„ადრე თუ გვიან სააკაშვილს ოდესის დატოვება მოუწევს“

„ადრე თუ გვიან სააკაშვილს ოდესის დატოვება მოუწევს“

„ოდესის მოსახლეობა რეალურ რეფორმებს ვერ ხედავს. სააკაშვილის ყველა რეფორმა მხოლოდ სიტყვებია. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლამ ხოლოდ სატელევიზიო ინტერვიუებშ იხდება, ინტერვიუების მიცემა კი გუბერნატორს ძალიან მოსწონს“,  - ოდესის გუბერნატორის გადაყენების მოთხოვნით ამ შინაარსის პეტიცია გამოჩნდა უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. პეტიციის ავტორი წერს, რომ სააკაშვილმა სამთვიანი გუბერნატორობის განმავლობაში ვერ შეძლო ვერცერთი პირობის შესრულება, ამიტომაც უნდა გადადგეს.

„ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტს, გადააყენოს სააკაშვილი თანამდებობიდან. ექსპერიმენტმა არ გაამართლა. დროა, ეს გულწრფელად ვაღიაროთ. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ რეგიონში ინვესტიციებს მიიზიდავდა, ოდესაში „ერთი ინვესტორიც“ კი არ გამოჩენილა“, -ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციას ამ დროისათვის 100-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. იმისათვის, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული ინიციატივა განიხილოს, საჭიროა 25 000 ხელმოწერის შეგროვება. პეტიცია ვებგვერდზე 15 სექტემბერს აიტვირთა და ის 90 დღის განმავლობაში იქნება. მოხდება თუ არა ინიციატივის მთავრობაში განხილვა, ჯერჯერობით უცნობია.for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკრაშვილი აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან სააკაშვილს მოუწევს ოდესიდან წასვლა.

სოსო ცისკარიშვილი: უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შორიდან ზუსტი ანალიზი რთული იქნება. ვფიქრობ, რომ არ გვაკვირვებს როგორც სააკაშვილის მხარდამჭერი, ისე საწინააღმდეგო პეტიცია. ნუ ჩავთვლით, რომ ოდესაში მხოლოდ ანგელოზები ცხოვრობენ, ჩემი პირევლი რჩევა გუბერნატორ სააკაშილის მიმართ გამოვხატე რამდენიმე ინტერვიუში - საჯაროდ ვთხოვდი, რომ არ ჩარეულიყო ოდესის პორტის საქმეებში. რადგან ეს ისეთი შავი ხვრელია, რომელიც მარტივად არ ამოიქოლება და ის კორუფციული სქემები, რომელიც ოდესის პორტის გამოყენებით ხორციელდება, საფრთხეს წარმოადგენს ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც შეეცდება, რომ შეცვალოს ძალთა შეფარდება ამ რეგიონში.

ამიტომ, ნაჩქარევი მგონია ბატონი სააკაშვილის ქმედებები, თუმცა, მოთმინება და შორსმჭვრეტელური ნაბიჯების გადადგმა მას არ ახასათებს.

რა წინააღმდეგობები გააჩნია სააკაშვილს, გარდა იმისა, რომ დაპირისპირებულია პრემიერ-მინისტრთან, უკრაინაში მცხოვრებ ოლიგარქებთან, რომლებიც ასევე დაპირისპირებული არიან პრეზიდენტთან პოროშენკოსთან, ახლა უკვე სააკაშვილს დაუპირისპრდა მოსახლეობა?

-სწორედ ეს არის მთავარი წინააღმდეგობები, რომელიც ჩამოთვალეთ. ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ცეცხლის გახნა სასარგებლო ვერ იქნება. ამ ცეცხლის გახსნის ავტორი თუ უფრო ღრმად შეტოპავს მაფიოზური სისტემის სიღრმეებში ნამდვილად მეტი ხიფათი ელოდება.

როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოროშენკო, გაანთავისუფლებს  სააკაშვილს? ფაქტია, რომ დღეს უკვე პოროშენკოსთვის პოლიტიკურად წამგებიანია ხალხის ნების საწინააღმდეგოდ წასვლა...

-ნამდვილად; პოროშენკოს საკუთარი თავი გასჭირვებია, ვგულისხმობ არა მხლოდ საომარ მოქმედებებს, არამედ მოსახლეობის ნაწილში მის წინააღმდეგ აგორებულ ტალღას. ეს იმის მანიშნებელია, რომ ადრე თუ გვიან, სააკაშვილს მაინც მოუწევს ოდესის დატოვება და ურჩევნია, თავისი ენერგია დასავლეთისკენ მიმართოს.

ბატონ პოროშენკოს ექნება ზუსტი ინფორმაცია ვინ დგას ანტისააკაშვილისეული გამოსვლების უკან, თუ ეს ძალა სანდოა და მის ფრთას წარმოადგენს, მაშინ შეიძლება, რამე ახალი თავშესაფარი გამოუძებნოს ბატონ სააკაშვილს; ხოლო თუ ეს ის ძალაა, რომელიც არაფრად დაგიდევს კანონიერებას, მხოლოდ შავი გზებით ცდლობს სიმდიდრის მოხვეჭას, მაშინ სააკშვილის გავლენა გაძლიერდება.

სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური შოუმენის რეპერტუარი მდიდარი არ არის. ძირითადი შესაძლებლობები უკვე გაუმჟღავნა საზოგადოებას - ხმაურიანი დაპატიმერებებით და მოულოდნელი გაცხარებებით.