რუსეთის აგრესიის პარალელურად, უკრაინამ ახალი სამხედრო დოქტრინა დაამტკიცა. ახალ სამხედრო დოქტრინაში, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაამტკიცა, საუბარია, რომ რუსეთი უკრაინის მთავარი სამხედრო მოწინააღმდეგეა. ახალ სამხედრო დროქტრინაში აღნიშნულია, რომ ყველა არსებული საფრთხე და ომის გამოწვევა სამწუხაროდ, დაკავშირებულია რუსეთთან და ყველა მათგანი გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს.
სამხედრო დოქტრინაში ასევე საუბარია ყირიმის და დონბასის ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის პირობებზე. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინა უარს ამბობს ნატო-ს ბლოკგარეშე სტატუსზე და ალიანსში ინტეგრაციისკენ ქვეყნის სვლას ითვალისწინებს. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე ასევე დაამტკიცეს ის სია, რომელში შემავალ რუსეთის მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს უკრაინა სანქციებს დაუწესებს. ე.წ. შავი სია 1124 ფიზიკურ და 156 იურიდიულ პირს მოიცავს.
უკრაინის ახალი სამხედრო დოქტრინის დამტკიცებამდე, რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ატლანტიკური და არქტიკული მიმართულებით. დოქტრინაში ასახულია რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულება ნატოს გეგმებისადმი, რაც ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებამდე მიახლოებას უკავშირდება.
უკრაინის ახალი სამხედრო დოქტრინის მიხედვით, უკრაინის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ნატოში გაწევრიანება. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ახალი სამხედრო დოქტრინის მიღება პირდაპირ კავშირშია ქვეყნაში დაწყებულ სერიოზულ კატაკლიზმებთან.
რაც შეეხება ყირიმის და დონბასის ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის პირობებს, მაისაიას განცხადებით, ესეც ბუნებრივი ქმედებაა, უკრაინა არ შეეგუება ყირიმის ანექსიის ფაქტს. მისივე განცხადებით, ყირიმის მსგავსად, დონეცკსა და ლუგანსკში 18 ოქტომბერს დაგეგმილია რეფერენდუმის ჩატარება.
„უკრაინა საომარ მდგომარეობაშია რუსეთის ფედერაციასთან, სწორედ ამიტომ მიიღო სამხედრო დოქტრინა. თუმცა, მნიშვნელოვანია, ამით უკრაინამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ერთ გარემოებას - მიუხედავად რუსეთის ფედერაციასთან, საომარ მდგომარებაში ყოფნისა, დეკლარირებულად აცხადებს, რომ მიისწრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ, არ აპირებს შეცვალოს დასავლური მიმართულებები და ის ფასეულობები, რომლის გამოც უკრაინაში რევოლუცია მოხდა. ეს არის სერიოზული გზავნილი რუსეთის ფედერაციისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, შორენა ლორთქიფანიძის განცხადებით, რუსეთის მიერ რეგიონში სამხედრო ფლაგმანის გაძლიერებას სჭირდება შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევა. აქედან გამომდინარე, უკრაინას სჭირდებოდა სამხედრო დოქტრინა.
„ვიცით, რომ იანუკოვიჩის პერიოდში უკრაინამ ჯერ ალიანსში გაწევრიანებაზე თქვა უარი, შემდეგ უკვე ასოცირების ხელშეკრულებაზე. უკრაინას ახლა ჰყავს პროდავლური ხელისუფლება და პრინციპში, ველოდით კიდეც, რომ რაღაც მსგავსი ჩაიწერებოდა უკრაინის სამხედრო დოქტრინაში. სამხედრო დაძაბულობის და ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში ყოფნის ფონზე, უკრაინამ უნდა თქვას თავისი სათქმელი - სად დგას და საით მიდის.
რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება, გააგრძელოს თავისი მიზნების შესრულება - მოახდინოს აღმოსავლეთ რეგიონების იზოლირება, ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ უკარაინას, არამედ მთლიად დასავლეთის მიმართულებას. თუმცა, რუსეთი ვერ შეძლებს, წინ აღუდგენს უკრაინის გადაწყვეტილებას“, - ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო აშშ გერმანიაში, ქალაქ მანგეიმში დაკონსერვებული სამხედრო ბაზის აღდგენას აპირებს. ევროპაში აშშ-ს სახმელეთო ჯარების სარდალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის ამჟამინდელი აგრესიული პოლიტიკაა.
ამ დროისთვის საუბარია დროებით გადაწყვეტილებაზე, თუმცა მომავალში ამ ბაზაზე არსებული შეიარაღება შეინახება ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში. როგორც ცნობილია, ადრე გერმანიის აღნიშნულ ბაზაზე განთავსდა ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება და სამხედრო ტექნიკა.