"გთხოვთ, ეს პროვოკატორი მოვაშოროთ" - პრემიერმა შს მინისტრს დავალება მისცა

პრემიერ-მინსიტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ერთი კვირის განმავლობაში, რთველთან დაკავშირებით, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო.

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, უკვე მესამე წელია, რაც მთავრობა უპრეცენდენტოდ წარმატებულ რთველს ატარებს.

"ყველას მინდა შევახსენო, რომ ამის ნახევარი ინტერესიც არ ყოფილა წინა მთავრობის დროს. რომელი მთავრობა ახსოვს რომელიმე ადამიანს, რომელმაც დაპირებული მილიარდი ლარის ინვესტიცია განახორციელა?! სოფლის მეურნეობის დარგში დღემდე ერთ მილიარდ ლარამდე ინვესტიციაა ჩადებული. უკვე მესამე წელია, წარმატებით ვახორციელებთ უფასო ხვნა-თესვის პროგრამას. ასევე, მესამე წელია, წარმატებით გრძელდება აგროსესხების პროგრამა. წარმატებული რთველის შედეგად, კახეთის რეგიონში 290 მილიონი ლარი შევიდა. ეს თანხა გლეხების და ფერმერების ოჯახშია შესული. აქედან, დაახლოებით, 100 მილიონი ლარი იყო სუბსიდირება, რაც სახელმწიფომ გაიღო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ორი წლის წინ თეთრ ყურძენზე თანხა 35 თეთრი, ხოლო წითელ ყურძენზე 15 თეთრი იყო და წელსაც იგივე ფასებია. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის მხრიდან არაფერი შეცლვილა.

პრემიერმა ღვინის კომპანიების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ღვინის მარაგი აქვთ, რომელსაც პრაქტიკულად ვერ ყიდიან. ამის მიზეზად კი, პრემიერმა ექსპორტის 60%-იანი კლება დაასახელა. ღარიბაშვილმა პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებებზეც ისაუბრა.

"მინდა მივმართო პოლიტიკსოებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ იყვნენ პოლიტიკოსები. მათი ასეთი პროვოკაციული ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიამრთული. ვიცი, რომ ერთ-ერთი დეპუტატი, გვარად ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი პირდაპირ მიუთითებდა ღვინის კომპანიებს, არ ჩაიბარონ ყურძენი მაღალ ფასად. მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს და მღებრიშვილს - გთხოვთ, მაქსიმალურად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, რომ მოსახლეობას ყურძნის ჩაბარებაში პრობლემა არ შეექმნას. ეს პროვოკატორი მოვაშოროთ. ადგილზე თუ ვინმე პროვოკაციით შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, თქვენ კანონის ფარგლებში იმოქმედეთ. დღეს ისეთი დისკრედიტირებული ორგანიზაცია, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა", 20-30 კაცის მეშვეობით პროვოკაციული მეთოდებით რთველის ძალიან პოზიტიური სურათის გაფუჭებას აპირებს. მე მესმის იმ გლეხების, რომლებსაც ინფორმაცია არ აქვთ და მათი შეცდომაში შეყვანა ხდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ოთარ დანელიას მიმართა, რომ მოსახლეობისთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაცია წარმოედგინა.