დატოვებს თუ არა პარტია „ქართული ოცნება“ კოალიციას, ამის შესახებ უფრო მეტს გარეშე ძალები მსჯელობენ, ვიდრე თავად კოალიციის სუბიექტები. ვერსია, რომ „ქართული ოცნება“ კოალიციას ტოვებს და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, სულ ახლახანს ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა გაახმოვანა. მანვე განმარტა, რომ „ოცნებაში“ ახლა უკვე იმაზე მსჯელობენ, ვინ იქნება მათი საარჩევნო სიის პირველი ნომერი.
რაც შეეხება კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს, ყოფილი დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მათგან გარკვეული პიროვნებები შესაძლოა გაწევრიანდნენ „ქართულ ოცნებაში“.
ექსპერტ ვაჟა ბერიძეს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პერსპექტივებზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია, რამდენადაც შესაბამისი წინაპირობები ამ თემაზე და საფიქრებლად არც საზოგადოებას აქვს და არც ამ კოალიციის მოქმედ სუბიექტებს მიუციათ ამის საბაბი. თუმცა ექსპერტი ადასტურებს, რომ კოალიცია სერიოზული პრობლემების წინაშეა და სირთულეები როგორც ეკონომიკური ხასიათისაა (ანუ მწვავედ დგას ლარის დევალვაცია და სხვა), ისე პრობლემაა თვითონ კოალიციის სუბიექტებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით.
For.ge-სთან საუბარში ვაჟა ბერიძე განმარტავს, რომ უნდა ვაღიაროთ, ერთიან პოლიტიკურ კოალიციად „ქართული ოცნება“ არ ჩამოყალიბებულა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებშიც გაიმარჯვა, მთავრობაც დააკომპლექტა და რამდენიმე წელია, მართავს ქვეყანას. ამ კოალიციის შექმნასა და კოალიციის საქმიანობაში არანაირი კოალიციური რეჟიმი არ მოქმედებს, არანაირი დღის წესრიგი არ არსებობს საკითხების მომზადების, გადაწყვეტილებების მიღების თუ რეალიზაციის პროცესში. უბრალოდ, არის დაუწერელი შეთანხმება მთავარ სუბიექტებს შორის, მთავარი სუბიექტი კი, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ და, მეორე მხრივ, „რესპუბლიკელები“. სხვა სუბიექტები, იგივე „ეროვნული ფორუმი“, ან „მრეწველები“ პოლიტიკური და მნიშვნელოვანი საკითხების წამოყენება-გადაწყვეტაში არანაირ როლს არ ასრულებენ.
ექსპერტის თქმით, „რესპუბლიკელები“ ნაცადი პოლიტიკოსები არიან და დასავლელი პარტნიორების ცალსახა მხარდაჭერით სარგებლობენ, პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართულიოცნება“ კი ივანიშვილის მხარდამჭერი საზოგადოების თანადგომას ეყრდნობა. ამდენად, კოალიციის ყოფნა-არყოფნა „რესპუბლიკელებისა“ და ივანიშვილის ალიანსის გაგრძელების საკითხია.
„რეიტინგის თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ მდგომარეობა მაინც და მაინც, სახარბიელო არ არის. ბოლო პერიოდში მისი მხარდაჭერა შემცირდა და ვფიქრობ, ამომრჩეველთა 50 %-იან ნიშნულს უკვე ჩამოსცდა ეს მხარდაჭერა. ყველა სხვა სუბიექტს ხელს აძლევს კოალიციის ჩარჩოებში დარჩენა, რადგან მომავალ არჩევნებში, მიუხედავად სერიოზული პრობლემებისა, ამ კოალიციას მაინც აქვს გამარჯვების შანსი. თუმცა შესაძლოა, ამომრჩევლის ნახევარზე მეტი ვერ მიიმხროს საარჩევნო პროცესში. აქ საინტერესო ისაა, როგორ მოხერხდება ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრეებისა და „რესპუბლიკელების“ ერთიანობა. ამ დრომდე ისინი ერთმანეთს საჭიროებდნენ, „რესპუბლიკელებს“ არ ჰქონდათ ამომრჩევლის მხარდაჭერა, ხოლო „ოცნების“ გუნდს არ ჰქონდა დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა. დაახლოებით ერთ წელიწადში ისინი ისევ უნდა წარდგნენ ამომრჩევლის წინაშე, ამომრჩეველი ნაკლებად ითვალისწინებს, რომ „ოცნების“ პოლიტიკურ ბირთვს სჭირდება პოზიციების გამყარება დასავლეთში და „რესპუბლიკელებთან“ ურთიერთობა ამისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამიტომ მგონია, რომ „ოცნების“ ფაქტობრივი ლიდერის - ივანიშვილისა და „რესპუბლიკელი“ პოლიტიკოსების პრაგმატიზმი გადასძალავს და ისინი არჩევნებზე მაინც ერთად გავლენ. ასე რომ, ეს კოალიციაც, ალბათ, არჩევნებამდე არ დაიშლება“,-ასეთია ვაჟა ბერიძის მოსაზრება.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძნელია ვერსიაზე საუბარი, დატოვებს თუ არა პარტია „ქართული ოცნება“ კოალიციას. თუ ასეთი რამ მოხდება, „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი შანსი ექნება და იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი დიდია საქართველოში, ეს ავტორიტეტი ამ პარტიას ბევრით დაეხმარება.
იყვნენ თუ არა დანარჩენი პარტიები ხელშემშლელნი, ამ კითხვის საპასუხოდ რამაზ საყვარელიძე აცხადებს, „თავის დროზე მეც მიჩნდებოდა ეგ კითხვა, რისთვის სჭირდებოდა ივანიშვილს ამ პარტიების მიხმარება? ფაქტია, რომ ყველა პარტია მარტო ივანიშვილის ავტორიტეტით გავიდა. შეიძლება, ნაკლები ეფექტურობით, მაგრამ იგივე მექანიზმი ამუშავდება ახლაც, ანუ - ივანიშვილის ავტორიტეტი.
ალბათ, დასაწყისში ივანიშვილს ჰქონდა იმის პრობლემა, დაერწმუნებინა სხვა ქვეყნები თავის დასავლურ ორიენტაციაში და ამიტომაც გვერდით და იყენა დასავლური პარტიები, დღეს კი ეს პრობლემა ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს, რადგან საკმაოდ ცხადია მისი დასავლური ორიენტაცია. ამიტომ, თუკი სირთულე გაჩნდა პარტებს შორის, გამორიცხული არ არის, პარტია „ქართული ოცნება“ კოალიციას გამოეყოს“,-აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ, მთლიანობაში, ეს კოალიცია საქართველოსთვის ნეგატიური მოვლენაა და ცალ-ცალკე იქნებიან თუ ერთად, მნიშვნელობა არ აქვს.
„ეს არის უბედურება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის შანსის მოცემის დროს დაემართა“,-აცხადებს დავით დარჩიაშვილი For.ge-სთან საუბარში.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანი მიროტაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომელიც ვალერი გელბახიანმა გაავრცელა, მისთვის ცნობილი არ არის და არც ერთ დონეზე, არასოდეს მსგავს საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ამ კოალიციის დამფუძნებლები ვართ, მინიმუმ, სხვაზე ადრე ჩვენ მაინც უნდა გვცოდნოდა, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ კოალიციის შესაძლო დატოვების შესახებ. უფრო მეტიც, კოალიციიდან გასვლის შესახებ კოალიციის სუბიექტებმა საქმის კურსში უნდა ჩააყენონ პარტნიორი ორგანიზაციები. ამიტომ ძალთა გადანაწილებაზე საუბარი არა თუ ნაადრევია, არამედ საუბარიც არ არის.
როგორ გადავწყვეტთ სამომავლოდ ერთმანეთთან ურთიერთობას, ამაზე ისევ ჩვენ უნდამივიღოთ გადაწყვეტილება. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ამ ეტაპამდე ვახერხებდით საერთო აზრზე ყოფნას. არ არის რაღაც ფუნდამენტური სხვაობა ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით.
ცოცხალი და ჯანსაღი პროცესია, რომ კოალიციაში არსებობს განსხვავებული აზრი, მაგრამ კოალიცია ერთიანია. თუ როგორ გადანაწილდება პოლიტიკური ძალები საარჩევნოდ, ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია. ჯერ ეს პროცესი არ დაწყებულა. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით“,-აცხადებს ანი მიროტაძე.