რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში რუსეთის მონაწილეობაზე საუბარი ჯერ ადრეა. ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ აშშ-ის სამხედრო კოალიციის ქმედებები „ისლამური სახელმწიფოს“ წინაღმდეგ ნაკლებად ეფექტურია. თუმცა, როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვმა შესაძლოა, სირიაში სამხედროები და ავიაცია გაგზავნოს.
აშშ-ის მთავრობის განცხადებით, ნებისმიერი სამხედრო დახმარება სირიის მთავრობისათვის ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ რუსეთს ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რადგან ქერის განცხადებით, ეს ყოველივე ასადის რეჟიმს ორმაგად აძლიერებს, რაც დიდ პრობლემას ქმნის. ქერიმ რუსეთს კონფლიქტის მოგვარებაში აქტიური მონაწილეობის მიღებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვი სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას უწევს სირიისა და ერაყის მოქმედ მთავრობებს ტერირისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. „დიახ, ჩვენ სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ სირიის მთავრობას ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აცხადებს სერგეი ლავროვი.
რუსეთი რომ ასადის რეჟიმის სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას განარგძობს, ეს საიდუმლო არავისთვის არ არის. მეტიც, სულ რამდენიმე დღის წინ ბოსფორის სრუტეში რუსეთის სამხედრო სადესანტო ხომალდი გამოჩნდა. აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, სამხედრო ტექნიკით დატვირთული ხომალდი სირიის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
ცნობილია, რომ სირიაში 5-ათასიანი შეიარაღებული დაჯგუფება მოქმედებს, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენს. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ სამხედრო-ტექნიკურ აღჭურვილობასთან ერთად, რუსეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ასადის რეჟიმს ავიაციითაც დაეხმარონ.
„რუსეთი ჩართულია ამ ბრძოლაში, რაც აწყობს მას. რადგან, რუსეთის ინტერესში შედის ასადის რეჟიმის სასარგებლოდ „ისლამური ხალიფატისთვის“ დარტყმის მიყენება -ისლამური ხალიფატი არის რეალური საფრთხე, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს ასადის რეჟიმს. თუკი რუსეთი დაეხმარება ასადის რეჟიმს, მაშინ ძალიან იოლად გაუმკლავდება დანარჩენ ოპოზიციას და სხვა დაჯგუფებებს, რომლებიც მათ ებრძვიან“, - აცხადებს ვახტაგ მაისაია.
საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, სოსო ცინცაძის განცხადებით, ვაშინგტონის სურვილი, რომ ერთდროულად გადაჭრას, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“, ასევე ბაშარ ასადის პრობლემა, ძალიან საშიში პროვოკაციაა.
„იმას, რასაც დღეს ევროპა იმკის, ანუ ყოველდღე 100-ათასობით ლტოლვილს, ეს აშშ-ის წარუმატებელი სამხედრო ოპერაციების შედეგია, რომელიც მიმდინარეობს ძირითადად ლიბიასა და ერაყში, სირიაში - რაღაც საოცრებით გადაურჩა ამას ეგვიპტე.
ელემენტარულად ჭკუა არ ეყოთ ისლამისტებს, რომ ცოტა მოეცადათ, უცებ დააპირეს ხელისუფლების ხელში აღება, რაშიც გადამწყვეტი როლი ისრაელმა შეასრულა, თორემ ვაშინგტონი წავიდოდა იმაზე, რომ დღეს ეგვიპტეშიც ისეთივე ქაოსი იქნებოდა, როგორც სირიაში, ლიბიასა და ერაყში.
დღეს ამ მხრივ, პუტს მომგებიანი პოზიცია უკავია. დღეს რაც ხდება სირიასა და ახლო აღმოსავლეთში, ეს უბრალოდ დაუმსახურებელი, მუქთად მიღებული საჩუქარია რუსეთისთვის და კერძოდ, პუტინისთვის“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.