„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტო დაძლეულია, ოპოზიცია გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის ემზადება, უმრავლესობა კი, ეროვნული ვალუტის გამყარებას და ეროვნული ბანკის საქმიანობის გამჭვირვალეობას პროგნოზრებს.
საკანონმდებლო ორგანომ ორდღიანი ცხარე კამათის შემდეგ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოყენებული ვეტო 81 მომხრე ხმით 12-ის წინააღმდეგ დაძლია და საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკიდან გამოყოფას მხარი დაუჭირა.
პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს და for.ge-სთან საუბარში მოსალოდნელ რისკებზე აპელირებს.
აბაშიშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, რისკები სათანადოდ შეფასებული არ არის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რადგან ისინი ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას მხარს არ უჭერენ.
მისი თქმით, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება, რომელიც საფინანსო სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობას შეეხება.
აბაშიშვილის განმარტებით, ეკონომიკურ თეორიაში არანაირი პირდაპირი კავშირი არ არსებობს საბანკო ზედამხედველობასა და ლარის კურსის გამყარებას შორის.
„ბუნებაში მსგავსი რამ არ არსებობს და ეს არასწორი არგუმენტია. ამ ცვლილებების მიღება საჭირო რატომ გახდა, ეს არგუმენტი არ არის. სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვა დასრულებული არ არის, რაც კითხვებს ბადებს, რეალურად რა ხდება.
შესაძლოა, მიზეზი ეს კანონი იყოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, პროგრამის არდასრულება ძალიან სერიოზული რისკის მატარებელია“, - განაცხადა აბაშიშვილმა, რომლის მსგავსად, საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკაზე აქცენტირებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი დავით ონოფრიშვილი.
როგორც for.ge-ს ონოფრიშვილმა განუცხადა, პარლამენტმა ქვეყნის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა საფრთხეებს შეიცავს.
დეპუტატის მოსაზრებით, ეროვნული ბანკის გამოშიგვნა პრობლემების შემქმნელია და არავინ იცის, ექვსი თვის შემდეგ რა მოხდება.
„კანონის ეს ვარიანტი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიუღებელია. ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტები უნდა ჩაერთოთ და მათი აზრი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო. ეს ცვლილებები ისეთი ხასიათისაა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აწყობთ. ბანკის მუშაობის გაუმჯობესებისთვის ნაბიჯები მაშინ უნდა გადადგმულიყო, როცა ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი იქნებოდა არჩეული“, - ამბობს ონოფრიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ კი, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
for.ge-სთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი ქაღალდზე დარჩეს, რადგან ქვეყანაში ვითარება იმდენად კატასტროფული ხდება, წარმოუდგენელია, საზოგადოებამ ხელისუფლებას პასუხი არ მოსთხოვოს.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ თუ მთავრობას დასცალდა, ნაბიჯები უარესობისკენ იქნება გადადგმული.
„მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეროვნული ბანკი პოლიტიზირებული და მთავრობაზე დამოკიდებული იყოს. საბანკო სექტორის საქმიანობაში ხან მთავრობა ჩაერევა და ხან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, რაც ფინანსურ სტაბილურობას კარგს არაფერს მოუტანს. მათ ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგეს, იმიტომ, რომ ეს ივანიშვილს უნდა. მათი სურვილია, ქვეყნის ფინანსურ პოლიტიკაზე პირადი გავლენები ჰქონდეთ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილისგან განსხვავებით, საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას სკეპტიკურად უყურებს „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ წევრი პავლე კუბლაშვილი.
for.ge-ს კუბლაშვილი არწმუნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა წარმატებული ვერ იქნება.
კუბლაშვილი თვლის, რომ ამ კანონის მიღებით, საფრთხეები დიდად არ გაზრდილა და არც შემცირებულა.
„მოქალაქეებს ყველაზე მეტად დოლართან მიმართებაში ლარის კურსი აღელვებთ, რომელიც კატასტროფულად იზრდება. პარლამენტმა ჩვენს ინიციატივაზე უნდა იმსჯელოს, რომელიც ფიქსირებული კურსის შემოღებას ითვალისწინებს. ეს არის გზა, რითაც თავიდან იქნება აცილებული ლარის გაუფასურება“, - აღნიშნავს კუბლაშვილი.
სკეპტიკოსებისგან განსხვავებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ პრეზიდენტმა თავისი არგუმენტები ვერ წარადგინა, რის გამოც ვეტოს დაძლევა მოხდა.
„პრეზიდენტი რატომ არ გვეთანხმებოდა, ეს ვერ გავიგეთ, ამიტომ ვეტო დავძლიეთ. მას საკუთარი არგუმენტები უნდა დაესაბუთებინა. პროექტში პრინციპული შესწორებები შევიტანეთ“, - დასძენს მეჭიაური.
პარლამენტის მიერ მეორედ მიღებული კანონპროექტი პრეზიდენტს გადაეგზავნება და თუკი ის კანონპროეტს ხელს კვლავ არ მოაწერს, ამის გაკეთება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწევს.
რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტი ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გასვლას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი, უქმდება.