„ვიზალიბერალიზაციის გადადება ჩვენი მოუმზადებლობის გამო არ უნდა მოხდეს“

„ვიზალიბერალიზაციის გადადება ჩვენი მოუმზადებლობის გამო არ უნდა მოხდეს“

ევროკავშირში უპრეცენდენტო საემიგრაციო კრიზისმა რთული გამოწვევების წინაშე  დააყენა ევროპის ქვეყნები. მიმდინარე კვირაში ავსტრიასა და ლიბიის სანაპიროებთან განვითარებულმა მოვლენებმა, რამაც ევროპაში მოხვედრის მსურველთა, მათ შორის ოთხი ბავშვის სიკვდილი გამოიწვია, ევროპის ლიდერები მიგრაციის კანონის გამკაცრებაზე დააფიქრა. დიდიბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრები ევროპის კავშირის პრეზიდენტს მიგრაციის საკითხების სასწრაფო გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ. 14 სექტემბერს ბრიუსელში  საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელსაც 28 ქვეყნის მინისტრები დაესწრებიან.  თუმცა, ევროპის ქვეყნებში განსხვავებული აზრიც აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომები უნდა გატარდეს ევროპას მიმწყდარი ათასობით მიგრანტის პრობლემის მოსაგვარებლად.

რამდენად შეუშლის ხელს მიგრაციის პრობლემა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს, რომელიც დეკემბერში უნდა გადაწყდეს და  შეეხება თუ არა საქართველოს „შენგენის ვიზის“ გამკაცრების საკითხი? ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის ნატალი საბანაძის განცხადებით, მართალია, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული რეალისტური გეგმა და ამ წლის ბოლომდე უნდა მოხდეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შეფასება, მაგრამ არ არის გამორიცხული, მიმდინარე  მოვლენებმა ამ საკითხზე გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს.

„შეიძლება იყოს რაღაც ფაქტორები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებელია და, რომლებმაც შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს, მაგრამ მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნატალი საბანაძემ  „ამბასადორიალის“ დაწყების წინ.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში  საქართველოს ელჩის, ლადო ჭანტურიას განცხადებით კი, ეს პროცესი არ შეიძლება შემაფერხებელი აღმოჩნდეს საქართველოსთვის.

„დამოუკიდებელექსპერტთაკლუბის" პრეზიდენტი, სოსო ცისკარიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არა მარტო მთავრობა, არამედ საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს  ვიზალიბერალიზაციის საკითხში, რათა სახელმწიფომ შეძლოს აღებული ვალდებულებების წარმატებით ჩაბარება.

„ასეულ ათასობით მიგრანტი საფრთხეს წარმოადგენს ევროპისთვის. ჩვენ ვიზალიბერალიზაციაზე ვსაუბრობთ წლების განმავლობაში, ჩვენი მოსახლეობისთვის კი უცხო ხილია ის ვალდებულებები, რაც დეკემბერში უნდა დასრულდეს დაპირების თანახმად. ყველაზე კომპეტენეტური პირი ამ საკითხში გუშინ გაათავისუფლეს თანამდებობიდან. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხში მაინც გამოიყენებენ  მის რესურსებს. ნურც იმას გვიმალავენ, სად არის ამჟამად თვალსაჩინო სირთულე, რომ არა მხოლოდ ხელისუფლების ვიწრო წრემ, არამედ საზოგადოებამაც გაითავისოს ეს სირთულეები“,-აცხადებს ცისკარიშვილი.

ექსპერტის აზრით, ევროპა აუცილებლად გაამკაცრებს მიგრაციის კანონს, ჩვენი ამოცანა კი უნდა იყოს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადადება მოხდეს არა ჩვენი მოუმზადებლობის გამო, არამედ იმ ახალი რეალობიდან გამომდინარე, რის წინაშეც ახლა აღმოჩნდა ევროპა.

„ევროპა, თავისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გაამკაცრებს მიგრაციის კანონს, რადგან მათ სხვა გამოსავალი  არ გააჩნიათ. ეს ევროპული დემოკრატიისთვის, ევროკავშირის თითოეული წევრი და წევრობის  მომლოდინე სახელმწიფოსთვის, ძალიან სერიოზული გამოცდაა. ჰუმანიზმი და წესრიგი კვლავ უნდა იყოს წარმოჩენილი, როგორც  თანხვედრი ფასეულობები და არა ერთმანეთისთვის მიუღებელი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ  ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადადება მოხდეს არა ჩვენი მოუმზადებლობის გამო, არამედ იმ ახალი რეალობიდან გამომდინარე, რის წინაშეც ახლა აღმოჩნდა ევროპა. საფრთხეშია ზოგადად „შენგენის ვიზის“ ინსტიტუტი. ევროპას საქართველოსთვის მაინცდამაინც არ სცალია. ნუ ვათქმევინებთ, რომ საქართველო არ არის მაინცდამაინც მზად. ჩვენ შეიძლება რამდენიმე წელი კიდევ მოგვიწიოს რიგში დგომა იმ ვითარებიდან გამომდინარე, რასაც დღეს ვაკვირდებით და პირველნი მაინც უნდა ვიყოთ მომლოდინეთა შორის, რომელთაც ადრე თუ გვიან დააკმაყოფილებენ“,-განაცხადა ცისკარიშვილმა.

როგორც For.ge-სთან საუბრისას საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, ევროპა აუცილებლად გაამკაცრებს მიგრაციის კანონს, რაც საქართველოს ვიზარეალიზაციაზეც, სავარაუდოდ იმოქმედებს. ამისთვის კი ჩვენმა მთავრობამ მიზანმიმართული მუშაობა უნდა გაწიოს.

„წესით არ უნდა იმოქმედოს, რადგან ჩვენ ჩვენი მიმართულება და ჩვენი პროცესი გაგავაჩნია, თუმცა იმის გამო, რომ  ჩვენზეც და სხვა საკითხებზეც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ, ამის საშიშროება არსებობს. ბიუროკრატიულად რომ მივუდგეთ, ეს ორი პროცესი კავშირში არ არის, მაგრამ მარტო ბიუროკრატიული მიდგომა არ არის, ამიტომ  ჩემი ვარაუდია, რომ სამწუხაროდ, შესაძლებელია ჩვენზეც იმოქმედოს, იმის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი გაწერილი პროგრამა შევასრულეთ თუ არა. პოლიტიკური მომენტი, როგორც წესი მოქმედებს-ხოლმე.

 საგარეო საქმეთა სამინისტრო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ჩვენს პარტნიორებთან მუშაობაში. უფრო აქტიურად უნდა შეძლოს მათი დარწმუნება, რომ ჩვენი ვიზალიბერალიზაცია არანაირად არ არის იმ საფრთხეებთან დაკავშირებული, რის გამოც ევროკავშირი მიგრაციის წესებს ამკაცრებს. ამ ყველაფერს მიზანმიმართული მუშაობა-მაღალი დონის ვიზიტები, ინფორმაციის მუდმივი გაცვლა, დედაქალაქებში მუშაობა და ა.შ სჭირდება“,- განაცხადა კაპანაძემ.