„გული მწყდება ვახტანგ ხმალაძეზე - 20 წელი იბრძოდა ამ ცვლილებებისთვის და  ახლა გადავადებას აკეთებს“

„გული მწყდება ვახტანგ ხმალაძეზე - 20 წელი იბრძოდა ამ ცვლილებებისთვის და ახლა გადავადებას აკეთებს“

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, საპარლამენტო საარჩევნო ზღვარი 5%-დან 4%-მდე მცირდება, მისი  ამოქმედება კი  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ იგეგმება. ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა. არის თუ არა ეს სიახლე მისაღები არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც სისტემის მაჟორიტარული ნაწილი გაუქმებას  და პარლამენტის მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატებისგან დაკომპლექტებას ითხოვდნენ, თანაც 2016 წლიდან, რაზეც მათ პარლამენტმა უარი განუცხადა; ასევე საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ბარიერის დაწევის შემდეგ, მცირერიცხოვანი და მცირედაფინანსების მქონე პარტიები პარლამენტში მოხვედრას.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბარიერის დაწევის შესახებ განცხადება აბსოლუტურად არასწორად არის მოწოდებული ხელისუფლების მხრიდან და ეს არის ხელისუფლების მიერ ტყუილის გასაღების მცდელობა.

„რაც შეეხება ბარიერის დაწევას 5%-იდან 4 %-მდე , ეს არის აბსოლუტურად არასწორად მოწოდებული ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება ამბობს, რომ 2016 წლის შემდგომი არჩევნები, საერთო ეროვნული პროპორციული სიებით არ ჩატარდება, ჩატარდება მრავალმანდანტიანი პროპორციული სიებით. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით და მოქმედი 5 %-იანი ბარიერით, ბარიერგადალახულ პარტიას შეუძლია მიიღოს გამზადებული ფრაქცია პარლამენტში, ხოლო მათ მიერ ინიცირებული 4%-იანი ბარიერით, შეიძლება საერთოდ ერთი დეპუტატიც ვერ გაიყვანო პარლამენტში.

აქედან გამომდინარე, ბარიერის შემცირება სიმართლეს არ შეესაბამება შედეგის თვალსაზრისით და ეს არის ხელისუფლების მიერ ტყუილის გასაღების მცდელობა. როცა პარტია ან პიროვნება მოდის ხელისუფლებაში, როგორც ჩანს, მას ჭკუა უტრიალდება, თორემ შიმშილობა მიდიოდა იმისთვის, რომ მაჟორიტარული სისტემა შეცვლილიყო პროპორციულით. დღეს იმ ხალხმა, ვინც ხელისუფლებაშია, პოზიცია შეიცვალა, იმიტომ, რომ ძალაუფლება მოიპოვეს და მისი მეშვეობითსურთ მანდატების მოპარვის გაგრძელება; ისევე, როგორც ამას „მოქალაქეთა კავშირი“ ან „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა“,-აცხადებს მამუკა კაციტაძე.

„მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარეს სოსო შატბერაშვილს სხვა დამოკიდებულება გააჩნია ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით,  მცირერიცხოვანი და მცირეფინანსებიანი პარტიებისთვის ეს ხელსაყრელია, რადგანაც ამ ბარიერის გადალახვა უფრო იოლია და პარლამენტიც უფრო მრავალფეროვანი იქნება.

„ინტერპარტიულმა ჯგუფმა, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და  კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე მუშაობდა, ნაყოფიერად იმუშავა და ეს ვახტანგ ხმალაძის მიერ გატარებული კი არა, ჩვენი მოთხოვნაა მაჟორორიტარული სისტემის გაუქმებასთან ერთად. თუმცა, ჩვენი მიზანი იყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები  2016  წლის არჩევნებისთვის განხორციელებულიყო, რასაც ჩვენი პარლმენტი არ ითვალისწინებს. მე ვსვამ ასეთ კითხვას - თუ კარგია ეს და, 4 %-მდე დაწევა მართლაც კარგია, მაშინ რატომ არ შეაქვთ ეს ცვლილებები 2016 წლისთვის? მცირერიცხოვანი და მცირეფინანსებიანი პარტიებისთვის ბარიერის დაწევა კარგია დემოკრატიული პროცესის გაღრმავებისთვისაც, რადგან ძალიან  ბევრ ქვეყანაში 5 %-იანი ბარიერი არ არის, რუსეთის და თურქეთის გამოკლებით“-განუცხადა For.ge-ს „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ.

ექსპერტ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ  იმ სავალალო მდგომარეობისთვის, რაც ჩვენ დღეს პოლიტიკურ ელიტაში გვაქვს, ბარიერის დაწევა შეღავათი ნამდვილად იქნება; უბრალოდ, გულდასაწყვეტია ის, რომ ხალხი, ვინც 20 წლის განმავლობაში ამ ცვლილებებისთვის იბრძოდა, დღეს მის გადავადებას ცდილობს და „ცუდი ბიჭის“ პოზიცია აქვს დაკავებული, კომპრომისებზე წასვლას ცდილობს.

„გული მწყდება, რომ  ვახტანგ ხმალაძე, რომელიც 20 წელი იბრძოდა ამ ცვლილებების გატარებისთვის,  ახლა ხელისუფლებაშია და გადავადებას აკეთებს 4 წლით. იცით,  ეს როგორ იკითხება? - მაცალეთ, ვიქნები „ცუდი ბიჭი“ და მერე გავხდები „კარგი ბიჭი“. კი, შეგპირდით, რომ „კარგი ბიჭი“ ვიქნებოდი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე , მაგრამ მაცადეთ რა? თუ ადამიანი უშვებს, რომ ცოტახნით მაინც შიძლება, ცუდი საქმეები აკეთოს, ის კარგ საქმეებს ვეღარასოდეს გააკეთებს - პოლიტიკური ძალაუფლება ძალიან ტკბილია.

საუბარი მაქვს „რესპუბლიკურ პარტიაზე“, კონკრეტულად  ამ კანონზე არ ვსაუბრობ, ეს ძალიან კოსმეტიკურია და ბევრს არაფერს ნიშნავს. ეს იყო პარტია, რომელიც ერთ-ერთი მედროშე გახლდათ მაჟორიტრული არჩევნების გაუქმებისა. დღეს გადავადებაზე საუბრობენ. გარკვეულწილად, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ადამიანები ფიქრობენ, რომ ასეთი კომპრომისი შესაძლებელია და სინამდვილეში, ერთ კომპრომისს მოჰყვება მეორე, მესამე და საბოლოო ჯამში, ჭაობში აღმოჩნდები.

კი არ მიკვირს ამ ქვეყანაში არაფერი, ამაზე უარესებიც მინახავს მაგრამ, მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ცოტახანს ვიქნები „ცუდი ბიჭი“ და მერე გავხდები „კარგი ბიჭი“, არ გამოვა“,- აცხადებს ექსპერტი For.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება 2016 წლის არჩევნებს, ექსპერტი ვარაუდობს, რომ  პარლამენტში სახელისუფლებო ჯგუფის და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, პატარ-პატარა გარღვევების ხარჯზე ნინო ბურჯნაძის პარტია და „პატრიოტთა ალიანსი“ შეიძლება მოხვდნენ, რომლებიც ქართულ ოცნებას“ უფრო წაართმევენ ხმებს, ვიდრე „ნაციონალებს“. 

„ნაციონალურ მოძრაობას“ ისინი ვერ ჩაანაცვლებენ - მათ ელექტორატს ისინი ვერ ეხებიან. უფრო „ქართულ ოცნებას“ წაართმევენ ხმებს.  ყველა ძალა იქნება ბარიერის ზღვარზე, ზოგი გადალახავს მას, ზოგი - ვერა. ისინი ძალაუფლებასთან ახლოსაც ვერ იქნებიან. „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ პარლამენტში შესვლის შანსი გააჩნიათ, მათ შეუძლიათ ბარიერის გადალახვა, მაგრამ ძალაუფლებასთან მიახლოების შანსი არ აქვთ“,-აცხადებს ექსპერტი.

გია ხუხაშვილის აზრით, დღეს  ქვეყანაში პოლიტიკური ელიტის კრიზისი გვაქვს, რადგან არცერთ  პარტიას სახალხო ლეგიტიმაცია არ გააჩნია. არჩევნები კი პოლიტიკურ დაფაზე მოთამაშე ივანიშვილ-სააკაშილს შორის გაიმართება, სხვა ყველაფერი ილუზიაა და თამაში.

„არ არსებობს დღეს ქვეყანაში პარტია, რომელსაც სახალხო ლეგიტიმაცია გააჩნია, მათ შორის ხელისუფლებასაც. სახელისუფლებო კოალიციაში ექვსი თუ შვიდი ორგანიზაცია შედის და არცერთ მათგანს ინდივიდუალური დამოუკიდებელი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, მათ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ლეგიტიმაცია გააჩნიათ. დღეს საქართველოში, ცალ-ცალკე ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ ლახავს ბარიერს. ეს არჩევნები იქნება ორ პიროვნებას შორის, რომელიც დღეს პოლიტიკურ დაფაზე არიან-ივანიშვილს და სააკაშვილს შორის. სხვა ყველაფერი ილუზია და თამაშია.  

რაც შეეხება პროდასავლურ ძალებს პარლამენტში, ისეთი გადღაბნილია დღეს ყველაფერი, რომ ვინ სად  არის, ვერავინ გაიგებს. თუ აკვირდებით, ამ ბოლო დღეებში სხვადასხვა ფრთას შორის გააფთრებულ ურთიერთშეურაცხყოფას აქვს ადგილი. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პროცესი როგორც მიდის, კოალიცია ალბათ გაიმარჯვებს არჩევნებზე, მაგრამ ლეგიტიმაცია ექნება დაბალი, მოსახლოების დაბალი აქტივობის ხარჯზე. ადმინისტრაციული რესურსი და  ხელისუფლებისადმი დადებითად განწყობილი ელექტორატის ხმები, მათ მისცემს საშუალებას, არჩევნები მოიგონ, თუმცა ეს საერთო სახალხო არჩევნები არ იქნება დაბალი აქტივობის გამო და ზრდის იმის რისკებს, რომ პოსტსაარჩევნო სირთულეები შეიქმნება ქვეყანაში.

დაახლოებით, ასე წარმომიდგენია არჩევნების შედეგები - ორჯერ მეტი იქნება „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობაზე“ და კიდევ რამდენიმე პარტია, რომელიც ბარიერის ზღვარზე აღმოჩნდებიან“-აღნიშნავს ექსპერტი.