ყოფილმა ელჩებმა „დიპლომატთა კლუბი“ შექმნეს. „დიპლომატთა კლუბის“ წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ „ევრაზიის“ ხსენებას ეხმაურებიან, პირველ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მიერ ეკონომიკაზე აქცენტის გადატანა პოლიტიკური, დიპლომატიური აქტივობის შემცირების ხარჯზე ხდება და ხელისუფლების მითითებით, დიპლომატიური კორპუსის მიერ ნაკლები აქტივობის გამოჩენა ხიფათს უქმნის დემოკრატიულ სამყაროსთან თანაარსებობის პრინციპებს .
„აშკარაა, რომ საგარეო პოლიტიკური გზა, არჩეული დღევანდელი ხელისუფლების მიერ, წარმატების გზა არ არის. ჩვენი საგარეო პოლიტიკა თავს არიდებს კონკრეტულ საერთაშორისო პოლიტიკურ ნაბიჯებს და რუსეთთან ურთიერთობის გრძელვადიანი ნორმალიზაციის ნაცვლად ვიღებთ მხოლოდ ცალკეული დაინტერესებული პირების ეკონომიკური ინტერესების წახალისებას.“,-აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ნინო კალანდაძე, სალომე სამადაშვილი, გიგი კუბლაშვილი, გეგა მგალობლიშვილი, კონსტანტინე გაბაშვილი და სხვა ყოფილი ელჩები.
რას ემსახურება „დიპლომატთა კლუბის“ შექმნა, ან ხელისუფლების მიერ აქცენტის ეკონომიკაზე გადატანა აზარალებს თუ არა დიპლომატიურ ინტერესებს, შეილახება თუ არა საქართველოს იმიჯი საგარეო ასპარეზზე და რუსეთთან „დალაგების პოლიტიკა“ ეწინააღმდეგება თუ არა დემოკრატიულ პრინციპებს? - ამ თემებზე პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს სხვადასხვა მოსაზრება გააჩნიათ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარება, პირიქით ხელს უწყობს დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებას. გააქტიურება კი აუცილებელია კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების, ასევე, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
„მგონია, რომ ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარება ხელს უწყობს დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებას. ხალხებს შორის ურთიერთობის დამყარება, რომელიც ორინტირებული იქნება სარგებელზე, მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე, რატომ შეიძლება ცუდი მიდგომით ავხსნათ? ჯერ ნაადრევია იმის თქმა, კვირიკაშვილის მინისტრობა იქნება უფრო აქტიური თუ პასიური. ადამიანი ჯერ ერთი კვირის დანიშნული არაა თანამდებობზე! გააქტიურება აუცილებელია აღიარების პოლიტიკის კუთხით, კონფლიქტის მშვიდობიანად დარგულირების კუთხით, ინვესტიციების მოზიდვის და თავისუფალი მიმოსვლის კუთხით“.-აცხადებს ქუცნაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აზრით, ორი წინა საგარეო მინისტრის მუშაობა ნამდვილად დადებითად შეიძლება შეფასდეს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღების და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების კუთხით; აბაშიძე-კარასინის ფორმატმა კი გარკვეული დადებითი შედეგები მოიტანა.
„რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის ფსევდო-ფორმატად აღიარებას. ესეც არასწორად მიმაჩნია, ის არის დიპლომატიური ფორმატი, არის ეკონომიკური და ჰუმანიტარული, მისი დახმარებით აღდგა საჰაერო მიმოსვლა, გაიხსნა სამხრეთ საზღვარზე თავისუფალი ვიზების მიღება. აბა, ნახეთ, რა ინტენსივობის მოძრაობაა დღეს ლარსის გამშვებ პუნქტზე. რატომ არის ეს ცუდი? აბაშიძემ თავისი მისია ვფიქრობ, წარმატებით შეასრულა“,-აღნიშნავს ქუცნაშვილი.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ანი მიროტაძის განცხადებით, „პოლიტიკური კლუბის“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ფრთას წარმოადგენენ. მათი პოლიტიკური ინტერესი კი საქართველოს იმიჯის შელახვას, პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებას ემსახურება და ამ ადამიანებმა ვერ გამიჯნეს დღემდე საკუთარი და სამშობლოს ინტერესები ერთმანეთისგან.
„მიმაჩნია, რომ ეს ძალიან უგუნური საქციელია და საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს. მე რამდენჯერმე წავიკითხე და მოვუსმინე კვირიკაშვილის მიერ „ევრაზიის“ ხსენებას. მან ყურადღება გაამახვილა იმ რეალობაზე რაც დღეს არსებობს. ჩვენ გვაქვს ურყევი ევროპული კურსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, არ ვაღიაროთ, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია. არ მომწონს ის, რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორია ოკუპირებულია და ამ შემთხვევაში ის არის ჩემი მტერი.
ვფიქრობ, ეს ადამიანები რეალობას არიან მოწყვეტილი, მათი მხრიდან საქართველოს იმიჯის მიზანმიმართული შელახვა კი უკვე საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს“,-აღნიშნა For.ge-სთან საუბარში ანი მიროტაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გოგი თოფაძეს მიაჩნია, რომ ახალი ხელისუფლების დავალებით დიპლომატიური კორპუსის მიერ სულაც არ ხდება ნაკლები აქტივობის გამოჩენა და პირიქით, ახალი ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან აქტიურად იქევა.
„ძალიან დიდი წარმატებები აქვს ახალ ხელისუფლებას, ასევე წარმატებით აგრძელებს საგარეო საქმიანობას და ამას მთელი მსოფლიო ხედავს - რამდენად წინ მივდივართ, წინა ხელისუფლების რამდენ ცოდვას ვასწორებთ და როგორ დემოკრატიულ გზას დავადექით“,-განაცხადა პარლამენტარმა.
„საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის“ პრეზიდენტი ნიკა ჩიტაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დიპლომატთა კლუბის შექმნა ნამდვილად არ ემსახურება ქვეყნის საგარეო იმიჯის შლახვას და ყოფილ დიპლომატებს უფლება აქვთ დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება.
„ეს კლუბი დაკომპლექტებულია გამოცდილი დიპლომატებით, რომლებიც არ ეთანხმებიან, მაგალითად, იდეას რომ გამოყენებულია ტერმინი „ევრაზია“ პუტინის ლექსკონიდან. მათ გააკრიტიკეს მედიაზე ზეწოლა. ეს მათი პირდი აზრია და ყოფილ დიპლომატებს აქვთ უფლება, დააფიქსირონ საკუთარი აზრი; მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი წინა ხელისუფლების დროს მოქმედი ელჩები იყვნენ, ვერაფერს დააბრალებ - ნამდვილად ვერ დავეთანხმები „ქართული ოცნების“ განცხადებას“,-აღნიშნა ჩიტაიამ.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ეს კლუბი რეალურად არის პოლიტიკური ორგანიზაციის არაპოლიტიკური ფრთა; მათი განცხადება სამწუხაროდ, მთლიანად განმსჭვალულია პოლიტიკური ინტერესებით და მათ დიპლომატიის პოზიციიდან არ გაუკეთებიათ ეს განცხადება.
„მახსოვს, ანალოგიური აქცენტები სააკაშვილსაც ჰქონდა და მოუწოდებდა დიპლომატიურ კორპუსს, შემოსულიყო ინვესტიციები ქვეყანაში. მაგრამ მაშინ ამ ჯგუფს კრიტიკული შენიშვნები ამასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს.
მეორე მხრივ, თუ ჩავთვლით იმას, რომ აქცენტი ეკონომიკაზე იმდენად დიდია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკის სამინისტრო ხდება, გაუგებარია, რატომ შეიძლება ამან ხელი შეუშალოს დასავლეთთან ურთიერთობას? - თვითონ დასავლეთისთვის ხომ ერთ-ერთი წამყვანი მომენტი სწორედ ეკონომიკური ურთიერთობებია“,-აღნიშნავს ექსპერტი For.ge-სთან საუბრისას.
საყვარელიძის მოსაზრებით, ერთი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის დიდი პატივია შეძლოს ქვეყნის იმიჯის შელახვა, თუმცა „ეჭვიანი“ დასავლეთი მაინც ყურადღებით მოეკიდება არასამათავრობო ორგანიზაციის განცხადებას.
„დასავლეთი თვლის, რომ რაკი არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს მსგავს განცხადებას, ეს საყურადღებოა, რადგან არასამთავრობოები, უმრავლეს შემთხვევაში, პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანიზაციებია.
ჩვენთან პოლიტიკურად ნეიტრალურები არასამთავრობოები კი არა, ტარაკნები არ დარბიან. ქვეყნის იმიჯის შელახვა „დიდი პატივია“ ერთი რომელიმე ორგანიზიციისთვის, მაგრამ დასავლეთი ეჭვიანია და სულ აინტერესებს ესა თუ ის ქვეყანა ვისკენაა. „ნაციონალური მოძრაობა“ არასოდეს ამბობს უარს ქვეყანა დაინგრეს, ოღონდ მათ თავიანთ მიზანს მიაღწიონ“,-აღნიშნავს ექსპერტი.