ოპოზიცია იმუქრება - ხელისუფლება დუმს

ოპოზიცია იმუქრება - ხელისუფლება დუმს

ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით იმუქრება, მმართველი გუნდი კი, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას არ ჩქარობს და საარჩევნო სისტემაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე აპელირებს.

ოპოზიცია საარჩევნო რეფორმებზე საუბრის მიზნით, უმრავლესობას ინტერპარტიული კომისიის შექმნას და მის ხელმძღვანელად პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის დანიშვნას სთავაზობს. საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნული კომისიის შექმნას „თავისუფალი დემოკრატები“ მოითხოვენ, მაგრამ დიდი ალბათობით, მსგავსი კომისია არ შეიქმნა, რადგან კოალიცია საარჩევნო კოდექსში ძირეული ცვლილებების მომზადებას 2020 წლისთვის აანონსებს.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი მმართველ გუნდს წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ხელისუფლებამ დამალობანას თამაში უნდა დაასრულოს და  ჩირგვებიდან გამოვიდეს.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ თავისი დაპირებები აღარ ახსოვს, როცა ის ხალხს ჰპირდებოდა, რომ საარჩევნო სისტემას ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეცვლიდა.

„შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიები ბოიკოტის რეჟიმში არიან და ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ასეთი არჩევნები „კომუნისტური პარტიის“ შემდეგ აღარ ჩატარებულა. მმართველი გუნდი საკუთარ დაპირებებს უტიფრად ექცევა და ამისთვის მას ბევრის გადახდა მოუწევს“, - აცხადებს ახვლედიანი.

ახვლედიანის განცხადებით, კოალიციაში შემავალი პარტიები საარჩევნო რეფორმის გატარების მიზნით, ხმალამოღებული იბრძოდნენ და შიმშილობდნენ, ახლა კი, ისინი საკუთარი პოზიციების წინააღმდეგ გამოდიან.

„2008 წელს, საქმე იქამდეც მივიდა, რომ ძიძიგური საავადმყოფოში საკაცით გადაიყვანეს. ისინი საარჩევნო ცვლილებების თაობაზე თამასას წევდნენ და ახლა პოზიციებს რატომ იცვლიან? ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, კოალიციამ ნაციონალების მიერ მიღებული საარჩევნო სისტემა საკუთარ თავზე მოირგო, რითაც საკუთარ თავს დაიზიანებენ.  იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას რაიმე ჭკვიანური მოეფიქრებინა, სრულიად ალოგიკურ ინიციატივას გვთავაზობენ - 2016 წელს არსებული მოდელი დარჩეს და არჩევნები ახალი სისტემით 2020 წელს ჩატარდეს.

კოალიციას სურს, ამ უსამართლო სისტემით ოთხი წლის ვადით ხელისუფლება მოიპაროს და ამას გვემათხოვრებიან“, - აღნიშნავს ახვლედიანი, რომლის პოზიციას იზიარებს ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, რომელიც for.ge-ს ოპოზიციის მოთხოვნებს აცნობს.

ხარატიშვილის ცნობით, ოპოზიცია ითხოვს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ინტერპარტიული კომისია შეიქმნას, რომელიც ყველა იმ საკითხზე იმუშავებს, რომელიც როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მხრიდან არსებობს.

მისი მოსაზრებით, 2016 წელს, მაჟოიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და 75 დეპუტატი საერთო პროპორციული წესით უნდა იქნეს არჩეული, ხოლო მეორე 75 - სამხარეო პროპორციული წესით.

ოპოზიციის მოთხოვნებს „ახლების“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძეც უერთდება, რომლის ტონიც უფრო რადიკალურია. for.ge-სთან საუბარში კაციტაძე ამბობს, რომ  თუკი ხელისუფლება საარჩევნო საკითხებზე შეუსმენელის და დაყრუებულის პოზიციაში დარჩება, ოპოზიცია პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა ფორმებს მიმართავს.

კაციტაძე პოლიტიკური ბრძოლის ხერხებს არ ამხელს, მაგრამ ამბობს, რომ ამას  ხელისუფლება და საზოგადოება პროცესში დაინახავს.

„თუ ხელისუფლების მხრიდან მზადყოფნაა, შესაბამისი მიმართულებით ნაბიჯებიც უნდა გადმოდგას. თუ ეს ნაბიჯი არ გადმოიდგმება, მაშინ ყველაფერი გასაგებია“, - დასძენს კაციტაძე.

არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნებს საპარლამენტო ოპოზიციაც უერთდება. მათ შორის არიან - ყოფილი ნაციონალებიც. როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, მისი გუნდი მზადაა, ყველა სახის  დისკუსიაში მონაწილეობა მიიღოს.

მისი ინფორმაციით, „ახალი პოლიტიკური ცენტრი“  საარჩევნო სისტემის არსებული ვარიანტის შენარჩუნებას მხარს არ დაუჭერს.

„ნებისმიერ ცვლილებაs, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გავლენას შემაცირებს, ნდობას გამოვუცხადებთ. ჩვენი ვარიანტი გვაქვს, რომელიც სამმანდატიანი ოლქების შექმნას ითვალისწინებს, სადაც ოპოზიციისთვის ერთი მანდატი გარანტირებული იქნება. 2016 წლის არჩევნები ახალი მოდელით უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება 2016 წლის არჩევნებისთვის ვერ მოესწრება, მიზეზი კი - დროა.

კოალიციაში საარჩევნო საკითხებზე გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანიც მუშაობს, რომელიც for.ge-სთან საუბარში იმით ინტერესდება, ოპოზიციურ გაერთიანებაში რომელი ძალები შედიან.

ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საარჩევნო რეფორმაზე ხალხს უნდა მოეთათბიროს და არა იმ პარტიებს, რომელთაც ხალხმა ხმა არ მისცა.

„მათ არ იციან, კოალიციაში რა შემადგენლობაა? - მმართველი ძალის 50 პროცენტი „ქართული ოცნებაა“, რომელთა წარმომადგენლები არასოდეს შიმშილობდნენ და მათ ეს თუ არ იციან, მოვლენებს თვალი მაინც გადაავლონ.  ვინც ამ მოთხოვნებს აყენებს, ვინ არის ეს ხალხი? - ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“ და მათთან ერთად მყოფი რამდენიმე არასაპარლამენტო პარტია. ეს ის საკითხებია, რომლის თაობაზე ხალხს უნდა მოეთათბირო და არა იმ პარტიებს, რომელთაც ხალხმა ხმა არ მისცა. ეს საკითხები ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

კანონმდებელის განმარტებით, კანონმდებლობაში რადიკალური ცვლილებები ერთი წლით ადრე უნდა შეიტანო, რომ ხალხმა გააცნობიეროს, საქმე რასთან აქვს. 

„ისეთ მაჟორიტარულ არჩევნებს მივიღებთ, რომელიც დამახასიათებელია - ამერიკისთვის, საფრანგეთისთვის და ინგლისისთვის. თუკი ამ ქვეყნების სისტემა არ ვარგა, მაშინ დემოკრატია არ ვარგებულა, რადგან დემოკრატია ამ ქვეყნებშია“, - აცხადებს ჟორჟოლიანი, რომლის მსგავსად, ზაქარია ქუცნაშვილი ოპოზიციონერებს ახსენებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ შიმშილობდნენ.

როგორც for.ge-ს ქუცნაშვილმა განუცხადა, საარჩევნო რეფორმა რამდენიმე მიმართულებით არის გასატარებელი.

დეპუტატი თვლის, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის შენიშვნა არ ეკუთვნის, რადგან 2008 წელს, საარჩევნო ცვლილებების მომზადების მიზნით, ამ პარტიის წევრები აქციებს არ მართავდნენ.

„საარჩევნო რეფორმა რამდენიმე მიმართულებით არის გასატარებელი. კერძოდ, პოლიტიკური პრულარიზმის გატარების თვალსაზრისით, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციებში რეფორმა უნდა გატარდეს. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აზრი გაყოფილია. პოლიტიკოსთა ნაწილი მომხრეა, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს, რის თაობაზეც განსხვავებული მოსაზრება მაქვს. ამ საკითხზე კვალიფიციური მსჯელობა არ გამართულა და ყველა იძახის, ჩვენ ვიშიმშილეთ და ამიტომაც სისტემა გააუქმეთო. „ქართული ოცნება“ ამას არავის შეპირებია“, - დასძენს კანონმდებელი.

ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგია და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, შეიძლება ისეთი ვითარება იყოს, რომ „თბილისური პარტები“ შეიქმნას.

მისი თქმით, ის ბორჯომში, ოპოზიციის ყველა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და რაიონული დონის პოლიტიკის აქტივისტი იყო.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემა არც 2020 წელს უნდა გაუქმდეს.

„არ მიმაჩნია, რომ რეგიონებს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა უნდა წავართვათ. ცენტრალური პარტია ბორჯომელ ადამიანს ხმების მოპოვების საშუალებად არ უნდა განმიხილავდეს. რეგიონში მცხოვრებ ადამიანს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის საშუალება უნდა ჰქონდეს. ქვეყანაში 2020 წელს რა მოხდება, ეს გადაწყვეტილება მე რატომ უნდა მივიღო? მაჟორიტარული სისტემის მინუსი ის არის, რომ ხმები იკარგება, მაგრამ პროპორციულის მინუსი ისაა, რომ პირველ ნომერს მესამე ნომერი გაჰყავს, რომელიც შეიძლება არავისთვის ცნობილი არ იყოს. ყოფილმა პრეზიდენტებმა პარლამენტში ისეთი დეპუტატები შეიყვანეს, რომლებიც საზოგადოებისთვის საინტერესოები არ იყვნენ.  პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, შეიძლება, ისეთი ვითარება იყოს, რომ „თბილისური პარტები“ შეიქმნას. ცენტრალური პარტიის ხელმძღვანელი ბორჯომში რომ ჩამოვა, სუფრას გავუშლი, მაგრამ ამის იქით ვერ წავალთ, თბილისში კი, მეგობრების ჯგუფი შეიკრიბება, პარტიას გააკეთებენ და პროპორციულ სიაში თავისიანებს ჩაწერენ“, - აცხადებს ფოფხაძე.

უმრავლესობა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციის რეკომენდაციებს გაიზიარებს თუ არა, პროგნოზირება რთულია, მაგრამ კოალიციას „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების ინიცირება ჯერჯერობით არ მოუხდენია და პარლამენტში შესაბამისი პროექტიც არ წარუდგენია.