მაჟორიტარული ოლქების დაყოფის სამუშაო ვერსია

მაჟორიტარული ოლქების დაყოფის სამუშაო ვერსია

ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული ოლქების გადანაწილება თავიდან მოხდება და თბილისის გარდა, შესაძლოა, რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი -  ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავსაც ჰყავდეს.

for.ge-ს ინფორმაციით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მაჟორიტარული ოლქების თავიდან გადანაწილების თაობაზე დოკუმენტი უკვე მომზადდა, მაგრამ ის სამუშაო ვერსიაა.

ჩვენს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტში არჩევნებში, თბილისს -  19 მაჟორიტარული ოლქი ექნება, ქუთაისს - 3, ბათუმს - 3, რუსთავს - 2,  ფოთს, მარნეულს - 2, გორს - 2, ზუგდიდს - 2.

წყაროს ცნობით, საგარეჯოს, გურჯაანს, ლაგოდეხს,  ყვარელს, თელავს, ახმეტას,  ბოლნისს, მცხეთას,  კასპს, ბორჯომს, ახალქალაქს, ნინოწმინდას, საჩხერეს, ზესტაფონს, სამტრედიას, ჭიათურას, წყალტუბოს, ოზურგეთს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ქარელს, ხაშურს, ხობს და სენაკს თითო-თითო მაჟორიტარული ოლქი ექნება.

რაც შეეხება საარჩევნო ოლქების გაერთიანებას, ხარაგაული-ბაღდათი  გაერთიანდება და ამ ოლქში ერთი მაჟორიტარი იქნება არჩეული, ისევე როგორც ვანსა და ხონში.

ასევე გაერთიანდება დმანისი-წალკა, სიღნაღი-დედოფლისწყარო, დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთი, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა, თერჯოლა-ტყიბული,ამბროლაური-ონი-ცაგერი, მესტია-ლენტეხი, ლანჩხუთი-ჩოხატაური, ხულო-ქედა-შუახევი, მარტვილი-აბაშა, წალენჯიხა-ჩხოროწყუ, ხოლო გარდაბანსა და თეთრიწყაროს ორი საარჩევნო ოლქი ექნება.

ოპოზიცია საარჩევნო ოლქების აღნიშნულ გადანაწილებას სკეპტიკურად უყურებს. როგორც for.ge-ს ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა, საქართველოში მოქმედმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება მოითხოვა და საპარლამენტო ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვისაც მზადყოფნა გამოთქვა.

„ხელისუფლებამ ზუსტად იცის, რომ 2016 წლის არჩევნებს წააგებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ როგორმე ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგძლივოს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც უნდა აღასრულონ. ის ვარიანტი, რაც „ქართულ ოცნებას“ შემუშავებული აქვს, ამით სასამართლოს გადაწყვეტილება უგულვებელყოფილია, რადგან სასამართლო ამბობს, რომ ოლქებს შორის უთანაბრობა უნდა გასწორდეს. კერძოდ, ოლქებს შორის განსხვავება უნდა იყოს არა უმეტეს - 10 პროცენტისა, ხოლო გამონაკლისს შემთხვევებში - ეკომიგრანტების, ეროვნული უმცირესობებითა დასახლებული რაიონებისა და  მაღალმთიანი რაიონებში განსხვავება შეიძლება 15 პროცენტი იყოს. ვარიანტი არ გვინახავს, რადგან მასზე აზრთა ერთიანობა შიგნითაც არის“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

უმრავლესობო ადასტურებს, რომ სამუშაო ვერსია უკვე შემუშავებულია, მაგრამ მას ჯერჯერობით, არ გაასაჯაროვებს.

for.ge-სთან საუბარში უმრავლესობის ლიდერი  დავით საგანელიძე აცხადებს, რომ  საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ მაჟორიტარული ოლქების პროპორციულად გადანაწილება მოხდეს და ხელისუფლება ამ მიმართულებით მიდის.

„73 მაჟორიტარი დარჩება, მაგრამ შევეცდებით, რომ საარჩევნო ოლქები მაქსიმალურად გავათანაბროთ. თუკი თბილისში მაჟორიტარული ოლქები ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრე სხვაგან, ასეთი რაღაც აღარ მოხდება. ეს თემა მუშა სიტუაციაში და ვცდილობთ, რომ პოზიციები ერთმანეთს მივუახლოვოთ“, - განაცხადა საგანელიძემ.

for.ge-ს ინფორმაციით, საარჩევნო ოლქების გადანაწილების აღნიშნული ვარიანტი ირაკლი კობახიძემ, ვახტანგ ხმალაძემ და გია ჟორჟოლიანმა მოამზადეს, თუმცა, ამ ეტაპზე კონსულტაციები მიდის - საარჩევნო ოლქების საზღვრები ცესკო-მ განსაზღვროს, თუ კანონით დადგინდეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე შევიდა, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრება, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისგან.

ასევე, პროექტით, პარლამენტის წევრთა მანდატები შეიძლება მიეკუთვნოს მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც ყველა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ხმების 4%-ს მაინც, ხოლო თითოეულ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში საარჩევნო სუბიექტებს შორის პარლამენტის წევრთა მანდატები გადანაწილდება მათ მიერ შესაბამის საარჩევნო ოლქში  მიღებული ხმების პროპორციულად ორგანული კანონით დადგენილი წესით.

კონსტიტუციაში ცვლილებები  ძალაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების  შემდეგად შევა.