დავით საგანელიძე შესაძლოა, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნოს

დავით საგანელიძე შესაძლოა, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. for.ge-ს ინფორმაციით, დავით საგანელიძე შესაძლოა, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნოს.

როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, ვინაიდან, „საპარტნიორო ფონდის“ აღმარულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრი ხდება, მისი პოსტი ვაკანტური ხდება.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კოვზანაძის პოსტს დიდი ალბათობით საგანელიძე დაიკავებს, რის თაობაზეც ხელისუფლებაში საუბარი არაერთხელ ყოფილა.

საგანელიძე გახდება თუ არა „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი, ამის გარკვევას for.ge უმრავლესობის ლიდერთან შეეცადა, თუმცა, ის ამჟამად, სამუშაო მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფება. უმრავლესობაში კი არ გამორიცხავენ, რომ საგანელიძე პოსტიდან წავიდეს და საქმიანობა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გააგრძელოს.

როგორც for.ge-ს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, ის არ გამორიცხავს, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „საპარტნიორო ფონდი“-ს ხელმძღვანელის  პოსტზე საგანელიძე დანიშნოს.

„ამას მხოლოდ მივესალმები. ამ საკითხზე უმრავლსობაში მსჯელობა არ ყოფილა, რადგან ეს თემა უმრავლესობის გადასაწყვეტი არ არის. ამ თანამდებობაზე პირს მთავრობა ნიშნავს და ალბათ, კონსულტაციები პოლიტსაბჭოზე იქნება“, - დასძინა ტყემალაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ ჩააცვლებს საგანელიძეს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე, ამის თაობაზე მმართველ გუნდში არაოფიციალურად აცხადებენ, რომ ეს პოსტი შესაძლოა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად კვაჭანტირაძემ დაიკავოს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრად შვიდი წლის ვადით ირაკლი კოვზანაძეა წარდგენილი, რომელსაც პარლამენტი პოსტზე სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს.