„მონტენეგროს გაწევრიანების შემთხვევაში რისკები  ნაკლებია“

„მონტენეგროს გაწევრიანების შემთხვევაში რისკები ნაკლებია“

IPI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლების 78% მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რაც მხარდაჭერის საკამოდ დიდი მაჩვენებელია. საქართველოსგან განსხვავებით გადაწყვეტილია, რომ ალიანსის დიდი ოჯახის წევრი გახდება მონტენეგრო, რომლის მოსახლეობის ერთ მესამედზე ნაკლები უჭერს მხარს ალიანსში გაწევრიანებას. 

თინა ხიდაშელის განცხადებით, ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც ვარშავაში გაიმართება, ნატო-ს გაფართოება იქნებოდა სწორი პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელსაც რუსეთი დემოკრატიულ სამყაროს უგზავნის.

„საქართველოში თუ ნატო-მ კრახი განიცადა, ეს იქნება კრახი ძალიან ბევრი მიმართულებით. თუ ნატო გამოიჩენს სიფრთხილეს რუსეთის მიმართ, ამით მას გზას გაუხსნის, ვინაიდან ძალიან ბევრი ძალა, ძალიან ბევრი ადამიანი, ელოდება რომ ნატო გაჩერდება და დაფრთხება. სწორედ ამაზე პასუხი უნდა იყოს ვარშავის სამიტი. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ თუ დღეს რომელიმე ქვეყანა იმსახურებს ნატო-ს წევრობაზე მიწვევას, ეს არის მონტენეგრო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის მხარს უჭერს მონტენეგროს გაწევრიანებას ნატოში, თუმცა სვამს კითხვას, რატომ მონტენეგრო, სადაც ალიანსში გაწევრიანებას მოსახლეობის ერთ მესამედზე ნაკლები უჭერს მხარს და არა საქართველო, რომლის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი ნატოში ინტეგრაციის მომხრეა.

„მე სრულად ვუჭერ მხარს მათ გაწევრიანებას. მაგრამ მთავარი შეკითხვა, ფუნდამენტური შეკითხვა, რაც მაქვს, არის ის, რატომ მონტენეგრო, სადაც მოსახლეობის ერთ მესამედზე ნაკლები არის ალიანსში გაწევრიანების მომხრე და არა საქართველო, სადაც ორ მესამედზე მეტი უჭერს მხარს ნატოში ინტეგრაციას.

რატომ არ ვართ ჩვენ შესაფერისები, გვესმის, რომ არის გარკვეული ცინიზმი ამ კითხვაში, მაგრამ ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა კედელი დავანგრიოთ და ყველა დავარწმუნოთ, რომ თუკი რამე უნდა მოხდეს ვარშავაში, ეს სწორედ ნატოს გაფართოებაა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

უკვე ცნობილია, რომ 2016 წელს ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ითხოვს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია განმარტავს, რომ ნატო ყურადღება ევროპის კონტინეტზეა ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდება აქცენტი საქართველოსა და უკრაინაზე.

„საქართველოსა და უკრაინის საკითხი მეორე ეტაპზეა. მაგრამ აქ მთავარია როგორ განვითარდება პროცესები დასავლეთსა და რუსეთს შორის. თუ რუსეთი გადავა აგრესიულ პოლიტიკაზე, განაგრძობს სამხედრო აგრესიის დემონსტრირებას, ამ შემთხევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს დასავლეთი, ამაზე საუბარი უკვე რთულია. შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს მიანიჭოს MAP-ი, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ხდება ალიანსის წევრი ქვეყანა“, - ამბობს ვახანგ მაისაია.

რაც შეეხება მონტენეგროს, მაისაია ამბობს, რომ მონტენეგროს, როგორც ევროპული სახელმწიფოს, ალიანსში გაწევრიანებას ნატოს წევრი ქვეყნებისთვის პოლიტიკური დატვირთვა აქვს. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გადაწყვტილებას იღებენ ნატო-ს წევრი ქვეყნები, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყნები გადაწყვეტილებას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ.

„რატომ მონტენეგრო და არა საქართველო, აბსოლუტურად ლოგიკური კითხვაა, რომელიც მიჰყვება ნატო-ს ხელმძღვანელობის რიტორიკას. ნატოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათ გადაწყვეტილებაზე არაფერი არ მოქმედებს.

მათი გადაწყვეტილება მხოლოდ ნატო-ს  და იმ ქვეყნის ორმხრივი ურთიერთდამოკიდებულების შედეგია, რომელსაც ნატო-ში გაწევრიანება სურს. იურიდიულად ეს ასეა, მაგრამ მეორე მხრივ გადაწყვტილებას იღებენ ნატო-ს წევრი ქვეყნები, რაც გულისხმობს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ქვეყნები საკუთარი ინტერესებიდან გამოდიან“, - აცხადებს საყვარელიძე.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქვეყნებს მრავალი ფაქტორის გათვალისწინება უწევთ, საქართველოს შემთხვევაში ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი რუსეთია.

„გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს და მონტენეგროს მოსახლეობის რამდენი პრცენტი დაუჭერს მხარს ნატო-ში გაწევრიანებას. რადგან სახელმწიფოებში მონტენეგროს გაწევრიანებას მოწინააღმდეგე არ ჰყავს, საქართველოს გაწევრიანებას, ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისას, მოწინააღმდეგე ჰყავს რუსეთის სახით.

ხოლო რუსეთს მოგეხსენებათ, რომ ყველაზე დიდი ქვეყანაა კონტინეტზე, აქვს უზარმაზარი რესურსები და ძლიერი შეიარაღება. ასე რომ, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებულია მესამე მხარის ფაქტორები, რომელზეც მართალია, ნატო არ ლაპარაკობს, მაგრამ ეს არის მიზეზი რატომაც  საქართველოს საკითხის გადაჭრას უჩნდება პრობლემები“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

2011 წელს ნატომ ოფიციალურად აღირა საქართველო, მონტენეგრო და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო ნატო-ს ასპირანტ ქვეყნებად. ასპირანტ ქვეყნებს შორის ამ ეტაპზე პრიორიტეტი სწორედ მონტენეგროს მიენიჭა. დამოუკიდებელი ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ მონტენეგროს გაწევრიანების შემთხვევაში რისკები  ნაკლებია. მისივე თქმით, ალიანსისთვის არგუმენტი არ არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უფრო მეტ პროცენტს სურს ნატო-ში გაწევრიანება, ვიდრე მონტენეგროს მოსახლეობის.

„ეს არ არის საკმარისი კრიტერიუმი, რომ საქართველოს მიანიჭონ უპირატესობა ნატოში გაწევრიანების კუთხით. არსებობს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც სერიოზულ როლს თამაშობს ამა თუ იმ ქვეყნების შანსების შეფასებაში და მისი ნატოში გაწვრიანებისთვის. ეს არის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები, მათ შორის, მოუგვარებელი; არსებული გამოწვევები იგივე, დემოკრატიის კუთხით.

საქართველოს შემთხვევაში არსებობს რუსული ფაქტორი და ეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. არსებობს ბერი სხვა გამოწვევებიც. ნატო არასოდეს არ იხილავს ერთ ფაქტორს, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა აქ მეტია, იქ ნაკლებია. ნატო  კომპლექსურად იხილავს ყველა ფაქტორს და გარემოებას. ამ შემთხვევაში კომპლექსური მიდგომის შედეგად გადაწყდა, რომ პრიორიტეტი მიენიჭოს მონტენეგროს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.