„დასავლეთის „მწვანე შუქის“ ფონზე რუსეთის ჯარების გადასროლა, საქართველოსთვის სახიფათო არ იქნება“

„დასავლეთის „მწვანე შუქის“ ფონზე რუსეთის ჯარების გადასროლა, საქართველოსთვის სახიფათო არ იქნება“

"თუ დასავლეთის ქვეყნები საქართველოს იგნორირებას გააგრძელებენ, ევროკავშირსა და ნატო-ში მისი გაწევრიანების პროექტი შესაძლოა, ჩაიშალოს“, - აცხადებს, პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენელი, კონრად ზაშოვტი; რომლის ვარაუდით, პროდასავლურად განწყობილი ქართული ელიტა ქვეყნის რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქცევას არ დაუშვებს.

„ჩვენი რეგიონის სხვა სახელმწიფოები, მათ შორის სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი, კავკასიაში ევროკავშირისა და ნატო-ს აქტიურობას სკეპტიკურად უყურებენ. საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ბევრი მეგობარი არ ჰყავს, თუმცა, მისი ერთ-ერთი მოკავშირე პოლონეთია. უახლოეს მომავალში ნატოს საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას არ გაზრდის, თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში ალიანსის საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა“, - აცხადებს კონრად ზაშოვტი.

პოლონელი ექსპერტის პოზიციას არ იზიარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი აცხადებს, რომ აშშ-ს, ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობა არის ის მთავარი სირთულე, რომელიც საქართველოს ნატოში გაწვერიანების გზაზე აქვს.

ალიანსი ყველა დონეზე ადასტურებს საქართველოს პროგრესს და მეტიც, აცხადებენ, რომ საქართველო მზად არის გახდეს ნატოს წევრი, თუმცა, ამის მუხედავად, პოლონელი ექსპეტრი ამბობს, რომ თუ დასავლეთის ქვეყნები საქართველოს იგნორირებას გააგრძელებენ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პროექტი შესაძლოა, ჩაიშალოს. ბატონო რამაზ, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს პოზიციების იგნორირებას?

-ნატოში გაწევრიანების პროცესში ანგარიში გაეწევა არა მარტო იმას, საქართველო არის თუ არა მზად ან თანახმა - რაც უფრო საბაბს ჰგავს, ვიდრე მიზესს - არამედ იმას, რა სირთულეები შეხვდება ევროპის ქვეყენებს, თუ ნატო გაფართოვდა.

ვიცით, რომ ნატოს გაფართოების თემაზე მწვავე რეაქცია აქვს რუსეთს. ასე რომ, რეალურად აშშ-ს, ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობა არის ის სირთულე, რომელიც დგას ჩვენი ნატოში გაწვერიანების გზაზე.

სხვა სირთულეები პრაქტიკულად, არ არსებობს. რეალურად, უფრო საერთაშორისო კლიმატის პრობლემა დგას.

ზაშოტის განცხადებით, თუ დასავლეთის ქვეყნები საქართველოს იგნორირებას გააგრძელებენ, საქართველო ევროკავშირის, ნატო-სა და რუსეთს შორის სტრატეგიულ ვაკუუმში აღმოჩნდება და 90-იანი წლების შიდა პოლიტიკურ დესტაბილიზაციას დაუბრუნდება...

-ნუ ვიქნებით დარწმუნებული, რომ უცვლელი იქნება ის სივრცე, რომელიც დღეს შექმნილია საერთაშორისო ურთიერთობებში. დღევანდელ ვითარებაში რამდენიმე ფაქტორი არსებობს საიმისოდ, რომ შეიცვალოს დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობა.

ამ ვითარებაში ერთ-ერთი გადამწვეტია უკრაინის ფაქტორი. ასევე, გადამწყვეტ როლს ასრულებს ევროპული ქვეყნების სანქციები, რომელიც რუსეთს დაუწესეს. როგორ აისახება ეს ყველაფერი დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობაზე, ანუ რუსეთი უფრო გაამძაფრებს ურთიერთობას, თუ უფრო დამთმობი გახდება - საბოლოო ჯამში, ამაზეა დამოკიდებული საქართველოს ბედი.

დასავლეთის სანქციების ფონზე, შეიძლება რუსეთი დამთმობი გახდეს?

-გააჩნია, რამდენად გაუჭირდება - რუსეთის ეკონომიკურ პოტენციალზე არ გვაქვს კარგად დამუშავებული ინფორმაცია. ფაქტია, რომ რუსეთის ეკონომიკას ბევრი მიმართულებით აქვს გასაჭირი; საბოლოო ჯამში, ძნელია პროგნოზის გაკეთება - ქართულ ექსპერტულ სივრცეში არ გვაქვს მკაფიო პროგნოზი იმაზე, გააგრძელებს თუ არა სანქციებს დასავლეთი.

თუმცა, მხოლოდ სანქციები არ არის ის თემა, რომელიც გავლენას იქონიებს რუსეთის აგრესიაზე. მნიშვნელოვანია ენერგომატარებლების ფასები. აი, ამ ყველაფრის ერთიანი გააზრება გვჭირდება ჩვენ დღეს. ვინაიდან, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ამბიციები, ტერიტორიული მთლიანობა და ბლოკებში გაერთიანება ამ საკითხზე იქნება დამოკიდებული.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი რაზეც ექსპერტი საუბრობს, ეს არის კონფლიქტების გაღვივება. მისი თქმით, უახლოეს მომავალში საქართველო-რუსეთს შორის ახალი კონფლიქტის დაწყება მოსალოდნელი არ არის, თუმცა თვლის, რომ მოსკოვი დესტაბილიზაციას მომავალშიც შეეცდება და შესაძლოა, სამცხე-ჯავახეთსა და პანკისის ხეობაში სეპარატისტული ჯგუფების დახმარება დაიწყოს...

-საბაბი თუ დასჭირდა, გააკეთებს; მაგრამ ჯერჯერობით სიტუაცია ისე მიდის და ეს ნაწილობრივ, ქართული მხარის დამსახურებაა - რუსეთის პოლიტიკაში არ ჩანს მისწრაფება იმისკენ, რომ დაარტყამს საქართველოს. ესეც იმ თემის ნაწილია, გრძნობს თუ არა რუსეთი თავს ღონივრად - ვთვლი, რომ რუსეთი იმდენად ძლიერად არ გრძნობს თავს, ახალი მიზეზით წავიდეს კონფლიქტზე.

რუსეთის ინტერესი დღეს მიმართულია სამხრეთით მიმდინარე პროცესების მიმართ. თუ მან გადაწყვიტა სირიაში შეიარაღებული ძალების გადასროლა, დასჭირდება გზა, ამ გზისთვის კი საქართველოს თემა ისევ ამოტივტივდება - ეს უკვე რუსული პოლიტიკის სულ სხვა განზომილებაა.

ეს ის განზომილებაა, რომელშიც რუსეთმა შეიძლება, დასავლეთთან საერთო იპოვოს. თუ რუსეთის ეს მოძრაობა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული, ამ შემთხვევაში დასავლეთმა შეიძლება ხელი შეუწყოს საქართველოს გავლით სირიაში სამხედრო შენაერთების გადასროლას.

მაგრამ, საქართველოს გავლით რუსული სამხედრო ძალების გადასროლა რამდენად შედის დასავლეთის ინტერესში?

-თუ დასავლეთმა მწვანე შუქი აუნთო, მას მოუწევს პრევენციული ზომების მიღება, რომ ასეთმა ნაბიჯმა რაიმე შესაძლო გართულება არ გამოიწვიოს იმ რეგიონებში, სადაც რუსეთი ჯარს გაატარებს.

თუ დასავლეთის მწვანე შუქის ფონზე მოხდა რუსეთის ჯარების გადასროლა, მიმაჩნია რომ ეს საქართველოსთვის სახიფათო არ იქნება.