მიხეილ სააკაშვილმა თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისთვის, ისე შეცვალა ქვეყნის ძირითადი კანონი, რომ როდესაც ის თანამდებობას დატოვებდა, ძალაუფლების უმეტესი ნაწილი ახალი პრემიერ-მინისტრის ხელში გადავიდოდა. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2012 წლის იანვრის ბოლოს კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსი სპეციალისტი თომას დე ვაალი „ვაშინგტონ პოსტში“ წერდა.
„გასულ წელს, მაშინ, როდესაც მოახლოვდა მისი მეორე და საბოლოო ვადის ამოწურვის დრო (2013 წლის დასაწყისი), სააკაშვილმა ისევ შეცვალა ქვეყნის ძირითადი კანონი, იმის უზრუნველსაყოფად, რომ, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს, მისი ძალაუფლების უმეტესი ნაწილი ახალ და ძლიერ პრემიერ-მინისტრს გადაეცეს. შინაც და გარეთაც ისეთი ვარაუდი გაჩნდა, რომ სააკაშვილი ცდილობს პუტინს მიბაძოს და პრემიერ-მინისტრის პოზიცია ჩაიბაროს.სააკაშვილი პასუხს კითხვაზე, თუ რამდენად აპირებს თანამდებობის გაცვლას, თავს არიდებს", - აღნიშნავდა კარნეგის ფონდის სპეციალისტი სტატიაში.
ამ ნაბიჯს დღესაც იმკის საქართველოს ხელისუფლება და დღემდე ვერვის გაურკვევია ვინ არის ქვეყნის პირველი პირი-პრემიერი თუ პრეზიდენტი და ვინ წარსდგება საერთაშორისო კონფერენციებზე ქვეყნის სახელით?
2011 წლის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლის და თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოსთვის თავის არიდების მიზნით, ქვეყანა დატოვა და...უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორდ დაინიშნა. საქართველოში მაშინ ამაზე ბევრი ილაპარაკეს, უმცირესობა აღფრთოვანდა, უმრავლესობა აღშფოთდა, თუმცა, ამით ბევრი არაფერი შეცვლილა.
ახლა კი, რეალური შანსია იმის, რომ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს. რამდენიმე საათის წინ უკრაინის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტის საიტზე 3 სექტემბერს გამოქვეყნებულმა პეტიციამ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მოთხოვნით, 25 000-სს გადააჭარბა და ახლა რეგლამენტის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტს სამი დღე აქვს გადაწყვეტილების მისაღებად.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოროშენკო და უღალატებს თუ არა თავის „თანაფრონტელ მეიდნელ“ მეგობარს არსენ იაცენიუკს, ამას ორ-სამ დღეში გავიგებთ. მანამდე კი პეტიციის გამოქვეყნებას, ოდესის ოლქის გუბერნატორსა და უკრაინის მოქმედ პრემიერ-მინისტრს შორის, ღია კამათი უძღოდა წინ. 3 სექტემბერს უკრაინის ტელეკომპანია „მე-5“ არხის ეთერში, სააკაშვილმა ღიად დაადანაშაულა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოლიგარქებთან ურთიერთობაში, მაგალითად, სახელმწიფო ავიაციის უფროსად დენის ანტონიუკის დანიშვნა დაასახელა და აღნიშნა, რომ მილიარდერი იგორ კოლომოისკი სწორედ არსენ იაცენიუკის ხელით აკონტროლებს უკრაინის ავიაციას და მის ხელმძღანელად პრემიერს თავისი მეგობარი ანტონიუკი დაანიშვნინა. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე დღეს, 4 სექტემბერს, ანტონიუკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
არსენ იაცენიუკი სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და ის ტყუილში დაადანაშაულა. „მე მესმის მთელი ემოციურობა. მესმის რომ მას უჭირს, მაგრამ გვიჭირს ჩვენ ყველას. აქ ყველა ერთიანი ვართ და ამიტომ ემოციები, უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ რეფორმების მოწინააღმდეგეთ აძლევს ხელს, მითუმეტეს არასასურველია ყოფილი პრეზიდენტისთვის ცრუ ბრალდება, მაგრამ მე მისი პირველი მოკავშირე ვარ“,-განაცხადა იაცენიუკმა.
ოლიგარქი კოლომოისკი კი რუსულ პრესასთან სააკაშვილის შესახებ აგრესიულ განცხადებებს არ ერიდება. როგორც „Свободная пресса»-ს ინფორმაციით, კოლომოისკიმ სააკაშვილს „ძაღლი პირბადის“ გარეშე უწოდა და განაცხადა, რომ როდესაც ძაღლი ვინმეს კბენს, სჯიან არა მას, არამედ პატრონს, სააკაშვილი კი „უნდა გააგზავნო საქართველოში ნაღდი ანგარიშსწორებით, რათა იქ აგოს პასუხი მის მიერ დაკბენილი ხალხის წინაშე“.
პოროშენკო იაცენიუკის და სააკაშვილის ღია დაპირისპირებას დიპლომატიურად მიუდგა და განაცხადა, რომ არ იყო საჭირო საჯაროდ მათ შორის არსებული უკმაყოფილების გამოტანა, რადგან ეს ყველაფერი რეფორმების გაძლიერებას უშლის ხელს.
ოდესის გუბერნატორი მაინც არ გაჩერდა და რამდენიმე დღეა შეუჩერებლად უკრაინის ხელისუფლებას, კერძოდ კი პრემიერს არაეფექტურ მუშაობასა და სახაზინო თანხების მითვისებაში ადანაშაულებს, რომელმაც მხოლოდ მიმდინარე წელს 100 მილიარდ გრივენს -4.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
„უკვე დროა ისინი ჩამოშორდნენ ხელისუფლებას და შესაძლებლობა მიეცეს მათ, ვისაც სურს საქმის კეთება და არ შეუშალოს ხელი იმის მიღწევაში, რაც მათ თავისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სურთ“,- განაცხადა სააკაშვილმა „ფოკუსთან“ ინტერვიუში და დაამატა, რომ საჭიროა მთავრობის ყველა დონეზე „სრული გადატვირთვა“. შეკითხვაზე სურს თუ არა მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა სააკაშვილმა „სამჯერ უარყო“ და განაცხადა, რომ მისი აზრით უნდა დაინიშნოს ის, წესიერი ადამიანი, რომელიც ფინანსებში კარგად ერკვევა და „სრულიად დაცული იყოს ოლიგარქიული ინტერესებისგან“.
რუსული გამოცემა „Взгляд“-ის ინფორმაციით, უკრაინის ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ სააკაშვილი აუცილებლად გახდება უკრაინის პრემიერ-მინისტრი. კიევის საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის ინსტიტუტის დირექტორის, ეკონომისტ იური სასკინის აზრით, ამას თავისი მიზეზები აქვს- „პოროშენკო და მის უკან მდგომები, ყოველთვის თამაშობენ გრძელ პარტიას - მატრიოშკას“.
„პოროშენკო უკვე ჩამოყალიბდა - მას „სახალხო ფრონტი“ აღარაფერში სჭირდება და ასევე იაცენიუკიც. პრეზიდენტს ესმის, რომ მან იაცენიუკი უნდა მოისროლოს, მაგრამ ის თვითონ თავისი ხელით არაფერს აკეთებს. მან მოილაპარაკა სააკაშვილთან, რომელსაც ყოველდღე ესიზმრება საკუთარი თავი უკრაინის პრემიერ-მინისტრად. ერთია, იყო სუროგატი სახელმწიფოს პრეზიდენტი და მეორე - ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს პრემიერი. ეს ყველა ქართველის ოცნებაა“,- აღნიშნავს გამოცემასთან სასკინი და იქვე დაძენს, რომ პოროშენკოს და სააკაშვილის ურთიერთობა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდანაა დაწყებული და მათი ცხოვრების გარკვეული პერიოდი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული.
„გარდა ამის, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ პერიოდში, ვარაუდობს ექსპერტი, სააკაშვილი და პოროშენკო ერთობლივ სქემებს ადგენდნენ, რომლებმაც საბოლოოდ, სააკაშილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა გამოიწვია“,-აღნიშნავს გამოცემა.
უკრაინული გამოცემა Forbes- ის მიხედვით, ყველაზე მდიდარ უკრაინელთა შორის ადგილები ასე გადანაწილდა - რინატ ახმეტოვი-6.9 მილიარდი დოლარი, ვიქტორ პინჩუკი-1. 5 მილიარდი დოლარი, მეოთხე ადგილზეა პოროშენკო-სააკაშვილის მოწინააღმდეგე იგორ კოლომოისკი - 1,4 მილიარდი დოლარით. უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო 750 მილიონი დოლარით მეშვიდე ადგილს იკავებს. ამავე გამოცემის თანახმად, ყველაზე დიდი გავლენა საერთაშორისო არენაზე პინჩუკს გააჩნია და ხშირად აფინანსებს კლინტონის ფონდსაც.
როგორც ამბობენ, კლინტონი ხშირად საუზმობს მასთან ერთად და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ეკონომიურდ ყველაზე გავლენიან კოლომოისკის კი აშკარად წყალი შეუდგა.
როგორ გადანაწილდება ოლიგარქთა ინტერესები, ვინ დაიცავს პოროშენკო-სააკაშვილის ინტერესებს, ეს სულ ორ დღეში გახდება ცნობილი და სულაც არ არის გამორიცხული, 25 900 კაციანი პეტიციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის სავარძელი, რომლის დაკავებაშიც სააკაშვილს საქართველოში ხელი შეუშალეს, უკრაინაში დაიკავოს.