„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ მაჟორიტარი დეპუტატები ფეოდალები არიან, რომლებიც თბილისიდან რაიონების სახრავად არიან გაგზავნილნი. კანონმდებელი პროგნოზირებს, რომ ხელისუფლება პროპორციული სიით არჩევნებს წააგებს, ამიტომაც, მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ცდილობს.
საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, for.ge გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა:
ოპოზიციური სპექტრი საარჩევნო რეფორმის გატარების მიზნით, ინტერპარტიული ჯგუფის შექმნას ითხოვს. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება?
-„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო პროგრამაში უწერია, რომ ის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საარჩევნო რეფორმას გაატარებდა, ახალი „საარჩევნო კოდექსი“ შეიქმნებოდა და საარჩევნო გარემოს გაჯანსაღება მოხდებოდა. ოროგრამის ამ თავის შედგენაში „თავისუფალი დემოკრატებიც“ აქტიურად მონაწილეობდნენ. დრო გავიდა და როგორც ჩანს, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს საკუთარი დაპირებები დაავიწყდათ. თუკი პროპორციული სისტემის ამოქმედება 2020 წელს არის კარგი, რატომ არ შეიძლება კარგი იყოს 2016 წელს?!
ხელისუფლება ირწმუნება, რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ქმედითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება 2016 წლამდე ვერ ესწრება...
-ეს სრული სიცრუეა, რადგან გადამზადება არავის სჭირდება. უმრავლესობის ზოგიერთ წარმომადგენელს წარმოდგენა არ აქვს, საარჩევნო კოდექსი რა არის. გარწმუნებთ, რომ ზოგიერთ კოლეგას კოდექსის ერთი გვერდიც კი არ აქვს წაკითხული.
საქართველოში პროპორციული სისტემით არჩევნები დაახლოებით 25 წელია, ტარდება და 77 დეპუტატი ამ სქემით ავირჩიეთ. ქვეყანამ პროპორციული წესით 150 დეპუტატი რომ აირჩიოს, ამისთვის კადრების გადამზადებაა საჭირო? შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ დებილების სკოლაა? ჩემი კოლეგებისგან ბევრი კრეტინიზმი მესმის, რადგან ისინი „საარჩევნო კოდექსის“ აზრზე არ არიან და ყბედებად გვევლინებიან.
სჯობს, ხელისუფლებამ ასეთი ადამიანები გადამალოს, როგორც თავის დროზე, ბოკერია-თარგამაძე გადამალეს. მაშინ, სააკაშვილმა ჭკუა იხმარა და ეს ადამიანები ტელეეკრენებიდან გააქრო.
ოპოზიციის მოთხოვნებს რატომ ეწინააღმდეგება მმართველი გუნდის ის ნაწილიც ვინც საარჩევნო სისტემას იცნობს?
-ქართულ პოლიტიკაში არსებობს ფენომენი - ზვიად ძიძიგური. ის ჩემს გვერდით კარავში იყო, 17 დღე იშიმშილა და ძლივს გადაარჩინეს. პარლამენტის ამ შემადგენლობიდან კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური, დავით საგანელიძე, ბიძინა გუჯიბიძე და მე ვშიმშილობდით. 2008 წელს რა პოზიციაზეც ვიდექი, ახლაც იგივეს ვინარჩუნებ და ვამბობ, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს, რადგან ეს უმაქნისი მოდელია.
მაჟორიტარები ფეოდალები არიან, რომლებიც თბილისიდან რაიონების სახრავად არიან გაგზავნილნი. ე.წ. მილიონერი დეპუტატები ნებისმიერ ხელისუფლებასთან შეკრულები არიან, მათ პოლიტიკური მორალი არ გააჩნიათ და როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ისინი ახალ მთავრობას საკუთარ ჯიბეებს სთავაზობენ.
თქვენ მხოლოდ ე.წ. ბიზნესმენ დეპუტატებზე აპელირებთ, მაგრამ სხვა მაჟორტარი დეპუტატები რას აკეთებენ?
-უამრავი ისეთი რაიონი არსებობს, რომლებზეც ბიზნესმენ დეპუტატებს „ჯვარი აქვთ დაწერილი“. თითქოს, მათ ეს რაიონები ბებია-ბაბუებმა დაუტოვეს.
ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ე.წ. ბიზნესმენი დეპუტატები საკუთარ მანდატს ბიზნესლობირებისთვის იყენებენ?
-რა თქმა უნდა, ისინი საკუთარ პოზიციას ხელისუფლებასთან გარიგებებისთვის იყენებენ. ისინი საკუთარი ამომრჩევლის ზურგსუკან მოქმედებენ, რაც ყველაზე ამორალურია.
ხელისუფლებას ეს დეპუტატები რაზე ურიგდებიან?
-იმაზე, რომ მათ ბიზნესს არ შეეხონ. ისინი ხელისუფლებას საკუთარ თავს და ჯიბეს სთავაზობენ - როდესაც ამომრჩევლის ყიდვა ხდება, ეს საზოგადოებრივი აზრის გაყალბება არ არის? - არჩევნების გაყალბება მხოლოდ ბიულეტინის გადაგდებას არ გულისხმობს. როდესაც დამშეულ ხალხს ყიდულობ და ისინი ოთხი წელიწადი არ გახსოვს, ეს რას ნიშნავს?
ზვიად ძიძიგური საოცარ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ თურმე, ის მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით არ შიმშილობდა. უკაცრავად, მაგრამ ბატონი ზვიადი, დიეტაზე იყო და წონა ჰქონდა დასაგდები? - რისთვის შიმშილობდა? 2007 წლის აქციებზე, ძიძიგური და გუჯაბიძე რას აკეთებდნენ? სკლეროზი დამეწყო? სწორედ იმიტომ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მიხეილ მაჭავარიანმა კანონპროექტი შეგვიცვალა და ისევ 77/73-იანი საარჩევნო მოდელი დაგვიდო, დარბაზი დავტოვეთ და სისტემის შესასცვლელად შიმშილობა დავიწყეთ. ძიძიგურმა მანდატი რატომ დაჭრა? - სწორედ ამ სისტემის და უსამართლობის გამო.
მაშინ, მანდატი არ დავჭერი და გვიან გამოჩნდა, რომ მართალი ვიყავი. მაშინ ოპოზიცია მლანძღავდა, მაგრამ შემდეგ მოვიდნენ და ბოდიში მომიხადეს. მაშინ, ამ ბატონებმა ოპოზიცია მოსპეს და ყველაფერი გამყრელიძეს ჩაუდგეს ხელში, რომელმაც ხელისუფლებას „რვიანი“ თხასავით მიჰყიდა.
მაშინ, ასეთი უკუღმართი პროცესები იყო დაწყებული და ძიძიგური რისთვის შიმშილობდა? ძიძიგური რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა და როგორც ჩანს, მას სურს, რომ ამ ქალაქში საშვილიშვილოდ დამკვიდრდეს.
ხელისუფლება მაჟორიტარი სისტემის გაუქმებას რატომ ერიდება, 2016 წელს, ძალაუფლების შენარჩუნება გაუჭირდება?
-კოალიციას წარმატების სხვა შანსი არ აქვს გარდა იმისა, რომ მაჟორიტარული ოლქები შეინარჩუნოს. ხელისუფლება პროპორციული სიით არჩევნებს წააგებს და ჰგონიათ, რომ ხალხს თავზე ფულიან და უფულო ფეოდალებს დაასვამენ.
„ქართული ოცნების“ წევრები ოქრიაშვილი, ვერულაშვილი და მისაბიშვილი არიან და მე ოპოზიციაში ვარ. ეს სამარცხვინო ამბავი არ არის? – 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ წამეგო, ოქრიაშვილი სად იქნებოდა?
გასაგებია, რომ პოლიტიკურ პარტიებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება გსურთ, მაგრამ პროპორციულ სისტემას დადებითი რა აქვს? - ამ მოდელის ცუდი მხარე ისაა, რომ პირველ ნომერს მესამე ნომრის გაყვანა შეუძლია, რომელსაც შესაძლოა, არავინ იცნობდეს...
-ბაღდათის რაიონში თემურ კოხოძემ რომ მომიგო, მას ხომ იცნობდნენ?! მედიის წარმომადგენლებს გამოკითხვა არაერთხელ ჩაუტარებიათ და ლაგოდეხიდან დაწყებული, ხულოთი დამთავრებული ხალხი საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატს ვერ ცნობს. რომელიმე ოლქში, რომელიმე მაჟორიტარს რომ იცნობენ, ეს სისტემა ამიტომ უნდა დარჩეს? - ცნობადობა ერთია, რას აკეთებ - მეორე.
თუკი მაჟორიტარმა დეპუტატმა საკუთარი ცნობადობა ჯიბის გასქელებისთვის გამოიყენა, ეს ვის რაში სჭირდება? რეფორმის წინააღმდეგ წასვლა „რესპუბლიკური პარტიისგან“ და დავით უსუფაშვილისგან მიკვირს, რომლებიც დემოკრატიულ და ლიბერალურ ღირებულებებზე გვესაუბრებიან.
40 წლის გამოცდილების მქონე პარტია რას ფიქრობს? – 2020 წლამდე ქვეყანა გამოხრან და ხელისუფლების გადასაბარებლად მერე მივაკითხოთ? რატომ, ისინი რითი გვჯობნიან, ივანიშვილთან რომ არიან ახლოს? მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების სამუშაო ვერსია ვნახე, რომელიც ქვეყანაში სრულ ქაოსს შექმნის.
თქვენ ამბობთ, რომ მაჟორიტარებს ამომრჩევლისთვის სიკეთე არ მოაქვთ, მაგრამ პროპორციული სიით გასულმა დეპუტატებმა რა შესძინეთ რეგიონებს?
-მაჟორიტარულ სისტემას პროპორციული მოდელი ყველა შემთხვევაში სჯობს. პროპორციული სისტემა ქვეყანას შანსს აძლევს, რომ პარტიული დემოკრატია განვითარდეს და კადრებზე იმუშაონ. სანამ ძლიერი პარტიები არ შეიქმნება, მანამ იწილო-ბიწილო იქნება. როცა კოალიციას ვქმნიდით, გაერთიანებაში „მრეწველები“ ივანიშვილმა პირადად ჩასვა. რატომ? - ეს მას ჰკითხეთ.
რაც შეეხება ახალი პარტიების შექმნას, for.ge-ს ინფორმაციით, მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე პარტიის შექმნას აპირებს. რამდენად მოსალოდნელია ეს?
-ეს მას ჰკითხეთ. შემიძლია, „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურ მიზნებზე გესაუბროთ. ის მაინტერესებს, ბურჭულაძემ რომელი არია უნდა იმღეროს და რომელ სცენაზე უნდა გამოვიდეს. მე სცენაზე ვერ დამინახავთ, რადგან არ ვმღერი და ეს ჩემი საქმე არაა. ხელოვნებაში უარავი საინტერესო ადამიანია და ისინი თავის საქმეს ასრულებენ, მაგრამ თუკი მათ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი აქვთ, აქ შეფასების სხვა კრიტერიუმებია. ბურჭულაძის თემა საერთოდ არ მაინტერესებს,- მსგავსი რამ ნაკლებად მაღელვებს.