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ხელისუფლებას, ისევე, როგორც ყველა ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა აკისრია საზოგადოების და ქვეყნის სტაბილურ და უსაფრთხო განვითარებაზე. ამიტომ, ისინი არიან პირდაპირი პასუხისმგებელნი იმაში, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციური პროცესები არ დაიწყოს.

გამოდის, რომ ხელისუფლება თვითგანადგურების რეჟიმზეა გადასული?

– ეს იმდენად საოცარი და აუხსნელია, წარმოუდგენელია ხელისუფლება ამას შეგნებულად აკეთებდეს. არაპროფესიონალიზმი და კადრების შერჩევის მორჩილების პრინციპი, ეს არის ყველაფერი ის, რის შედეგებსაც ხელისუფლება იმკის.