ინფლაცია და აგრარული პოლიტიკა

ინფლაცია და აგრარული პოლიტიკა

[სოლომონ პავლიაშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი]

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რაც ქვეყნის წინაშე დგას ეს არის ინფლაციის მაღალი ტემპები, რომელსაც მთავრობამ ჯერ ჯერობით ვერაფერი ვერ მოუხერხა. ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს თუ არ იქნება შემუშავებული ეფექტიანი ანტიინფლაციური პოლიტიკა ეს პროცესები შესაძლებელია უმართავი გახდეს. ამის უყურადრებოდ და უკონტროლოდ დატოვება არ შეიძლება. ეს ანტიინფლაციური პოლიტიკა უნდა იყოს შემუშავებული და გამოქვეყნებული, რათა გაიფანტოს, როგორც საზოგადოების მოლოდინი და ეკონომიკური სუბიექტების დაძაბულობა, ისე, პირველ რიგში, იმპორტიორებს უნდა გაუჩნდეთ ნდობა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ სახელმწიფო არ გადადგამს მათ საზიანოდ ნაბიჯებს, რათა მათ ინფლაციური პროცესების თავიდან ასაცილებლად არ გაზარდონ პროდუქციაზე ფასები. 

ჩვენ ეროვნულ ვალუტას სეზონურობა დასჩემდა. თითქმის ტრადიციად იქცა, რომ წელიწადში იგი 2-3–ჯერ მკვეთრად ეცემა ან იზრდება, რითაც მოსახლეობას პანიკაში აგდებს. შემდეგ რაღაც პერიოდში სტაბილურდება და როცა გგონია ყველაფერმა ჩაიარა, კვლავ შეგახსენებს თავს თავისი პრობლემებით. მიმდინარე მსოფლიო კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თითეული სახელმწიფოსათვის არის ინსტიტუციურად მყარი საბანკო სისტემა, ფულად საკრედიტო პოლიტიკის სწორად განსაზღვრა და ინფლაციური პროცესების რეგურილება, რათა ქვეყნების ეკონომიკურმა სისტემებმა არ განიცადოს სრული კრახი.

დღეს როგორც არასდროს საჭიროა ქვეყნების მთავრობებმა ზუსტად ჩამოაყალიბონ სახელმწიფოს ეკონომიკური მართვის მოდელი, როგორც სტრატეგიაში ასევე მოკლევადიან პერიოდში.

ზოგადად, თვითონ მეცნიერებაშიც კი, კრიზისებთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი მიდგომა. მაგალითად, ზოგიერთები თვლიან, რომ კრიზისი ეს არის ობიექტური რეალობა, რომელიც გარკვეული პერიოდების შემდგომ მეორდება, ეს შეიძლება იყოს 8-10 წელი, შეიძლება - მეტიც, თუმცა არის სხვა შეხედულება, მაგალითად კეინსელებისა, რომლებმაც კრიზისის პრობლემის ნაცვლად წინ წამოწიეს ეკონომიკური ციკლის პრობლემა. კეინსელების ლოგიკით, არა მარტო კრიზისი, არამედ საერთოდ ციკლური განვითარებაა დამახასიათებელი კაპიტალისტური მეურნეობისათვის. სწორედ ეკონომიკური ციკლის კეინსური თეორია გახდა გასული საუკუნის 50–60-იან წლებში ანტიციკლური მოთხოვნის ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველი. მათვე გამოიკვლიეს ეკონომიკური ციკლის ფაზების - გამოცოცხლების, აღმავლობის, დაქვეითების და დეპრესიის - თავისებურებანი.

თუმცა, 70-იან წლებში აშკარა გახდა ამ თეორიის გადახედვის აუცილებლობა. ცნობისათვის - არსებობს ტემპების, კაპიტალდაბანდებების, ინოვაციური, სამრეწველო და ა.შ. ეკონომიკური ციკლები. დროის მიხედვით გამოიყოფა 50-წლიანი, 8-10-წლიანი, 2-3-წლიანი, სეზონური და სხვა. ეს - მოკლედ ეკონომიკური ციკლის შესახებ. ამ თემას არ ჩავუღრმავდები, რადგან ძალიან შორს წაგვიყვანს.

ბუნებაში არც ერთ ისეთ ეკონომიკურ თეორიას არ უარსებია, რომელიც არ ყოფილიყოს გამოყენებული ამა თუ იმ ქვეყანაში, პირდაპირ თუ - ირიბად. როგორ შეიძლება, ადამიანი განაგებდე ქვეყანაში ეკონომიკურ პოლიტიკას, ქმნიდე ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას და წარმოდგენა არ გქონდეს ისეთ ეკონომიკურ თეორიებზე, ინფორმაციისა და ცოდნის გამდიდრებისთვის მაინც, როგორიც არის, თუნდაც მარჟინალიზმი, კეინსიანიზმი, მონეტარიზმი, ინსტიტუციურ სოციოლოგიური - მიმართულება და სხვა. ნურავინ იფიქრებს, რომ ეს თეორიები მხოლოდ წმინდა მეცნიერებისთვის არსებობს და მოწყვეტილია ქვეყნების რეალური ეკონომიკისაგან.

მაგალითად, მაკროეკონომიკაზე მსჯელობისა და მისი შეფასების დროს, ძალზე მნიშვნელოვანია განვიხილოთ დინამიკური წონასწორობისა და მდგრადობის პრობლემა, როგორც კვლევის მიმართულება - ეკონომიკური ზრდის თეორია, რომელიც თავდაპირველად 30–50 წლებში წარმოიშვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ავსტრიელი ეკონომისტის ი. შუმპეტერის ეკონომიკური განვითარების თეორია, როგორც დინამიკური განვითარების თეორია.

მარტივად რომ ვთქვათ, გარკვევა იმისა, თუ როგორ განისაზღვრება დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა, წარსული ეკონომიკური მდგომარეობით და როგორ განსაზღვრავს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკურ განვითარებას მომავალში? – აი დილემა, რომელიც გადაუწყვეტელია მთელ მსოფლიოში. ეს ურთულესი პრობლემა დღემდე მეთოდურადაც არ არის ბოლომდე გადაჭრილი.

ახლა, უფრო კონკრეტულ თემაზე გადავინაცვლოთ. ბოლო პერიოდში ფასების ზრდამ შოკში ჩააგდო მოსახლეობა. რაც ყველაზე საგანგაშოა, ფასები გაიზარდა ადგილობრივ პროდუქციაზე, რომელსაც არც ნედლეულის და არც დამხმარე მასალების თვალსაზრისით არავითარი კავშირი არ აქვს იმპორტულ პროდუქციასთან. მაშ, რა ხდება? თუ არც ნედლეულის, მასალების, ნახევარაფაბრიკატების, ელექტროენერგიის, კომუნიკაციების ფასები არ იზრდება და, მითუმეტეს, არ იზრდება ხელფასი, მაშინ რატომ იზრდება პროდუქციის ღირებულება. სად არის ძაღლის თავი დამარხული?

საქმე გვაქვს წმინდად სამეურნეო სუბიექტების ინფლაციურ მოლოდინთან. რეალურად ჩვენს შემთხვევაში ეკონომიკური თვალსაზრისით შესაძლებელია მათ მიერ ფასების ზრდა არც უნდა ხდებოდეს, მაგრამ ვინაიდან მათ არ იციან, თუ როგორი ანტიინფლაციური პოლიტიკის გატარებას აპირებს სახელმწიფო, ამიტომ ისინი წინასწარ, სპონტანურად, შოკის საფუძველზე ზრდიან ფასებს. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ქვეყანაში ადაპტაციური, ანტიინფლაციური პოლიტიკა. ეს - დასაბუთებულია რაციონალური მოლოდინის თეორიით.

სწორედ ამ თეორიისთვისაა დამახასიათებელი ფასებზე მოლოდინის ფორმირების მექანიზმი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელი ინფლაციისათვის გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური სუბიექტები აღარ ცდებიან და წინასწარ ემზადებიან, რომ ადვილად გადაიტანონ სახელმწიფოს მიერ ინფლაციის დასაძლევად განხორციელებული ფისკალური და მონეტარული ექსპანსიის შედეგები. ამ უკანასკნელის განხორციელება ხდება სახელმწიფოს მხრიდან ზუსტი ინფორმაციის მიღების ხარჯზე.

რაციონალური მოლოდინის თეორიის დასკვნების საფუძველზე ბევრ ქვეყნებში შეიმუშავეს წარმატებული პროგრამები ინფლაციის შესამცირებლად. კერძოდ, განისაზღვრა სხვადასხვა ქვეყნისათვის ინფლაციის შემცირების სოციალური ფასის კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენი უნდა იყოს უმუშევრობის იმ ნამატის მაჩვენებელი, რომელიც აუცილებელია ინფლაციის ტემპების შემცირებისათვის განსაზღვრულ დონემდე, ბუნებრივ დონესთან შედარებით. მაგალითად, ხუთი წლის განმავლობაში ეს კოეფიციენტი არის 1,5%.

ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად 2%-ით ინფლაციის ზრდის ტემპის შემცირებისათვის საჭიროა უმუშავრების ბუნებრივ დონეზე ჭარბი ზრდა ყოველწლიურად 1,5%-ით. აბსოლუტური მონაცემებით ეს ნიშნავს ინფლაციის ტემპის შემცირებას ამ პერიოდში 10%-დან 3%-მდე, ანუ - 7 პუნქტით და უმუშევრობის დონის გადიდებას ბუნებრივი უმუშევრობის დონის მიმართ - 11%-ით. თუმცა, ინფლაციის 7 პროცენტული პუნქტით შემცირება შესაძლებელია უფრო მოკლე პერიოდშიც, მაგალითად - ერთ წელიწადშიც. მაშინ უმუშევრობის ფაქტობრივი დონე უნდა იყოს მაღალი 11%-ით მის ბუნებრივ დონესთან შედარებით. ანუ, ბუნებრივი დონე თუ 6%-ია მაშინ უმუშევრობა უნდა გახდეს 17%. ასეთი პრაქტიკა ცნობილია „შოკური თერაპიის“ სახელწოდებით.

ჩვენთვის ქვეყნისათვის ნათელი მაგალითია, რომ 1995-96 წლებში ჰიპერინფლაციის დაძლევა ძირითადად მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებით მოხდა - ბიუჯეტის დეფიციტის არაემისიური დაფინანსებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან. მაგალითად, 1995 წელს ბიუჯეტის შემოსავლებმა სულ შეადგინეს 188 მლნ ლარი ხარჯებმა - 341 მლნ, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტმა – 153 მლნ. ლარი, რომელიც დაფინანსდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სისტემური ტრანსფორმაციის კრედიტით და მსოფლიო ბანკის სარეაბილიტაციო კრედიტით. 1996 წელს ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინეს 522 მლნ ლარი, ხარჯებმა - 783 მლნ. შესაბამისად, დეფიციტმა - 261 მლნ, რაც ასევე დაფინანსდა მსოფლიო ბანკის მიერ.

ინფლაციის დაჩქარება - სახელმწიფო დავალიანების ზრდა, მაღალი პროცენტი, ეკონომიკის დოლარიზაციის მაღალი დონე, როგორც წესი იწვევს ფულზე მოთხოვნის ზრდას და ფულის მიმოქცევის სიჩქარის შესაბამის ზრდას. ამ სიჩქარის შემცირება არის ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის მატების და ფინანსური სტაბილიზაციის მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანი. მაგალითად, ამ სიჩქარის მაჩვენებელი საქართველოში ყველაზე მაღალი იყო 1994 წელს - 12,7%, რამაც მაღალი ჰიპერინფლაცია განაპირობა, 1995 წელს ეს მაჩვენებელი 6%-მდე დაეცა.

რაც შეეხება დღევანდელ საგანგაშო მდგომარეობას, პირველ რიგში, მოსახლეობისათვის ყველაზე მძიმეა ის, რომ გაიზარდა ფასები სასურსათო პროდუქტზე. კერძოდ, პურზე ფასმა მოიმატა დაახლოებით 15%-ით, ზეთზე - დაახლოებით 32%-ით, კარტოფილზე – 30-35%-ით, ხახვზე - თითქმის 50%-ით, ასევე - ნავთობპროდუქცია, რომელიც ყოველდღიურად ძვირდება. საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2010 წელს გაიზარდა 145-მდე, ხოლო წლიურმა ინფლაციამ მარტის თვეში მიაღწია 13%-ს. ცხადია როდესაც სამომხმარებლო ფასების ინდექსი იზრდება, ჩვეულებრივმა ოჯახმა მეტი ფული უნდა დახარჯოს ცხოვრების იგივე დონის შენარჩუნებიასათვის.

თუმცა ცნობილი მეცნიერ-ეკონომისტი გრეგორი მენქიუ თვლის, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი ცხოვრების ღირებულების არასრულყოფილი მაჩვენებელია. ვინაიდან ინდექსი არ ითვალისწინებს მომხმარებლის მიერ საქონლის ჩანაცვლებას იმ საქონლით რომელიც შედარებით იაფი ხდება. ასევე ინდექსი საკმარისად სრულად არ სასახავს საქონლისა და მომსახურების ცვლილებებს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს წლიური ინფლაციის დაახლოებით 1%-ით გაზრდის ცდომილებას. მიუხედავად ამისა დღეისათვის მსოფლიოს არ გააჩნია სხვა უკეთესი მაჩვენებელი ადამიანის ცხოვრების ღირებულების ცვლილების გამოთვლისათვის.

ტრანსფორმაციული ეკონომიკის მქონე და განვითარებული ქვეყნებისთვისაც მოქმედებს ერთნაირი კანონზომიერებები. რაც უფრო სწრაფად იზრდება ფულის მასა, მით უფრო სწრაფად იზრდება ფასები, სწრაფად ეცემა ეროვნული ვალუტის კურსი და პირიქით, ფულის ემისიის შენელება იწვევს ინფლაციის ტემპების შემცირებას, ეროვნული ვალუტის ნუმინალური კურსების სტაბილიზაციას ან ზრდას. საქართველოში რაც ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით მის გამყარებას გულისხმობს. ეს ნამდვილად არ არის მიმდინარე ობიექტური ეკონომიკური პროცესების შედეგი. არამედ, ეს უფრო ფრაგმენტულად განხორციელებული ინვესტიციის ან კერძო კომერციული ბანკებისგან საზღვარგარეთიდან მოზიდული კრედიტების შედეგია.

ამ შემთხვევაში როგორც ჩანს, ეროვნულმა ბანკმაც „ხელი დაიბანა“ და ლარის კურსის გამყარებაზეც არც ექსპორტიორები იკლავენ თავს. ლარის კურსის გამყარებამ, ზოგადად ეკონომიკური თეორიის თვალსაზრისით იმპორტირებულ საქონელზე ფასების კლება უნდა გამოიწვიოს, სინამდვილეში ამის მსგავსი არაფერი არ ხდება. ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც 2010 წლის ივნისში ლარი დოლარის მიმართ 4%-ით გაუფასურდა, იმპორტიორებმა როგორ სწრაფად მოახდინეს რეაგირება. როგორც ნავთობი, ასევე მედიკამენტები თითქმის 10-12%-ით გაზარდეს. 2010 წელს ლარის კურსის შესუსტება ინვესტიციების შემცირების გამო შედარებით კანონზომიერი მოვლენა იყო. თუ არ ჩავთვლით იმ „შავ პარასკევებს“ როდესაც ეროვნულმა ბანკმა ერთ დღეში მოახდინა დიდი ოდენობით მოკლევადიანი რეფინანსირება კერძო ბანკების, რამაც კინაღამ დაანგრია ქვეყნის საბანკო სისტემა.

დასამალი არ არის, რომ ეროვნულ ბანკს გააჩნია 2 მილიარდზე მეტი სავალუტო რეზერვი. ამიტომ მას თავისუფლად შეუძლია გამოიყენოს „სავალუტო ღუზის“ მეთოდი და მოახდინოს კურსის ფიქსაცია. ეროვნული ბანკის პოლიტიკა დამყარებულია იმაზე, თუ ქვეყანა რას თვლის პრიორიტეტად. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კურსის ასეთი ფიქსაციის დროს ქვეყანას უწევს დიდი რაოდენობით რეზერვების ხარჯვა რაც ზოგჯერ საგარეო ვალების აღების ტოლფასია. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ძალზე მნიშვნელოვანია და საფრთხილოა, რომ შემდგომში ლარის კურსის შესუსტებას არ ქონდეს ნახტომისებური ხასიათი, რისთვისაც ეროვნულ ბანკს დიდი სიფრთხილე მართებს.

როგორც უკვე ავღნიშნეთ ეროვნულ ბანკს გააჩნია შესაბამისი რეზერვები, რათა ლარის კურსი დაარეგულიროს. მიუხედავად ამისა არ შეიძლება ქვეყანა მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის იმედზე იყოს, ასევე აუცილებელია მთავრობამ ეფექტიანად გამოიყენოს ფისკალური პოლიტიკა, ანუ ბიუჯეტი როგორც ინსტრუმენტი სახელმწიფო რეგულირების. მხოლოდ ფისკალურ და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივი ეფექტიან განხორციელება არის შედეგის მომტანი, ქვეყნის სტაბილური და მდგარდი განვითარების აუცილებელი პირობა. მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ არც კეინსიანიზმი და არც მონეტარიზმი ცალ - ცალკე გრძელვადიან პერიოდში არ იძლევა სასურველ შედეგს.

ეკონომიკურ თეორიაში ცნობილია ეგრედ წოდებული ხიკსის შემოთავაზებული ინტერპრეტაცია, სადაც მან დასვა საკითხი კეინსური და ნეოკლასიკური თეორიების ერთიან გაერთიანების. სწორედ ნეოკლასიკური სინთეზი გახდა ეკონომიკის სახელმწიფო რეგურილების კეინსური პოლიტიკის საფუძველი, რომელმაც მოიცვა როგორც ფისკალური, ისე ფულად საკრედიტო პოლიტიკა და რეგულირების ინსტრუმენტად აღიარებული იქნა საბიუჯეტო პოლიტიკა. 

ჩვენ კარგად გვახსოვს როდესაც, სამი წლის წინ ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკულები იყვნენ პარლამენტში მყოფი მეწარმეები, რადგან ეს გარკვეულად ექსპორტის ხელისშემშლელი პირობა იყო. იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისათვის, როგორიცაა საქართველო, ვალიუტის კურსის ზედმეტად გამყარება იშვიათი მოვლენაა და იგი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება. საქართველოში ეს იყო საინვესტიციო ბუმით გამოწვეული.

მაგალითად, 2007 წელს უცხოურმა ინვესტიციებმა 2 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო 2008 წელს მიუხედავად საომარი მდგომარეობისა რუსეთის მხრიდან მაინც 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ახლა ვითარება სხვა არის, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გონივრულად წარმართვას. ჩემის აზრით, ძალზე სუსტი და პრიმიტიული მიდგომაა როდესაც ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ყოველთვის სუსტი ვალუტა გვექნება, რადგან იმპორტი 4 ჯერ ჭარბობს ექსპორტს. ამ ლოგიკით, თურმე ჩვენ კიდევ ნახევარი საუკუნე სტრესულ მდგომარეობაში უნდა ვიცხოვროთ. ლარის გაუფასურებიდან გამყარებამდე. მაგალითად, კვიპროსი, რომელიც მხოლოდ გამაგრილებელ სასმელებს, ნაყინსა და რძის პროდუქტებს აწარმოებს და თითქმის არაფერი გააქვს ვალუტის სიმცირეს სულაც არ უჩივის. მთავარი ის კი არ არის რას გავიტანთ და რას შემოვიტანთ (ე.წ. სავაჭრო ბალანსი), არამედ ის თუ რისი ყიდვა შეგვიძლია საზღვარგარეთ (ე.წ. საგადამხდელო ბალანსი). კვიპროსს ევროპიდან და აზიიდან შემოაქვს ყველაფერი და იგივე საქონელს ორმაგ ფასში ყიდის უცხოელ მოქალაქეებზე (ტურისტებზე). ანუ, იმპორტირებული საქონლის ღირებულებას უმატებს საკუთარი „მზის“, „ზღვის“, „მუშა ხელის“, სასტუმროების მომსახურების ღირებულებას. ასეთი მაგალითის მოყვვანა ბევრი შეიძლება.

ხშირ შემთხვევაში მსოფლიოს განვითარებული სახელმწიფოები ფრთხილად ეკიდებიან საკუთარი ვალიუტის გამყარებას. ვინაიდან საკუთარი ვალიუტის გამყარება ხშირ შემთხვევაში იწვევს ექსპორტის შემცირებას და უფრო იმპორტის მასტიმულირებელი შეიძლება იყოს. მაგალითად ამ მხრივ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვერაფერი მოუხერხა ჩინეთის რესპუბლიკას (ჩინური იუანის სისუსტის გამო დოლართან მიმართებაში). ჩინეთის ექსპორტი იმდენად დიდია რომ შესაძლებელია იგი წარმოების მოცულობით გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა. დასამალი არ არის, რომ ამერიკის მთავრობა ხელოვნურად ცდილობს დოლარის გაუფასურებას (ე.წ. სავალუტო ომი). ამით უნდა რომ მაქსიმალურად განავითაროს ექსპორტი და გარკვეულად შეზღუდოს იმპორტი. როგორც ცნობილია, ამერიკის მთავრობამ გასულ წელს დოლარის გაუფასურების მიზნით განახორციელა გრძელვადიანი სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვა, ანუ დამატებითი ფულის მასის გაშვება დაიწყო მიმოქცევაში. მასვე მიბაძა ბევრმა სხვა ქვეყანამაც, რომლებიც ევროზონაში არ შედიოდნენ. მაგალითად სამხრეთ კორეა, იაპონია, ინდონეზია, ტაივანი და სხვა...

სამწუხაროდ, ერთ–ერთი მთავარი წყარო ეროვნული ვალიუტის სიმყარისათვის არის უცხოეთში მომუშავე თანამემამულეების მიერ გადმორიცხული თანხები, რომლებიც დაახლოებით 1 მილიარდს უტოლდება წელიწადში. ასევე საზღვარგარეთის კრედიტები, მათ შორის ისეთები რომლებიც პირდაპირ მიდის ეროვნული ბანკის რეზერვებში (სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ა.შ. და უცხოური ინვესტიციები). გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებით შესაძლებელია მაქსიმალურად დაიწყოს ევროპის ქვეყნებიდან ქართველების დეპორტაცია, რაც პირდაპირ აისახება მათ მიერ გადმორიცხულ თანხებზე. ვინაიდან, ჩვენი თანამემამულეები ძირითადად ევროპის ქვეყნებში მუშაობენ. აქვე მინდა ავღნიშნო, ე.წ. „ლარიზაციის“ ინიციატივები, რომელიც რამდენიმე თვის წინ პომპეზურად გამოცხადდა. ძალზე საინტერესოა სად იბადება ასეთი „ბრძნული იდეები“. აქვე მინდა განვმარტო, რომ „დოლარიზაცია“ საერთაშორისოდ მიღებული ტერმინია და იგი ასახავს უცხოური ვალიუტის ხვედრით წილს ფულის მასაში, მაგალითად დეპოზიტებში. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა ანაბარი დოლარშია. საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული ანაბრები დოლარში, ევროში, ფუნტში მოიხსენიება როგორც „დოლარიზაცია“. თუმცა როგორც ხედავთ, დოლარის გარდა მასში სხვა ვალუტაც იგულისხმება. ორიგინალობა ეროვნული ბანკის მხრიდან ფულად საკრედიტო სფეროში ისეთი პატარა ქვეყნისა, როგორიც საქართველოა გამოიყურება როგორც პროვინციალიზმი.

ჩემი აზრით  შეუძლებელია ე.წ. „ლარიზაცია“ ანუ ლარის მიმოქცევის სამოქმედო არის გაფართოება მითუმეტეს ისეთ ვითარებაში როცა იგი მკვეთრ რყვებს განიცდის. ახლო წარსულში (2005-2007 წლებში) კარგი მაგალითია როცა „დოლარიზაციის“ კოეფიციენტი მკვეთრად შემცირდა. სამწუხაროდ დღეს კვლავ უკუპროცესს აქვს ადგილი, რაც ლარისადმი უნდობლობის შედეგია. ანაბრების დაახლოებით 92% უცხოურ ვალუტაშია, მხოლოდ დარჩენილი 8%-ია ლარში. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ლარი შედარებით გამყარებულია მისდამი ნდობა არანაირად არ გაზრდილა. პირიქით დღეს ქვეყნის ეკონომიკიდან ეროვნული ვალუტის გამოდევნა მიმდინარეობს, ვინაიდან ეროვნულ ბანკს დრო და დრო მაინც უხდება დოლარების სავალუტო აუქციონებზე გაყიდვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამოაქვს ლარი მიმოქცევიდან. დღეს მიმოქცევაში არსებული ლარის მასა დაახლოებით 1.6 მილიარდ ლარს შეადგენს. სარეზერვო ფული ძალზე დაბალია, ეკონომიკის მონეტარიზაცია დაახლოებით 8%. გამოდის რომ, ქვეყნის ეკონომიკას, რომლის მშპ თითქმის 20 მილიარდი ლარია, 1.6 მილიარდი ლარი ემსახურება. სინამდვილეში, ასეთ ვითარებაში ეკონომიკა უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ დანარჩენ ფუნქციას დოლარი ასრულებს. რამდენიმე ხნის წინ, გამოჩნდა პარლამენტის ინიციატივა, რომელიც შემდგომ დროულად დაიბლოკა, რომ მიღებულიყო კანონი, სადაც ყველა დიდი გარიგება, პირველ რიგში, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა უნდა მომხდარიყო მხოლოდ ლარებში და მხოლოდ ბანკების მეშვეობით. ხელისუფლების მხრიდან ეს კიდევ ერთი არაპროფესიონალიზმის და დილეტანტიზმის აშკარა გამოხატულება იყო.

იძულებითი „ლარიზაცია“ ან ლეგალიზაცია ყოველთვის უკუშედეგს გამოიღებს. ლარის კურსის ცვლილებასთან დკავშირებით ძალზე მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო აუქციონები, რომელიც მოგეხსენებათ თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის გაუქმების შემდეგ ბლუმბერგში ხორციელდება. ე.წ. „ვირტუალური აუქციონი“.

მიმაჩნია, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ასეთი ვაჭრობების გახსნილობა, გამჭვირვალეობა და ხელმისაწვდომობა მთელი საფინანსო სექტორისათვის, რათა შემდგომ ეროვნული ბანკი არ აღმოჩნდეს უხერხულ მდგომარეობაში, ზოგიერთი კომერციული ბანკის გარკვეული ფინანსური მანიპულაციების შედეგად. ასეთი პრეცედენტები ხშირად ყოფილა სხვა ქვეყნებში. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ოპერაციების განხორციელების დროს რომელიმე კომერციული ბანკი არ აღმოჩნდეს განსაკუთრებულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ეროვნული ბანკის მხრიდან.

(გაგრძელება იქნება)