„ყველა განვითარებადი ქვეყნისთვის პრიორიტეტია ჩინური ინვესტიციის მოზიდვა“

„ყველა განვითარებადი ქვეყნისთვის პრიორიტეტია ჩინური ინვესტიციის მოზიდვა“

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 13 სექტემბერს დასრულდება. მთავრობის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, სადაც ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია განიხილებოდა. ღარიბაშვილმა დისკუსიის მონაწილეებთან საქართველოს როლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ახალი აბრეშუმის გზის იდეას.

„როდესაც საქმე ეხება აბრეშუმის გზას და საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, როლს, აღსანიშნავია ბევრი საინტერესო ფაქტორი. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა ენერგორესურსებისა და ტრანსპორტის თვალსაზრისით; გვაქვს ამბიცია, რომ ვაქციოთ საქართველო ლოჯისტიკურ ცენტრად. ჩვენ გვინდა ახალი, ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, რომლის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 100 მილიონი ტონა იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, ამ პორტის მშენებლობა მოიცავს შვიდ ფაზას და არსებობს დიდი დაინტერესება ჩინური კომპანიების მხრიდან, რომელთაც სურთ, ამ პროექტში მონაწილეობა. პრემიერის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, საერთო ჯამში კი, ლაპარაკია საქართველოში რამდენიმე მილიარდის ოდენობის ინვესტიციების ჩადებაზე.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ახალ, ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით, არსებობს დიდი დაინტერესება როგორც ამერიკული, ისე ჩინური კომპანიების მხრიდან. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ქვეყანაა ჩინური პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის.

„მაგალითად, რამდენიმე თვის წინ საპილოტე მატარებელი ჩინეთიდან საქართველოში ჩამოვიდა ცხრა დღეში. ეს იყო პირველი, საცდელი მატარებელი. ეს კი ნიშნავს, რომ ტრანსპორტირების დრო შემცირდება, ასევე 7 000 კილომეტრით შემცირდება დისტანცია. ანუ, აქ ლაპარაკია ფულისა და დროის დაზოგვაზე.

ვთვლი, რომ საქართველო შეიძლება იყოს ძალიან მიმზიდველი ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს უმოკლეს მარშრუტს ჩინეთიდან და, ზოგადად, აკავშირებს აზიასა და ევროპას ამ უმოკლესი მარშრუტის მეშვეობით. ამ პროექტში საქართველოს შეუძლია ძალიან კონსტრუქციული და სანდო როლის შესრულება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღესვე, დალიანში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად საქართველოში ასინქრონული ძრავის მქონე ლოკომოტივისა და მისი სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი ქართულ-ჩინური საწარმო აშენდება. მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს სს „ვაგონმშენებლის“ დირექტორმა ბადრი წილოსანმა, ხოლო ჩინეთის მხრიდან დალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელი ქარხნის პრეზიდენტმა მინ ხინგმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოში დააფუძნონ ერთობლივი კომპანია, რომელიც განახორციელებს არა მხოლოდ ასინქრონულძრავიანი ელმავლების წარმოებას, არამედ განახორციელებს დიზელისძრავიანი თბომავლების, მეტროს მატარებლების, ელექტრომატარებლების, დიზელის ძრავების, დიზელის გენერატორების, ასევე ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, დასახელებული პროდუქტების მომსახურებას და შეკეთებით სამუშაოებს. ერთობლივი კომპანია ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ირანის, თურქეთის, ევროპის ბაზარზე.

ეკონომიკის ექსპერტი, ლევან კალანდაძე ამბობს, რომ ჩინეთი წონადი და ანგარიშგასაწევი ძალაა მსოფლიოში; შესაბამისად, ყველა ქვეყნისთვის პრიორიტეტია ჩინური ინვესტიციების მოზიდვა; რადგანაც, ჩინეთი აქცენტს აკეთებს განვითარებაზე და მაღალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.

„სხვა ევროპული საინვესტიციო კორპორაციებისგან განსხვავებით, ჩინური ინვესტიციები უფრო კომფორტული, მოქნილი და ამავდროულად, უფრო იაფიც არის. შესაბამისად, ყველა განვითარებადი ქვეყნისთვის პრიორიტეტია ჩინური ინვესტიციის მოზიდვა. ევროპასთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაძლევს ძალიან ბევრ შესაძლებლობას, რაც საინტერესო უნდა იყოს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ თავად ჩინეთის მხარისთვის. ორმხრივი ინტერესი ქმნის ისეთ სიტუაციას, რომელიც წარმატების გასაღები შეიძლება გახდეს“, - აცადებს ლევან კალანდაძე.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში ჩინური ინვესტიციების განხრიცილება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ეს შესაძლებელია გარკვეული ტენდენციის სახით ჩამოყალიბდეს სხვა სახელმწიფოების ინვესტორებისთვის, ქვეყანაში საინვესტიცო პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.

„ინვესტიციები შემოდის ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი პირველი გამოწვევა არის მსხვილმასშტაბიანი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება. ანუ პატარა და საშუალო ინვესტორები კარგია, მაგრამ ხელისუფლებამ აქცენტი უნდა გააკეთოს მსხვილი საინვესტიციო პროექტების ლობირებაზე“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.

ქვეყანაში ჩინური ინვესტიციის შემოსვლის მნიშვნელობაზე საუბრობს ეკონომიკის ექსპეტრი დემურ გიორხელიძე, რომლის განცხადებით, ინვესტორები ქვეყნაში მოდიან არა პრემიერ-მინისტრის მოწვევით, არამედ იმიტომ კარგი გარემოა და გრძელვადიანი გათვლებით შესაძლებელია თანხების ინვესტირება.

„ჩინეთისთვის საინტერესოა ყველაფრი ის, რაც შესაძლებლობას აძლევს მათი პროდუქციის მსოფლიოში კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას. ჩინელები ძალიან გონივრები არიან, პრემიერის და საქართველოს სიყვარულით რაიმე თანხას საქართველოში არ ჩადებენ. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ რამე გადაწყდა, ეს ძალიან კარგი იქნება.

არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ჩინეთი საქართველოში იმიტომ შემოდის, რომ მსოფლიო ბაზარზე გავდეს, არავითარი პრობლემა ჩინეთის ევროპაში და ამერიკაში გასვლის კუთხით არ აქვს. აშშ-ში, ისევე როგორც ევროპაში მთავარი სამომხმარებლო საქონელი ჩინურია“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.