საქართველოს ელჩი ისრაელში, პაატა კალანდაძე აცხადებს, რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გააქტიურების პაკეტი ყოველთვის შედიოდა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ერთ-ერთ მთავარ საკითხად. მისი თქმით, ეს თემა ამ ეტაპზეც ძალზე აქტუალურია. შესაბამისად, დიპლომატისთვის უცნობია რას ეფუძნებოდა საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადება, რომ საქართველოს მთავრობამ ეკონომიკურ კავშირებზე იმუშაოს საკუთარ ელჩებთან და არა სხვა ქვეყნების ელჩებთან.
სწორედ, ეკონომიკური ურთიერთობები და ინვესტიციების მოზიდვის საკითხი იყო ამბასადორიალი 2015-ის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა. ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ელჩები მაქსიმუმს გააკეთებენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
„ამბასადორიალი არის შესაძლებობა, როდესაც ჩვენ ვაცნობთ ელჩებს იმ ეკონომიკურ კურსს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, ასევე, იმ საინვესტიციო პოტენციალს და ახალ პროექტებს, რომლებზეც ხელისუფლება მუშაობს. ჩვენ ვთხოვთ ჩვენს ელჩებს, მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგნენ და მაქსიმალურად მოგვეხმარონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყველა საელჩოს მხრიდან გამოიკვეთა საკითხი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესების თაობაზე, თუმცა მანაც, თავის მხრივ, გააჟღერა მოთხოვნა, რომ დახარჯულ რესურსსა და ეკონომიკური აქტივობის დონეს შორის კავშირი უნდა იყოს.
„ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებაზე. ყველა საელჩოს მხრიდან გამოიკვეთა საკითხი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესების კუთხით და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს საკითხები მთავრობის უმაღლეს დონეზე დადგეს და დადებითად გადაწყდეს, თუმცა ჩემი მხრიდანაც გაჟღერდა ასევე ის მოთხოვნა, რომ უნდა იყოს კავშირი დახარჯულ რესურსსა და ეკონომიკურ აქტივობის დონეს შორის ამა თუ იმ ქვეყნებთან მიმართებაში. ეს ეხება როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ასევე სავაჭრო ბრუნვის გაზრდას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ლადო ჭანტურიას განცხადებით, ინვესტიციების საკითხთან დაკავშირებით გერმანიასთან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს.
„ქვეყნისთვის აუცილებელია ახალი ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენ გერმანიასთან ამ საკითხზე სერიოზულად ვმუშაობთ, მაგალითად, გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით მომავალი წლიდან დაიწყება ქართველი მენეჯერების მომზადება გერმანიის ბაზრისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება ახალი შესაძლებლობები ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ასევე ბევრ გერმანელ ინვესტორს გააცნობს საქართველოს, ბევრ მეწარმეს მისცემს შესაძლებლობას დაბანდებები განახორციელონ საქართველოში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ იმედიანად ვუყურებთ გერმანიასთან თანამშრომლობას“, - განაცხადა ლადო ჭანტურიამ.
ინვესტიციების კუთხით საელჩოებში მუშაობა, რომ გასააქტიურებელია ამის აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტი, პაატა შეშელიძე, რომლის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს გარკვეული ფუნქციები და პრიორიტეტები.
„არ ვამბობ, რომ ასეთი დავალება მიუღებელია, პირიქით, ვთვლი, რომ ამის გადაჭარბება და გადამლაშება არ შეიძლება, ადექვატურად უნდა იყოს შეფასებული შესაძლებლობები. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ინფორმაციის გავრცელება, პრეზენტაციები, შეხვედრები ინვესტორებთან და უპირატესობების ჩვენება, ეს იქნება ძალიან კარგი“, - აცხადებს შეშელიძე.
მისივე თქმით, ჰქონდათ შეთავაზება, რომ ასეთი მინისტერიალის პარალელურად ელჩებისთვის ჩაეტარებინათ ეკონომიკური სემინარები. რადგან, მისივე განცხადებით, ელჩებს უნდა ჰქონდეთ ზუსტი ცოდნა და გამოცდილება, რას მიაქციონ ყურადღება.
„თუნდაც იქ, იმ ქვეყენაში როდესაც რაღაცა პრობლემაა, რომელიც ხელს უშლის ქართული პროდუქციის შესვლას. მარტო დავალება არაა საკამრისი, შესაბამისი ცოდნაც სჭირდება ამ ხალხს. როგორც წესი ჩვენი დიპლომატები არ არიან ეკონომისტები, წარმოდგენა არ აქვთ რეალურ სიტუაციაზე. ისინი დიპლომატები არიან, მოლაპარაკების ტექნოლოგიები უფრო ესმით, ვიდრე ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.