კრემლს არასოდეს დაუმალავს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმს შეიარაღებას აწვდის, აგზავნის სპეციალისტებს და სამხედრო მრჩევლებს, რომლებიც სირიის რეგულარულ არმიას ეხმარებიან ამ შეიარაღების ათვისებასა და უსაფრთხოებაში. თუმცა, ოფიციალურად ვლადიმერ პუტინმა დუშანბეში, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ რუსეთი ტერორისტული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სირიის მთავრობას მხარს უჭერს.
რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ სირიას სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას მომავალშიც გაუწევს და ამისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს. რუსეთის პირველი პირის შეფასებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს, არამედ ევროპასა და საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებს ემუქრება.
„ისინი გააქტიურებას ევროპაში, რუსეთში, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გეგმავენ - ჩვენთვის ეს შემაშფოთებელია. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იდეოლოგიურ და სამხედრო მომზადებას ბევრი ქვეყნის მებრძოლი გადის. სამწუხაროდ, ამ სიაში ევროპული ქვეყნები, რუსეთი და საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიცაა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაშფოთებს მათი შესაძლო დაბრუნება ჩვენს ტერიტორიებზე“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
გუშინვე, ამერიკულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა სირიის ერთ-ერთ ავიაბაზაზე შვიდი ტანკი განათავსა. ჯერ უცნობია, თუ რა მიზნებს ემსახურება რუსეთის მიერ სამხედრო ტექნიკის განთავსების ბოლო შემთხვევა სირიაში.
„ჩვენ ადამიანების და ტექნიკის გადაადგილება შევნიშნეთ. როგორც მივხვდით ისინი ქალაქ ლატაკიას სამხრეთით მდებარე ბაზის გამოყენებას გეგმავენ“, - განაცხადეს პენტაგონში.
ბოლო პერიოდში მოსკოვის მიერ სირიაში სამხედრო ტექნიკის გაგზავნის შესახებ არაერთი ცნობა გავრცელდა. დასავლეთი მოსკოვს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდაჭერისგან, ვინაიდან ამით ქვეყანაში ვითარების კიდევ უფრო დესტაბილიზაციას გამოიწვევს. საპასუხოდ, რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ისინი უკანონოს არაფერს აკეთებენ და მათ მიერ სირიაში გაგზავნილი სამხედრო აღჭურვილობა ამ დრომდე გაფორმებული კონტრაქტების და საერთაშორისო შეთანხმებების პირობების შესაბამისია.
პარალელურად, რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალურ სამხედრო ოლქში წლის ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება - „ცენტრი 2015“ დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების მასშტაბური გადაიარაღების პროცესი 2020 წლამდე გაგრძელდება. როგორც ცნობილია, სამხრეთის სამხედრო ოლქს სომხეთში და ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული ბაზები ექვემდებარება.
უპრეცედენტო მასშტაბურ სამხედრო სწავლებაში 95 ათასი სამხედრო მოსამსახურე, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის 7 000-ზე მეტი ერთეული, 170-მდე თვითმფრინავი და 20 ხომალდი იღებს მონაწილეობას. სამხედრო სწავლება 20 სხვადასხვა - სახმელეთო, საზღვაო და საავიაციო პოლიგონზე, ცენტრალური და სამხრეთის სამხედრო ოლქების ტერიტორიაზე გაიმართება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების მიმდინარეობისას შემოწმდება, თუ რამდენად მომზადებულია რუსული შეიარაღებული ძალები ე.წ. კოალიციური ჯარების მართვისთვის საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების, ასევე უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების ნეიტრალიზების მიზნით, ერთობლივი სპეცოპერაციების დროს.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპეტრის, ვახტანგ მაისაიას განმარტებით, სამოკავშირეო ტიპის ფართომასშტაბიან წვრთნებში მონაწილეობენ ბელორუსიის სამხედრო ძალების წარმომდგენლები. მისივე თქმით, წვრთნების ფარგლებში ძირითადი აქცენტი გადატანილია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სქემების უზრუნველყოფაზე.
„როგორც ჩანს, დასავლეთიდან მომავალი საჰაერო თავდასხმის მოგერიების იმიტაციას ახორციელებენ. იცით, რომ ალიანსის კოლექტიური ძალების შემადგენლობაში წვრთნები დაიწყო ნატომ, რომლის ფარგლებში ძირითადი აქცენტი გადატანილია საჰაერო ოპერაციების წარმოებაზე, რასაც რუსეთი უპრეცედენტო მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს უპირისპირებს.
არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა ეს ძალები გადაისროლოს სირიის მიმართულებით. სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი კასპიის ფლოტის ყველა შენაერთი, როგორც საზღვაო ქვეითი, ასევე საჰაერო ძალები. ატარებს რა, ფართომასშტაბიან წვრთნებს, აცხადებს მუდმივი მზადყოფნის სამხედრო განგაშს ეს კი უკვე ადასტურებს, რომ რუსეთი საომარი მოქმედებისთვის ემზადება. როგორც ჩანს, რუსეთი ღიად ჩაერთვება სირიის კონფლიქტში“, - აცხადებს ვახგანგ მაისაია.
რაც შეეხება სამოკავშირეო ტიპის ფართომასშტაბიან წვრთნებში ბელორუსიის სამხედრო ძალების წარმომდგენლების მონაწილეობას, საერთაშორისო საკითხებში ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, ბელორუსი უკრაინის შემდეგ ყველაზე დიდი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, შეინარჩუნოს გავლენა.
„ბელორუსი კოლექტიური უსაფრთხოების თანმშრომლობის ორგანიზაციის წევრია, უკრაინის კრიზისის დროს ლუკაშენკომ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ რუსეთის წინააღმდეგია. შესაბამისად, რუსეთი ცდილობს, ფინანსური თუ ეკონომიკური შეღავათების ხარჯზე დაითანხმოს ბელორუსი. მეორე მხრივ, ეს არის ძალის დემონსტრირება - რუსეთი ცდილობს, საკუთარ მოსახლეობას დაუმტკიცოს, რომ მისი მომრევი არავინ არის“, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.
დამოუკიდებელი ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ ცენტრალურ სამხედრო ოლქში წლის ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება, რუსული სამხედრო ძალების დემოსტრაციაა იმ დამოკიდებულის ფონზე, რაც დასავლეთსა და რუსეთს შორის ჩამოყალიბდა.
„საერთოდ სჩვევია რუსეთს, როდესაც კრიტიკული მომენტები უდგება დანარჩენ სამყაროსთან, ყოველთვის ახდენს ასეთი სახით ძალის დემონსტრირებას, სწორედ ასეთი ფართომასშტაბიანი სწავლებების ჩატარებით, ასეთი ტაქტიკით ხდებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში ძალის დემონსტრირება, როცა ცივი ომის დროს კრიზისული პერიოდები დადგებოდა და როგორც ჩანს, ეს ტრადიცია შენარჩუნდა ახლაც.
ასე რომ, უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს, რაში გადაზრდება ეს ყველაფერი. თუ ვლადიმერ პუტინი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიიდან არ დაბრუნდა იმ შედეგებით, რასაც მოსკოვი ელოდება, გამორიცხული არ არის, რომ იმ ცხელ წრტილებში, სადაც რუსეთს თავისი ინტერსები აქვს, განაახლოს სამხედრო მოქმედებები“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.