მსოფლიოს გადანაწილების მცდელობა და ევრო-კავკასიური პრობლემა (წერილი პირველი)

მსოფლიოს გადანაწილების მცდელობა და ევრო-კავკასიური პრობლემა (წერილი პირველი)

უკრაინაში განვითარებული მოვლენები ადასტურებენ, რომ დედამიწის ყველაზე მგრძნობიარე რეგიონში - ევროპაში - შეიარაღებული დაპირისპირება ხანგრძლივდება და სულ უფრო შეურიგებელი ხდება. ქვეყნები და პოლიტიკური ძალები თანდათან დგებიან ბარიერის ორივე მხარეს და გრძელვადიანი წინააღმდეგობისათვის ემზადებიან. ისტორიის ჩარხი თითქოს უკუღმა დატრიალდა და მსოფლიოს კვლავ სამხედრო-პოლიტიკური გახლეჩა ემუქრება. ევროპულ დაპირისპირებას ისტორიულად კიდევ ერთი ნიშანი სდევს თან: იგი, ჩვეულებრივ, თავს უყრის და კონცენტრირებულ სახეს აძლევს ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან უთანხმოებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჩამოყალიბებული ფორმით გვთავაზობს მათ. არსებული მდგომარეობით უკმაყოფილო გავლენიანი ძალები ამ დროს დაუფარავად გამოდიან ხოლმე გლობალურ სცენაზე და გარკვეული ლოგიკით ჯგუფდებიან.

ასე რომ, უნდა ველოდოთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში წარმოქმნილი კონფლიქტის დაკავშირებას დიდ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან, ისლამურ რადიკალიზმის სხვადასხვა სახესთან და ა.შ. საქართველო კი ამ დაპირისპირებათა ცენტრიდან დიდად დაშორებული არ არის. ტექტონიკური ძვრების ერთ-ერთი პირველი შემაშფოთებელი ნიშანიც ხომ სწორედ საქართველოსთან აღმოჩნდა დაკავშირებული და მის ტერიტორიაზე განვითარდა (2008 წლის ომი). ეს „ნიშანი“ ჩვენ ძალზე ძვირად დაგვიჯდა. მოვალენი ვართ ამჯერად მაინც მოვიქცეთ ვითარების ადეკვატურად, რაც შექმნილი სიტუაციის მართებული გააზრების გარეშე შეუძლებელი გახდება. სასურველია ეს მანამდე მოხდეს, ვიდრე მოვლენათა მდინარება საშუალებას გვაძლევს რაღაც გავლენა მაინც ვიქონიოთ შექმნილ ვითარებაზე. მარტოოდენ ხელისუფლების (როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის) იმედად ვერ დავრჩებით, ვინაიდან ქვეყნის მომავალი თითოეული მოქალაქის შეგნებულ არჩევანსა და მტკიცე ნებაზე გადის. ბოლო მეოთხედი საუკუნე კი სამწუხარო მაგალითია იმისა, თუ როგორ კატასტროფულად ვკარგავთ მანევრის თავისუფლებას და ზემოქმედების უნარს ისეთ სასიცოცხლო პროცესზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა. შექმნილი მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მთლიანად ხელისუფლებას გადავაბარეთ და იგი სადისკუსიო საგანიც კი აღარ არის.

რუსეთი და მისი პრეტენზიები

უკანასკნელ ათწლეულში განვითარებული პროცესები გვიჩვენებენ, რომ რუსეთი წარმოადგენს ძალას, რომელიც უკიდურესად უკმაყოფილოა სადღეისოდ მოქმედი მსოფლიო წესრიგით და დაბეჯითებით ესწრაფვის მის შეცვლას. პრეტენზიები უპირველესად პოსტსაბჭოთა სივრცეს ეხება, თუმცა თვით ამ სივრცის შიგნით არის ამ ქვეყნისათვის განსაკუთრებით მგრძნობიარე რეგიონები (კავკასია, უკრაინა), რომელთა დათმობასაც იგი არავითარ შემთხვევაში არ აპირებს, ცივი და თუნდაც ცხელი ომის ფასად. ასეთია რუსეთის მმართველი წრეების პრინციპული პოზიცია. იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად მართლზომიერია მათი მოთხოვნები ანდა რა ისტორიული, სამართლებრივი, სამხედრო-სტრატეგიული, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის ფაქტორები განაპირობებენ ამ ვითარებას, მათზე მითითება არ ცვლის თავად ფაქტს. რუსეთმა უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები შექმნილი სისტემის შესარყევად. საქართველოსა და უკრაინაში დატრიალებული მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპულ წონასწორობასა და მშვიდობას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი აღმოჩნდა პრელუდია და მოდელი 2014-15 წლებში უკრაინაში განვითარებული პროცესებისათვის. ჩვენ ქვემოთ რამდენჯერმე მივმართავთ მათ კონტრასტულ შედარებას. ამის საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ გენეტიკურ-ტიპოლოგიური მსგავსება, არამედ რეგიონულ-გეოგრაფიული სიახლოვეც. ურთიერთშედარებისას ეს პროცესები მოულოდნელ და გააზრებისათვის პროდუქტიულ შუქს ჰფენენ ერთმანეთს. მიგვითითებენ რა იმ სიღრმისეულ ფაქტორებზე, რომელთაც დიდი როლი ითამაშეს საქართველოს, უკრაინის, კავკასიისა და ევროპის ისტორიაში.

ჩვენთვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ამგვარი მიდგომა დაგვეხმარება 2008 წლის ომის სწორ შეფასებაში. მისი ანალიზის დროს გამოვყოფთ ისეთ კომპონენტებს, რომელთაც დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, ჯეროვანი ყურადღება არ ექცეოდათ. სწორედ ამგვარი წინასწარი სამუშაოს ჩატარების შემდეგ შეიძლება საკითხის უფრო ფართოდ დასმა და იმის გარკვევა, თუ რამდენად შეუძლია რუსეთს მისთვის მომგებიანი გლობალური პროცესების გამოწვევა და მათი წარმატებით წარმართვა იმ ხერხებისა და მეთოდების საშუალებით, რაც მან საქართველოსა და უკრაინაში უკვე გამოიყენა. რა ძალები შეიძლება იყოს რუსეთის მომხრე ან მოწინააღმდეგე მის მიერ არჩეულ სახიფათო გზაზე და როგორი უნდა იყოს ჩვენი სტრატეგია ისტორიის ამ რთულ მონაკვეთზე.

რასაკვირველია სრულმასშტაბიანი კვლევის ჩატარება ჩვენს ძალებს აღემატება, თუმცა ცალკეული, მეტ-ნაკლებად საფუძვლიანი და მოტივირებული მოსაზრებების გამოთქმა შესაძლებელია და საჭიროც არის.

პირველი, რაც ამ მიმართებით უნდა ითქვას ის გახლავთ, რომ შექმნილი ვითარება არ არის უნიკალური და ტიპიურიც კია. მოქმედი საერთაშორისო წესრიგით ვიღაც ყოველთვის უკმაყოფილოა. ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი, თუნდაც მეტ-ნაკლებად მოტივირებული და მწვავე ფორმით გამოხატული პრეტენზია აუცილებლად გახდება საერთაშორისო სისტემის გადახედვის (და მით უფრო მისი ძირეული შეცვლის), საფუძველი. აქ რუსეთის პრეტენზიები კი არ არის გადამწყვეტი, არამედ მსოფლიო თანამეგობრობის პოზიცია, კერძოდ ის, თუ რამდენად არის მსოფლიო საზოგადოება მზად დააკმაყოფილოს ან, პირიქით, გადაჭრით უარყოს რუსეთის ეს წამოწყება. თანაც აქ იგულისხმება არა განცხადებები და დიპლომატიური დემარშები (იმის მსგავსი, რაც ვლადიმერ პუტინს ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში მოუწყეს), არამედ პოლიტიკურ ქმედებები, რომლებიც გონივრულ დროით ვადაში რეალურად აღკვეთს რუსეთის პრეტენზიებს, ან არსებული მსოფლიო სისტემის გავლენიანი წევრებისათვის მისაღებ ფორმას მისცემს მას. დღევანდელი საკმაოდ მოუხერხებელი და არაადეკვატური პოლიტიკური ჟარგონი რომ მოვიშველიოთ, საჭიროა გაირკვეს ვინ რისი „გადამხდელია“ საკუთარი პოზიციების დასაუფლებლად ან მის შესანარჩუნებლად.

ცხადია, ჩვენი მსჯელობა არანაირად არ აკნინებს საერთაშორისო განცხადებების, ნოტებისა და დემარშების მნიშვნელობას. პირიქით, ისინი ძალზე საჭირო და სასარგებლოა. უფრო მეტიც, პერსპექტივაში (საშუალოსა ან შორეულში), ხსენებული დიპლომატიური არსენალის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ექნება. აი დღევანდელი რუსეთის თვალში კი მათ დიდი ფასი არა აქვთ. ამ ქვეყნის ისეთი პოლიტიკური ინსტიტუტიც კი, როგორიც არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, არ ერიდება სარკაზმს, უხეშობას და ღვარძლიან გამოთქმებს ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით. აგრესიული რიტორიკა და ფაქტების უარყოფა-დამახინჯება (მაგალითად მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით), ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბად იქცა. მოკლედ, ამ ეტაპზე რუსეთმა პოლიტიკურ ზრდილობასთან ანგარიში სრულად გაასწორა და ამ თვალსაზრისით საბჭოთა კავშირსაც კი გადაასწრო.

მეორე ბერკეტი, რაც უკვე აამოქმედეს რუსეთის დასაშოშმინებლად, ეკონომიკურია: სხვადსხვა სახის სანქციები, აგრეთვე გაზსა და ნავთობზე მსოფლიო ფასების მკვეთრი და მეტ-ნაკლებად შეუქცევადი ვარდნა. ეს ზემოქმედების ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა დროში გაწელილი. მინიმუმ, ბოლო ნახევარი წლის მანძილზე რუსეთის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ გარემოებამ რამდენადმე მაინც შეანელა მისი აგრესია უკრაინაში. მოსკოვი ცდილობს თავისი რევიზიონისტული მიზნებისათვის (იგულისხმება მსოფლიო წესრიგის ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა), გამოიყენოს ეკონომიკური სირთულეები და არცთუ წარუმატებლად ახერხებს რუსეთის მოქალაქეთა მობილიზებას მტრის ხატის გამოყენებით.

კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც დასავლეთი მიმართავს რუსეთის აგრესიის მოსათოკად, ეს არის მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ამ ქვეყნის ინტეგრაცია. ხსენებული მიზნის მიღწევას დასავლეთმა ათეულ წელზე მეტი მოანდომა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით ნაყოფიერად მოქმედებდა ევროკავშირი. იგი რუსეთის მართლაც რომ ღირებული პარტნიორი გახდა (ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 500 მილიარდი დოლარი შეადგინა წელიწადში). თუმცა, მოვიდა დრო, როცა მოსკოვმა მიიღო გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური სივრცეების კონტროლის თაობაზე. ამის შემდეგ მან უკვე აღარ დაიხია უკან დასავლეთთან (კერძოდ - ევროპასთან) დაპირისპირების წინაშეც. ამჯერად რუსეთი ცდილობს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ეს გარემოება და ევროპას ხშირად ახსენებს იმ ზარალს, რაც მას მოუვა რუსეთთან შეუქცევადი კონფლიქტის შემთხვევაში. უნდა აღინიშნოს, რომ ანტირუსულმა ეკონომიკურმა სანქციებმა გაცილებით უფრო დიდი ზიანი მიაყენა ევროპულ ბიზნესს, ვიდრე ამერიკულს, ვინაიდან ბოლო ათწლეულის მანძილზე ევროპის საქმიანი წრეების ორიენტაცია რუსეთზე სრულიად გამოკვეთილ ხასიათს ატარებდა.

ამ თვალსაზრისით დამახასიათებელია რუსეთის ოფიციალური წრეების და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განწყობის მკვეთრი ცვლილება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის მიმართ. კონფლიქტის დასაწყისისდროინდელი, პატივისცემითა და იმედით აღსავსე ტონი (იხ. ვლადიმერ პუტინის გამოსვლა სახელმწიფო დუმაში, როდესაც მას ჰქონდა მცდელობა ამ დესტრუქციული ფაქტისათვის ისტორიულ-სამართლებრივი საფუძვლის გამოძებნისა), სადღეისოდ მთლიანად შეცვლილია. ახლა ანგელა მერკელს რუსული მედია „ქალბატონ ამერიკელ კანცლერინას“ უწოდებს.

ერთი სიტყვით, ეკონომიკური არგუმენტების დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, მინიმუმ მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში რუსეთი, დიდი ალბათობით, აქტიურად აპირებს მოქმედებას საკუთარი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად და გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ საერთაშორისო პრესტიჟის ან ეკონომიკური ზემოქმედების თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტორების ამოქმედება საკმარისი აღმოჩნდება მისი პრეტენზიების წარმატებით გასანეიტრალებლად. უფრო მეტიც, სრული უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც, (3-5 წელი), მხოლოდ აღნიშნული საშუალებები არ იქნება საკმარისი ამ ქვეყნის აგრესიული ქმედებების შესაჩერებლად და უკვე სახეზე მყოფი მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური, სტრატეგიული და ადამიანური შედეგების სალიკვიდაციოდ (კავკასიაში, ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინაში და სხვაგან). ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ მოგვიწევს სამხედრო, სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გულდასმითი ანალიზი, რათა მეტ-ნაკლები სისრულით წარმოვიდგინოთ ის გამოწვევები, საფრთხეები და შესაძლებლობები, რაც ამ ხნის მანძილზე გველოდება. ვფიქრობთ, რომ იმ რეგიონისათვის, სადაც საქართველო მდებარეობს, მოკლევადიან პერსპექტივაში სწორედ გეოპოლიტიკურ ფაქტორებს ექნებათ დიდი მნიშვნელობა. ზემოთქმულის გათვალისწინებით ამჯერად ძირითად ყურადღებას სწორედ მათ განხილვას დავუთმობთ.

პოლიტიკური ღირებულებები და სტრატეგიები

თავდაპირველად შევეხებით ერთ საკითხს, რომლის ნათელყოფაც საჭიროდ მიგვაჩნია. რატომ აღმოვჩნდით შექმნილ ვითარებაში და რატომ არ ესმით ასე უიმედოდ ერთმანეთისა კონფლიქტში მონაწილე მხარეებს? შექმნილი მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკურ ღირებულებათა განსხვავებასა და, აქედან გამომდინარე, სტრატეგიული დაგეგმვის განსხვავებულ ტიპში უნდა ვეძიოთ.

დასავლეთი ცდილობს პოლიტიკური ქმედებების დროს მაქსიმალურად შეამციროს წინააღმდეგობა თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის (ეს დაპირისპირება რეალურად არსებობს და საეჭვოა, რომ ოდესმე უმტკივნეულოდ გადაილახოს). აქედან გამომდინარე, დასავლურ პოლიტიკურ ღირებულებებში ეს ორი მოცემულობა (თავისუფლება და უსაფრთხოება), ტოლძალოვანი და ტოლპირველადია, სხვადასხვა კონკრეტული მოდიფიკაციით. (90-იანმა წლებმა თავისუფლების უეჭველი პრიმატის ნიშნით ჩაიარა, რასაც ასე დაბეჯითებით 2000-იან წლებზე ვერ ვიტყვით, თუმცა დასავლეთს ღირებულებითი ორიენტაცია პრინციპულად არ შეუცვლია).

რუსეთში ამ თვალსაზრისით საპირისპირო ვითარებაა. აქ უსაფრთხოებას, სახელმწიფოებრივ ინტერესებს მკვეთრი და აშკარა პრიორიტეტი გააჩნია ინდივიდისა და საზოგადოებრივი თავისუფლების ღირებულებებთან შედარებით. ეს ფუნდამენტური განსხვავება მრავალ შედეგს განაპირობებს: პოლიტიკურს, ეკონომიკურს, საზოგადოებრივს, კულტურულსა და ა.შ. რუსული სახელმწიფო ჯეროვანი ზომით არ უფრთხილდება საკუთარი მოქალაქის სიცოცხლეს, კულტურულ და ანთროპოლოგიურ ღირებულებებს (ნაპოლეონთან ომის დროს რუსებმა თავად გადაწვეს საკუთარი პირველი სატახტო ქალაქი და იმპერატორთა კურთხევის წმინდა ალაგი - მოსკოვი. ნაპოლეონმა კი მაშინვე გამოაცხადა კაპიტულაცია, როგორც კი გაიგო, რომ მოკავშირეები პარიზს მიადგნენ. იტალიაში საომარი მოქმედებების დროს ნაცისტებმა რომი ღია ქალაქად გამოაცხადეს. საბჭოთა ხელმძღვანელობას არაფერი მსგავსი არ მოსვლია თავში ლენინგრადის მიმართ და არც ბლოკადაში მოქცეული იქაური მოსახლეობის ბედი აწუხებდა მაინცდამაინც). ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ რუსეთში პოლიტიკურ დაგეგმვას საფუძვლად უდევს სამხედრო-სტრატეგიული კომპონენტის უპირობო და უმოწყალო დომინირება მის ეკონომიკურ-ანთროპოლოგიურ შემადგენელზე.

დასავლეთის დაგეგმვის პრინციპები რუსულისგან ძირეულად განსხვავდება. ომი, სიხლისღვრა, მოსალოდნელი მატერიალური ზარალი და ძირეული ჰუმანიტარული რყევები დასავლეთს ძალზე მგრძნობიარეს ხდის დაგეგმვის სწორედ იმ კომპონენტების მიმართ, რომელთა მისამართითაც რუსეთი თითქმის სრულად შეუვალია. ამიტომაც შეიარაღებულ დაპირისპირებაში უშუალო ჩართვა დასავლეთისათვის უფრო იძულებითი, უკანასკნელი საშუალებაა. ამგვარი ნაბიჯის გადადგმა უსერიოზულეს მომზადებას და მრავალჯერ აწონ-დაწონვას ითხოვს. რა თქმა უნდა, დასავლეთიც შეიძლება დააყენო უკიდურესი მოქმედებების უალტერნატივო აუცილებლობის წინაშე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები 1941 წლის დეკემბერში, ან 2001 წლის სექტემბერში, თუმცა ამგვარი ფორს-მაჟორული სიტუაციები გამონაკლისია და უფრო - მოქმედების ტრადიციული წესის განმამტკიცებელი.

მოკლედ რომ ვთქვათ, დასავლეთისთვის ყველას და ყველაფერს თავისი ფასი აქვს. რუსეთის შემთხვევაში კი გეოპოლიტიკური მოგება და სტრატეგიული იღბალი თითქმის ყველაფერს გადასწონის. ორივე ამ მიდგომას გააჩნია თავისი ძლიერი და სუსტი, დადებითი და უარყოფითი მხარეები. ყოველ ისტორიულ ვითარებაში ეს მიდგომები სხვადასხვა ეფექტს იძლევა, სხვადასხვა ძალითა და ტემპით მოქმედებს და მატერიალური, სულიერი და ადამიანური რესურსის განსხვავებული მობილიზაციის უნარს ამჟღავნებს.

08.08.08 - გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილების წესის მოდელირება

ვითარებაში უკეთ გასარკვევად საჭიროდ მიგვაჩნია ზოგი ისტორიული პარალელის მოხმობა. XX საუკუნის 30-იან წლების მსოფლიოში შექმნილი ძალისმიერი წონასწორობა, რომლის საფუძველიც იყო ვერსალის ზავი და მისი შესაბამისი პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა, სერიოზულ შინაგან რყევებს განიცდიდა. არსებობდა მინიმუმ სამი ქვეყანა (გერმანია, საბჭოთა კავშირი და იაპონია), რომელთაც ამ სისტემის დანგრევა ან, სულ მცირე, პრინციპული რეკონსტრუქცია მაინც სურდათ. დასავლეთი, ცხადია, ხედავდა, რომ ვერსალის სისტემის სიმტკიცისათვის საჭირო იყო ევროპის ცენტრში მყოფი დიდი სახელმწიფოს - გერმანიის, ჩართვა ახალ მსოფლიო სისტემაში ისე, რომ ამ უკანასკნელის სტრუქტურული მახასიათებლები პრინციპულად არ შეცვლილიყო. 20-იან წლებში ვაიმარის რესპუბლიკას სწორედ ამგვარი პოლიტიკა ჰქონდა (ლოკარნოს, დაუესის და სხვა მსგავსი ხელშეკრულებების შემდეგ), მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და გერმანიის შიდაპოლიტიკური განვითარების ფონზე,1933 წელს, ამ ქვეყანაში მოვიდა ხელისუფლება, რომელმაც ვერსალის ხელშეკრულების პრინციპული შეცვლა მოითხოვა. და, რაც მთავარია, წამოაყენა ტერიტორიული პრეტენზიები, რომლებიც მთლიანად არღვევდნენ პარიზში მიღწეულ შეთანხმებებს. მიუხედავად იმისა, რომ ვერსალის ხელშეკრულების ძირითადმა გარანტორმა ქვეყნებმა (ინგლისისა და საფრანგეთის იმპერიები, აგრეთვე მათ უკან მდგარი ამერიკის შეერთებული შტატები), სცადეს გერმანიის ხელისუფლებასთან მორიგება ამ საკითხშიც (ავსტრიის ანშლუსი და მიუნხენის ზავი), საბოლოოდ მაინც აღმოჩნდა, რომ ვერსალის ხელშეკრულების მშვიდობიანი გადახედვა შეუძლებელია და დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.

სადღეისოდ რუსეთი გეოპოლიტიკურად სწორედ მაშინდელი გერმანიის ანალოგიური პრეტენზიებით გამოდის. ცივი ომის შედეგების გადახედვას იგი სწორედ ტერიტორიული პრეტენზიების ფონზე აპირებს. ამ ტიპის პირველი, არაკლასიკური მცდელობა რუსეთს კავკასიაში, საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჰქონდა. არაკლასიკური იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ლაპარაკი სეპარატისტული ტერიტორიების პირდაპირ მიერთებაზე არ ყოფილა (თუმცა ამ წამოწყების საბოლოო მიზანი უეჭველად მათი შეუქცევადი ინკორპორაციაა). უნდა ითქვას, რომ დასავლეთი გარკვეული დოზით აჰყვა რუსეთის ამ თამაშს (არაპირდაპირ, მაგრამ მაინც აჰყვა).

სტრუქტურულად ეს მდგომარეობა ავსტრიის ანშლუსის მსგავსია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მაშინ დასავლეთს არ უცვნია ანშლუსის იურიდიული შედეგები, თუმცა ამ მოქმედებას არც შესამჩნევი სანქციები მოჰყოლია აგრესორის მიმართ.

1938 წელს საფრანგეთში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ავსტრიის ანშლუსი სულ რამდენიმე თვის მომხდარი იყო. გერმანიის ნაკრებში ავსტრიის შეუდარებელი ვუნდერტიმის რამდენიმე ვარსკვლავი თამაშობდა, თუმცა გერმანიის ბოიკოტირებაზე არავის უფიქრია. ასეთივე ოლიმპიური სიმშვიდით ჩაატარეს სოჭის ზამთრის ოლომპიური თამაშები. არც მათ გადატანაზე უზრუნია ვინმეს და, შესაბამისად, არც რუსეთის ოლიმპიური ნაკრებისათვის გამოუცხადებიათ ბოიკოტი.

მეორე მხრივ, რუსეთის 2008 წლის მოქმედებები ანშლუსს ჰგავს იმითაც, რომ როგორც აფხაზური, ისე ცხინვალის რეგიონის ელიტები და მოსახლეობათა უმრავლესობა კმაყოფილებით შეხვდნენ ამ ფაქტს (ცხადია, ამის მისაღწევად რუსეთს დასჭირდა ანშლუსის მომზადება. კერძოდ, 90-იან წლებიდან ამ ტერიტორიებზე ჩატარდა ეთნოწმენდა უმთავრესად ქართული მოსახლეობის მიმართ. თანაც ეს პროცესი ფაქტიურად სწორედ 2008 წელს დასრულდა. ამ მოვლენებსა და მათ მნიშვნელობას, აგრეთვე ეთნოპოლიტიკისა და გეოპოლიტიკის კავშირს ჩვენ ქვემოთ სპეციალურად შევეხებით).

ობამის ხელისუფლების პოლიტიკაც ჰგავდა დასავლეთის რეაქციას ავსტრიის ანშლუსის შემდეგ. მისი პოზიცია დაახლოებით ასეთი იყო: ჩვენ ამ აგრესიის შედეგებს არ ვაღიარებთ, მაგრამ გლობალური უსაფრთხოების სისტემის გადახედვას მის გამო არ ვაპირებთ. ეს სისტემა რჩება, ხოლო რუსეთი კი მისი აქტიური წევრია (გადატვირთვის პოლიტიკა).

საინტერესოა, რომ 2008 წლის ამბებიდან მხარეებმა ურთიერთსაპირისპირო დასკვნები გააკეთეს. არა იმიტომ, რომ ფაქტები განსხვავებულად აღიქვეს, არამედ განსხვავებული მიზნების გამო, რომელიც მათ წინაშე იდგა. დასავლეთი მიხვდა, რომ საჭიროა ერთგვარი შემზადება რათა არ განმეორებულიყო 2008 წლის აგვისტო (როცა რუსეთმა შედარებით იოლად მიაღწია საწადელს). მოსკოვმა კი დაასკვნა, რომ დასავლეთი საკმარისად სუსტია იმისათვის, რათა წინ აღუდგეს მის აგრესიულ ქმედებებს პოსტსაბჭოთა სივრცეზე და რუსეთის გავლენის სფეროების აღდგენას ამ სივრცის გარეთაც. (მაგალითად ახლო აღმოსავლეთში - სირია). შესაბამისად, რუსული ლოგიკით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ NATO-ს გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში ერთგვარი პოლიტიკური ბლეფი იყო, რომელიც რუსეთმა დაუშვა თავისი არასაკმარისი აქტიურობისა და იმ აპათიის გამო, რამაც მოიცვა ამ ქვეყნის ელიტა ცივ ომში განცდილი მარცხისა და „გეოპოლიტიკური კატასტროფის“ შემდეგ (ცნობილი რუსი მეიგავის ივან კრილოვის სიტყვებით რომ ვთქვათ, „მშიშარას ვისი შიშიც აქვს ის უძლეველი ჰგონია“). სწორედ ამიტომ, რუსი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები 2008 წლიდან მოყოლებული აცხადებენ, რომ ამ ომში მათ მხოლოდ საქართველო კი არ დაამარცხეს, არამედ შტატები და NATO-ც. ისეთი საკმაოდ ინფორმირებული და საყურადღებო რუსი სამხედრო ექსპერტი როგორიც ა.ხრამჩიხინია ამტკიცებს, რომ რუსული და ქართული სამხედრო პოტენციალი 2008 წლის აგვისტოს დაპირისპირებისას თითქმის თანაბარი იყო (და ეს იმ დროს, როცა რუსეთი უპირობოდ ბატონობდა ჰაერში). 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ კი რუს სამხედრო ექსპერტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ NATO არაფრის მაქნისი გაერთიანებაა და მისი დამარცხება საკმაოდ იოლია. რუსეთის ნამდვილი სამხედრო მოწინააღმდეგე კი არის ჩინეთი და მისი შეიარაღებული ძალები.

სურათის სისრულისათვის ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სინამდვილეში არანაირი ხუთდღიანი ომი არ ყოფილა. შეიარაღებულმა კონფლიქტმა მხოლოდ დღენახევარს გასტანა. შემდეგ კი ქართულმა არმიამ მიიღო უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება შეიარაღებული წინააღმდეგობის შეწყვეტის თაობაზე. ეს ბრძანება გაიცა მაშინ, როცა წინასწარი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არ არსებობდა, ხოლო სამშვიდობო მოლაპარაკებები ჯერ დაწყებულიც არ იყო(!?).

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ამ ბრძანების (ჩვენ გვიჭირს გავიხსენოთ სხვა შემთხვევა, როცა უმაღლესი მთავარსარდალი ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა) შემდეგ რუსებმა უბრძოლველად აიღეს ფოთი, სენაკი, დაბომბეს თბილისი, ხელვაჩაური და ბორჯომის ხეობა, დახოცეს ქართული არმიის ჯარისკაცები და

ააწიოკეს მშვიდობიანი მოსახლეობა. ხუთი დღე გავიდა კონფლიქტის დაწყებიდან მედვედევ-სარკოზი-სააკაშვილის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებამდე. შეიარაღებული დაპირისპირება კი, როგორც უკვე ითქვა, მხოლოდ დღენახევარს გაგრძელდა.

რუსეთისადმი ქართული არმიის წინააღმდეგობის რეალური დროის პროპაგანდისტული გახანგრძლივება საქართველოს მმართველ წრეებს და რუსულ მხარეს თანაბრად აწყობდათ. სააკაშვილის ხელისუფლებას იმიტომ, რომ დაემტკიცებინა თუ რა დიდი სტრატეგიული ხელოვნება გამოიჩინა (ხუმრობა საქმე ხომ არ არის რუსის ჯარის შეკავება მთელი ხუთი დღის განმავლობაში), რუსი გენერლები კი ამ გზით ცდილობენ საკუთარი მნიშვნელოვანი სამხედრო ზარალის გამართლებას და თანაც, NATO-ს ამერიკას და საქართველოს ერთად დღენახევარში ხომ ვერ დაამარცხებ.

ნიშანდობლივია, რომ რუსული მხარე სწორედ კონფლიქტის ბოლო სამ დღეში მიღწეულ შედეგებს მიიჩნევს საკუთარი ძლევამოსილების უპირველეს საბუთად, ანუ განსაკუთრებით მოსწონს ის სამხედრო ოპერაციები, რომელთა განხორციელების დროსაც მას წინააღმდეგობას არავინ უწევდა. 2008 წლის ომის საქვეყნოდ გამოცხადებული ხუთდღიანი ვადა რუსეთმა საკუთარი ძლევამოსილების მითის შესაქმნელად გამოიყენა.

ეს, ერთი შეხედვით, „უწყინარი დროით-პროპაგანდისტული თამაში“ სრულებით შეიცვლის სახეს თუ გავითვალისწინებთ არა მხოლოდ მის ფსიქოლოგიურ და აგიტაციურ მხარეს (ძლევამოსილი ლაშქრობა დასავლეთის შვილობილი საქართველოს წინააღმდეგ, ძალზედ ეამა რუსი იმპერიალისტების გულსა და ყურს), არამედ სამხედრო-პოლიტიკურ შედეგებსაც. უცებ აღმოჩნდა, რომ საშუალო და, თუნდაც გრძელვადიანი დაგეგმვისას (უახლოეს მიზნებზე რომ არაფერი ვთქვათ), გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მიდგომები თავისთავად ძალზე შედეგიანი და ეფექტიანია ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისშიც. შესაბამისად, რუსული სამხედრო დაგეგმვის ტრადიციული წესები და ღირებულებები არ მოძველებულა. უბრალოდ, პუტინამდელ რუსეთში ეს საქმე პოლიტიკურ ლაჩრებსა და უქნარა არაპროფესიონალებს ჩაუვარდათ ხელში. სწორედ ასე წარმოაჩინა რუსეთმა 2008 წლის კონფლიქტის შედეგები როგორც ქვეყნის შიგნით (საკუთარი მოქალაქეების თვალში), ისე მის გარეთ (მსოფლიო საზოგადოებრიობასთან).

ამ მოკლევადიან დაპირისპირებაში რუსეთის არმიის საგრძნობი ზარალი ადასტურებს ქართული არმიის ჯარისკაცებისა და საშუალო რგოლის საველე მეთაურთა კარგ მომზადებასა და პირად სიმამაცეს, რაც მათ უაღრესად რთულ, სტრატეგიულად უკიდურესად არახელსაყრელ პირობებში გამოავლინეს. ამას ვერ ვიტყვით არმიის უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობაზე. პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოქმედება კი უბრალოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს თანაბრად ეხება როგორც ომამდელ პერიოდს, ისე უშუალოდ კონფლიქტის „ცხელ“ ფაზას. საოცარია, რომ მიხეილ სააკაშვილს მრავალ პრეტენზიას უყენებენ (მათ შორის ისეთ არასერიოზულს, როგორიც კოსტუმების შეკერვაა სახელმწიფოს ხარჯზე), მაგრამ არავინ ცდილობს გაერკვეს თუ როგორი მთავარსარდალი იყო იგი წაგებულ ომში.

სწორედ რუსეთ-საქართველოს სამხედრო დაპირისპირებამ აჩვენა რეალურად, რომ რუსეთი არა მხოლოდ უკმაყოფილოა პოსტ ცივი ომის რეალიებით და უბრალო გავლენას (თუნდაც ძალზე მნიშვნელოვანს), კი არ ესწრაფვის პოსტსაბჭოთა სივრცეზე, არამედ - უპირველესად ტერიტორიული პრეტენზიები აქვს, რომელთა დასაკმაყოფილებლად იგი ძალის გამოყენებასაც არ მოერიდება და, მაშასადამე, პოლიტიკური მიზნების რეალიზაციას ძირითადად სამხედრო-სტრატეგიულ ხასიათს აძლევს. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს კლასიკური გეოპოლიტიკური კატეგორიებისა და მიდგომების რეანიმირებას აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

როგორც ცნობილია, გეოპოლიტიკურ ღირებულებათა შორის უპირველესი მნიშვნელობისა არის ტერიტორიულ-სივრცობრივი ბატონობის საკითხი. თუკი რუსეთმა კავკასიის გადმოღმა ამგვარი ბატონობა მოიპოვა, მაშასადამე ის შესამჩნევად გაძლიერდა, საქართველო კი უიმედოდ დასუსტდა. აქვე უნდა ითქვას სამხედრო კომპონენტზეც. რუსული გეოპოლიტიკური მიდგომის თანახმად ამ ქვეყნის სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთისათვის მომგებიან მდგომარეობას უაღრესად მყარ, თითქმის შეუქცევად სახეს აძლევს.

სხვათა შორის, უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის ხელისუფლებასა და მის მეთაურს არათანმიმდევრულობას ვერ ვუსაყვედურებთ. ვინმე რომ გულდასმით დაკვირვებოდა და შესაბამისი დასკვნები გამოეტანა ვლადიმერ პუტინის 2007 წლის მიუნხენური სიტყვიდან, მისთვის ნათელი გახდებოდა, რომ რუსეთი უკმაყოფილოა სწორედ სამხედრო-სტრატეგიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ეს კი, თავის მხრივ, ცხადად მიუთითებდა სივრცეთა მართვის დაუოკებელ და იმავდროულად ტრადიციულ რუსულ სურვილზე. ამიტომ არსებობდა რეალური საფრთხე რუსეთის მიერ ცივი ომის შედეგების არა საერთაშორისო კონფერენციებისა ან სამიტების მეშვეობით (ანუ ურთიერთთანამშრომლობის, ეკონომიკურ-კულტურული დაახლოებისა და კეთილსინდისიერი კონკურენციის გზით), არამედ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით და ტერიტორიული პრეტენზიების დაკმაყოფილების ფორმით. თანაც საშიშროება უპირველესად ევროპასა და მის მიმდებარე რეგიონებს ემუქრებოდათ.

ამ მიმართვიდან შესაბამისი დასკვნები არ იქნა გაკეთებული არა მხოლოდ იმიტომ, რომ ინერციის კანონი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მძლავრია, ანდა იმიტომ, რომ თეორიიდან პრაქტიკამდე საკმაოდ შორი გზაა (განსაკუთრებით პოლიტიკაში), არამედ უფრო იმ მიზეზით, რომ შექმნილი გლობალური ვითარების შეცვლა სულაც არ არის მათ ინტერესებში, ვინც ამ სისტემის შემქმნელი და დამცველია და ვინც საკუთარ მომავალ გლობალურ წარმატებებს მის სრულმასშტაბიან ფუნქციონირებას უკავშირებს. რუსეთთან პრევენციული დაპირისპირება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა ამ სისტემას. რუსეთის ლიდერის ხმაურიანი დეკლარაცია თავისთავად, თუკი მას იზოლირებულად, კონტექსტიდან მოწყვეტით შევხედავდით, ამგვარი სერიოზული მოქმედების დაწყების საფუძველს არ იძლეოდა.

მეორეს მხრივ, რუსეთის მოთხოვნათა პრევენციული დაკმაყოფილება კვლავაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა ამ სისტემას და გააჩენდა საშიშ პრეცედენტს, ამჯერად უკვე რუსეთის სასარგებლოდ (მიუნხენის 1938 წლის ხელშეკრულების მსგავსად). ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო გაუმართლებელი ჩანდა. თანაც, როგორც უკვე ითქვა, დასავლეთის ერთერთი ძირეული ამოცანა იყო და არის რუსეთის ჩართვა არსებულ სისტემაში და მისთვის შესაფერისი ადგილის მიჩენა, ვინაიდან იმთავითვე ცხადია, რომ ჯერჯერობით ვერანაირი გლობალური სისტემა წარმატებით ვერ იმუშავებს ისე, თუ რუსეთმა საკუთარი ადგილი ვერ იპოვა მასში. პოსტსაბჭოთა რუსეთი კი, თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე, სწორედ გეოპოლიტიკურად უსაფრთხო დრეიფის პირობებში არსებობდა და მოქმედებდა, დასავლური (ძირითადად ეკონომიკური) ღირებულებების გათვალისწინებით. ამგვარი მიდგომის სასარგებლოდ ლაპარაკობდა ის საგულისხმო ფაქტიც, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ასე თუ ისე, მოხერხდა საერთაშორისო სტაბილურობის შენარჩუნება. იმავდროულად რუსეთი საკმაო წარმატებით ერთვებოდა პოსტცივიომისეულ მსოფლიო სისტემაში, ხოლო ეს უკანასკნელი მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებლად მოქმედებდა.

ასეთ პირობებში რუსეთთან წინასწარი (პრევენციული) დაპირისპირება კონტრპროდუქტიული იქნებოდა. მითუმეტეს, რომ მსოფლიო წესრიგს სხვა აქტორები უფრო დიდ საფრთხეს უქმნიდნენ (ტერორიზმი, ისლამური ფუნდამენტალიზმი, ეკონომიკური კრიზისი და დისბალანსი და ა.შ.). თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთმა „სიტყვას“ „საქმე“ ძალიან მალე მოაყოლა, გასაგები გახდება თუ რატომ აღმოჩნდა დასავლეთი მეტ-ნაკლებად მოუმზადებელი 08.08.08-ას დროს. სხვათა შორის, ეს გარემოება კი არ ამცირებს, არამედ ზრდის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, წლების მანძილზე მისი იმპულსური და არასაკმარისად გაწონასწორებული პოლიტიკისა და რიტორიკის გამო. რაც შეეხება სააკაშვილის ხელისუფლების მოქმედების შეფასებას უშუალოდ სამხედრო დაპირისპირების მოკლე პერიოდში (40-48 საათი), ამის შესახებ უკვე გვქონდა საუბარი. (გაგრძელება იქნება)