გივი თარგამაძე: „ხელისუფლებას სიცილისა და ტირილის დრო არ აქვს, რადგან ნებისმიერ არჩევნებში გავიმარჯვებთ“

გივი თარგამაძე: „ხელისუფლებას სიცილისა და ტირილის დრო არ აქვს, რადგან ნებისმიერ არჩევნებში გავიმარჯვებთ“

„ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს და გამარჯვებაში დარწმუნებულია. უმცირესობა მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს სკეპტიკურად აფასებს და ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ გიორგი კვირიკაშვილი გადაარჩინა, თამარ ბერუჩაშვილი კი, გამოიყენა.

პოლიტიკურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებზე, for.ge ოპოზიციონერ დეპუტატს, გივი თარგამაძეს ესაუბრა.

მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები, თქვენთვის რა გზავნილი იყო?

-საგარეო საქმეთა მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნა არანაირი გზავნილი არ იყო. ალბათ, ხელისუფლებას ბერუჩაშვილი აღარ უნდოდა. შესაძლოა, ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, კვირიკაშვილი გადაარჩინეს, მაგრამ ეკონომიკის მინისტრად ბიძინას კადრი ქუმსიშვილი დანიშნეს, რომელიც „ქართუს“ შემადგენლობიდან ყველაზე ჭკვიან ადამიანად მიიჩნევა, რაც „ქართული ოცნების“  კვალიფიკაციაზე მეტყველებს, რადგან ვერ ვხედავ, რომ ის რაიმეთი გამოირჩევა.

კვირიკაშვილი რისგან გადაარჩინეს?

-იმ ტვირთისგან გადაარჩინეს, რაც ქართულ ეკონომიკაში ხდება.

თქვენი ლოგიკით, თუკი ქუმსიშვილი ივანიშვილის კადრია, ის ქართულ ეკონომიკაში არსებული ტვირთისთვის გაწირეს?

-როგორც ჩანს, ურჩევნიათ, რომ ტვირთი ქუმსიშვილს აკიდონ. მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები ხალხისთვის არაფერს არ ცვლის. შიდა სამზარეულო როგორ გადალაგდება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა.

თუმცა, უმრავლესობა პროგნოზირებს, რომ დიპლომატიური ხაზით ეკონომიკის გაძლიერება და ინვესტიციების მოზიდვა მოხდება...

-ასეთი საუბრები თავისთავად ტყუილი და სისულელეა, სანამ ის ძირითადი ბარიერები არ იქნება გამოსწორებული, რომელიც თუნდაც, ვიზების რეგულაციების შემოღებით შექმნეს. ამ თვალსაზრისით, ვითომ რაღაც გამოასწორეს, მაგრამ ისევ პრობლემები არსებობს. ფაქტობრივად, ამ ქმედებებმა ქვეყნის ეკონომიკა დაასამარა. ამ გარემოში პერსონალური ჯაფის ხარჯზე არაფერი შეიცვლება, რადგან სისტემა ძირმომპალია.

პოსტის გარეშე ბერუჩაშვილის დატოვება, რას ნიშნავს?

-როცა ადამიანი საკუთარ გუნდს წყდები და არ მიჰყვები, უნდა იცოდე, რომ ახალი გუნდი ბოლომდე არ მიგიღებს, რადგან ისეთი ადამიანი არავის სჭირდება, რომელსაც საკუთარი გუნდის მიტოვება შეუძლია.

ანუ, „ქართულმა ოცნებამ“ ბერუჩაშვილი გამოიყენა?

-რა თქმა უნდა, დროებით გამოიყენეს და ახლა თავის გზას გაუყენეს.

ყველაზე ლოგიკური მთავრობიდან ვისი გაშვება იქნებოდა?

ვინმეს გამოყოფა ძალიან რთულია - სახლში მთლიანად მთავრობა უნდა წავიდეს. მავნებლური მიმართულებები ყველა მინისტრს აქვს და რომელიმეს გამოყოფა რთულია. ფაქტია, რომ მთავრობამ სრული კრახი განიცადა. ეს მთავრობა უნდა წავიდეს და რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნას რომ ითხოვთ, რისი იმედი გაქვთ? უმრავლესობა თქვენს ამ მოწოდებას არასერიოზულად აფასებს - ამბობენ - სასაცილო თუ არა, სატირალია; ეს თქვენი მხრიდან ერთგვარი ტაქტიკა ხომ არ არის, რომ  ხელისუფლებამ მოთხოვნა საპირისპიროდ გაიგოს?

-შედეგებზე შემიძლია გითხრათ, რომ „აღდგომა და ხვალეო“. არჩევნები დღეს დაინიშნება, თუ ხვალ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ხელისუფლებას სიცილისა და ტირილის დრო არ აქვს, ისინი უნდა მუშაობდნენ, რომ არჩევნებში ნორმალური პროცენტი მაინც დადონ. ნებისმიერ არჩევნებში ჩვენ ერთმნიშვნელოვნად გავიმარჯვებთ.

თქვენ გგონიათ, რომ 2016 წლის არჩევნების შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდება?

-2016 წლის არჩევნებში გავიმარჯვებთ, მაგრამ შევეცდებით, რომ ეს არჩევნები უფრო ადრე დაინიშნოს.

იმედიანი პროგნოზის გაკეთების საბაბს რა გაძლევთ? ხელისუფლებაში რა რესურსის საფუძველზე ბრუნდებით?

-ჩვენი რესურსი ჩვენი ცოდნა და შეცდომების გაანალიზებაა. ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსავლის კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია, რომელიც საზოგადოებას არაერთხელ გავაცანით. ვაპირებთ, რომ ეს მოსაზრებები თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ. ადამიანები დაინახავენ, რომ ჩვენ ლაყბობით დაკავებული არ ვართ და კონკრეტული გეგმა გვაქვს.

თქვენი „ცოდნის“ გამო, 2012 წელს, ხელისუფლებას ჩამოგალიცილეს. თვითმართველობის არჩევნებზე, 22 პროცენტიანი შედეგი დადეთ და გამარჯვებაზე აპელირება, პოლიტიკური მარკეტინგის სფეროდან ხომ არ არის?  ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის 22 პროცენტი საკმარისი არ არის...

-„ნაციონალურ მოძრაობას“ 22 პროცენტი ერთი წლის წინ ჰქონდა და ამ ხსნის განმავლობაში, ყველა იმ მძიმე დარტყმის ჩამოთვლა შეგვიძლია, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ მიიღო. მმართველ ძალას 22 პროცენტზე ნაკლები ექნება. ქვეყანას 20-პროცენტიანი უმრავლესობა მართავს, რაც ნონსენსია. საზოგადოებამ მოვლენები ხელახლა უნდა შეაფასოს, რადგან სიტუაცია დღითიდღე მწვავდება. ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობაა“ და გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ.

31 ოქტომბერს, შუალედური არჩევნები გაიმართება, რომელსაც თქვენ ბოიკოტს უცხადებთ - რატომ, ფინანსურ რესურს და ენერგიას ზოგავთ?

-თვალს რეალობას ვუსწორებთ და რიგგარეშე არჩევნებს ვითხოვთ. შესაბამისად, შუალედურ არჩევნებში ჩართვა ლოგიკას მოკლებულია. ხელისუფლების შეცვლისთვის ძალთა კონცენტრაციას ვახდენთ და ვითხოვთ, რომ 2016 წლის არჩევნები წესიერი კანონით უნდა ჩატარდეს.

თუკი საგარეჯოს რაიონში არჩევნებს ირმა ინაშვილი მოიგებს, როგორ ფიქრობთ, პარლამენტში პროცესები რამდენად მშვიდი იქნება?

-ალბათ, მშვიდი არ იქნება, მაგრამ დარბაზის მარჯვენა ფლანგს თუ გადავხედავთ, მათგან გაწონასწორებული რომელია? ინაშვილი რუსული ფრთაა და ლაკმუსი იქნება, „ქართული ოცნება“ ამ მანდატს ინაშვილს დაუთმობს, თუ არა.

შესაძლოა, დაუთმოს?

-შესაძლოა.

თუმცა, ამას რესპუბლიკელების პროტესტი არ მოჰყვება, რომელთა მოთხოვნითაც, თამარ ხიდაშელი საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახდა?

-რესპუბლიკელების გაბრაზება ვერცერთ პრინციპულ საკითხზე ვერ დავინახეთ. პაატა ზაქარეიშვილი მინისტრად ჰყავთ და მავნებლობის მაჩვენებლით, ინაშვილსა და ზაქარეიშვილს შორის ზაქარეიშვილი წინ არის, რადგან ის მინისტრია და მას რეალური ბერკეტები აქვს.