„მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ დასავლეთის სანქციებმა რუსეთი გაანადგურა“

„მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ დასავლეთის სანქციებმა რუსეთი გაანადგურა“

რუსეთი სანქციების ახალი ტალღისთვის ემზადება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები დონბასში, აშშ და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხოლოდ გაამკაცრებს.

სერგეი რიაბკოვის თქმით, გასულ კვირას რუსეთის იურიდიული პირების, მათ შორის, „როსობორონექსპორტის“ წინააღმდეგ ამერიკული სანქციის გატარება, ეს არის გამოხატულება იმ პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და მთლიან სახელმწიფო მექანიზმში საქმიანობის გართულებისკენ.

„საერთაშორისო ფინანსური მომსახურებების სფეროში ჩვენი კოლეგები აშშ-დან და ევროკავშირიდან ძალისხმევას გააძლიერებენ, რომ ყველა ხვრელი დაგმანონ. ჩვენ ეს გვესმის და მოგვიწევს, ვისწავლოთ ამ პირობებში მუშაობა“, - აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა.

საფრანგეთის პირველი პირი კი, თავის მხრივ, არ გამორიცხავს სანქციების გაუქმებას, თუკი უკრაინაში აღდგება მშვიდობა, რაც უკრაინა-რუსეთის საზღვრის აღდგენას ნიშნავს;  ანალიტიკოსების შეფასებით ამაზე რუსეთის პირველი პირი არ წავა, რაც ნიშნავს, რომ სანქციები რუსეთის მიმართ გაგრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსი ანალიტიკოსები აკრიტიკებდნენ დასავლეთის სანქციებს და თვლიდნენ, რომ ეს არ იყო შედეგზე ორიენტირებული, ფაქტია, დასავლურმა სანქციებმა თავისი შედეგი გამოიღო.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ნელ-ნელა მოქმედებს. მისივე თქმით, რუსეთს შეიძლება პრობლემა შეექმნას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების კუთხით.

„ამ საფრთხის წინაშე უკვე დადგა რუსეთი. მოუწევს რაღაცეების შეცვლა, რაც ადვილი საქმე არ არის, მაგრამ ფაქტია, ის ასეთი არჩევანის წინაშე დგას. ძალიან კარგად ესმით, რომ თანამედროვე პირობებში წარმოუდგენელია იზოლირება. ავიღოთ იგივე, ირანის მაგალათი, რომელიც იძულებული გახდა, დამჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან“, - ამბობს ლორთქიფანიძე.

მისივე შეფასებით, სერგეი რიაბკოვის განცხადება ადასტურებს, რომ რუსეთი შეშფოთებულია, თუმცა ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ თითქოს ცდილობს გადააწყოს თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, მაგრამ კარგად ესმით, რომ ეს ურთულესი ამოცანაა და ამავე დროს შეუძლებელიც.

„დასავლურმა სანქციებმა თავისი შედეგი გამოიღო. ვიცით, რომ დასავლეთის საქნქციები ექვს თვეში კიდევ გადაიხედება, ასე რომ, რუსეთი არჩევანის წინაშე დგას, მასზეა დამოკიდებული, შემსუბუქდება თუ პირიქით, გამკაცრდება ევროკავშირის სანქციები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძე.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ სულ რაღაცა წელიწადნახევრის წინ, დასავლეთში და მით უფრო, რუსეთში, არავინ ელოდა, რომ სანქციები რუსეთს ასეთ სერიოზულ ზიანს მოუტანდა. მისივე თქმით, მსოფლიო ისტორიას ახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც სანქციებმა მართლაც ეფექტურად იმუშავა და ეს იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

„შემდეგ იყო ირანი, მაგრამ ამ შემთხვევაში სანქციებმა დიდი ეფექტი ვერ გამოიღო. რუსეთში არავინ ელოდა, რომ პროცესები ასე განვითრდებოდა. მაგრამ ახლა გაირკვა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთი გაცილებით მეტად იყო და არის დამოკიდებული დასავლეთზე, ვიდრე ირანი.

ავიღოთ, იგივე, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, სპეციალისტების თვალსაზრისით, რუსეთი მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობას არ განიცდის, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება უახლესი, თანამედროვე მიღწევები, სადაც რუსეთი უკვე მოიკოჭლებს და ძალიან დიდი მანძილით ჩამორჩება დასავლეთს“, - აცხადებს ცინცაძე.

მისივე შეფასებით, რუსეთში არავინ ელოდა, რომ ასეთი მტკიცე აღმოჩნდებოდა მთლიანად დასავლეთის პოლიტიკური ნება.  

„რაც მთავარია, რუსეთისთვის გადაკეტილი აღმოჩნდა მსოფლიო საბანკო სისტემა - კრედიტები, რომლის გარეშე მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ ფუნქციონერებს. რუსეთს უკვე არ აქვს ეს რესურსი, თავისი ფულიც ელევა. გარდა ამისა, არავინ ელოდა რუსეთში, რომ ასეთი მტკიცე აღმოჩნდებოდა მთლიანად დასავლეთის პოლიტიკური ნება. უკვე თვითონ მედვედევი ლაპარაკობს, რომ მზად უნდა იყვნენ ფინანსური კრიზისისთვის.

დასავლეთის სამიზნე გახდა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რაც რუსეთს ვერც წარმოედგინა. იმიტომ, რომ ბირთვული იარაღის შექმნა ერთია და შენახვა მეორე - რაც უფრო ძვირი ჯდება. ძალიან ხშირად, რუსი მაღალჩინოსნები ღიად საუბრობენ, რომ დასავლეთის სანქციებმა რუსეთი გაანადგურა, ეს უკვე არის აღიარება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.