„ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს. for.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის რიგებიდან ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტროსიანი გადის.
წყაროს ცნობით, სამველ პეტროსიანმა საკუთარი გადაწყვეტილების საქმის კურსში დღეს, მიხეილ მაჭავარიანი ჩააყენა და ის გეგმავს, რომ დავით ბაქრაძესაც შეხვდეს.
თუ რატომ მიდის უმცირესობიდან პეტროსიანი, მასთან ამის გარკვევას for.ge უშედეგოდ შეეცადა. მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და პარლამენტშიც არ იმყოფება. როგორც for.ge-ს მანდატურის სამსახურში განუცხადეს, პეტროსიანმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა და დარბაზი დატოვა.
სანამ პეტროსიანი საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს, მანამდე საპარლამენტო კულუარებში for.ge-ს განუცხადეს, რომ შესაძლოა, ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი „ახალ პოლიტიკურ ცენტრში“ გაწევრიანდეს.
წყაროს ინფორმაციით, პეტროსიანი შესაძლებელია, პალიკო კუბლაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი მელაძისა და გოგა ხაჩიძის გუნდში ვიხილოთ. შესაბამისად, მათ ფრაქციაშიც, თუმცა, ვინაიდან, რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციის შექმნისთვის ექვსი დეპუტატია საჭირო, ყოფილი ნაციონალები მმართველ გუნდში შემავალ ყოფილ ნაციონალებთან აქტიურ კონსულტაციებს მართავენ.
for.ge-ის ინფორმაციით, ფრაქციაში გაწევრიანების მიზნით, გიორგი მელაძემ ანზორ ბოლქვაძესთანაც გამართა კონსულტაციები, თუმცა, უშედეგოდ, რადგან ბოლქვაძემ მმართველ გუნდში დარჩენა და 2016 წლიდან პოლიტიკიდან წასვლა დაანონსა.
ბოლქვაძის გარდა, „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ წევრები გუნდში გაწევრიანების მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ - დავით ბეჟუაშვილთან და გარდაბანის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ფეიქრიშვილთან.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები კუბლაშვილმა, ჯაფარიძემ, მელაძემ და ხაჩიძემ საგაზაფხულო სესიაზე დატოვეს, საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად კი, პარტიაში დაგვიანებული რებრედინგი დაასახელეს.